ლაბირინთები — რატომ იწვევს ჩვენში ამხელა ინტერესს?
ლაბირინთები — რატომ იწვევს ჩვენში ამხელა ინტერესს?
ჩვენი კორესპონდენტისგან ბრიტანეთში
ზოგ ლაბირინთში ბილიკები ჩახლართული გზებით ცენტრისკენ მიემართება. ზოგში კი მიხვეულ-მოხვეული გზები ჩიხით მთავრდება და გარეთ, მეორე მხარეს, გასვლა მხოლოდ სათანადო ბილიკით შეიძლება.
ლაბირინთში მოხვედრამ ადამიანი შეიძლება შეაშინოს, დააბნიოს ან მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ძველ დროში ლაბირინთები ცრუ რწმენასთანაც უშუალო კავშირში იყო. მაშ რატომ იყენებდნენ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ლაბირინთს თავიანთ ტაძრებში? პასუხი ნამდვილად საინტერესოა.
რომელი ნაგებობა იყო ძველ ეგვიპტეში უდიდესი ოსტატობით ნაგები? ზოგი ავტორის აზრით, ჩვეულებრივ, ხალხში გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ეს იყო არა პირამიდები, არამედ უზარმაზარი ლაბირინთი. ის მერიდოს ტბის (დღეს კარუნის ტბის სახელწოდებით ცნობილი) მახლობლად, მდინარე ნილოსის დასავლეთით და თანამედროვე ქალაქ კაიროდან 80 კილომეტრის მოშორებით, მისგან სამხრეთით, მდებარეობდა.
ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა: „მე ვიყავი იქ [ლაბირინთში] და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; საბერძნეთის ყველა გალავანი და უდიდესი ხუროთმოძღვრული ძეგლები ერთად აღებული ვერ გაუტოლდება ლაბირინთს ვერც გაწეული შრომით, და ვერც გაწეული ხარჯებით“. შემდეგ დასძინა: „ლაბირინთი აღემატება პირამიდებს“. ოთხი საუკუნის შემდეგ სტრაბონმა, კიდევ ერთმა ბერძენმა ისტორიკოსმა, ლაბირინთს „პირამიდების თანასწორი ნამუშევარი“ უწოდა, თუმცა იმ დროისთვის ის საკმაოდ დანგრეული იყო.
1871 წელს ამ ადგილს ისტორიკოსი ფ. ბარჰამ ცინკე ეწვია, ხოლო 1888 წელს ეს ადგილი საბოლოოდ ამოიცნო არქეოლოგმა ფლინდერზ პეტრიემ. მაშინ ლაბირინთიდან მხოლოდ მცირე ნაშთებიღა იყო შემორჩენილი, დღეს კი სამეგზურო ცნობარებში იშვიათად თუ მოიხსენიებენ მას. მაგრამ ის ერთ დროს დიდად სახელგანთქმული იყო. როგორი იყო და რისთვის ააშენეს ლაბირინთი?
იერსახე და დანიშნულება
ლაბირინთი აგებულ იქნა ეგვიპტის ისტორიის გარიჟრაჟზე, შეიძლება ებრაელების ეგვიპტეში დასახლებამდეც კი (დაბადება 46:1—27). ამბობენ, რომ მიწის ზემოთ და ქვემოთ 3000 ოთახი იყო განთავსებული. ეს ოთახები ორივე სართულზე თანაბრად იყო დანაწილებული. ლაბირინთს მთლიანად 70 000 კვადრატული მეტრი ეჭირა.
