არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაწონასწორებული თვალსაზრისი გავრცელებულ ადათ-წესებზე

გაწონასწორებული თვალსაზრისი გავრცელებულ ადათ-წესებზე

ბიბლიის თვალსაზრისი

გაწონასწორებული თვალსაზრისი გავრცელებულ ადათ-წესებზე

ნებისმიერი ჩვეულება გარკვეულ დროსა და ადგილას მიუღებელია, სხვა დროს და სხვა ადგილას კი — სავალდებულო“.

ამ სიტყვებით ირლანდიელმა ისტორიკოსმა უილიამ ლეკიმ ხაზი გაუსვა ადამიანთა ბუნების ცვალებადობას. იგივე შეიძლება ითქვას საუკუნეების მანძილზე არსებულ ადათ-წესებსა და ტრადიციებთან დაკავშირებითაც. მართლაც, ბევრ ისეთ ჩვეულებას, რომელსაც ერთ დროს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით მსჯავრს სდებდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა: „წარმავალია წუთისოფლის სახე“ (1 კორინთელთა 7:31).

დიახ, ადამიანთა საზოგადოება ცვალებადია. ეს ხშირად იმ ცვალებადობაში აირეკლება, რომელიც საკითხისადმი მათ დამოკიდებულებასა და საზოგადოებრივ ჩვევებს ახლავს. ქრისტიანები არ უნდა იყვნენ ‘წუთისოფლის ნაწილი’ — ესე იგი, მათ არაფერი აქვთ საერთო ღვთისგან „გაუცხოებულ“ ხალხთან. მიუხედავად ამისა, ბიბლია გვატყობინებს, რომ ქრისტიანები ‘წუთისოფელში’ ცხოვრობენ და ის არ მოითხოვს მათგან განდეგილობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს ადათ-წესებზე (იოანე 17:11, 14—16; 2 პეტრე 2:20; 2 კორინთელთა 6:14—17; ეფესელთა 4:17—19).

რა არის ადათ–წესები?

ადათ-წესები საზოგადოებაში არსებული ისეთი ჩვევებია, რომლებიც გარკვეულ ადგილებსა და ხალხში ძალზე გავრცელებულია. ზოგი მათგანი, მაგალითად სუფრასთან ჯდომის წესი და ეტიკეტი, შესაძლოა იმისათვის წარმოიშვა, რომ ადამიანები ერთად შეკრებისას სათანადოდ მოქცეულიყვნენ და ერთმანეთს ზრდილობიანად და პატივისცემით მოპყრობოდნენ. საზოგადოებაში მიღებული ამგვარი თავაზიანობა ხელს უწყობს ადამიანთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ადათ-წესებზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა რელიგია. ფაქტობრივად, ბევრ მათგანს ცრურწმენასთან დაკავშირებული უძველესი და არაბიბლიური რელიგიური თვალსაზრისი უდევს საფუძვლად. მაგალითად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლობელი დაეღუპა, ყვავილების მირთმევა, შესაძლებელია, რელიგიური ცრურწმენიდან მომდინარეობდეს. * გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ ლურჯი ფერი — რომელსაც ხშირად პატარა ბიჭებს უკავშირებენ — დემონებს აფრთხობს. ტუში ბოროტი თვალისგან იცავს ადამიანს, პომადა კი, თითქოსდა, ხელს უშლის ბოროტ სულებს, რომ არ შეაღწიონ ქალში და არ დაეუფლონ მას. ისეთი უბრალო ჩვევაც კი, როგორიც არის მთქნარებისას პირზე ხელის აფარება, შეიძლება იმ აზრთან იყოს დაკავშირებული, რომ ფართოთ გაღებული პირიდან ადამიანისგან შეიძლება სული ამოვიდეს. წლების შემდეგ ეს რელიგიური მნიშვნელობები გაუქმდა და დღეს მსგავს მოქმედებებსა და ადათ-წესებს აღარ აქვთ რელიგიური მნიშვნელობა.

ქრისტიანების დამოკიდებულება

როდესაც ქრისტიანი წყვეტს, მიჰყვეს თუ არა გარკვეულ ადათ-წესს, მისი ძირითადი საფიქრალი იმის გარკვევა უნდა იყოს, ბიბლიის თანახმად, რა აზრი აქვს ამის შესახებ ღმერთს? წარსულში ღმერთი კრძალავდა გარკვეულ მოქმედებებს, რომლებიც ზოგ ხალხში მიღებული იყო. ასეთ მოქმედებებში შედიოდა ბავშვების მსხვერპლად შეწირვა, სისხლის უმართებულოდ გამოყენება და სხვადასხვა სახის სქესობრივი კავშირი (ლევიანნი 17:13, 14; 18:1—30; მეორე რჯული 18:10). მსგავსად ამისა, დღეს გავრცელებული გარკვეული ადათ-წესები აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. ასეთებია რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არაბიბლიური ჩვეულებები, მაგალითად შობა, აღდგომა ან ცრურწმენასთან და სპირიტიზმთან დაკავშირებული ჩვევები.

