არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 48

„იყავით წმინდები“

„იყავით წმინდები“

„ყველაფერში წმინდები იყავით“ (1 ᲞᲔᲢ. 1:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 34 ვიაროთ უმწიკვლოდ

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა რჩევა მისცა მოციქულმა პეტრემ თანამორწმუნეებს და რატომ შეიძლება მოგვეჩვენოს ეს რჩევა არარეალური?

ᲠᲩᲔᲕᲐ, რომელიც პეტრე მოციქულმა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისცა, ჩვენთვისაც ყურადსაღებია იმისდა მიუხედავად, დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს თუ ზეცაში. პეტრე წერდა: «ყველაფერში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ, ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“» (1 პეტ. 1:15, 16). როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ მივბაძოთ იეჰოვას, სიწმინდის ეტალონს. არათუ გვაქვს ამის უნარი, არამედ ვალდებული ვართ, მივბაძოთ კიდეც. თუმცა ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო ზოგჯერ ეს არარეალური გვეჩვენება. არც პეტრე ყოფილა შეუცდომელი, მაგრამ თავისი მაგალითით გვიჩვენა, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ წმინდები.

2. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

2 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ შემდეგ კითხვებზე: რა არის სიწმინდე? რას ვიგებთ ბიბლიიდან იეჰოვას სიწმინდის შესახებ? როგორ უნდა ვიყოთ წმინდები ყველაფერში და რით უკავშირდება სიწმინდე იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას?

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲘᲬᲛᲘᲜᲓᲔ?

3. როგორ ადამიანთან ასოცირდება ბევრისთვის სიწმინდე, მაგრამ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

3 ჩვეულებრივ, წმინდა ადამიანად წარმოესახებათ რელიგიური სამოსლით შემოსილი სახედაღვრემილი და ღვთისმოსავი გამომეტყველების მქონე ადამიანი. თუმცა ეს სულაც არ არის წმინდა ადამიანის სათანადო დახასიათება. იეჰოვა წმინდაა, მაგრამ მას „ბედნიერი ღმერთი“ ეწოდება (1 ტიმ. 1:11). მის მსახურებსაც ბედნიერები ეწოდებათ (ფსალმ. 144:15). იესო გმობდა მათ, ვინც გამორჩეული სამოსლითა და სხვის თვალში სიმართლის კეთებით იქცევდა ყურადღებას (მათ. 6:1; მარ. 12:38). ჩვენ, ქრისტიანებს, სიწმინდეზე შეხედულებას ბიბლია გვიყალიბებს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოსიყვარულე და წმინდა ღმერთი არასდროს მოგვთხოვს ისეთ რამეს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ამიტომ, რახან იეჰოვა გვეუბნება, რომ წმინდები ვიყოთ, ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა ყველაფერში წმინდები რომ ვიყოთ, ჯერ კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის სიწმინდე.

4. რაზე მიანიშნებს სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“?

4 რა არის სიწმინდე? ბიბლიაში სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“, ძირითადად, რელიგიურ სისუფთავესა და სისპეტაკეს უკავშირდება. ამ სიტყვებით შეიძლება აღიწერებოდეს ის, ვინც ან რაც ღვთისმსახურებისთვის არის გამოყოფილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ წმინდებად ჩავითვლებით იმ შემთხვევაში, თუ ზნეობრივად წმინდები დავრჩებით, თუ იეჰოვას მის მოსაწონად ვცემთ თაყვანს და ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მასთან. წმინდა ღმერთთან ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა ჩვენში მოწიწებას იწვევს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა დიდებულად აღწერს ბიბლია იეჰოვას სიწმინდეს.

„ᲬᲛᲘᲜᲓᲐᲐ, ᲬᲛᲘᲜᲓᲐᲐ, ᲬᲛᲘᲜᲓᲐᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ“

5. რას ვიგებთ ანგელოზებისგან იეჰოვას შესახებ?

5 იეჰოვა ყოველმხრივ წმინდა და სპეტაკია. ამას ადასტურებს ღვთის ტახტთან მდგომი ანგელოზების, სერაფიმების სიტყვები: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი!“ (ეს. 6:3). ფაქტია, წმინდა ღმერთთან სიახლოვის უფლება ანგელოზებს არ მიეცემოდათ, თავადაც რომ არ ყოფილიყვნენ წმინდები. ისინი იმდენად წმინდები არიან, რომ ნებისმიერი ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანებს ეცხადებიან, მაშინვე წმინდა ხდება. სწორედ ასე მოხდა, როცა მოსეს ცეცხლოვან ბუჩქში ანგელოზი გამოეცხადა (გამ. 3:2—5; იეს. 5:15).