ლაბირინთში არის ტალანების, ჩიხების, ოთახებისა და კოლონადების სისტემა, რომლებშიც უცხო პირი მეგზურის გარეშე ვერასოდეს ვერ გაიგნებს გზას და ვერც გარეთ გამოვა. ოთახების უმეტეს ნაწილში უკუნი სიბნელე იყო დასადგურებული, ხოლო ზოგი კარის გაღება, როგორც ამბობენ, თავზარდამცემ ხმებს გამოსცემდა; ისინი გრუხუნით იღებოდა. მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ მსოფლიო მპყრობელობა დაკარგა, დამპყრობებმა გაძარცვეს ლაბირინთი და წაიღეს მშვენიერი წითელი გრანიტის სვეტები, უზარმაზარი ქვის ფილები და საუცხოოდ გაპრიალებული კირქვა, რაც შემდგომში თვითონ გამოიყენეს.
თუმცა, გადმოცემის თანახმად, ლაბირინთი ეგვიპტის მეფეთა ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მას სინამდვილეში რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ეს იყო ტაძართა კომპლექსი, სადაც ეგვიპტის ყველა ღმერთს სწირავდნენ შესაწირავს. ლაბირინთში მომსვლელებს მიწისქვეშა სამყოფელებს არ უჩვენებდნენ; იქ იყო აკლდამა როგორც მეფეებისთვის, ისე წმინდა ნიანგებისთვის.
ლაბირინთის მითოლოგიური მნიშვნელოვნების გაგება საუკეთესოდ შეგვიძლია იმ რელიგიური რიტუალების შუქზე, რომლებიც ეგვიპტის ღვთაებას, ოსირისს, ეხება; ოსირისი, ეგვიპტელთა მრწამსით, ერთ დროს ეგვიპტის მეფე იყო. ის იყო მკვდართა ღვთაება ანუ მიწისწვეშა სამყაროს მბრძანებელი.
მითოლოგია და უკვდავება
ოსირისის სიკვდილს ეგვიპტელები ყოველწლიურად წარმოადგენდნენ ხოლმე „მისტერიად“ წოდებულ დრამაში! აპისს, ღვთაებრივ ხარს, ცერემონიულად ოსირისის ნაცვლად დიდი მოთქმა-გოდებით კლავდნენ. ეს მოთქმა სიხარულის ყიჟინით იცვლებოდა, როდესაც რიტუალის შემსრულებელი მღვდელი ხალხს ოსირისის აღდგენის შესახებ სასიხარულო ცნობას ამცნობდა. ეგვიპტელებისთვის ამ იდუმალებით მოცულ მოვლენებზე იყო დაფუძნებული მარადიული ცხოვრების იმედი. მათ სწამდათ, რომ მხოლოდ მეფეს კი არ შეეძლო ოსირისივით ახალი სიცოცხლის მიღება, არამედ ნებისმიერ კაცს.
წიგნში „ლაბირინთი“ პროფესორმა ს. ჰ. ჰუკმა შენიშნა: „ეგვიპტეში ოსირისის შესახებ ერთი ძველი მითის არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ არსებობდა ძალები, რომლებიც ემუქრებოდა მეფე-ღვთაების სიცოცხლეს როგორც დედამიწაზე, ისე საიქიოში“. ასე რომ, მათი რწმენით, ლაბირინთი, თავისი დამაბნეველი ტალანების სისტემით, მეფე-ღვთაებას იცავდა როგორც ამ სიცოცხლის, ისე მომდევნო სიცოცხლის დროს და თვით სიკვდილისგანაც კი.
დროთა განმავლობაში ადამიანის უკვდავების შესახებ მრწამსი მტკიცედ დამკვიდრდა ძველ ეგვიპტესა და მთელ ძველ მსოფლიოში. მომდევნო საუკუნეებში განვითარდა მოძღვრება ადამიანის სულის უკვდავების შესახებ და მალე ის არა მხოლოდ მეფეებს ეხებოდა, არამედ მთელ კაცობრიობას.
