არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იმედით ვუძლებდი — მრავალ განსაცდელს

იმედით ვუძლებდი — მრავალ განსაცდელს

იმედით ვუძლებდი — მრავალ განსაცდელს

მოგვითხრო მიჩიკო ოგავამ

პოლიციამ 1969 წლის 29 აპრილს შემატყობინა, რომ ჩემი მეუღლე, სეიკიჩი, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა და საავადმყოფოში იმყოფებოდა. ჩემი ორი პატარა ბიჭი მეგობართან დავტოვე და მაშინვე საავადმყოფოში გავიქეცი. სეიკიჩი იმ დღიდან მოყოლებული პარალიზებულია და გონზე ჯერაც არ მოსულა. ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ ჩვენი ოჯახის შესახებ და აგიხსნათ, როგორ გავართვით თავი სირთულეებს.

დავიბადე 1940 წლის თებერვალში კობეს მახლობლად, სანდაში (იაპონია). მე და სეიკიჩი ერთმანეთს საბავშვო ბაღიდან ვიცნობთ. დავქორწინდით 1964 წლის 16 თებერვალს. ჩემი მეუღლე სიტყვაძუნწი იყო, მაგრამ ბავშვები უყვარდა. დროთა განმავლობაში შეგვეძინა ორი ბიჭი, რიუსუკე და კოჰეი.

სეიკიჩი ტოკიოს სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, ასე რომ, დაქორწინების შემდეგ მის ერთ-ერთ გარეუბანში ვცხოვრობდით. 1967 წლის ოქტომბერში მესტუმრა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი ბიბლიის მასწავლებლად გამაცნო.

— არა, გმადლობთ, მე ჩემი ბიბლია მაქვს, — ვუთხარი მე.

— შეგიძლიათ მაჩვენოთ? — მთხოვა მან.

თაროდან სეიკიჩის ბიბლია ავიღე და გავუტანე. მან ბიბლიაში მაჩვენა ღვთის სახელი, იეჰოვა. არასოდეს გამეგო, რომ ეს ღვთის სახელი იყო. ქალმა დაინახა, რომ ორი პატარა ბიჭუნა მყავდა, და ბიბლიიდან წამიკითხა შემდეგი მუხლი: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავნი 22:6). მე მართლა მაინტერესებდა, როგორ უნდა აღმეზარდა კარგად შვილები, ამიტომ მაშინვე მოვიწადინე ბიბლიის შესწავლა.

ქალი ოთახში შევიპატიჟე და დავიწყეთ განხილვა ბროშურიდან „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“. გულში ვფიქრობდი: „რა შესანიშნავი იქნებოდა, მთელ ოჯახს რომ გვეხარა ბედნიერი ცხოვრებით!“. როდესაც სეიკიჩი შინ მოვიდა, ვუთხარი, რომ ბიბლიის შესწავლა მსურდა.

„საყვარელო, არ გჭირდება ასეთი განათლება, — მითხრა მან. — მე დაგეხმარები, თუკი რაიმეს გაგება გსურს“. მე მაინც შევუდექი იეჰოვას მოწმეებთან კვირაში ერთხელ ბიბლიის შესწავლას და მალევე დავიწყე მათ შეხვედრებზე დასწრება.

განსაცდელებიც დაიწყო

როდესაც 1969 წლის აპრილის იმ საღამოს, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე, საავადმყოფოში მივედი, გამაოგნა იმის გაგებამ, რომ სეიკიჩის მეგობარი, სწორედ იმ ქალის მეუღლე, ვისთანაც ჩემი შვილები დავტოვე, ჩემს მეუღლესთან ერთად ტაქსში მჯდარა უბედური შემთხვევის დროს. ის ერთ კვირაში გარდაიცვალა.

იმ ღამით საავადმყოფოს პერსონალმა მითხრა, დავკავშირებოდი ახლობლებს, რომ სეიკიჩი უკანასკნელად ენახათ, რადგან, მათი აზრით, ის მეტს ვეღარ იცოცხლებდა. მას თავის ქალის ფუძე ჰქონდა გაბზარული და თავის ტვინის კონტუზია დამართოდა. მეორე დღესვე, სასწრაფოდ, საავადმყოფოში ნათესავები მოვიდნენ კობეს მიმდებარე ტერიტორიიდან.

საავადმყოფოს ხმის გამაძლიერებელში დაჟინებული ხმა გაისმა: „სეიკიჩი ოგავას ნათესავებო, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოინახულოთ ის“. ჩვენ მაშინვე გავეშურეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებისკენ და რიგრიგობით გამოვეთხოვეთ სეიკიჩის. მაგრამ მისმა კრიტიკულმა მდგომარეობამ მთელ თვეს გასტანა. საბოლოო დიაგნოზით გაირკვა, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდებოდა.

