არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | უხილავი სულიერი სამყარო

ხილვებში ნანახი უხილავი სულიერი სამყარო

ხილვებში ნანახი უხილავი სულიერი სამყარო

ბიბლიაში მოხსენიებული არაერთი შთამბეჭდავი ხილვა წარმოდგენას გვიქმნის უხილავ სულიერ სამყაროზე. კარგი იქნება, თუ ბიბლიის ამ მონაკვეთებს ყურადღებით წაიკითხავთ. მართალია, ხილვებში მოხსენიებულ ყველა დეტალს პირდაპირი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ისინი გვეხმარება, არა მხოლოდ წარმოვისახოთ სულიერი ქმნილებები, არამედ გავიგოთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე.

იეჰოვა უზენაესია

„ზეცაში ტახტი იდგა და ტახტზე ვიღაც იჯდა. ტახტზე მჯდომი შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა; ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“ (გამოცხადება 4:2, 3).

„სიკაშკაშე, რომელიც მის გარშემო იყო, ჰგავდა ცისარტყელას, ღრუბლებში წვიმიან დღეს გაჩენილს. ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო“ (ეზეკიელი 1:27, 28).

მოციქულ იოანესა და წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ ნანახი ეს ხილვები უზენაესი ღვთის, იეჰოვას, სიდიადეს უსვამს ხაზს. მასში მოხსენიებული ღვთის დიდებული ტახტი, თვალისმომჭრელი ძვირფასი ქვები და ცისარტყელა ჩვენთვის ადვილი აღსაქმელია და გვეხმარება, წარმოვიდგინოთ იეჰოვას ბრწყინვალე სამყოფელი, სადაც ნეტარება და სიმშვიდე სუფევს.

ფსალმუნმომღერალიც მსგავსი სიტყვებით აღგვიწერს იეჰოვას სიდიადეს: „დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები; ყველა ღმერთზე მეტად შიშის მომგვრელია იგი. ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია, იეჰოვამ კი ზეცა შექმნა. ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, ძალა და მშვენიერებაა მის საწმინდარში“ (ფსალმუნი 96:4—6).

მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა უზენაესი ღმერთია, ის მოგვიწოდებს, ლოცვით მივმართოთ მას იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის გვისმენს (ფსალმუნი 65:2). ღმერთს ძალიან უყვარს ადამიანები და მზრუნველობას არ აკლებს მათ. სწორედ ამიტომ თქვა მოციქულმა იოანემ, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).

ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო

«[ქრისტიანმა მოწაფე სტეფანემ], წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო და თქვა: „აი, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს“» (საქმეები 7:55, 56).

იესოს სიკვდილიდან არც ისე დიდ ხანი იყო გასული, როცა სტეფანემ ეს ხილვა იხილა. ღვთის ძე სიკვდილით სწორედ იმ იუდეველი წინამძღოლების წაქეზებით დასაჯეს, რომლის წინაშეც ახლა სტეფანე იდგა. მის მიერ ნანახი ხილვა იმის დასტური იყო, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და ზეციური დიდება მიიღო. ამის შესახებ მოციქულმა პავლემ დაწერა: „[იეჰოვამ] მკვდრეთით აღადგინა [იესო] და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველ სახელზე მაღლა არა მარტო ახლა, არამედ მომავალშიც“ (ეფესოელები 1:20, 21).

ამ მუხლებიდან მხოლოდ იმას კი არ ვიგებთ, რომ იესოს აღმატებული მდგომარეობა უკავია, არამედ იმასაც, რომ ის თავისი მამის, იეჰოვას მსგავსად, ზრუნავს ადამიანებზე. დედამიწაზე მსახურების დროს იგი კურნავდა სხვადასხვა სნეულებით დაავადებულებს და აღადგენდა მკვდრებს. მან საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო ადამიანებისთვის და ამით უდიდესი სიყვარული გამოავლინა როგორც იეჰოვა ღმერთის, ისე კაცობრიობის მიმართ (ეფესოელები 2:4, 5). მამის მარჯვნივ მდგომი იესო მალე თავის ძალაუფლებას იმისთვის გამოიყენებს, რომ ღვთის ერთგულ მსახურებზე კურთხევები გადმოცალოს.

ანგელოზები ემსახურებიან ღმერთს

„[მე, წინასწარმეტყველი დანიელი] ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა და ძველი დღეთა [იეჰოვა] არ დაჯდა . . . ათასობით ათასი ემსახურებოდა მას და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“ (დანიელი 7:9, 10).

დანიელმა ხილვაში მხოლოდ ერთი კი არა, უთვალავი ანგელოზი დაინახა. რა შთამბეჭდავი იქნებოდა წინასწარმეტყველისთვის ამის ხილვა! ეს დიდებული სულიერი ქმნილებები უსაზღვრო ძალითა და გონიერებით გამოირჩევიან, რომელთა შორის სხვადასხვა რანგის ანგელოზები — სერაფიმები და ქერუბიმები — არიან. ბიბლია მათ 250-ზე მეტჯერ მოიხსენიებს.