ოქროს ფირფიტა წარწერით „წმინდაა იეჰოვა“ მიმაგრებული იყო მღვდელმთავრის თავსაბურავზე (იხილეთ აბზაცები 6, 7).

6, 7. ა) გამოსვლის 15:1, 11-ის თანახმად, როგორ გაამახვილა მოსემ ყურადღება ღვთის სიწმინდეზე? ბ) რას უნდა შეეხსენებინა ისრაელებისთვის, რომ იეჰოვა წმინდა იყო? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

6 მას შემდეგ, რაც მოსემ ისრაელები წითელ ზღვაში გაატარა, მან ხალხს ყურადღება იეჰოვას სიწმინდეზე გაუმახვილა (წაიკითხეთ გამოსვლის 15:1, 11). ეგვიპტური და ქანაანური ღვთაებების თაყვანისმცემლები სიწმინდისგან შორს იდგნენ. ქანაანელთა თაყვანისმცემლობა ბავშვთა მსხვერპლშეწირვასა და ამაზრზენ სქესობრივ გარყვნილებასთან იყო დაკავშირებული (ლევ. 18:3, 4, 21—24; კან. 18:9, 10). იეჰოვა კი, როგორც ყოველმხრივ წმინდა ღმერთი, მხოლოდ იმას სთხოვდა თავის მსახურებს, რაც ზნეობრივად წმინდა იყო. ამაზე მოწმობდა მღვდელმთავრის თავსაბურავზე მიმაგრებულ ოქროს ფირფიტაზე ამოტვიფრული წარწერაც: „წმინდაა იეჰოვა“ (გამ. 28:36—38).

7 ეს წარწერა ყველა მნახველს შეახსენებდა, რომ მხოლოდ იეჰოვაა წმინდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხომ არ დაკარგავდა მნიშვნელობას ეს სიტყვები იმ ისრაელებისთვის, რომლებსაც არ შეეძლოთ მღვდელმთავრის პირადად ნახვა და მის თავსაბურავზე გაკეთებული წარწერის წაკითხვა? არა, რადგან კანონი მთელი ისრაელის წინაშე იკითხებოდა განურჩევლად ყველასთვის — კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის (კან. 31:9—12). თქვენც რომ იქ ყოფილიყავით, შემდეგ სიტყვებს მოისმენდით: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი . . . იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე . . . წმინდები იყავით, რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ“ (ლევ. 11:44, 45; 20:7, 26).

8. რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო ლევიანების 19:2 და 1 პეტრეს 1:14—16?

8 მოდი ვიმსჯელოთ ლევიანების 19:2-ში ჩაწერილ სიტყვებზე, რომლებიც მთელი ისრაელის გასაგონად უნდა წაეკითხათ. იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“». პეტრე, როგორც ჩანს, ამ სიტყვებს ციტირებდა, როცა ქრისტიანებს სიწმინდისკენ მოუწოდებდა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:14—16). მართალია, ჩვენ მოსეს კანონს არ ვემორჩილებით, მაგრამ პეტრეს სიტყვები ადასტურებს, რომ ლევიანების 19:2-ში ჩაწერილი კვლავაც ძალაშია, კერძოდ ის, რომ იეჰოვა წმინდაა და მისი მოყვარულებიც წმინდები უნდა იყვნენ. ეს პრინციპი განურჩევლად ყველას ეხება, ზეციური თუ მიწიერი იმედის მქონეთ (1 პეტ. 1:4; 2 პეტ. 3:13).

„ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲨᲘ ᲬᲛᲘᲜᲓᲔᲑᲘ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ“

9. რაში დაგვეხმარება ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილი სიტყვები?

9 რაკი გვინდა, ჩვენს წმინდა ღმერთს, იეჰოვას, გული გავუხაროთ, ყველანაირად ვცდილობთ, წმინდები ვიყოთ. ამაში თავად იეჰოვა გვეხმარება, რასაც ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილი რჩევებიც ადასტურებს. ებრაისტი მარკუს კალიში წერდა: „ეს თავი განსაკუთრებულია თავისი მრავლისმომცველი და მრავალფეროვანი თემატიკით; შეიძლება ითქვას, რომ ის ლევიანების წიგნის და ზოგადად ხუთწიგნეულის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია“. მოდი ამ თავიდან ვიმსჯელოთ კონკრეტულ მუხლებზე, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ვნახოთ, ეს რჩევები როგორ უკავშირდება ამ თავის მთავარ აზრს, „იყავით წმინდები“.