ასე რომ, სეიკიჩი სასწრაფო დახმარების მანქანით ტოკიოდან კობეში, დაახლოებით 650 კილომეტრის დაშორებით, გადაიყვანეს. მე დავშორდი მას და ზეჩქარული სამგზავრო მატარებლით სახლისკენ გავეშურე, თან მის გადარჩენაზე ვლოცულობდი. საღამოს, როდესაც კობეს საავადმყოფოში ცოცხალი დავინახე, გული სიხარულით ამევსო. ჩურჩულით ვუთხარი მას: „საყვარელო, შენ გადარჩენილი ხარ!“.

ცხოვრება მშობლებთან

შვილებთან ერთად ჩემი მშობლების სახლში, სანდაში, დავბრუნდი და ბავშვები იქვე, საბავშვო ბაღში მივიყვანე. მატარებლის სეზონური ბილეთი შევიძინე კობემდე, რომელიც დაახლოებით 40 კილომეტრით იყო დაშორებული, და მთელი მომდევნო წლის განმავლობაში ხან ჩემი დედამთილი, ხან მე საავადმყოფოში ყოველდღიურად რიგრიგობით დავდიოდით. თავში მიტრიალებდა კითხვები: „დაუბრუნდება სეიკიჩის ცნობიერება დღეს? რას მეტყვის პირველად? რას ვეტყვი მე?“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბედნიერ ოჯახს ვხედავდი, ვფიქრობდი: „სეიკიჩი რომ კარგად იყოს, რა ბედნიერები იქნებოდნენ ჩვენი შვილები“. ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

იმ წლებში გაზეთში წავიკითხე, რომ ერთ ავადმყოფს რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ ცნობიერება დაუბრუნდა, და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა სეიკიჩიც მოსულიყო გონზე. ამიტომ ერთხელ ჩემს მაზლს ვუთხარი, მინდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰონსიუს საავადმყოფოში გადავიყვანო-მეთქი. მაგრამ, მისი აზრით, მას მაინც ვერაფერი უშველიდა და მირჩია, ეს თანხა ოჯახის სხვა წევრებისთვის მომეხმარებინა.

კობეში იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი კრების უხუცესი საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრობდა და სეიკიჩისთან მისვლამდე მის ოჯახში ვჩერდებოდი ხოლმე. კვირაში ერთხელ მისი მეუღლე ბიბლიის შესწავლას მიტარებდა. მათ ორ შვილს ჩვენთვის საავადმყოფოში მოჰქონდათ აუდიოკასეტი კრების შეხვედრის ჩანაწერებით. ეს ოჯახი ჩემთვის დიდი გამხნევებისა და ნუგეშის წყარო იყო.

იმედით გაძლიერებული

ერთ დღეს იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელმა ზედამხედველმა მოგვინახულა საავადმყოფოში და რომაელთა 8:18—25 წამიკითხა. ზოგი ფრაზა ასეთი იყო: „ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. . . ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე. . . თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს? ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას“.

ჩვენს ქრისტიანულ იმედზე საუბარმა გამახსენა, რომ ახლანდელი ტანჯვა არაფერია იმ ბედნიერებასთან შედარებით, რომელსაც იესო გვპირდება, — ეს არის ცხოვრება მომავალ სამოთხეში დედამიწაზე. ეს საუბარი აგრეთვე დამეხმარა, იმედით შევხვედროდი არსებულ რეალობას და ყურადღება გამემახვილებინა მომავლის კურთხევებზე, რაც ახალ ქვეყნიერებაში იქნება (2 კორინთელთა 4:17, 18; გამოცხადება 21:3, 4).

სეიკიჩი 1970 წლის ივნისში სანდას საავადმყოფოში გადმოიყვანეს. სანდაში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. მომდევნო წლის იანვარში ჩვენი ადვოკატისგან მივიღე საბუთი, რომლის თანახმადაც ჩემი მეუღლე უბედური შემთხვევის გამო უფლებაუუნაროდ გამოცხადდა; ამან ძალიან დამამწუხრა და ცრემლები ვერ შევიკავე. დედამთილი ხშირად მეუბნებოდა: „მაპატიე, მიჩიკო, რომ ჩემი შვილის გამო ასეთ დღეში ხარ; ნეტა შემეძლოს რამენაირად სეიკიჩის მაგივრობის გაწევა“; ორივე ერთად ვტიროდით.

