არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 12

როდის არის ლაპარაკის დრო?

როდის არის ლაპარაკის დრო?

„დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7).

სიმღერა 124 მუდამ ერთგულები

მოკლე შინაარსი *

1. რას ვსწავლობთ ეკლესიასტეს 3:7-დან?

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგს ბევრი საუბარი უყვარს, ზოგს კი ჩუმად ყოფნა ურჩევნია. როგორც სტატიის წამყვანი მუხლიდან ვიგებთ, არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 3:7). შესაძლოა გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, ზოგი ასეთი სიტყვაძუნწი რომ არ იყოს; ზოგი კი პირიქით, უფრო ნაკლებს ლაპარაკობდეს.

2. ვის აქვს უფლება, დაგვიდგინოს, როდის და როგორ ვილაპარაკოთ?

2 მეტყველების უნარი იეჰოვასგან ბოძებული საჩუქარია (გამ. 4:10, 11; გამოცხ. 4:11). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, როგორ შეგვიძლია ეს ძღვენი საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ მაგალითებს, რომლებიც დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როდის არის შესაფერისი დრო ლაპარაკისთვის და როდის — არა. აგრეთვე გავიგებთ, აქვს თუ არა იეჰოვასთვის მნიშვნელობა, რას და როგორ ვეუბნებით სხვებს. თავდაპირველად განვიხილოთ, როდის არის შესაფერისი დრო ლაპარაკისთვის.

ლაპარაკის დრო

3. რომაელების 10:14-ის თანახმად, როდის არის ლაპარაკის დრო?

3 ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, სხვებს იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ ვესაუბროთ (მათ. 24:14; წაიკითხეთ რომაელების 10:14). თუ ასე მოვიქცევით, იესოს მივბაძავთ. მისი დედამიწაზე მოსვლის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანებისთვის მამის შესახებ ჭეშმარიტება ესწავლებინა (იოან. 18:37). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ვიტყვით, არამედ — როგორ ვიტყვით. როცა სხვებს იეჰოვას შესახებ ვესაუბრებით, მათი მრწამსი და გრძნობები უნდა გავითვალისწინოთ და „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ველაპარაკოთ (1 პეტ. 3:15). ამგვარად ჩვენი სიტყვები უფრო ღირებული გახდება — შევძლებთ ვასწავლოთ სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტება და ჩავწვდეთ მათ გულებს.

4. იგავების 9:9-დან გამომდინარე, როგორ შეუძლიათ უხუცესებს, თავიანთი საუბრით სხვებს დაეხმარონ?

4 თუ უხუცესები ხედავენ, რომ რომელიმე და ან ძმა რჩევას საჭიროებს, მათთან საუბრისგან თავი არ უნდა შეიკავონ. თუმცა მათ შესაფერისი დრო უნდა შეარჩიონ, რათა თანაქრისტიანი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდონ. უხუცესებს შეიძლება მოცდა მოუწიოთ, რომ მას ცალკე დაელაპარაკონ და არა სხვების თანდასწრებით. ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, თავიანთი სიტყვებით თანაქრისტიანს ღირსება არ შეულახონ. მეორე მხრივ, აუცილებელია, დაანახვონ მას ბიბლიური პრინციპები, რაც ბრძნულად მოქმედებაში დაეხმარება (წაიკითხეთ იგავების 9:9). რატომ არის მნიშვნელოვანი, გამბედაობა მოვიკრიბოთ და საჭირო დროს ვილაპარაკოთ? განვიხილოთ ორი განსხვავებული სიტუაცია. თავდაპირველად ვისაუბროთ ელის მაგალითზე, რომელმაც შემწყნარებლობა გამოიჩინა და არ დასაჯა თავისი ვაჟები, შემდეგ კი განვიხილოთ აბიგაილის შემთხვევა, რომელმაც მომავალ მეფეს გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა.

5. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ელიმ ხმა არ აღიმაღლა თავისი ვაჟების წინააღმდეგ?

