მთავარი თემა | უხილავი სულიერი სამყარო
კითხვები სულიერ სამყაროზე
გიფიქრიათ ოდესმე, როგორია სულიერი სამყარო და ვინ მკვიდრობს იქ? თუ ასეა, თქვენ გამონაკლისს არ წარმოადგენთ. საუკუნეებია, რაც ადამიანები ამ თემაზე გაუთავებლად მსჯელობენ. ზოგს სჯერა, რომ სულიერი სამყარო გარდაცვლილ წინაპართა სულების სამყოფელია, რომლებსაც პატივი უნდა მივაგოთ. სხვების წარმოდგენით, ეს არის ადგილი ზეცაში, სადაც საოცარი სიმშვიდე სუფევს და სადაც ანგელოზები და იმ გარდაცვლილთა სულები მკვიდრობენ, რომლებიც სიცოცხლეში კარგი ადამიანები იყვნენ. ზოგი კი თვლის, რომ სულიერი სამყარო მილიონობით ღვთაების სამყოფელია.
ბევრი ფიქრობს, რომ ზეციდან არავინ ჩამოსულა, ამიტომ შეუძლებელია, რაიმე წარმოდგენა გვქონდეს სულიერ სამყაროზე. თუმცა ასეთი მსჯელობა არასწორია. იესო ქრისტე განკაცებამდე სწორედ სულიერ სამყაროში ანუ ზეცაში ცხოვრობდა. მან პირველ საუკუნეში რელიგიურ ლიდერებს დაუფარავად უთხრა: „ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“. ის, რაც იესომ თავის მოციქულებს სულიერი სამყაროს შესახებ გაუმხილა, სარწმუნოა, რადგან თავად იგი ზეციდან იყო მოვლენილი. მან თქვა: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია“ (იოანე 6:38; 14:2).
იესოს მამა იეჰოვა ღმერთია, რომლის სამყოფელიც ზეცაშია (ფსალმუნი 83:18). ამიტომაც არავის შეუძლია, იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეზე უკეთ აღგვიწეროს უხილავი სამყარო. მათ სულიერ სამყაროზე ბევრი რამ იმ შთამბეჭდავი ხილვების მეშვეობით გაგვიმჟღავნეს, რომლებიც ღვთის ერთგულმა მსახურებმა იხილეს.
მომდევნო სტატიაში განხილული იქნება ის ბიბლიური მონაკვეთები, რომლებიც ადამიანთა მიერ ნანახ ხილვებს აღგვიწერს. ბიბლიის ამ მონაკვეთების კითხვის დროს მხედველობაში მიიღეთ, რომ მასში აღწერილი სულიერი სამყარო არამატერიალურია ანუ მას ვერც შევეხებით და ვერც დავინახავთ. ღმერთმა ადამიანებს სულიერი სამყარო გაუგებარი სიტყვებითა და შედარებებით კი არ აღუწერა, არამედ აჩვენა ხილვები, რათა ზეციერი სამყოფელი მათთვის ადვილად წარმოსადგენი და აღსაქმელი ყოფილიყო. ეს ხილვები სწორ წარმოდგენას შეგვიქმნის მათზე, ვინც მკვიდრობს სულიერ სამყაროში ანუ ზეცაში, სადაც იესოს სიტყვების თანახმად, „ბევრი ადგილია“.