მამაჩემი დაჟინებით მთხოვდა, რომ სრული სამუშაო დღით დამეწყო მუშაობა, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, სეიკიჩისთვის მომევლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უგონოდ იყო, სიცხესა თუ სიცივეს გრძნობდა და იმაზეც რეაგირებდა, თუ როგორ ვუვლიდით. მამაჩემს სურდა, რომ ხელახლა გავთხოვილიყავი, მაგრამ მე მესმოდა, რომ ეს არასწორი იქნებოდა, რადგან მეუღლე ჯერ ცოცხალი მყავდა (რომაელთა 7:2). მას შემდეგ მამაჩემი, როცა კი დათვრებოდა, მეუბნებოდა, მე რომ მოვკვდები, სეიკიჩის თან გავიყოლებო.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1971 წელს სანდაში კრება ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, 1973 წლის 28 ივლისს, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. ეს მოხდა იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ოსაკას საგამოფენო მოედანზე ჩატარდა.

ჩემს ბიჭს, კოჰეის, 1973 წლის ბოლოს მწვავე ნეფრიტი დაემართა და ხუთი თვით საავადმყოფოში დააწვინეს. მამაჩემიც ტუბერკულოზით საავადმყოფოში მოხვდა. ასე რომ, 1974 წლის 1 იანვარს სამ სხვადასხვა საავადმყოფოში მომიწია მისვლა — მამაჩემთან, მეუღლესა და შვილთან. კვირაობით, როდესაც კოჰეის სანახავად მივდიოდი, თან მიმყავდა უფროსი შვილიც, რიუსუკეც, და ორივეს ერთად ვასწავლიდი წიგნს „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. შემდეგ მე და რიუსუკე შეხვედრას ვესწრებოდით კობეში და სიხარულით აღვსილები ვბრუნდებოდით შინ.

ყოველთვის მადლიერებას ვგრძნობდი მათ მიმართ, ვინც სეიკიჩის მოვლაში მეხმარებოდა. გადაწყვეტილი მქონდა, ბიბლიური შემეცნება გამეცნო მათთვის. ერთ მომვლელს ხანძრის დროს და დაეღუპა. როდესაც მას მკვდრეთით აღდგომის იმ დიდებულ იმედზე ვესაუბრე, რომელსაც ბიბლია იძლევა, დაინტერესდა (იობი 14:13—15; იოანე 5:28, 29). მან საავადმყოფოშივე დაიწყო ბიბლიის შესწავლა და 1978 წლის კონგრესზე მოინათლა.

შვილები — სიხარულის წყარო

თუმცა შვილების აღზრდა მეუღლის დახმარების გარეშე რთული იყო, ამან მრავალი კურთხევა მომიტანა. მათ კარგი მანერები და თანაგრძნობა ვასწავლე. როდესაც რიუსუკე სულ სამი წლის იყო და თავისი საქციელი არ მოსწონდა, ბოდიშს მიხდიდა: „დედი, მაპატიე“. კოჰეი ცოტა ჯიუტი იყო და ზოგჯერ იბუტებოდა, როდესაც შენიშვნას ვაძლევდი. ერთხელ მაღაზიის წინაც კი დაწვა ტირილით — რაღაცის ყიდვას მთხოვდა. მაგრამ მე ყოველთვის სიყვარულითა და მოთმინებით ვესაუბრებოდი. დროთა განმავლობაში ის გამგონი და კარგი შვილი გახდა. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა (2 ტიმოთე 3:15—17).

როდესაც რიუსუკე არასრულ საშუალო სკოლაში შევიდა, თავის მასწავლებლებს აუხსნა, რატომ არ სურდა, საბრძოლო ხელოვნებებს დაუფლებოდა (ესაია 2:4). ერთ დღეს სკოლიდან ძალიან გახარებული დაბრუნდა, რადგან რამდენიმე მასწავლებელს შეხვედროდა და შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

კრებაში არსებული ჯანსაღი ურთიერთობა ჩემს ბიჭებს ძალიან დაეხმარა. ქრისტიანი უხუცესები ხშირად ეპატიჟებოდნენ სადილზე, ბიბლიის ოჯახურ შესწავლაზე და გასართობად. მათ სასიამოვნო ურთიერთობის, მათ შორის სხვადასხვა სპორტულ თამაშში მონაწილეობის, შესაძლებლობაც ეძლეოდათ ხოლმე. რიუსუკე იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად 1979 წელს მოინათლა, ხოლო კოჰეი — მომდევნო წელს.

