მკითხველები გვეკითხებიან
უნდა აღნიშნავდნენ ქრისტიანები შობას?
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სწამს, რომ შობა იგივე იესო ქრისტეს დაბადების დღეა. მაგრამ დაფიქრებულხართ ოდესმე, აღნიშნავდნენ თუ არა პირველი საუკუნის ქრისტიანები, იესოს თანამედროვეები, შობის დღესასწაულს? იცით, რას ამბობს ბიბლია დაბადების დღეზე? თუ ამ კითხვებზე მიიღებთ პასუხს, გაგიადვილდებათ იმის განსაზღვრა, უნდა აღნიშნავდნენ თუ არა ქრისტიანები შობას.
ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რომ იესო ან ღვთის რომელიმე ერთგული თაყვანისმცემელი დაბადების დღეს აღნიშნავდა. მასში მოხსენიებულია მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი დაბადების დღე აღნიშნეს. არც ერთი მათგანი არ სცემდა თაყვანს იეჰოვას, ბიბლიის ავტორს. ამასთან, ბიბლია ორივე შემთხვევას უარყოფითად აშუქებს (დაბადება 40:20; მარკოზი 6:21). ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო „დაბადების დღე, რომელსაც წარმართები აღნიშნავდნენ“.
რა არის იესოს დაბადების თარიღი?
ბიბლია არ აკონკრეტებს იესოს დაბადების თარიღს. «ქრისტეს დაბადების თარიღის დადგენა არც „ახალი აღთქმიდანაა“ შესაძლებელი და არც სხვა რომელიმე წყაროდან», — ნათქვამია მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში. იესოს რომ ჰქონოდა სურვილი, მის მიმდევრებს მისი დაბადების დღე აღენიშნათ, ის აუცილებლად ეტყოდა მათ თავისი დაბადების თარიღს.
გარდა ამისა, ბიბლიაში არსად წერია, რომ იესო ან რომელიმე მისი მოწაფე აღნიშნავდა შობას. როგორც „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაშია“ ნათქვამი, პირველად შობის დღესასწაული მოხსენიებულია „ფილოკალუსის რომაულ ალმანახში, რომელიც [ახ. წ.] 336 წლით დათარიღებულ წყაროებს ეფუძნება“. ამ დროისთვის ბიბლიის წერა უკვე კარგა ხნის დასრულებული იყო, თანაც იესოს სიკვდილიდან არაერთი საუკუნე იყო გასული. ამიტომაც აღნიშნავენ მაკ-კლინტოკი და სტრონგი, რომ «შობის დღესასწაული არც ღმერთს დაუწესებია და არც „ახალი აღთქმიდან“ იღებს დასაბამს». *
რის აღნიშვნა დაავალა იესომ თავის მოწაფეებს?
იესომ, დიდებულმა მოძღვარმა, ნათლად აუხსნა თავის მიმდევრებს, რას მოითხოვდა მათგან. ეს მითითებები ბიბლიაში ჩაიწერა. თუმცა მას არაფერი უთქვამს შობის აღნიშვნაზე. თქვენ რომ მასწავლებელი იყოთ, ალბათ, არ მოგეწონებათ, თუ თქვენი მოწაფეები ყურს არ ათხოვებენ თქვენს მითითებებს. არც იესოს უნდა, რომ მისი მიმდევრები გადავიდნენ საღვთო წერილში დაწერილს (1 კორინთელები 4:6).
პირველ საუკუნეში ქრისტიანები ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშნავდნენ. იესომ თავად უთხრა მოწაფეებს, როდის უნდა აღენიშნათ ეს საღამო და აჩვენა, როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს. ამ მოვლენის აღნიშვნასთან დაკავშირებული მითითებები და იესოს სიკვდილის თარიღი ბიბლიაში ჩაიწერა (ლუკა 22:19; 1 კორინთელები 11:25).
როგორც დავინახეთ, შობა იგივე დაბადების დღეა, რასაც პირველი საუკუნის ქრისტიანები წარმართულ დღეობად მიიჩნევდნენ და არ აღნიშნავდნენ. ამასთან, ბიბლიაში არსად წერია, რომ იესო ან რომელიმე მისი მიმდევარი შობას აღნიშნავდა. ამ ფაქტების საფუძველზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ქრისტიანი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შობა არ არის ქრისტიანული დღესასწაული.
^ აბზ. 6 თუ გსურთ, გაიგოთ, საიდან იღებს დასაბამს შობის დღესასწაულთან დაკავშირებული არაერთი წეს-ჩვეულება, იხილეთ 2014 წლის 1-ლი დეკემბრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „სინამდვილეში რასთან არის დაკავშირებული შობის დღესასწაული?“ რუბრიკიდან „მკითხველები გვეკითხებიან“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr418.com.