ადამიანის მოტაცება — სარფიანი ტერორი
ადამიანის მოტაცება — სარფიანი ტერორი
„ადამიანის მოტაცება ქონების გამოძალვა არ არის. ეს არის უპატიოსნო, სასტიკი და გულგრილი დამოკიდებულება საზოგადოების ბირთვის, ოჯახის, მიმართ“, — ამბობს მარკ ბლესი თავის წიგნში „ადამიანის მოტაცება — ბიზნესი“. მოტაცებულის ოჯახის წევრები ემოციურ დაძაბულობას განიცდიან. ყოველ საათსა თუ წუთში მათი იმედი და სასოწარკვეთილება ერთმანეთს ენაცვლება. საკუთარი თავის დადანაშაულებას მტრისადმი სიძულვილი და უმწეობის გრძნობა ცვლის. ასეთი მდგომარეობიდან ადამიანი შეიძლება დღეების, კვირების, თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაშიც ვერ გამოვიდეს.
ფულის დაუსრულებელ ძიებაში მომტაცებლები ოჯახის გრძნობებზე მოქმედებენ. მომტაცებლების ერთმა ჯგუფმა თავის მსხვერპლს პრესისთვის ღია ბარათი დააწერინა. აი ბარათის შინაარსი: „ვთხოვ პრესას, გამოაქვეყნოს ეს წერილი ყველგან, რათა ყველამ იცოდეს, რომ, თუ არ დავბრუნდი, დამნაშავეები არა მარტო ჩემი მომტაცებლები იქნებიან, არამედ ჩემი ოჯახიც, რადგან ჩემს თავს ფული არჩიეს“. ფულის გამოძალვისთვის იტალიელმა მომტაცებლებმა შემდეგ მეთოდს მიმართეს: მსხვერპლს სხეულის ნაწილებს აჭრიდნენ და ნათესავებს ან სატელევიზიო არხებს უგზავნიდნენ. ერთი მექსიკელი მომტაცებელი აწამებდა კიდეც თავის მსხვერპლს, როცა მის ოჯახს ტელეფონით ელაპარაკებოდა.
სხვა მხრივ, ზოგი მომტაცებელი თავისი მსხვერპლის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. მაგალითად, ფილიპინებში მოტაცებული ბიზნესმენი მანილას საუკეთესო სასტუმროში მოათავსეს, სადაც მისი მომტაცებლები სასმელით უმასპინძლდებოდნენ და მეძავებით ართობდნენ, სანამ გამოსასყიდს მიიღებდნენ.
მაგრამ მსხვერპლთა უმეტესობას ამწყვდევენ და არც მათ ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნავენ, არც ჰიგიენაზე. ბევრს სასტიკად ექცევიან. ნებისმიერ შემთხვევაში, მსხვერპლი იტანჯება იმის შიშით, თუ რა მოუვა.ემოციური ტრავმის გადატანა
გათავისუფლების შემდეგაც კი მსხვერპლს შეიძლება ხანგრძლივი ემოციური ჭრილობა დარჩეს. ამასთან დაკავშირებით ერთმა შვედმა მედდამ, რომელიც სომალიში გაიტაცეს, ასეთი აზრი გამოთქვა: „ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია — უნდა ელაპარაკო მეგობრებს, ნათესავებსა და, თუ აუცილებელია, პროფესიულ დახმარებასაც უნდა მიმართო“.
მოტაცებულთა დასახმარებლად ექიმებმა შეიმუშავეს მკურნალობის კურსი, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ხანმოკლე შეხვედრის დროს გაწეული პროფესიული დახმარების შედეგად, მოტაცებულები აანალიზებენ თავიანთ შემთხვევებს, სანამ თავიანთ ოჯახებსა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. „ასეთი შემთხვევების შემდეგ მაშინვე ჩატარებული თერაპიული კურსი ამცირებს ხანგრძლივი ზიანის რისკს“, — ამბობს „წითელი ჯვრის“ სასწრაფო ფსიქოლოგიური დახმარების ექსპერტი რიგმორ გილბერგი.