სრული დროით მსახურება

ერთხელ მიმომსვლელ ზედამხედველს კრების მონახულებისას ვუთხარი, რომ პიონერობა მსურდა (ასე ეწოდებათ სრული დროით მქადაგებელ იეჰოვას მოწმეებს). რადგანაც იმ დროს ჩემი მდგომარეობის გამო ასეთი ნაბიჯი გონივრული არ იქნებოდა, მან გულთბილად შემახსენა, რომ უპირველესად შვილები უნდა აღმეზარდა ბიბლიის ჭეშმარიტების ერთგულ მიმდევრებად. მან მითხრა: „მთავარია, პიონერის სული გქონდეს“. ასე რომ, დამხმარე პიონერად ვმსახურობდი ხოლმე ჩემს შვილებთან ერთად მათი სკოლის არდადეგების დროს. ეს ძალიან დამეხმარა სიხარულისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში სეიკიჩის მოვლის პერიოდში.

საბოლოოდ, 1979 წლის სექტემბერში შევძელი სრული დროით მსახურების დაწყება. რიუსუკე 1984 წლის მაისში, საშუალო სკოლის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, შემომიერთდა, ხოლო კოჰეი — 1984 წლის სექტემბერში. ასე რომ, სამივე სრული დროით ვმსახურობთ. როდესაც ვიხსენებ, რომ ოცი წლის მანძილზე პიონერული მსახურების დროს ბევრს დავეხმარე — გამხდარიყვნენ იეჰოვას მსახურები — ვფიქრობ, რომ ამან გადამატანინა განსაცდელები.

რიუსუკე მოხალისედ მუშაობდა კანსაის საკონგრესო დარბაზის მომიჯნავე საგანმანათლებლო დარბაზის მშენებლობაზე. შემდეგ შვიდი წელი ზრუნავდა ჰიოგოს საკონგრესო დარბაზზე. ამჟამად ქრისტიანი უხუცესია კობეში არსებულ მახლობელ კრებაში და ჩემზეც ზრუნავს. კოჰეი 1985 წლიდან მოხალისედ მსახურობს ებინაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში.

მრავალი კურთხევით გაძლიერებული

მიუხედავად იმისა, რომ სეიკიჩის მუდმივად ჰყავდა მომვლელი, მის მოსანახულებლად და დასაბანად მრავალი წლის განმავლობაში კვირაში რამდენჯერმე დავდიოდი საავადმყოფოში. 1996 წლის სექტემბერში, 27 წლის მანძილზე საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ, სეიკიჩი სახლში გადმოვიყვანეთ, სადაც მომვლელის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. მას მილაკის საშუალებით ცხვირიდან ვაწვდით თხევად საჭმელს. მიუხედავად იმისა, რომ თვალებს ვერ ახელს, როდესაც რაღაცას ვეუბნებით, ოდნავ გვაგრძნობინებს პასუხს. ძალიან მტკივა გული, რომ სეიკიჩის ამ მდგომარეობაში ვხედავ, მაგრამ მომავლის დიდებული იმედი მაძლიერებს.

ზუსტად სეიკიჩის სახლში გადმოყვანის წინ მიმომსვლელ ზედამხედველსა და მის მეუღლეს შევთავაზე, რომ ჩვენთან გაჩერებულიყვნენ; ასე რომ მთელი წლის განმავლობაში ხუთნი ვცხოვრობდით ერთად ჩვენს პატარა სახლში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კიდევ შევძლებდი სეიკიჩისთან ერთად ცხოვრებას, ამიტომ ვმადლობ იეჰოვას ამისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ძლიერი სურვილი მქონდა, რომ სეიკიჩის თვალები გაეხილა, მაგრამ ამჯერად, უბრალოდ, მსურს, რომ იეჰოვას ნებისამებრ იყოს ყველაფერი.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: „უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას“ (იგავნი 10:22). მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ სეიკიჩისთან ბედნიერი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა, ღმერთმა ორი ვაჟით მაკურთხა, რომელთაც ‘ახსოვთ ჩვენი დიდებული გამჩენი’, და ამისთვის დიდად მადლობელი ვარ (ეკლესიასტე 12:1).

ამასობაში, მსურს განვაგრძო პიონერად მსახურება, რითაც სხვებს „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ პოვნაში დავეხმარები, და ამავე დროს სეიკიჩისაც არ მოვაკლო სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა (1 ტიმოთე 6:19). გამოცდილებამ დამანახვა ფსალმუნმომღერლის სიტყვების სინამდვილე: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23).

[სურათი 13 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე რიუსუკესთან ერთად.

[სურათი 13 გვერდზე]

სეიკიჩი ჩვენს ორ შვილთან ერთად უბედურ შემთხვევამდე ექვსი თვით ადრე.

[სურათი 15 გვერდზე]

ღვთის კურთხევით, შეგვეძინა ორი ვაჟი, რიუსუკე და კოჰეი (ზემოთ), რომელთაც ‘ახსოვთ ჩვენი დიდებული გამჩენი’.