არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | უძვირფასესი საჩუქარი

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი?

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი?

ვინმესთვის საუკეთესო საჩუქრის შერჩევა არც ისე იოლია, რადგან საჩუქრის ნამდვილ ფასეულობას საბოლოოდ ის ადამიანი განსაზღვრავს, ვისაც საჩუქარს ვუკეთებთ. ის, რაც ერთისთვისაა საუკეთესო, სხვისთვის შეიძლება საერთოდ არაფერს წარმოადგენდეს.

მაგალითად, მოზარდი შეიძლება საუკეთესო საჩუქრად უახლესი მოდელის პლანშეტს ან სმარტფონს თვლიდეს, მაშინ როცა უფროსი ასაკის ადამიანისთვის ისეთი ნივთი ფასობდეს, რომელიც ოჯახის რელიკვიაა. ზოგ ქვეყანაში ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც საჩუქრად ფულის მიღება ურჩევნიათ, რადგან იმას შეიძენენ, რასაც თავად მოისურვებენ.

ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, ბევრი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მიაგნოს ისეთ საჩუქარს, რომელიც ყველაზე სასურველი აღმოჩნდება საყვარელი ადამიანისთვის. მართალია, ეს ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ქვემოთ მოყვანილ ოთხ ფაქტორს, დიდი ალბათობით, შევძლებთ შესაფერისი საჩუქრის შერჩევას.

სურვილი. ერთმა ბელფასტელმა (ჩრდილოეთი ირლანდია) მამაკაცმა ველოსიპედს, რომელიც 10-11 წლის ასაკში აჩუქეს, საუკეთესო საჩუქარი უწოდა. როგორც თავად ახსნა, ეს სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად უნდოდა. მისი ნათქვამიდან ჩანს, რომ ხშირად ადამიანის სურვილი განაპირობებს, დააფასებს თუ არა საჩუქარს. ამიტომ იფიქრეთ მასზე, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთებას აპირებთ. შეეცადეთ, გაიგოთ, რა უყვარს, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მისთვის სასურველი საჩუქრის შერჩევას. მაგალითად, პაპა-ბებიებს ძალიან უყვართ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. ამიტომ მათ სურთ, შვილებმა და შვილიშვილებმა რაც შეიძლება ხშირად მოინახულონ. ასე რომ, თუ ოჯახი არდადეგებს პაპა-ბებიასთან ერთად გაატარებს, ეს ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნება მათთვის.

თუ გსურთ გაიგოთ, რა მოსწონს ადამიანს, საჭიროა, კარგი მსმენელი იყოთ. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19). მეგობარსა თუ ახლობელთან საუბრის დროს ყურადღება მიაქციეთ ისეთ ნიუანსებს, რომლებიც მიგანიშნებთ, რა მოსწონს მას და რა — არა.

საჭიროება. ზოგჯერ ადამიანს უბრალო საჩუქარიც კი ძალიან ახარებს, რადგან ზუსტად ისაა, რაც მას სჭირდება. მაგრამ როგორ უნდა გაიგოთ, რა სჭირდება მას, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთებას აპირებთ?

შეგიძლიათ პირდაპირ ჰკითხოთ, რა სჭირდება ან როგორ საჩუქარს ისურვებდა, თუმცა ამ შემთხვევაში ისეთ სიხარულს ვერ იგრძნობთ, როგორსაც მაშინ, როცა სასურველ საჩუქარს მოულოდნელად მიართმევთ. ამიტომაც ამჯობინებს ბევრი, ახლობელს ან მეგობარს სიურპრიზი გაუკეთოს. გარდა ამისა, ზოგი თავისუფლად საუბრობს იმაზე, რა მოსწონს და რა — არა, მაგრამ არასდროს ამბობს, სინამდვილეში რა სჭირდება.

იყავით დაკვირვებული და მხედველობაში მიიღეთ მისი ოჯახური მდგომარეობა და ასაკი, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთებას აპირებთ; ისიც გაითვალისწინეთ, დასაქმებულია თუ პენსიაზეა გასული. დაფიქრდით, როგორი საჩუქარი გამოადგებოდა ასეთ ადამიანს.

იმისათვის, რომ გაიგოთ, სინამდვილეში რა სჭირდება მას, ვისთვისაც საჩუქრის გაკეთება გსურთ, რჩევა ჰკითხეთ იმ ადამიანებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. შეიძლება მათ ისეთ საჭიროებებზე გაამახვილონ ყურადღება, რაც არც ისე ადვილი შესამჩნევია. ამან შესაძლოა მიგახვედროთ, რა სჭირდება სინამდვილეში თქვენს ახლობელს, რის შესახებაც შეიძლება სხვებს წარმოდგენაც არ ჰქონდეთ, და შესაფერისი საჩუქარი შეურჩიოთ.

