არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ვასკო და გამა. დიდი სიამოვნებით წავიკითხე სტატია „ვასკო და გამას ღირსშესანიშნავი მოგზაურობა“ (8 აპრილი, 1999). ეს იყო კარგად დასურათებული და შინაარსიანი სტატია. თქვენ აღნიშნეთ, რომ მას სამი პატარა სამგზავრო გემი ჰყავდა, მაგრამ სინამდვილეში მას ოთხი გემი ჰყავდა. აგრეთვე მოხსენიებული იყო, რომ ვასკო და გამა ლისაბონში 1499 წლის 8 სექტემბერს დაბრუნდა, მაშინ, როცა ის იქ დაახლოებით აგვისტოს ბოლოს ჩავიდა.

პ. ნ. (კენია)

მართალია, ვასკო და გამამ მოგზაურობა ოთხი გემით დაიწყო, მაგრამ სტატიაში აღწერილია მეოთხე გემის დამსხვრევის შემდეგ მოგზაურობა. რაც შეეხება ლისაბონაში მის ჩასვლას, წყაროთა უმეტესობა სექტემბრის დასაწყისზე მიუთითებს. აღსანიშნავია „პორტუგალია და მისი აღმოჩენების“ კომენტარი: „ვასკო და გამა 29 აგვისტოსთვის ჩამოვიდა და 8 სექტემბერს მეფის წინაშე ცერემონიალზე წარსდგა“. შეიძლება ამით იხსენება, ერთი შეხედვით არსებული, წინააღმდეგობრიობა (რედ.).

კროსვორდები. მინდა მოგწეროთ ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ გამოქვეყნებული კროსვორდების შესახებ. საოცრად მიყვარს ისინი, რადგან გონებისთვის კარგი სავარჯიშოა, ხოლო ჩემს ასაკში, 78 წლის გახლავართ, გონების აქტიურობის შენარჩუნება აუცილებელია. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ, ისეთი წვრილმანები არ გვამახსოვრდება, რომლებზეც კროსვორდებშია ყურადღება გამახვილებული. ამიტომ მითითებული მუხლების სანახავად ყოველთვის გამოვყოფ ხოლმე დროს. დიდი მადლობა ამ რუბრიკისთვის.

ჯ. უ. (აშშ).

ბავშვების ექსპლუატაცია. გმადლობთ სტატიათა სერიისთვის „ბავშვების ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!“ (8 ივნისი, 1999). როდესაც ჟურნალის ყდას დავხედე, თავიდან გულწრფელად გავიფიქრე, „ეს სტატიები ჩემს ქვეყანას არ ეხება“, მაგრამ კითხვა რომ დავიწყე, სულმოუთქმელად ჩავიკითხე ბოლომდე. მოკლედ რომ ვთქვა, სტატიებმა შემზარა. სულ ახლახან დათუნია ვიყიდე, რაშიც ბევრად უფრო ნაკლები ფასი გადავიხადე, ვიდრე იაპონური წარმოების სათამაშოში გადავიხდიდი. გული მომიკლა იმის გაფიქრებამაც კი, რომ ამ დაბალი ფასის მიღმა შეიძლებოდა პატარა ბავშვების მიმართ მეპატრონის უსულგულო დამოკიდებულება მდგარიყო.

ს. ო. (იაპონია)

სიმსუქნე. ახლა ათი წლის ვარ. გმადლობთ სტატიისთვის „როგორ განვთავისუფლდე სიმსუქნეზე ფიქრისგან?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ივნისი, 1999). რატომღაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ზედმეტი წონა მქონდა. სტატიის კითხვისას გავიგე, რომ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭო და რომ ადამინური თვისებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

მ. ს. (რუსეთი)

ხუთი ვაჟიშვილი. ძალიან დამაინტერესა სტატიამ „ვმადლობ იეჰოვას ხუთი ვაჟიშვილისთვის“ (8 აპრილი, 1999), რადგან ჰელენ სოლზბერსა და დედაჩემს შორის დიდი მსგავსება აღმოვაჩინე. ორივე ერთსა და იმავე წელს მოინათლა. ჰელენის მსგავსად, დედაჩემიც არ მუშაობდა და ბავშვებს გვზრდიდა. იმ დროს ოჯახში ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, რადგან მამაჩემის კომპანია გაკოტრდა. დედაც ჰელენივით პიონერად, სრული დროით მქადაგებლად, მსახურობდა და ყოველთვის გვიყვებოდა საინტერესო შემთხვევებს, რომელსაც მსახურების დროს ხვდებოდა. ამან ძალიან შემაყვარა პიონერული მსახურება. ახლა მე თვითონ ორი ქალიშვილი მყავს და მესმის, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა დედას ჩვენს აღსაზრდელად.

მ. ს. (იაპონია)

განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ სტატიისთვის. მე მამა გახლავართ და ვცდილობ, მივყვე ბიბლიურ რჩევებს, მაგრამ ხშირად არ გამომდის ისე, როგორც საჭიროა. სოლზბერების ოჯახის მაგალითმა გამამხნევა და ძალა შემმატა.

რ. მ. რ. (ბრაზილია)

სასურველი საგნები. მე 12 წლის გოგონა გახლავართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები . . . რატომ არ უნდა მქონდეს ის, რაც მინდა?“ (8 აპრილი, 1999). არის რაღაც-რაღაცები, რაც მინდა რომ მქონდეს, მაგალითად, ველოსიპედი და გიტარა, მაგრამ მამას არ შეუძლია ჩემთვის მათი ყიდვა, რაც გულს ძალიან მწყვეტს. მიუხედავად გულისტკენისა, თქვენმა სტატიამ ძალიან გამამხნევა. დიდი მადლობა ამ მამობრივი რჩევისთვის.

ს. უ. (ნიგერია)