5 მღვდელმთავარ ელის ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც ძალიან უყვარდა. თუმცა მისი ვაჟები იეჰოვას მიმართ უპატივცემულობას იჩენდნენ. ისინი ღვთის კარავში მღვდლებად მსახურობდნენ, რაც სერიოზული პასუხისმგებლობა იყო. მაგრამ თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ, „უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ იეჰოვას შესაწირავს“ და ურცხვად სჩადიოდნენ სექსუალურ უზნეობას (1 სამ. 2:12—17, 22). მოსეს კანონის თანახმად, ელის ვაჟები სიკვდილს იმსახურებდნენ, მაგრამ ელი იწყნარებდა მათ საქციელს, მხოლოდ საყვედურებით შემოიფარგლებოდა და უფლებას აძლევდა მათ, კარავში მსახურება გაეგრძელებინათ (კან. 21:18—21). როგორ უყურებდა იეჰოვა ელის საქციელს? მან შემდეგი სიტყვებით მიმართა ელის: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. იეჰოვამ მისი უვარგისი ვაჟები სიკვდილით დასაჯა (1 სამ. 2:29, 34).

6. რას ვსწავლობთ ელის შემთხვევიდან?

6 ელის შემთხვევა მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. თუ გავიგებთ, რომ ჩვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი ღვთის კანონს არღვევს, ვალდებულები ვართ, დაველაპარაკოთ მას და შევახსენოთ იეჰოვას ნორმები. გარდა ამისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ იეჰოვასგან დანიშნულმა მწყემსებმა იციან მომხდარის შესახებ, რათა მას საჭირო დახმარება აღმოუჩინონ (იაკ. 5:14). ნამდვილად არ გვსურს, ელის დავემსგავსოთ და ჩვენი მეგობარი თუ ოჯახის წევრი იეჰოვაზე წინ დავაყენოთ. ცხადია, გაბედულებას მოითხოვს, ვამხილოთ ის, ვინც გამოსწორებას საჭიროებს, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ახლა განვიხილოთ ებრაელი ქალის, აბიგაილის მაგალითი, რომელიც ელისგან სრულიად განსხვავებულად მოიქცა.

აბიგაილმა იცოდა, როდის იყო ლაპარაკის დრო, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა (იხილეთ აბზაცები 7, 8) *

7. რატომ გადაწყვიტა აბიგაილმა დავითთან დალაპარაკება?

7 აბიგაილი მდიდარი მიწათმფლობელის, ნაბალის ცოლი იყო. როცა დავითი და მისი თანმხლები მამაკაცები მეფე საულს გაურბოდნენ, გარკვეული ხნის მანძილზე ნაბალის ცხვარს მის მწყემსებთან ერთად მოთარეშე მძარცველებისგან იცავდნენ. თუმცა ნაბალი ამისთვის სულაც არ იყო მადლიერი. როცა დავითმა თავისი მხლებლები ცოტაოდენი საჭმლისა და წყლის სათხოვნელად გაგზავნა, ნაბალი განრისხდა და ყვირილით გაისტუმრა ისინი (1 სამ. 25:5—8, 10—12, 14). საპასუხოდ, დავითმა გადაწყვიტა, ნაბალის სახლში ყველა მამაკაცი ამოეწყვიტა (1 სამ. 25:13, 22). როგორ შეიძლებოდა ასეთი უბედურების თავიდან აცილება? აბიგაილმა გააცნობიერა, რომ სწორედ ახლა იყო ლაპარაკის დრო. მან გამბედაობა მოიკრიბა, რათა დავითსა და მის 400 მშიერ-მწყურვალ და განრისხებულ მებრძოლს დალაპარაკებოდა.

8. რას გვასწავლის აბიგაილის მაგალითი?

