არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი?

რაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი?

ბევრს სჯერა, რომ მათი მომავალი უხილავი ძალების ხელშია. ამიტომ არაერთ საშუალებას მიმართავენ იმ იმედით, რომ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.

ᲠᲘᲡᲘ ᲡᲯᲔᲠᲐ ᲮᲐᲚᲮᲡ

ᲐᲡᲢᲠᲝᲚᲝᲒᲘᲘᲡ: ზოგის აზრით ადამიანთა ბედს ვარსკვლავები განსაზღვრავენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი დაბადებისას ვარსკვლავების განლაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ხშირად ეცნობიან ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა გააკონტროლონ თავიანთი ცხოვრება.

ᲬᲘᲜᲐᲞᲠᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲘᲡ: ზოგს სჯერა, რომ უსაფრთხოდ მაშინ იცხოვრებს, თუ წინაპრებსა და სხვადასხვა ღვთაებას სცემს თაყვანს. ვანი, * რომელიც ვიეტნამში ცხოვრობს, ამბობს: „მჯეროდა, რომ თუ წინაპრებს საკადრის პატივს მივაგებდი, ჩვენი ოჯახი დაცული იქნებოდა და უკეთესი მომავალი გვექნებოდა“.

ᲛᲙᲘᲗᲮᲐᲝᲑᲘᲡ: ზოგი მომავლის გასაგებად მკითხავებს მიმართავს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ᲠᲔᲘᲜᲙᲐᲠᲜᲐᲪᲘᲘᲡ: ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი გარდაისახება, კვლავ ევლინება ქვეყნიერებას და ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება. ამიტომ ყველაფერს, რაც მათ თავს ხდება, ცუდსა თუ კარგს, წინა ცხოვრება განსაზღვრავს.

მართალია, ბევრს ასეთი შეხედულებები ცრურწმენად მიაჩნია, მაგრამ მაინც მიმართავს ქირომანტიას, ეცნობა ჰოროსკოპს და მკითხაობს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი მომავლის გაგებაში დაეხმარება.

ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲚᲓᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲘᲛᲔᲓᲔᲑᲘ?

შეიცვალა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, ვინც ზემოხსენებულ შეხედულებებს იზიარებდა?

დავფიქრდეთ ვიეტნამში მცხოვრები ჰაუს შემთხვევაზე, რომელსაც სჯეროდა ასტროლოგიის, მკითხაობდა და წინაპრებს სცემდა თაყვანს. მოუტანა ამან წარმატება? ის გვიამბობს: „გავკოტრდი და ვალები დამედო. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დამეძაბა. ამ ყველაფრის გამო ძალიან დათრგუნული ვიყავი“.

ტაივანში მცხოვრებ ჩოუმინგსაც სწამდა ასტროლოგიის, რეინკარნაციის, ბედისა და მკითხაობის. ის წინაპრებსაც სცემდა თაყვანს. მას შემდეგ, რაც გააანალიზა თავისი შეხედულებები, ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ეს სწავლებები და წეს-ჩვეულებები დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასტროლოგიური პროგნოზი ხშირად არ ამართლებდა. რაც შეეხება რეინკარნაციას, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში რამე, როცა წინა ცხოვრება საერთოდ არ მახსოვდა“.

„ეს სწავლებები და წეს-ჩვეულებები დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა“ (ᲩᲝᲣᲛᲘᲜᲒᲘ, ᲢᲐᲘᲕᲐᲜᲘ).

ჰაუსა და ჩოუმენგის მსგავსად ბევრი დარწმუნდა, რომ ადამიანის მომავალს ბედი, ვარსკვლავები, წინაპრები თუ ხელახლა დაბადება არ განსაზღვრავს. ნიშნავს ეს იმას, რომ მომავლის შეცვლა არ შეგვიძლია?

ზოგი ფიქრობს, რომ უსაფრთხო მომავლის გარანტი კარგი განათლება და ბევრი ფულია. გამართლდა მათი მოლოდინი, ვინც ეს გზა აირჩია?

^ აბზ. 5 ამ და მომდევნო სტატიებში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 16 ეს სიტყვები ბიბლიაში, კერძოდ გალატელების 6:7-შია ჩაწერილი.