შესაფერისი დრო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). ამ მუხლიდან ჩანს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის რას ვამბობთ. თუმცა ამ პრინციპის გამოყენება მაშინაც შეგვიძლია, როცა საქმე საჩუქრის გაკეთებაზე მიდგება. როგორც დროულად ნათქვამი სიტყვები სიამოვნებს მსმენელს, ისე დროულად გაკეთებული საჩუქარი დიდ სიხარულს ანიჭებს მას, ვისაც საჩუქარს ვჩუქნით.

საჩუქარი შეიძლება გავუკეთოთ მეგობარს, რომელიც ქორწინდება, ახალგაზრდას, რომელიც სკოლას ამთავრებს ან წყვილს, რომელიც ბავშვს ელოდება. თუმცა საჩუქრის გასაკეთებლად უამრავი სხვა მიზეზიც არსებობს. ზოგისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა, წინასწარ ჩამოეწერათ, მთელი წლის მანძილზე რა ღირსშესანიშნავი მოვლენების აღნიშვნა იგეგმება. ეს ეხმარება მათ, თითოეულ შემთხვევაში წინასწარ შეარჩიონ შესაფერისი საჩუქარი. *

რასაკვირველია, საჩუქრის გაკეთება სხვა დროსაც შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს განვიცადოთ სიხარული, რომელიც გაცემას მოაქვს. თუმცა წინდახედულობაც უნდა გამოვიჩინოთ. მაგალითად, თუ კაცი საჩუქარს უკეთებს ქალს და ამისთვის არანაირი საბაბი არა აქვს, ქალმა შეიძლება დაასკვნას, რომ ამ მამაკაცს სიმპათია აქვს მის მიმართ. მაგრამ, თუ მას არა აქვს სერიოზული განზრახვა, ასეთმა ყურადღებამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. ეს მაგალითი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საჩუქრის გაკეთების დროს კიდევ ერთი ფაქტორის, მოტივების, გათვალისწინება.

მოტივები. კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ხომ არ შეიტანს ჩვენს მოტივებში ეჭვს ის, ვისაც საჩუქარს ვუკეთებთ. თუმცა საკუთარ თავსაც უნდა დავუკვირდეთ, რა მოტივით ვჩუქნით სხვებს საჩუქრებს. მართალია, ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საჩუქრის გაკეთების დროს მათ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ ბევრი იძულებულია, სადღესასწაულო დღეებში გაუკეთოს სხვებს საჩუქრები. არიან ისეთებიც, ვინც საჩუქრებს გამორჩენის მიზნით გასცემს.

როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ წრფელი მოტივით ვუკეთებთ სხვებს საჩუქრებს? ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ“ (1 კორინთელები 16:14). თუ ის, ვისაც საჩუქარს ვუკეთებთ, ნამდვილად გვიყვარს და გულწრფელად ვზრუნავთ მასზე, დიდი ალბათობაა, რომ სიხარულით მიიღებს ამ საჩუქარს და გაცემის შედეგად ჩვენც უდიდეს კმაყოფილებას ვიგრძნობთ. როცა მთელი გულით გავცემთ, ჩვენს ზეციერ მამასაც ვახარებთ. მოციქულმა პავლემ შეაქო კორინთელი ქრისტიანები, რომლებმაც გულუხვად და სიხარულით გაიღეს შესაწირავი იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული თანაქრისტიანებისთვის. პავლემ მათ უთხრა: „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7).

ზემოხსენებული ფაქტორების მხედველობაში მიღება დაგვეხმარება, სხვებს ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ, რომელიც მათ გულს ნამდვილად ეამება. ღმერთმა არა მარტო ეს, არამედ გაცილებით მეტი გაითვალისწინა, როცა კაცობრიობას საუკეთესო საჩუქარი უბოძა. მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რა საჩუქარზეა საუბარი.

^ აბზ. 13 ბევრი თავის ახლობლებს საჩუქარს დაბადების დღეს ან სხვადასხვა დღესასწაულის დროს უკეთებს. მაგრამ ხშირად ასეთი დღესასწაულებისთვის დამახასიათებელია წეს-ჩვეულებები, რომლებიც ბიბლიის სწავლებებს ეწინააღმდეგება. ამავე ნომერში იხილეთ სტატია „უნდა აღნიშნავდნენ ქრისტიანები შობას?“.