კრეტის ლაბირინთი
კუნძულ კრეტაზე არსებული კნოსის ლაბირინთი, როგორც ჩანს, ეგვიპტის ლაბირინთის აგებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ იყო აშენებული. მისი ადგილმდებარეობა ზუსტად არ არის განსაზღვრული; არსებული მასალების თანახმად, ის ეგვიპტის ლაბირინთის მსგავსი, მაგრამ მასზე ბევრად უფრო პატარა იყო *. სიტყვა „ლაბირინთი“ შეიძლება დაკავშირებული იყოს „ლაბიროსთან“, რაც ნიშნავს ორმაგ ცულს, რომელიც წმინდა ხარის ორ რქას განასახიერებდა. ეს ხარი გამოიყენებოდა მინოსის (კრეტელი) თაყვანსაცემად; ამ უკანასკნელზე დიდი გავლენა მოახდინა მითოლოგიამ.
კრეტის ლაბირინთი მითოლოგიაში ცნობილია იმით, რომ მასში მკვიდრობდა მინოტავრი — მითური კაცი, რომელსაც ხარის თავი ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, კრეტის მეფის, მინოსის, მეუღლე პასიფაემ შვა ეს ქმნილება; და ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ მისი სახელი მინოტავრი „მინოსის ხარს“ ნიშნავს. მითის თანახმად, კრეტელთა მიერ ათენის დალაშქვრის შემდეგ ისინი მათგან 9 წელიწადში ერთხელ მსხვერპლად მინოტავრისთვის 7 ჭაბუკსა და 7 ქალწულს ითხოვდნენ. ამ ახალგაზრდებს ლაბირინთში უშვებდნენ, სადაც იკარგებოდნენ; ვარაუდობდნენ, რომ მათ მინოტავრი გლეჯდა.
მაგრამ გავიდა დრო და ერთხელაც ჭაბუკი თეზევსი ამ მითური ურჩხულის მოკვლის რთული ამოცანის შესასრულებლად ლაბირინთში შევიდა.
ამბობენ, რომ თეზევსმა, რომელიც მინოტავრს გადაეყარა, ურჩხული ხმლით განგმირა. იქიდან თავის დასახსნელად კი მიჰყვა ოქროს გორგლის ძაფს, რომელიც ლაბირინთის შემოსასვლელიდან იყო გაბმული. ჭაბუკს გორგალი მინოსის ქალიშვილმა, არიადნემ, მისცა.მიშელ არტონმა, რომელმაც კრეტის ლაბირინთის სავარაუდო მოდელი შექმნა, აღნიშნა: „თითოეული ადამიანის ცხოვრება ლაბირინთია, რომლის ცენტრშიც მას სიკვდილი ელოდება და სიკვდილის შემდეგაც კი კვლავ ახალ ლაბირინთში ხვდება; ასე გრძელდება მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს“. ამ გაგებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მითური თეზევსის ლაბირინთიდან გამოსვლა ხელახლა შობის ანუ სიკვდილისგან გადარჩენის სიმბოლო იყო. აქ კვლავ ტივტივდება მოძღვრება ადამიანის უკვდავების შესახებ.
საბერძნეთი და რომი
კრეტის ლაბირინთის კლასიკური მოდელი გვხვდება კნოსის მონეტებზე. მალე ეს მოდელი საბერძნეთისა და რომის იმპერიებმაც გადაიღეს. პლინიუსი მოიხსენიებს სამოსის კუნძულზე მდებარე ლაბირინთს და კიდევ ერთ ლაბირინთს, რომელიც თავისი 150 მშვენიერი სვეტით იყო ცნობილი და რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლემნოსზე მდებარეობდა. ის აგრეთვე მიუთითებს რთული კონსტრუქციის მქონე ეტრუსკის სამარხზე, რომელიც ადრე სხვა ავტორმა, ვარომაც, მოიხსენია. ამ უკანასკნელის გადმოცემით, აღნიშნულ სამარხში მიწისქვეშა ლაბირინთიც შედიოდა.
ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ პომპეიში (იტალია), სულ მცირე, ორი დეკორატიული ლაბირინთი იყო. ერთი მათგანის, ლაბირინთის სახლის ქვაფენილი, თავისი არაჩვეულებრივი მოზაიკითაა ცნობილი, რომელზეც თეზევსსა და მინოტავრს შორის ბრძოლაა ასახული. მწერალ მარსელ ბრიონის მტკიცებით ეს არის „ადამიანის სიცოცხლის ალეგორია და სულის რთული მოგზაურობა ამქვეყნად და იმ ქვეყნად მანამ, სანამ კურთხეულ მდგომარეობამდე, უკვდავებამდე არ მიაღწევს“.
რომის იმპერიის ზეობის დროს ბავშვები მინდვრებსა და ქვაფენილებზე გამოსახულ ლაბირინთებში თამაშობდნენ. დღეს ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ვილებსა და სხვა რომაულ ნაგებობებში მრავლად არის შემორჩენილი ლაბირინთების გამომსახველი მოზაიკის მქონე იატაკები. მაგრამ მითოლოგიური შეხედულებები მალე ბევრად უფრო შორსაც გავრცელდა.
მრავალ ქვეყანაში
მაისურში (ინდოეთი) ჰალბიდის ტაძარში არის სექტორი, რომელზეც ლაბირინთის გრავიურაცაა ამოკვეთილი. ეს ტაძარი აგებულია ახ. წ. XIII საუკუნეში და მასში გამოფენილია მაჰაბჰარატას ეპოსის ამსახველი ეპიზოდები.
ჩინელების მრწამსის თანახმად, ბოროტ სულებს მხოლოდ სწორხაზოვნად ფრენა შეეძლოთ. ამიტომაც აგებდნენ მარტივი ტიპის ლაბირინთს, რომელიც ბოროტ სულს მათ სახლში ან ქალაქში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
სკანდინავიაში ბალტიის ზღვის სანაპიროზე 600-ზე მეტი ქვის ლაბირინთია. ამბობენ, რომ მრავალი მათგანი ადგილობრივი მეთევზეების მიერაა აგებული, რომლებსაც ცრუ რწმენის საფუძველზე სჯეროდათ, რომ, თუ მათი გავლით წავიდოდნენ სათევზაოდ, კარგადაც ითევზავებდნენ და შინ მშვიდობიანადაც დაბრუნდებოდნენ.
წმინდა აგნესას პატარა კუნძულზე, რომელიც კორნუოლის (ინგლისი) სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, არის ლაბირინთი, რომელიც 1726 წელს თავდაპირველ ადგილზე აღადგინა შუქურას მეპატრონემ.
მრავალში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ლაბირინთებმა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებშიც მოიკიდეს ფეხი. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.
ქრისტიანული სამყაროს ლაბირინთები
ქრისტიანულ სამყაროში არსებულ მრავალ საუცხოო ლაბირინთს შორის აღსანიშნავია ერთი ყველაზე პატარა ლაბირინთი, რომელიც XV საუკუნეში აშენებული ბრისტოლის (ინგლისი) წმ. მარიამ რედკლიფის ეკლესიის სახურავში მრგვალი ხის ორნამენტის სახით იყო გაკეთებული. ამ ოქროსფერ-შავ ფერებში შეღებილი ორნამენტის დიამეტრი ოც სანტიმეტრს არ აღემატებოდა. ყველაზე მეტად ცნობილი ლაბირინთი საფრანგეთის, ჩარტრესის, საკათედრო ტაძარშია. ეს 1235 წელს აშენებული ლაბირინთი ცისფერი და თეთრი ქვებითაა ნაგები; მისი დიამეტრი 10 მეტრია.
ლაბირინთის მოხატულობის დიდი იატაკები იყო დაგებული შუა საუკუნეების საფრანგეთსა და იტალიის საკათედრო ტაძრებსა თუ ეკლესიებში, მათ შორის, ამიენსა და ბაიონში, ორლენში, რავენასა და ტულუზაში. რეიმსში არსებული ლაბირინთი 200 წლის წინათ განადგურდა, ხოლო მირეპოიქსის საკათედრო ლაბირინთის ცენტრში მინოტავრი იყო დახატული.
