არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო ქრისტე?

მართლა ეტანჯა და მოკვდა იესო?

მართლა ეტანჯა და მოკვდა იესო?

ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იესო ნაზარეთელი სიკვდილით დასაჯეს. ის უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ამბოხებაში, სასტიკად სცემეს და ბოძზე მიალურსმეს. მან ენით აუწერელი ტკივილით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა. 40 დღის შემდეგ კი იესო ზეცად ამაღლდა.

ამ განსაცვიფრებელ ამბავს იესოს შესახებ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ოთხი სახარება გვამცნობს, რომელთაც „ახალ აღთქმასაც“ უწოდებენ. მართლა მოხდა ეს ყველაფერი? ეს უდავოდ მართებული და მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინაიდან, თუ სახარებებში მონათხრობი სინამდვილეს არ შეესაბამება, ქრისტიანული რწმენა ყოველგვარ აზრს კარგავს და სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი მხოლოდ აუხდენელ ოცნებად რჩება (1 კორინთელები 15:14). მეორე მხრივ, თუ ეს მოვლენები ნამდვილად მოხდა, მაშინ კაცობრიობას შესანიშნავი მომავალი ელის, მათ შორის თქვენც. მოდი, გავიგოთ, მითია თუ რეალობა სახარებებში ჩაწერილი მოვლენები.

რაზე მოწმობს ფაქტები?

ლეგენდებისგან განსხვავებით, რომლებსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს, სახარებები დიდი სიზუსტით გამოირჩევა და დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, მათში მრავლად არის მოხსენიებული გეოგრაფიული სახელები იმ ადგილებისა, რომელთაგან ბევრს დღესაც შეგიძლიათ ესტუმროთ. სახარებები მოგვითხრობს რეალური ადამიანების შესახებ, რომელთა არსებობას ისტორიკოსებიც ადასტურებენ (ლუკა 3:1, 2, 23).

იესოს მოიხსენიებდნენ პირველ და მეორე საუკუნეებში მოღვაწე ისტორიკოსები და მწერლებიც. * ის, რასაც სახარებები იესოს სიკვდილით დასჯის შესახებ მოგვითხრობს, ზუსტად ეთანხმება სიკვდილით დასჯის იმდროინდელ რომაულ ჩვეულებას. გარდა ამისა, სახარებების დამწერები ფაქტებს ზედმიწევნით აღწერდნენ და მოწაფეების სისუსტეებსა და შეცდომებზე გულახდილად წერდნენ (მათე 26:56; ლუკა 22:24—26; იოანე 18:10, 11). ზემოხსენებული ყველა ფაქტორი იმის უტყუარი დასტურია, რომ სახარებების დამწერები გულწრფელები იყვნენ და ყველაფერი, რასაც იესოს შესახებ წერდნენ, სრულ სინამდვილეს შეესაბამებოდა.

მართლა აღდგა იესო?

მართალია, ბევრს სჯერა, რომ იესო ცხოვრობდა დედამიწაზე და მოკვდა, მაგრამ ზოგს შეიძლება მის მკვდრეთით აღდგომაში შეეპაროს ეჭვი. ამის დაჯერება თავიდან იესოს მოციქულებსაც გაუჭირდათ (ლუკა 24:11). მაგრამ, როდესაც მოციქულებმა და სხვა მოწაფეებმა მკვდრეთით აღმდგარი იესო სხვადასხვა ვითარებაში საკუთარი თვალით იხილეს, მათი ეჭვები სრულიად გაქარწყლდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ერთხელ 500-ზე მეტ ადამიანს ეჩვენა (1 კორინთელები 15:6).

დაპატიმრებისა და სიკვდილის საშიშროების მიუხედავად, მოწაფეები იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ყველას გაბედულად ამცნობდნენ, მათაც კი, ვისაც ბრალი მიუძღოდა მის სიკვდილში (საქმეები 4:1—3, 10, 19, 20; 5:27—32). იქადაგებდნენ ისინი ასე გაბედულად, იოტისოდენა ეჭვიც რომ შეჰპარვოდათ იესოს მკვდრეთით აღდგომაში? ფაქტია, იესოს აღდგომა მითი რომ ყოფილიყო, ქრისტიანობა ამხელა გავლენას ვერ მოახდენდა ვერც მაშინდელ და ვერც დღევანდელ მსოფლიოზე.

ის, რასაც სახარებები იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოგვითხრობს, სავსებით აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ მოთხოვნას, რის საფუძველზეც ესა თუ ის ჩანაწერი შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს. თუ გულისყურით წაიკითხავთ სახარებებს, დარწმუნდებით, რომ მათში აღწერილი ყველა მოვლენა ნამდვილად მოხდა. რწმენა კიდევ უფრო განგიმტკიცდებათ, როცა გაიგებთ, რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 7 ტაციტუსი, რომელიც სავარაუდოდ ახ. წ. 55 წელს დაიბადა. ქრისტეს შესახებ იგი წერდა: „ქრისტუსი, საიდანაც წარმოდგება სახელი [ქრისტიანები], ტიბერიუსის მმართველობის დროს ჩვენი პროკურატორის, პონტიუს პილატეს, ბრძანებით სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს“. იესოს მოიხსენიებენ აგრეთვე რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი (I საუკუნე), იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (I საუკუნე) და ბითინიის გამგებელი პლინიუს უმცროსი (II საუკუნის დასაწყისი).