ანგელოზები არ არიან გარდაცვლილი ადამიანების სულები. ღმერთმა ისინი ადამიანებზე გაცილებით ადრე შექმნა. როდესაც იეჰოვა დედამიწას ქმნიდა, ანგელოზები აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს და სიხარულით ყიჟინებდნენ (იობი 38:4—7).

ეს სულიერი ქმნილებები ღვთის არაერთ დავალებას ასრულებენ. მაგალითად, ისინი უმნიშვნელოვანეს საქმეში — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში — არიან ჩაბმულნი და ამგვარად ერთგულად ემსახურებიან ღმერთს (მათე 24:14). ის, თუ როგორ მონაწილეობენ ანგელოზები სამქადაგებლო საქმიანობაში, მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა. მან დაწერა: „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხადება 14:6). მართალია, დღეს ანგელოზები უშუალოდ აღარ ელაპარაკებიან ადამიანებს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ისინი ეხმარებიან ღვთის მსახურებს, სასიხარულო ცნობა გულწრფელი ადამიანების ყურამდე მიიტანონ.

სატანას შეცდომაში შეჰყავს მილიონები

„ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი [იესო ქრისტე] და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ სძლია დრაკონმა და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ზეცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“ (გამოცხადება 12:7—9).

ამ მუხლებიდან ჩანს, რომ ზეცაში ყოველთვის არ სუფევდა სიმშვიდე და ნეტარება. კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ერთმა ანგელოზმა მოინდომა, რომ ღვთის ნაცვლად მისთვის ეცათ თაყვანი. ის იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა და სატანა გახდა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს. სატანას მოგვიანებით სხვა ანგელოზებიც შეუერთდნენ, რომლებიც დემონები გახდნენ. მას შემდეგ გაბოროტებული დემონები იეჰოვას უპირისპირდებიან და ადამიანებს გზა-კვალს ურევენ, რათა მოსიყვარულე ღმერთს ჩამოაშორონ.

სატანა და მისი დემონები უკიდურესად ბოროტები და გახრწნილები არიან. კაცობრიობის ამ დაუძინებელ მტრებს ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვთ ადამიანებისთვის. მაგალითად, ერთხელ სატანამ მიზანში ღვთის ერთგული მსახური იობი ამოიღო, რომელსაც ყველა შინაური ცხოველი გაუწყვიტა და მსახურები ამოუხოცა. შემდეგ მან „დიდი ქარი“ ამოაგდო და ათივე შვილი დაუხოცა. მაგრამ მხოლოდ ეს როდი აკმარა; მან იობი „თავიდან ფეხებამდე დააწყლულა“ (იობი 1:7—19; 2:7).

საბედნიეროდ, მალე დადგება დრო, როცა სატანა ვეღარ შეუქმნის საფრთხეს ადამიანებს. მას შემდეგ, რაც ღმერთმა სატანა დედამიწაზე გადმოაგდო, ამ უკანასკნელმა „იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ეს ბოროტი არსება სასიკვდილოდ არის განწირული, რაც მართლაც სასიხარულო ამბავია!

„ადამიანთაგან ნაყიდნი“

„[იესო] შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან, ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10).

იესოს მსგავსად, ზეცაში საცხოვრებლად სხვებიც აღდგებიან. ქრისტემ თავის ერთგულ მოციქულებს უთხრა: „მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ . . . კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (იოანე 14:2, 3).

ზოგი ადამიანი ზეცად კონკრეტული მიზნისთვის ამაღლდება. ისინი ღვთის სამეფოს მეფის, იესო ქრისტეს, თანამმართველები იქნებიან. მათი მმართველობა მთელ დედამიწაზე განივრცობა, რაც კაცობრიობას უამრავ კურთხევას მოუტანს. ეს სწორედ ის სამეფოა, რომელიც იესომ ლოცვის ნიმუშში მოიხსენია: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).

რას გააკეთებენ ზეცად ამაღლებულნი

«[მე, მოციქულმა იოანემ] გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“» (გამოცხადება 21:3, 4).

ეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობის ხილვა მიუთითებს იმ დროზე, როცა იესო ქრისტე და მისი თანამმართველები ღვთის სამეფოს მეშვეობით სატანის მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებენ ბოლოს და დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ, სადაც ადამიანებს ვერავინ და ვერაფერი მიაყენებს ზიანს. მაშინ სიკვდილიც წარსულს ჩაჰბარდება.

მაგრამ რა ბედი ეწევა იმ მილიარდობით ადამიანს, რომლებიც დაიხოცნენ, მაგრამ ზეცაში საცხოვრებლად არ აღდგებიან? მომავალში ისინი ღვთის მიერ დაპირებულ სამოთხეში აღდგებიან დედამიწაზე და მარადიული ცხოვრებით დატკბებიან (მათე 5:5).

ეს ხილვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ღმერთი, მისი ძე იესო ქრისტე, ერთგული ანგელოზები და ისინი, ვინც ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, ჩვენი კეთილდღეობით არიან დაინტერესებულნი. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხის შესახებ, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.pr418.com და ჩამოტვირთეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.