რა შეიძლება ითქვას ისეთ ადათ-წესებზე, რომლებიც ერთ დროს საეჭვო მოქმედებებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა ძირითადად საზოგადოებრივი ეტიკეტია? მაგალითად, მრავალ ცნობილ საქორწინო ადათ-წესს — მათ შორის ბეჭდების გაცვლასა და ტორტის ჭამას — შეიძლება წარმართული საწყისი ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანებს აკრძალული აქვთ ასეთი ადათ-წესების დაცვა? საჭიროა, ქრისტიანებმა ზედმეტად უკირკიტონ საზოგადოებაში არსებულ ყოველ ჩვეულებას, რომ გაიგონ სადმე და ოდესღაც უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა მას?

პავლემ აღნიშნა, რომ „სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინთელთა 3:17; იაკობი 1:25). ღმერთს სურს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი არა, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის გასავითარებლად გამოვიყენოთ (1 პეტრე 2:16; გალატელთა 5:13; ებრაელთა 5:14). თუმცა იქ, სადაც არ ხდება ბიბლიური პრინციპების აშკარა დარღვევა, იეჰოვას მოწმეები არ ადგენენ მკაცრ წესებს. მაგრამ ყოველმა ქრისტიანმა კარგად უნდა აწონ დაწონოს არსებული სიტუაცია და მიიღოს პირადი გადაწყვეტილება.

ეძებეთ ‘სარგებლობა სხვებისთვის’

ნიშნავს ეს იმას, რომ ყოველთვის სწორი იქნებოდა მონაწილეობის მიღება გარკვეულ ადათ-წესებში, თუ ისინი უშუალოდ არ არღვევს ბიბლიურ სწავლებას? არა (გალატელთა 5:13). პავლე გვეუბნება, რომ ქრისტიანი არა თავისი თავის, ‘არამედ მრავალთა’ სარგებელს უნდა ეძებდეს. ის ‘ყველაფერს ღვთის სადიდებლად უნდა აკეთებდეს’ და არავინ უნდა აცდუნოს (1 კორინთელთა 10:31—33). ასე რომ, ქრისტიანი, რომელსაც სურს, ღვთის კეთილგანწყობილება ჰქონდეს, უნდა შეეკითხოს საკუთარ თავს: რას ფიქრობენ სხვები ამ ადათ-წესზე? რაიმე არასასურველ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებს მას ხალხი? მასში მონაწილეობის მიღება ხომ არ უჩვენებს იმას, რომ ვიწონებ ისეთ საქმეებსა და აზრებს, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს? (1 კორინთელთა 9:19, 23; 10:23, 24).

ზოგი ადათ-წესის დაცვით, რომლებიც ჩვეულებრივ უვნებელია, გარკვეულ ადგილას შეიძლება ბიბლიური პრინციპები ირღვეოდეს. მაგალითად, გარკვეულ შემთხვევებში ყვავილების მირთმევას შეიძლება ბიბლიური სწავლების საწინააღმდეგო მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი პირველ რიგში? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჭირო იყოს, კარგად გამოიკვლიოს, საიდან მომდინარეობს გარკვეული ჩვეულება, ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია დაფიქრდეს, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ჩვეულებას იმ დროსა და იმ ადგილას, სადაც ადამიანი დღესდღეობით ცხოვრობს. თუ რომელიმე ჩვეულებას არაბიბლიური ან სხვა უარყოფითი მნიშვნელობა აქვს წელიწადის გარკვეულ დროს ან გარკვეულ პირობებში, ქრისტიანები გონივრულად მოიქცევიან, თუ გადაწყვეტენ, თავი აარიდონ მას იმ დროს.

პავლე ლოცულობდა, რომ ქრისტიანებს განეგრძოთ თავიანთი სიყვარულის გაზრდა ზუსტ შემეცნებასა და შეგრძნებაში. თუ ქრისტიანებს გაწონასწორებული თვალსაზრისი ექნებათ გავრცელებულ ადათ-წესებზე, ისინი გამოსცდიან უმჯობესს, იქნებიან ‘წრფელნი და დაუბრკოლებელნი [„არ დააბრკოლებენ სხვებს“, აქ]’ (ფილიპელთა 1:9, 10). გარდა ამისა, მათი ‘თავმდაბლობა [„გონიერება“, აქ] ცნობილი იქნება ყველა ადამიანისთვის’ (ფილიპელთა 4:5).

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ზოგი ანთროპოლოგის ნათქვამის თანახმად, ყვავილების თაიგული ზოგჯერ მიცვალებულისათვის მიტანილ მსხვერპლად მიიჩნეოდა, რათა მას არ შეეწუხებინა ცოცხლები.

[სურათები 17 გვერდზე]

ზოგ უძველეს ადათ-წესს, მაგალითად მთქნარებისას პირზე ხელის აფარებასა და ყვავილების მირთმევას მათთვის, ვისაც ახლობელი დაეღუპა, აღარ აქვს თავდაპირველი მნიშვნელობა.