დამატებითი შედეგები
ადამიანთა მოტაცება მხოლოდ მსხვერპლსა და მის ოჯახზე როდი მოქმედებს. მოტაცების საფრთხემ შეიძლება ტურიზმი შეაფერხოს და სახელმწიფო შემოსავალი შეამციროს; ის აგრეთვე დაუცველობის გრძნობას ქმნის საზოგადოებაში. 1997 წელს, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, მოტაცების საშიშროების გამო ექვსმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა ფილიპინები. ასეთი მდგომარეობით შეშფოთებულმა,
ანტიდამნაშავეობრივ ჯგუფში, სახელწოდებით „მოქალაქეები დამნაშავეობის წინააღმდეგ“, მომუშავე ფილიპინელმა ქალმა, თქვა: „ჩვენ კოშმარში ვცხოვრობთ „.ჟურნალ „არიზონა რიპაბლიკის“ სტატიაში ნათქვამია: „მექსიკელ თანამდებობის პირებს მოტაცების საფრთხის გამო პანიკური შიში იპყრობთ და არცთუ უსაფუძვლოდ“. ბრაზილიაში გამომავალი ჟურნალი „ვეჟა“ იტყობინება, რომ ბრაზილიელი ბავშვების საშინელ სიზმრებში ურჩხულების ადგილი მომტაცებლებმა და მძარცველებმა დაიკავეს. ტაივანის სკოლებში ასწავლიან, თავიდან როგორ აირიდონ მოტაცება, ხოლო შეერთებულ შტატებში მოტაცებისთვის ხელის შეშლის მიზნით საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების კამერებს ამონტაჟებენ.
უსაფრთხოების კონსულტანტების მომრავლება
ადამიანთა მოტაცებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების ზრდის გამო უსაფრთხოების დამცავი კერძო ფირმები იქმნება. ბრაზილიის დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროში არსებობს 500-ზე მეტი ასეთი ფირმა, რომელთა შემოსავალიც თითქმის 1,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
უსაფრთხოების დამცავი უამრავი საერთაშორისო ფირმა მოტაცების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღებას ასწავლის, ხალხს სახიფათო ადგილების შესახებ აცნობს და გამოსასყიდის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს ფირმები კონსულტაციებს უტარებენ ოჯახებსა და კომპანიებს: ასწავლიან მომტაცებლების სტრატეგიას და ეხმარებიან პრობლემასთან ფსიქოლოგიურად გამკლავებაში. ზოგი ფირმა მძევლის გათავისუფლების შემდეგ მომტაცებლების დაჭერასა და გამოსასყიდი თანხის დაბრუნებასაც კი ცდილობს. მაგრამ მათი სამსახური უფასო არ არის.
ასეთი მცდელობების მიუხედავად, ადამიანების მოტაცების შემთხვევების რაოდენობა ბევრ ქვეყანაში იზრდება. ლათინურ ამერიკაში არსებული მდგომარეობის შეფასებისას სადაზღვევო სააგენტოს „საიტლინ ენდ კომპანის“ ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჯონსონი ამბობს: „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მოტაცებების რიცხვი გაიზრდება“.
მოტაცების შემთხვევების ზრდის მიზეზები
სპეციალისტებს მოტაცების შემთხვევების ზრდის უამრავი მიზეზი მოჰყავთ. ერთი ასეთი მიზეზი ზოგ ქვეყანაში კრიტიკული ეკონომიკური მდგომარეობაა. ქალაქ ნალჩიკში მცხოვრებმა სოციალურ სფეროში მომუშავემ თქვა: „ფულის შოვნის საუკეთესო საშუალება ადამიანების მოტაცებაა“. ამბობენ, ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ადამიანებს იმის გამო იტაცებენ, რომ ადგილობრივი სარდლების კერძო ჯარები დააფინანსონო.
დღეს საქმიანი ადამიანები თუ ტურისტები ადრინდელზე მეტად მოგზაურობენ და ეს ახალ საშუალებებს უხსნის სანადიროდ გამოსულ მომტაცებლებს. ხუთ წელიწადში მოტაცებული უცხოელების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. 1991—1997 წლებში ტურისტების მოტაცება 26 ქვეყანაში შეინიშნებოდა.
საიდან გაჩნდა ყველა ეს მომტაცებელი? ამა თუ იმ შეიარაღებული კონფლიქტის მოწესრიგების შემდეგ ყოფილი ჯარისკაცები უმუშევრები დარჩნენ. ეს ადამიანები ყველანაირად დახელოვნებული არიან ამ სარფიანი საქმისთვის.