რაზე უნდა დააფიქროს ქრისტიანი ლევიანების 19:3-ში ჩაწერილმა კანონმა, რომელიც მშობლების პატივისცემას ეხება? (იხილეთ აბზაცები 10—12). *

10, 11. რისკენ მოგვიწოდებს ლევიანების 19:3 და რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

10 მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელებს სიწმინდისკენ მოუწოდა, შემდეგი მითითებაც მისცა: „პატივი ეცით დედას და მამას . . . მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (ლევ. 19:2, 3).

11 ცხადია, ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ იეჰოვას რჩევა და პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს. გავიხსენოთ, როგორ უპასუხა იესომ ერთ მამაკაცს, რომელმაც ჰკითხა: „რომელი კარგი საქმეები უნდა ვაკეთო, მარადიული სიცოცხლე რომ მივიღო?“. პასუხად იესომ სხვა მოთხოვნებთან ერთად მშობლების პატივისცემაც დაასახელა (მათ. 19:16—19). მან გაკიცხა ის ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ ამ ვალდებულებისთვის. ამგვარად ისინი ღვთის სიტყვას აუფასურებდნენ (მათ. 15:3—6). ფაქტობრივად, ისინი არღვევდნენ მეხუთე მცნებას და, შესაბამისად, არ ითვალისწინებდნენ იმას, რაც ლევიანების 19:3-შია ჩაწერილი (გამ. 20:12). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლევიანების 19:3-ში ჩაწერილს წინ უსწრებდა შემდეგი მითითება: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.

12. ლევიანების 19:3-დან გამომდინარე, რაზე უნდა დავფიქრდეთ?

12 კარგი იქნება, დავფიქრდეთ, ჩვენ რამდენად ვითვალისწინებთ იეჰოვას რჩევას, რომელიც მშობლების პატივისცემას ეხება. თუ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ მოიკოჭლებთ, შეგიძლიათ ახლა სცადოთ ყველაფრის გამოსწორება. ფაქტია, წარსულს ვერ შეცვლით, მაგრამ კარგს იზამთ, თუ მაქსიმალურად ეცდებით, დრო გამოუყოთ და მხარში ამოუდგეთ თქვენს მშობლებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მათ ფინანსური, სულიერი და ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ. თუ ასე მოიქცევით, გამოდის, რომ ითვალისწინებთ ლევიანების 19:3-ში ჩაწერილ რჩევას.

13. ა) კიდევ რისკენ მოგვიწოდებს ლევიანების 19:3? ბ) ლუკას 4:16—18-ის თანახმად, როგორ მივბაძოთ იესოს?

13 ლევიანების 19:3 სიწმინდის შენარჩუნების კიდევ ერთ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, შაბათის დაცვაზე. ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს კანონს და, შესაბამისად, ყოველკვირეული შაბათის დაცვაც არ მოეთხოვებათ. თუმცა ის, თუ როგორ იცავდნენ ისრაელები შაბათს და რა მხრივ ემსახურებოდა ეს მათ კეთილდღეობას, ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის. შაბათს ხალხი ყოველდღიური საქმეებისგან ისვენებდა და ძირითადი ყურადღება სულიერზე გადაჰქონდა. * ამიტომაც დადიოდა იესო თავისი მშობლიური ქალაქის სინაგოგაში ყოველ შაბათს და ღვთის სიტყვას კითხულობდა (გამ. 31:12—15; წაიკითხეთ ლუკას 4:16—18). რა დატვირთვა აქვს ჩვენთვის ლევიანების 19:3-ში ჩაწერილ იეჰოვას მითითებას: „დაიცავით ჩემი შაბათები“? ყოველდღიურად უნდა გამოვყოთ დრო სულიერისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ რაღაც უნდა შეცვალოთ? თუ სისტემატურად დაუთმობთ დროს სულიერ საქმეებს, იეჰოვასთან ახლო, მეგობრულ ურთიერთობას განივითარებთ, რაც სიწმინდის შესანარჩუნებლად აუცილებელი წინაპირობაა.

ᲒᲐᲜᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲐᲜ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ

14. რა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ესმება ხაზი ლევიანების მე-19 თავში?

14 ლევიანების მე-19 თავში არაერთხელ ესმება ხაზი ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, რაც სიწმინდის შენარჩუნებაში გვეხმარება. მე-4 მუხლი ასეთი სიტყვებით მთავრდება: „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“. ეს და მსგავსი ფრაზები ამ თავში 16-ჯერ მეორდება, რაც პირველ მცნებას შეგვახსენებს: „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი . . . არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა“ (გამ. 20:2, 3). თუ ქრისტიანს სიწმინდის შენარჩუნება სურს, არავის და არაფერს უნდა მისცეს უფლება, რომ მასსა და იეჰოვას შორის ჩადგეს. ვინაიდან ღვთის სახელს ვატარებთ, ყველანაირად უნდა მოვერიდოთ ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეურაცხყოფდა ან შებღალავდა ღვთის წმინდა სახელს (ლევ. 19:12; ეს. 57:15).

15. რისკენ აღგვძრავს ლევიანების მე-19 თავში ჩაწერილი მითითებები, რომლებიც მსხვერპლშეწირვას ეხებოდა?

15 ისრაელებს მრავალი კანონის დაცვა უწევდათ, რადგან იეჰოვას თავიანთ ღმერთად აღიარებდნენ. ლევიანების 18:4-ში წერია: „აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“. მე-19 თავში კი მოხსენიებულია ზოგიერთი წესი, რომლის დაცვასაც ღმერთი ისრაელისგან ითხოვდა. მაგალითად, მე-5—8, 21-ე და 22-ე მუხლებში საუბარია ცხოველურ შესაწირავებზე. ამ შესაწირავების გაღების დროს მათ უნდა დაეცვათ გარკვეული წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შებღალავდნენ იმას, რაც წმინდა იყო იეჰოვასთვის. როცა ამ მუხლებს ვკითხულობთ, სურვილი გვიჩნდება, რომ იეჰოვას მის მოსაწონად შევწიროთ ქება, როგორც ამას ებრაელების 13:15 მოგვიწოდებს.

16. ლევიანებში ჩაწერილი რომელი პრინციპი შეგვახსენებს, რომ ღვთის მსახურები უნდა განსხვავდებოდნენ სხვებისგან?

16 წმინდები რომ ვიყოთ, უნდა განვსხვავდებოდეთ გარეშეებისგან, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. ზოგჯერ კლასელები, თანამშრომლები, ნათესავები თუ სხვები ცდილობენ, ისეთ საქმეებში აგვიყოლიონ, რაც ხელს შეგვიშლიდა იეჰოვას მსახურებაში. ასეთი სიტუაციები არჩევანის წინაშე გვაყენებს. რა დაგვეხმარება, ამ დროს სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ? ამ მხრივ საინტერესო პრინციპი წერია ლევიანების 19:19-ში: „არ ჩაიცვათ ორი სხვადასხვა ძაფით ნაქსოვი ტანსაცმელი“. ამ კანონის დაცვა ისრაელებს მეზობელი ერებისგან გამოარჩევდა. ვინაიდან მოსეს კანონს აღარ ვექვემდებარებით, ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის ჩაცმა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, დავემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრების წესი თუ შეხედულებები ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს, თუნდაც ისინი ჩვენი თანაკლასელები, თანამშრომლები ან ნათესავები იყვნენ. ცხადია, გვიყვარს ნათესავებიც და ზოგადად მოყვასიც, მაგრამ, როცა საქმე ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეხება, გვინდა, რომ როგორც იეჰოვას ხალხი, მათგან განვსხვავდებოდეთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიწმინდე ღვთისთვის გამოყოფილის მნიშვნელობასაც ატარებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სიწმინდის შესანარჩუნებლად (2 კორ. 6:14—16; 1 პეტ. 4:3, 4).

რით იყო ლევიანების 19:23—25-ში ჩაწერილი კანონი ღვთის ხალხისთვის საყურადღებო და რით არის საყურადღებო ჩვენთვის? (იხილეთ აბზაცები 17, 18). *

17, 18. რას ვსწავლობთ ლევიანების 19:23—25-დან?