8 აბიგაილი დავითს გაბედულად, პატივისცემით და დამაჯერებლად ელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ სიტუაციაში არავითარი ბრალი არ მიუძღოდა, მან მოუბოდიშა დავითს, მის კარგ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იეჰოვას დახმარების იმედი ჰქონდა (1 სამ. 25:24, 26, 28, 33, 34). როცა ვხედავთ, რომ თანაქრისტიანი სწორი გზიდან უხვევს, აბიგაილის მსგავსად გაბედულება უნდა გამოვიჩინოთ და დაველაპარაკოთ მას (ფსალმ. 141:5). ასეთ დროს აუცილებელია, ჩვენს სიტყვებში სიმტკიცე ჩანდეს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უპატივცემულობა გამოვავლინოთ თანაქრისტიანის მიმართ. როცა სიყვარულიდან გამომდინარე ადამიანს საჭირო რჩევას ვაძლევთ, ცხადვყოფთ, რომ მისი ნამდვილი მეგობარი ვართ (იგავ. 27:17).

9, 10. რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს, როცა სხვას რჩევას აძლევენ?

9 განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, გაბედულება გამოავლინონ და დაელაპარაკონ მას, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს (გალ. 6:1). მათ კარგად ესმით, რომ არასრულყოფილები არიან და შეიძლება ადრე თუ გვიან რჩევა თავადაც დასჭირდეთ. თუმცა ამის გამო თავს არ იკავებენ, რომ შეაგონონ ის, ვინც გამოსწორებას საჭიროებს (2 ტიმ. 4:2; ტიტ. 1:9). როცა თანაქრისტიანს რჩევა-დარიგებას აძლევენ, ისინი სიმშვიდეს არ კარგავენ და დახელოვნებულად იყენებენ ღვთისგან ბოძებულ მეტყველების უნარს. ასე მოქმედებისკენ მათ და-ძმების სიყვარული აღძრავთ (იგავ. 13:24). თუმცა უხუცესების მთავარი საფიქრალი იეჰოვას განდიდებაა, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მხარი დაუჭირონ იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს და კრება საფრთხისგან დაიცვან (საქ. 20:28).

10 ზემოთ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როდის არის ლაპარაკის დრო. თუმცა ზოგჯერ უმჯობესია, საერთოდ არაფერი ვთქვათ. ახლა ვისაუბროთ, როდის არის დუმილის დრო.

დუმილის დრო

11. რა მაგალითი მოიყვანა იაკობმა და როგორ უკავშირდება ის ენის გაკონტროლებას?

11 ენის გაკონტროლება ყოველთვის იოლი როდია. ეს კარგად დაგვანახვა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, იაკობმა, რომელმაც თქვა: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია. როცა ცხენს დასამორჩილებლად ლაგამს ამოვდებთ, მის მთელ სხეულსაც ვმართავთ“ (იაკ. 3:2, 3). აღვირის მოქაჩვით მხედარს შეუძლია ცხენი სხვა მიმართულებით წაიყვანოს ან შეაჩეროს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღვირს მიუშვებს, ცხენი თავის ნებაზე გაჭენდება, თავსაც დაიზიანებს და მხედარსაც საფრთხეს შეუქმნის. მსგავსად ამისა, თუ ენას არ გავაკონტროლებთ, ამან შეიძლება არაერთი პრობლემა გამოიწვიოს. ახლა განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია, როცა აუცილებელია, ასე ვთქვათ, აღვირი მოვქაჩოთ და საუბრისგან თავი შევიკავოთ.

12. როდის უნდა შევიკავოთ თავი ლაპარაკისგან?