ბანკების მძარცველთა საწინააღმდეგოდ მიღებული მკაცრი ზომებიც იმის მიზეზი ხდება, რომ ბოროტმოქმედებმა თავიანთი შემოსავალი ადამიანთა მოტაცებით გაზარდონ. ადამიანთა მოტაცების პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტმა მაიკ აკერმანმა თქვა: „რაც უფრო ვურთულებთ ბოროტმოქმედებს ქონების დატაცებას, მით უფრო მრავლდება ბოროტმოქმედება ადამიანების წინააღმდეგ“. მაღალი გამოსასყიდის გახმაურებასაც შეუძლია პოტენციური მომტაცებლების გამოწვევა.
მიზეზები ყოველთვის ერთნაირი არ არის
მომტაცებლების უმრავლესობას ფულის გარდა არაფერი აინტერესებს. გამოსასყიდი მცირე რაოდენობიდან რეკორდულ თანხამდე — 60 მილიონ აშშ დოლარამდე აღწევს; გამტაცებლებმა ეს თანხა ჰონკონგის მსხვილი მაგნატის გამოსასყიდად მოითხოვეს, რომელიც ფულის მიღების მიუხედავად არ გაუთავისუფლებიათ.
მაგრამ არიან მომტაცებლები, რომლებიც თავიანთ მსხვერპლს იმისათვის იყენებენ, რომ სახელი გაითქვან, ან შეიძინონ საკვები, მედიკამენტები, რადიო, ავტომობილები თუ ახალი სკოლები, გზები და საავადმყოფოები. აზიაში მოტაცებული ერთი თანამდებობის პირი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მომტაცებლებმა კალათბურთელის ფორმები და ბურთები მიიღეს. გარკვეული ჯგუფები უცხოელ მეანაბრეებსა და ტურისტებს იმ მიზნით იტაცებენ, რომ დააშინონ და ამით შეაჩერონ მათი მხრიდან საკუთარი ინტერესებისთვის ქვეყნის ნიადაგისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება.
ასე რომ, საკმარისად არის მიზეზები, ხერხები, პოტენციური მომტაცებლები თუ მსხვერპლი. მაგრამ საკმარისად თუ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებები? რომელია ზოგი მათგანი? და მათი გამოყენებით შესაძლებელია პრობლემების ნამდვილად გადაწყვეტა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე, მოდი უფრო ღრმად განვიხილოთ ადამიანთა მოტაცების გავრცელებული ბიზნესის ძირითადი მიზეზები.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
თუ მოგიტაცეს
ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები პოტენციურ მსხვერპლს შემდეგ რჩევებს სთავაზობენ:
• შეეცადეთ ურთიერთობის დამყარებას; ნუ გაჯიუტდებით. მტრულად განწყობილ მძევლებს ხშირად უფრო უხეშად ეპყრობიან და კლავენ ან სჯიან.
• პანიკაში ნუ ჩავარდებით. გახსოვდეთ, რომ მოტაცებულთა უმეტესობა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას.
• შეეცადეთ დროის ათვლას.
• დაადგინეთ დღის გარკვეული რეჟიმი.
• ივარჯიშეთ, თუნდაც მოძრაობის საშუალება შეზღუდული გქონდეთ.
• იყავით დაკვირვებული; შეეცადეთ დაიმახსოვროთ დეტალები, ხმები და სუნი. დააკვირდით თქვენს მომტაცებელთა თავისებურებებს.
• თუ შესაძლებელია, გამოესაუბრეთ და ურთიერთობის დამყარება სცადეთ. თუ მომტაცებლები თქვენში გაგებულ ადამიანს დაინახავენ, ნაკლებად შესაძლებელია, გავნონ ან მოგკლან.
• თავაზიანად აუხსენით თქვენი მოთხოვნილებები.
• ნურასოდეს შეეცდებით შევაჭრებას გამოსასყიდთან დაკავშირებით.
• თუ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით, როცა თქვენს გათავისუფლებას ცდილობენ, დაწექით იატაკზე და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
მოტაცებისგან დაზღვევა — სადავო საკითხი
საქმიანობა, რომლის აყვავებასაც ადამიანების მოტაცების ზრდა უწყობს ხელს, არის დაზღვევა. 90-იან წლებში ლონდონის სადაზღვევო კომპანია „ლოიდში“ მოტაცებისგან დაზღვევა ყოველწლიურად 50 პროცენტით იზრდებოდა. ხალხს უფრო და უფრო მეტი კომპანია სთავაზობს ასეთ დაზღვევას. დაზღვევა ფარავს მომტაცებლებთან მოლაპარაკებაში მონაწილე წარმომადგენლის ხარჯებს, გამოსასყიდ თანხას და ზოგჯერ, გამოსასყიდის დასაბრუნებლად გაწეულ პროფესიულ დახმარებასაც აფინანსებს. მაგრამ დაზღვევის საკითხი ძალზე საკამათოა.
