მართლა შეება დავითი გოლიათს?
ზოგს აინტერესებს, მართლა შეებნენ თუ არა დავითი და გოლიათი ერთმანეთს თუ ეს უბრალოდ მითია. თქვენც მსგავსი კითხვა ხომ არ დაგებადათ წინა სტატიის წაკითხვის დროს? თუ ასეა, გაეცანით ქვემოთ დასმულ სამ კითხვას.
1 | შესაძლებელია ადამიანი 2,9 მეტრი სიმაღლის იყოს?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გოლიათი სიმაღლით ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო“ (1 სამუელი 17:4). როგორც მიიჩნევენ, ერთი წყრთა 44,5 სმ-ს უდრის, ხოლო ერთი მტკაველი — 22,2 სმ-ს. აქედან გამომდინარე, გოლიათი სადღაც 2,9 მეტრი სიმაღლის იქნებოდა. ზოგი ამტკიცებს, რომ შეუძლებელია, ის ასეთი მაღალი ყოფილიყო. მაგრამ ოფიციალურად დადასტურებულია, რომ თანამედროვე დროში ყველაზე მაღალი მამაკაცი 2,7 მეტრზე მეტს აღწევდა. მაშინ არც ისაა დაუჯერებელი, რომ გოლიათი ამ მამაკაცზე დაახლოებით 20 სმ-ით მაღალი ყოფილიყო. ეს ბუმბერაზი მეომარი რეფაიმის მიწიდან იყო, სადაც მამაკაცები უჩვეულოდ დიდი ტანისანი იყვნენ. ძვ. წ. XIII საუკუნით დათარიღებული ერთი ეგვიპტური დოკუმენტი მოიხსენიებს ქანაანის მიწაზე მცხოვრებ შიშის მომგვრელ მეომრებს, რომელთა სიმაღლეც 2,4 მეტრს აღემატებოდა. ასე რომ, დაუჯერებელი არაფერია იმაში, რომ გოლიათი უჩვეულოდ მაღალი იყო.
2 | რეალური პიროვნება იყო დავითი?
იყო დრო, როცა სწავლულები ცდილობდნენ, მეფე დავითი მითიურ პიროვნებად ექციათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ქვა, რომელზეც ამოტვიფრული იყო სიტყვები: „დავითის სახლი“. გარდა ამისა, თავად იესო ქრისტემაც მოიხსენია დავითი, რაც ამტკიცებს, რომ ის ნამდვილად არსებობდა (მათე 12:3; 22:43—45). აღსანიშნავია ისიც, რომ დავითი მოხსენიებულია ორ გენეალოგიურ ნუსხაში, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ სწორედ მეფე დავითის საგვარეულო ხაზიდან მოვიდა მესია (მათე 1:6—16; ლუკა 3:23—31). ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავითი რეალური პიროვნება იყო.
3 | ნამდვილად არსებობდა ის ადგილი, სადაც დავითსა და გოლიათს შორის ორთაბრძოლა გაიმართა?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისრაელსა და ფილისტიმელებს შორის ბრძოლა ელაჰის ველზე გაიმართა. საგულისხმოა, რომ მასში ეს ბრძოლა ზოგადად კი არა, დეტალურადაა აღწერილი. მაგალითად, ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ჩანს, რომ ფილისტიმელები სოქოსა და აზეკას შორის მდებარე მთაზე დაბანაკდნენ, ისრაელები კი — საპირისპირო მხარეს, ელაჰის ველის გადაღმა. მართლა არსებობდა ეს ადგილები?
ერთი ტურისტი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ესტუმრა ამ ტერიტორიას, გვიყვება: «გიდმა თავდაპირველად ელაჰის ველზე წაგვიყვანა. ჩვენ ავუყევით ბილიკს და ცოტა ხანში მთის თხემზე აღმოვჩნდით. მართალია, ეს გიდი რელიგიური არ იყო, მაგრამ 1 სამუელის მე-17 თავის 1—3 მუხლები ამოგვიკითხა; შემდეგ ველის გადასწვრივ გაგვახედა და გვითხრა: „თქვენგან მარცხნივ სოქოს ნანგრევები მოჩანს, მარჯვნივ კი — აზეკას. ფილისტიმელები სწორედ ამ ორ ქალაქს შორის იყვნენ დაბანაკებულები მთაზე, რომლის ხედიც ახლა თქვენს თვალწინ იშლება. შესაძლოა ახლა ჩვენ იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც ისრაელი მეომრები იყვნენ დაბანაკებული“. მაშინ გავიფიქრე, რომ შეიძლება სწორედ იმ ადგილას ვიდექი, სადაც ერთ დროს საული და დავითი იდგნენ. შემდეგ ველისკენ დავეშვით და გადავკვეთეთ ხევი, რომელიც თითქმის დამშრალიყო; იქაურობა ქვა-ღორღით იყო სავსე. მაშინ ცოცხლად წარმოვიდგინე, როგორ მოაგროვა დავითმა ხუთი პრიალა ქვა გოლიათის მოსაკლავად». სხვა მნახველების მსგავსად, ნანახმა ამ მამაკაცზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან დარწმუნდა, რომ ბიბლიაში დეტალებიც კი დიდი სიზუსტითაა აღწერილი.
ასე რომ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და რომ ბიბლიის ამ მონაკვეთში მოხსენიებული ადამიანები და ადგილებიც ნამდვილად არსებობდა. ყველაზე მეტად ყურადღებას ის ფაქტი იმსახურებს, რომ ეს ისტორია ღვთის შთაგონებული წიგნის, ბიბლიის, ნაწილია; მისი ავტორი კი ჭეშმარიტების ღმერთია, ღმერთი, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს! (ტიტე 1:2; 2 ტიმოთე 3:16).