12 როგორ იქცევით ხოლმე, როცა იგებთ, რომ რომელიმე და ან ძმა კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს? დავუშვათ, შეხვდით თანაქრისტიანს, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. ხომ არ გაგიჩნდებათ ცდუნება, გამოჰკითხოთ დეტალები, თუ როგორ მიმდინარეობს იქ ჩვენი საქმიანობა? რა თქმა უნდა, ცუდი მოტივი არ გვამოძრავებს, რადგან გვიყვარს და-ძმები, გვაღელვებს მათი მდგომარეობა და ვლოცულობთ კიდეც მათთვის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა „აღვირი უნდა მოვქაჩოთ“, ანუ ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ. თუ ყველანაირად ვეცდებით, თანაქრისტიანს კონფიდენციალური ინფორმაცია ვათქმევინოთ, ამით ნამდვილად ვერ დავუმტკიცებთ სიყვარულს ვერც მას და ვერც სხვა და-ძმებს, რომლებიც მოელიან, რომ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ არ გავრცელდება. ეჭვგარეშეა, არცერთი ჩვენგანი არ ვისურვებდით, პრობლემები დაგვემატებინა იმ თანაქრისტიანებისთვის, რომლებიც ასეთ ქვეყნებში ცხოვრობენ. მათ ადგილას არც ჩვენ გაგვიჩნდებოდა სურვილი, გამჟღავნებულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიკრიბებით ან როგორ ვემსახურებით იეჰოვას.

13. იგავების 11:13-ის თანახმად, როგორ უნდა მოიქცეს უხუცესი და რატომ?

13 უხუცესებს მართებთ, გაითვალისწინონ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპი, რომელიც ჩაწერილია იგავების 11:13-ში (წაიკითხეთ). ამ პრინციპის თანახმად მოქმედება განსაკუთრებით მათ შეიძლება გაუჭირდეთ, ვინც დაქორწინებულია. ცოლ-ქმარი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ, როცა ხშირად საუბრობენ, გულისნადებს, გრძნობებსა თუ დარდს უზიარებენ ერთმანეთს. მაგრამ უხუცესს კარგად ესმის, რომ ცოლს არ უნდა გაუმჟღავნოს კრებასთან ან და-ძმებთან დაკავშირებული კონფიდენციალური საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანაქრისტიანების ნდობას დაკარგავს და საკუთარ რეპუტაციასაც საფრთხეს შეუქმნის. ისინი, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობები აქვთ, არ უნდა იყვნენ ორპირები, ანუ არც სიტყვა უნდა გატეხონ და არც სხვებზე იჭორაონ (1 ტიმ. 3:8). როცა უხუცესს უყვარს თავისი ცოლი, არ დაამძიმებს იმ ინფორმაციით, რომელიც მან არ უნდა იცოდეს.

14. როგორ შეუძლია უხუცესის ცოლს, გაუფრთხილდეს ქმრის რეპუტაციას?

14 ცოლი კარგი რეპუტაციის შენარჩუნებაში დაეხმარება ქმარს, თუ არ აიძულებს სხვისი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას. ამგვარად ის არა მხოლოდ მეუღლეს დაუჭერს მხარს, არამედ მათ მიმართაც გამოხატავს პატივისცემას, ვინც თავის ქმარს პირადი ინფორმაცია გაანდო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი ცოლი იეჰოვას გაუხარებს გულს, რადგან კრების მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს (რომ. 14:19).

აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა, რას ვამბობთ?

15. რას ფიქრობდა იეჰოვა იობის სამ მეგობარზე და რატომ?

15 იობის წიგნი ბევრ რამეს გვასწავლის იმის შესახებ, თუ როდის რა ვთქვათ და როგორ ვთქვათ. მას შემდეგ, რაც იობს არაერთი უბედურება დაატყდა თავს, მის სანუგეშებლად და რჩევის მისაცემად ოთხი კაცი მივიდა. ეს მამაკაცები კარგა ხანს ჩუმად იყვნენ. თუმცა მოგვიანებით სამი მათგანის — ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის სიტყვებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში იობის გამხნევებაზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ იმაზე თუ როგორ დაედანაშაულებინათ ის. მართალია, მათი ნათქვამიდან ზოგი რამ სწორი იყო, მაგრამ, ძირითადად, იეჰოვასა და იობის შესახებ სიცრუეს ამბობდნენ და მათზე უარყოფითად საუბრობდნენ. ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა იობი უმოწყალოდ გააკრიტიკეს (იობ. 32:1—3). როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე იეჰოვას? ის რისხვით აენთო ამ სამ მამაკაცზე, მათი საუბარი უგუნურებად მიიჩნია და იობს სთხოვა, ელოცა მათთვის (იობ. 42:7—9).