მოტაცებისგან დაზღვევის მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ის ხელს უწყობს დამნაშავეობას და რომ უზნეობაა მოტაცებათა ხარჯზე ფულის მოგება. ასევე ისინი ამბობენ, რომ დაზღვეულმა ადამიანმა შეიძლება აღარ იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, და რომ დაზღვევა უადვილებს მომტაცებლებს ფულის გამოძალვას, რითაც ხელს უწყობს ასეთ მოქმედებას. ზოგი იმასაც შიშობს, რომ დაზღვევა ადამიანებს იმისკენ უბიძგებს, რომ საკუთარი მოტაცება მოაწყონ სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით. მოტაცებისგან დაზღვევა აკრძალულია გერმანიაში, იტალიასა და კოლუმბიაში.
მოტაცებისგან დაზღვევის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სხვა დაზღვევის მსგავსად, ის ზოგიერთების დანაკარგს ანაზღაურებს იმით, რომ სადაზღვევო თანხას ბევრი იხდის. ისინი ფიქრობენ, რომ დაზღვევა ადამიანებს გარკვეულ უსაფრთხოებას სთავაზობს, რადგან შესაძლებლობას აძლევს დაზღვეულ ოჯახებსა და კომპანიებს, ისარგებლონ კვალიფიცირებული პროფესიონალების დახმარებით, რომელთაც შეუძლიათ დაძაბულობის განმუხტვა, შედარებით დაბალ გამოსასყიდ ფასზე მოლაპარაკება და მომტაცებლების დაჭერის გაადვილება.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
სტოკჰოლმის სინდრომი
1974 წელს საგაზეთო მაგნატის, რანდოლფ ა. ჰერსტის, ქალიშვილის, პეტი ჰერსტის, მოტაცებას მოვლენების მოულოდნელი განვითარება მოჰყვა; ის თავის მომტაცებლებს ჯგუფურ შეიარაღებულ ძარცვაში შეუერთდა. სხვა შემთხვევისას მოტაცებულმა ესპანელმა ფეხბურთელმა აპატია თავის მომტაცებლებს და მათ ყოველივე კარგი უსურვა.
1973 წელს სტოკჰოლმის (შვედეთი) ბანკში მძევალთა აყვანის შემდეგ, 70-იანი წლების დასაწყისში ამ მოვლენას „სტოკჰოლმის სინდრომი“ ეწოდა. ამ შემთხვევისას ზოგი მძევალი თავის დამტყვევებლებს განსაკუთრებულად დაუმეგობრდა. ასეთი დამოკიდებულება მოტაცებულთა დამცველია, როგორც წიგნი „კრიმინალური საქმეები“ ხსნის: „რაც უფრო უკეთ ეცნობიან მსხვერპლი და მომტაცებელი ერთიმეორეს, მით უფრო მოსწონთ ერთმანეთი. ეს ფენომენი უჩვენებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებად შესაძლებელია, რომ მომტაცებელმა ავნოს მძევალს“.
ჩეჩნეთში დატყვევებულმა ინგლისელმა ქალმა, რომელიც არაერთხელ გააუპატიურეს, თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მცველმა უკეთ გაგვიცნო, შეცვალა ჩემდამი თავისი დამოკიდებულება. მოგვიანებით მან ბოდიში მომიხადა და ხელს აღარ მახლებდა“.
[სურათი 4 გვერდზე]
ოჯახის წევრებისთვის ახლობლის მოტაცება ყველაზე მტკივნეული და ემოციურად ამაფორიაქებელია.
[სურათი 5 გვერდზე]
დაზარალებულს ნუგეში ესაჭიროება.
[სურათი 7 გვერდზე]
მოტაცებულთა უმეტესობას ამწყვდევენ და, ფაქტობრივად, არ ზრუნავენ მათ ფიზიკურ თუ ჰიგიენურ საჭიროებებზე.