ლაბირინთების შესახებ, რომლებიც ცნობილი რელიგიური ნაგებობების ღირსშესანიშნაობა გახდა, ერთი ავტორი წერდა: „წარმართული ლაბირინთები შუა საუკუნეების ქრისტიანულმა ეკლესიამაც გადაიღო და საკუთარ სიმბოლისტიკას მოურგო“. ამგვარად, როგორც ჩანს, ლაბირინთები ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში ქრისტიანული ცხოვრების წარმოსადგენად გამოიყენებოდა და ამავე დროს მასში შენარჩუნებული იყო ძველი ეგვიპტის მითოლოგია.
ეკლესიებში ლაბირინთები ჯვაროსნების იერუსალიმზე გალაშქრების წარმოსადგენადაც გამოიყენებოდა. ცენტრამდე მიღწევა იერუსალიმში შესვლასა და ხსნის მოპოვებას ასიმბოლოებდა. ზოგი მორწმუნისათვის ლაბირინთი მოსანანიებელ წრეს წარმოადგენდა, რომელიც მიტევების მისაღებად ჩოქვით უნდა შემოევლო, ზოგი კი წმინდა მიწაზე მომლოცველობის ნაცვლად რიტუალურად ამ ლაბირინთს გადიოდა ხოლმე.
კორდის ლაბირინთი
ნიადაგში ამოკვეთილი ლაბირინთები კორდის ლაბირინთების სახელითაა ცნობილი. ასეთი ლაბირინთები აგებულ იქნა XII—XIII საუკუნეში, განსაკუთრებით კი ინგლისში. მოგვიანებით მრავალ
მათგანს გასართობად იყენებდნენ, მაგრამ, რადგან ისინი ეკლესიის შენობებში ჩართულ ლაბირინთებს ჰგავდა, ზოგი მათ რელიგიურ მნიშვნელობასაც ანიჭებდა. საფრონ ვოლდენში (ესექსების საგრაფო) ლაბირინთი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, ზოგი მკვლევარის აზრით, 800 წელზე მეტი ხნის არის და ეს მიწის ნაკვეთი საზოგადო საკუთრებაა. უჩვეულო ის არის, რომ მას ოთხი დიდი, ბასტიონისმაგვარი შვერილი აქვს. მის ბილიკთა სიგრძე თითქმის 2 კილომეტრია.უ. ჰ. მათეუსი ერთმანეთთან აკავშირებს ისტორიულ და მითოლოგიურ მხარეებს და აღნიშნავს, რომ რელიგიური ლაბირინთები „შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სიმბოლო წუთისოფლისეული ცხოვრების ცდუნების ლაბირინთისა, რომლისგან თავის დაღწევა მხოლოდ არიადნეს ძაფთან გაიგივებული ღვთიური წყალობის მეშვეობით შეიძლება“ (Mazes and Labyrinths—Their History and Development).
გაგაოცათ იმ ფაქტმა, რომ ამ წარმართული წარმოშობის ლაბირინთებმა ქრისტიანულ სამყაროშიც დაიმკვიდრა? შესაძლებელია თუ არა ჭეშმარიტი ქრისტიანობისა და წარმართული ცრურწმენის ურთიერთშეთავსება?
უთავსდება ქრისტიანულ რწმენას?
მიუხედავად იმისა, რომ ლაბირინთების ისტორია საკმაოდ საინტერესოა, მათდამი რწმენა და ქრისტიანული მრწამსი ერთმანეთს არ უთავსდება. ბიბლია არსად არ ასწავლის, რომ ადამიანის სული სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობს და სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. პირიქით, ბიბლია ასწავლის, რომ სული მოკვდავია. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ — ამბობს ის (ეზეკიელი 18:4).
