არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

საშიშროება, რომელსაც სიმსუქნე ქმნის

დიაბეტის, გულის დაავადებების ან „ევროპაში სიმსუქნის ეპიდემიის“ შედეგად განვითარებული კიდევ სხვა ავადმყოფობების რიცხვი საოცრად იზრდება, აღნიშნავს ლონდონის გაზეთი „ინდეპენდენტი“. სიმსუქნის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო გაერთიანების თავმჯდომარემ მილანში (იტალია) შეკრებილ 26 ქვეყნის წარმომადგენელ კვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალთან აღნიშნა: „ეს გლობალური კრიზისის მაჩვენებელია. საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება, რათა ავირიდოთ სერიოზული დაავადებების გამომწვევი ეს თითქოსდა უწყინარი ეპიდემია, რაც ჯანდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. თუ არ ვიმოქმედებთ, მის შედეგად განვითარებულ მრავალ დაავადებასთან მოგვიწევს ბრძოლა“. მან ევროპის ყველა ქვეყანა მოიცვა. ზოგან მოსახლეობის 40—50 პროცენტია დაავადებული. 1980 წლიდან ინგლისში სიმსუქნე ქალებში 8-დან 20 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში 6-დან 17-მდე. ამის მიზეზთა შორის ერთ-ერთს ნაკლებმოძრავი ცხოვრების სტილი და ცხიმებით მდიდარი საკვები წარმოადგენს. ეს კი მზარდი კეთილდღეობის შედეგია. უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს მსუქანი ბავშვების რიცხობრივ ზრდას. პროფესორ იოპ ზაიდელის, ევროპაში სიმსუქნის შემსწავლელი გაერთიანების პრეზიდენტის, აზრით „არსებობს იმის ნიშნები, რომ მომდევნო თაობის დიდი ნაწილი ბავშვობის ასაკიდანვე მსუქანი და გათქვირებული იქნება“.

როგორ შეგიძლიათ გაცივების თავიდან არიდება?

თქვენ ვერ შეძლებთ, აბსოლუტურად დაიცვათ თავი გაცივებისგან, მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც მას გარკვეულწილად თავიდან აგარიდებთ — აღნიშნავს „ნიუ-იორკ ტაიმზი“. ამ საშუალებებს შორის აღსანიშნავია: ხალხმრავალი ადგილების მაქსიმალურად არიდება და იმ ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა, რომლებიც, როგორც ჩანს, გაცივებული არიან. გარდა ამისა, მოერიდეთ თვალების ფშვნეტასა და ცხვირში თითის შეყოფას; ხშირად დაიბანეთ ხელები. ასეთი ზომების მიღება იმისთვის არის საჭირო, რომ ხელი ხშირად ვირუსის მატარებელია და თვალების ფშვნეტისა და ცხვირში თითის შეყოფის შედეგად შეიძლება დაავადდეთ. რისიმე ზედაპირზე ან ხელზე არსებული გაცივების ვირუსი რამდენიმე საათის განმავლობაში ცხოველქმედებას არ კარგავს, ხოლო გაცივებულმა ადამიანმა შეიძლება დაავადება სხვებს მაშინაც გადასდოს, როცა დაავადების ნიშნები მთლიანად არა აქვს გამოვლენილი ან ბოლომდე არ არის განკურნებული. სხვა საჭირო ზომებში შედის ბალანსირებული კვება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოვლენაა საჭირო ბავშვებთან ურთიერთობისას. რატომ? წლის განმავლობაში ისინი დაახლოებით 5—8 გაცივების ვირუსით ავადდებიან.

გლობალიზაციის უარყოფითი მხარე

ეკონომიკის გლობალიზაციამ მსოფლიო ბაზრის შექმნა განაპირობა, რამაც მრავალს მეტი შესაძლებლობისკენ გაუხსნა გზა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად იზრდება რისკიც — აღნიშნავს ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“. განვითარებად მსოფლიო ბაზარზე ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულება განაპირობებს იმ ფაქტს, რომ, ერთი შეხედვით, ისეთი ადგილობრივი მოვლენები, როგორიცაა 1997 წელს ტაივანის ბათის დევალვაცია, მსოფლიო საფინანსო სისტემაში პანიკას იწვევს. „ოცდაათი წლის წინათ, — აღნიშნავს იგივე გაზეთი — მსოფლიოს მეხუთედ უმდიდრეს და უღარიბეს ადამიანთა მდგომარეობებს შორის განსხვავების მაჩვენებელი იყო 30/1. 1990 წლისთვის ეს შეფარდება 60/1-დე გაიზარდა, ხოლო დღეს 74/1-ზეა. . . გლობალიზაციისგან უდიდეს სარგებლობას კრიმინალები იღებენ, რომლებიც მსოფლიო ბაზარს ნარკოტიკებისა და იარაღების გასაყიდად და პროსტიტუციისთვის ხელშესაწყობად იყენებენ“.

ფსიქიკური ჯანმრთელობა აფრიკაში

სამხრეთ საჰარის 600 მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 100 მილიონს ფსიქიკური მოშლილობები აქვს — აღნიშნავს სამხერთ აფრიკის გაზეთი „სტარი“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დაავადების ამ მაღალ მაჩვენებელს ძირითადად ომები და სიღარიბე განაპირობებს. დამატებით როლს დიდი ოჯახებისთვის დახმარების შემცირებაც ასრულებს. პროფესორი მიშელ ოლატაურა (ნიგერია) აღნიშნავს, რომ „ტრადიციული აფრიკული დიდი ოჯახების საშუალებით შექმნილი უსაფრთხოების კვანძები“ დეგრადირებულია დასავლეთიდან შემოსული ფასეულობებით, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებითა და მოქალაქეთა შორის ძალადობით. გარდა ამისა, ოჯახის წევრები სამუშაოს ძიებაში სახლიდან საკმაოდ შორს მიდიან“. „აფრიკაში არსებული ეკონომიკური პრობლემები საშუალებას არ გვაძლევს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს სათანადო ყურადღება მივაქციოთ“, — აღნიშნავს პროფესორი ოლატაურა.