16. რისი სწავლა შეგვიძლია ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის დაშვებული შეცდომებიდან?

16 ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის შეცდომებზე ბევრ რამეს ვსწავლობთ. პირველი, არ უნდა გავაკრიტიკოთ და-ძმები (მათ. 7:1—5). სანამ რამეს ვიტყვით, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მათ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გავიგოთ, რასთან უწევთ გამკლავება (1 პეტ. 3:8). მეორე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რის თქმასაც ვაპირებთ, სიმართლეა და სხვებს გაამხნევებს (ეფეს. 4:25). და მესამე, იეჰოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვეუბნებით სხვებს.

17. რას ვსწავლობთ ელიჰუს მაგალითიდან?

17 ამ სამი მამაკაცის გარდა, იობის სანუგეშებლად აბრაამის ნათესავი, ელიჰუც მივიდა. ის ყურადღებით ისმენდა იობისა და მისი სამი მეგობრის საუბარს. შემდეგ კი, იობს პირდაპირ, მაგრამ პატივისცემით დაელაპარაკა და აზროვნების გამოსწორებაში დაეხმარა (იობ. 33:1, 6, 17). ელიჰუს საკუთარი თავის ან რომელიმე ადამიანის წარმოჩენა არ აფიქრებდა; მისი მთავარი მიზანი იეჰოვას განდიდება იყო (იობ. 32:21, 22; 37:23, 24). ელიჰუს მაგალითი გვასწავლის, რომ ზოგჯერ არის დუმილისა და მოსმენის დრო (იაკ. 1:19). ვსწავლობთ იმასაც, რომ რჩევის მიცემისას ჩვენი მთავარი მიზანი არა საკუთარი თავის, არამედ იეჰოვას განდიდება უნდა იყოს.

18. რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ მეტყველების უნარს?

18 თუ ვითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას იმის შესახებ, თუ როდის და როგორ ვილაპარაკოთ, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ბოძებულ მეტყველების უნარს. ბრძენმა მეფე სოლომონმა ღვთივშთაგონებით დაწერა: „დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავ. 25:11). თუ ყურადღებით მოვუსმენთ სხვებს და დავფიქრდებით, სანამ რამეს ვიტყვით, ჩვენი სიტყვები ოქროს ვაშლებივით ძვირფასი და მიმზიდველი იქნება. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, ბევრი ლაპარაკი გვახასიათებს თუ ცოტა, ჩვენი საუბრით შეგვიძლია გავამხნეოთ სხვები და გული გავუხაროთ იეჰოვას (იგავ. 23:15; ეფეს. 4:29). ასეთი სახით მადლიერებას გამოვხატავთ იმ ძვირფასი ძღვნისთვის, რომელიც იეჰოვამ გვიბოძა.

სიმღერა 82 „თქვენი სინათლეც ანათებდეს“

^ აბზ. 5 ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები გვეხმარება, განვსაზღვროთ, როდის არის შესაფერისი დრო ლაპარაკისთვის და როდის — არა. თუ ამ საკითხთან დაკავშირებულ ბიბლიურ რჩევებს გამოვიყენებთ, ჩვენი საუბრით გულს გავუხარებთ იეჰოვას.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: მოწიფული და რჩევას აძლევს თანაქრისტიანს.

^ აბზ. 64 სურათის აღწერა: ერთი ძმა ახალგაზრდას სისუფთავესთან დაკავშირებით რჩევას აძლევს.

^ აბზ. 66 სურათის აღწერა: აბიგაილი შესაფერის დროს დაელაპარაკა დავითს, რამაც კარგი შედეგი გამოიღო.

^ აბზ. 68 სურათის აღწერა: ცოლ-ქმარი თავს იკავებს, გაამჟღავნოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი საქმიანობა იმ ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეების რელიგიური მსახურება აკრძალულია.

^ აბზ. 70 სურათის აღწერა: უხუცესი ცალკე გადის, რათა კრებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია სხვამ არ მოისმინოს.