ბამბუკის სანერგე — ახდენილი ოცნება
ბამბუკის სანერგე — ახდენილი ოცნება
ჩვენი კორესპონდენტისგან საფრანგეთში
თითქმის 150 წლის წინათ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში აზიური სანელებლების იმპორტიორი ეჟენ მაზელი იმის შექმნას შეუდგა, რაც მოგვიანებით მსოფლიოში ბამბუკის უდიდესი სანერგე (La Bambouseraie) გახდებოდა და სადაც ამ სწრაფად მზარდი უნივერსალური მცენარის 200-მდე სახეობა იქნებოდა. 1855 წლამდე მაზელის ოცნების ახდენას ერთი სერიოზული რამ უშლიდა ხელს — ევროპაში ბამბუკი არ იზრდებოდა.
ამ მცენარის აზიიდან შეტანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა ბამბუკი თავის სამშობლოში საკმაოდ მაგარღეროიანი მცენარეა (ზოგი სახეობა 24 გრადუს ყინვას უძლებს და ზღვის დონიდან 5 000 მეტრ სიმაღლეზე იზრდება), კონტინენტიდან კონტინენტზე მის გადასატანად საჭირო ხანგრძლივი მგზავრობისას შეუძლებელი იყო მისი ფესვების გადარჩენა. მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო სწრაფმავალი ხომალდები გამოიგონეს, ბამბუკის ნიმუშები 1827 წელს წარმატებით შეიტანეს ინგლისში, მოგვიანებით კი — საფრანგეთშიც. მაზელი თავისი ოცნების ახდენას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა!
მაზელის მეორე პრობლემა სანერგისთვის სათანადო ადგილის მონახვა იყო. 1855 წელს მან 84 აკრი ადგილ-მამული შეიძინა ანდიუზის მახლობლად, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ხმელთაშუა ზღვის კლიმატი და სათანადო ნიადაგი იყო. ახლომდებარე მდინარიდან წყლის გასაყვანად დიდი შრომა იყო საჭირო. მაგრამ მაზელის გულმოდგინე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, 1890 წლისთვის მაზელი გაკოტრდა და იძულებული გახდა, გაეყიდა თავისი საყვარელი ბაღი. მაგრამ მის მიერ წამოწყებული საქმე, საბედნიეროდ, სხვებმა განაგრძეს; ასე რომ, ახლა ყოველ წელიწადს დაახლოებით 350 000 ადამიანი მიდის ბამბუკის სანერგის (La Bambouseraie) სანახავად — მაზელის ოცნება ასრულდა.
[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]
All pictures: La Bambouseraie de Prafrance