17 ფრაზა „მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ შეახსენებდა ისრაელებს, რომ იეჰოვა უნდა ყოფილიყო მათ ცხოვრებაში უმთავრესი. მაგალითისთვის განვიხილოთ ლევიანების 19:23—25 (წაიკითხეთ). რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიტყვებს აღთქმულ მიწაზე დასახლებული ისრაელებისთვის? მაგალითად, თუ ვინმე ხეს დარგავდა, სამი წლის განმავლობაში არ უნდა ეჭამა მისი ნაყოფი. მეოთხე წელს მოწეული ნაყოფი კი იეჰოვასთვის შესაწირავად უნდა გადაედო. მას მხოლოდ მეხუთე წელს ჰქონდა უფლება, რომ დარგული ხის ნაყოფი ეჭამა. ეს კანონი შეახსენებდა ისრაელებს, რომ საკუთარი ინტერესები უკანა პლანზე უნდა გადაეწიათ. ისინი უნდა მინდობოდნენ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის იზრუნებდა მათზე, და ღვთის თაყვანისცემა პირველ ადგილზე უნდა დაეყენებინათ. იეჰოვაც, თავის მხრივ, არასდროს ტოვებდა მათ ლუკმაპურის გარეშე და მოუწოდებდა, რომ თაყვანისცემის ადგილას გულუხვად მიეტანათ შესაწირავები.

18 ლევიანების 19:23—25-ში ჩაწერილი სიტყვები შეგვახსენებს მთაზე წარმოთქმულ იესოს ქადაგებას. მან თქვა: „ნუღარ წუხხართ . . . რა ჭამოთ ან რა სვათ . . . თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“. თუ იეჰოვა ფრინველებს კვებავს, განა ის ჩვენზე არ იზრუნებს?! (მათ. 6:25, 26, 32). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა აუცილებელს არ მოგვაკლებს. ამიტომ ჩვენც ჩვენი მხრივ ხელს ვუმართავთ გაჭირვებულებს ისე, რომ ამას არ ვახმაურებთ. გარდა ამისა, კრების საჭიროებისთვისაც ვიღებთ შესაწირავებს. იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი გულუხვობა და სანაცვლოდ აუცილებლად მოგვიზღავს (მათ. 6:2—4). ჩვენი ხელგაშლილობით ვაჩვენებთ, რომ კარგად გვესმის ლევიანების 19:23—25-ში ჩაწერილი პრინციპი.

19. რა იყო თქვენთვის საყურადღებო ლევიანების მე-19 თავიდან?

19 ლევიანების მე-19 თავიდან განვიხილეთ რამდენიმე მუხლი, რამაც უკეთესად დაგვანახვა, როგორ მივბაძოთ ჩვენს წმინდა ღმერთს. როცა მას ვბაძავთ, ამით ვაჩვენებთ, რომ გვინდა, ყველაფერში წმინდები ვიყოთ (1 პეტ. 1:15). ეს არც სხვებს რჩებათ შეუმჩნეველი. ჩვენი წმინდა საქციელის შემხედვარე ზოგმა იეჰოვაც კი განადიდა (1 პეტ. 2:12). ლევიანების მე-19 თავიდან სხვა ბევრი საინტერესო რამის დანახვაც შეიძლება. მომდევნო სტატიაში ამ თავიდან სხვა მუხლებსაც გავარჩევთ და დავინახავთ, კიდევ რა მხრივ შეგვიძლია გავითვალისწინოთ პეტრე მოციქულის რჩევა და ვიყოთ წმინდები.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 80 „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

^ აბზ. 5 ჩვენ ძალიან გვიყვარს იეჰოვა და გვინდა, გული გავუხაროთ მას. ის წმინდა ღმერთია და თავისი თაყვანისმცემლებისგანაც სიწმინდეს მოითხოვს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ ცოდვილი ადამიანი წმინდა იყოს? ეს სავსებით შესაძლებელია. პეტრე მოციქულის მიერ თანამორწმუნეებისთვის მიწერილი რჩევა და ძველი ისრაელისთვის მიცემული იეჰოვას მითითება უკეთ დაგვანახვებს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე ცხოვრების ყველა სფეროში.

^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია შაბათის კანონიდან, იხილეთ 2019 წლის დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „შრომისა და დასვენების დრო“.

^ აბზ. 57 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ვაჟი დროს უთმობს მშობლებს, ცოლ-შვილთან ერთად ინახულებს მათ და რეგულარულად ეხმიანება.

^ აბზ. 59 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ებრაელი მიწათმოქმედი თავისი დარგული ხის ნაყოფს შეჰყურებს.