ღვთის სიტყვა, ბიბლია, მძლავრი იარაღია და მახვილთან, ‘სულის მახვილთან’, არის შედარებული. ქრისტიანები დახელოვნებულად იყენებენ ამ იარაღს, რათა სძლიონ ნამდვილ, ზეადამიანურ სულიერ ქმნილებას და მის დემონებს და არა მითურ მინოტავრს (ეფესელთა 6:12, 17). ამის შედეგად მათ აქვთ ურყევი რწმენა და დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი იხსნის. ეს დაეხმარება მათ თანამედროვე სისტემის აღსასრულის გადატანასა და ახალი, სამართლიანი ქვეყნის დამკვიდრებაში, რასაც ადამიანებს ვერასოდეს მოუტანს მითებისადმი რწმენა (2 პეტრე 3:13).
[სქოლიო]
^ აბზ. 18 ახ. წ. პირველ საუკუნეში პლინიუსმა, რომაელმა ბუნებისმეტყველმა, აღნიშნა, რომ კრეტელთა მიერ აგებული ლაბირინთი ეგვიპტისაზე 100-ჯერ ნაკლები იყო.
[ჩარჩო 22 გვერდზე]
გასართობი ლაბირინთები
ექვსი ასეული წლის წინათ, ახალი ტიპის ლაბირინთი შეიქმნა. მას არავითარი რელიგიური მნიშვნელობა არა აქვს, არამედ შესამკობ დანიშნულებას ასრულებდა. მთელ ინგლისში მალე ლაბირინთის ტიპის ბაღების მოწყობა ჩვეულებრივი გახდა. ბოლოს უფრო დახლართული ლაბირინთები შექმნეს. მისი ბილიკების გასწვრივ კოხტად გაკრეჭილი ბზის ბუჩქები იყო ჩამწკრივებული.
გასულ წლებში მთელ მსოფლიოში მრავალი თანამედროვე დახლართული ლაბირინთი შეიქმნა. ბავშვებსა და უფროსი ასაკის ადამიანებსაც მოსწონთ და უყვართ ისინი. მათში ადამიანი შესანიშნავად შეიძლება გაერთოს!
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
ლაბირინთები ქრისტიანულ სამყაროში
ლონდონში, ვესმინისტერის სააბატოში არც ისე დიდი ხნის წინათ მოიტანეს საკურთხევლის ეს ახალი, მოქარგული გადასაფარებელი. შენიშნეთ, ლაბირინთის ცენტრში ერთ მხარეს ამოქარგულია „Α“ (ალფა, “THE BEGINNING” „დასაწყისი“), ხოლო მეორეს „Ω“ (ომეგა, “THE END” „დასასრული“). ლაბირინთის ცენტრში ამოქარგულია “I AM” „მე ვარ“, რომელიც იეჰოვას წარმოგვიდგენს და რაც „მეფე იაკობის თარგმანის“ მიხედვით გამოსვლის 3:14-შია მოხსენიებული. ეს არის ლაბირინთებისა და რელიგიის ახლო ურთიერთკავშირის მაჩვენებელი საინტერესო თანამედროვე მაგალითი.
[საავტორო უფლება]
Photo: David Johnson
[სურათები 21 გვერდზე]
ძვ. წ. IV—V საუკუნეების მონეტები, რომლებიც კნოსშია (კრეტაზე) ნაპოვნი. შენიშნეთ ლაბირინთი და ხარის თავი, რომელიც მინოტავრს წარმოგვიდგენს.
[საავტორო უფლება]
Copyright British Museum
[სურათი 23 გვერდზე]
მსოფლიოში უდიდესი კორდის ლაბირინთი საფრონ უელდენში (ინგლისი).
[საავტორო უფლება]
Courtesy Saffron Walden Tourist Office.