არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისევ პირის პარსვა

ისევ პირის პარსვა

ისევ პირის პარსვა

ჩვენი კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

კაცმა 50 წლის განმავლობაში ყოველდღე 5 წუთი რომ იპარსოს პირი, მთლიანობაში სულ 63 დღე დაეხარჯება. რა აზრის არიან მამაკაცები ამ ყოველდღიურ „რიტუალზე“?

აი რა თქვა ზოგმა პარსვასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებული არაოფიციალური გამოკითხვისას: „არ მიყვარს“. „ვერ ვიტან“. „ერთ-ერთი სარისკო საქმეა“. „ისეთი რამეა, რასაც თავი უნდა აარიდო, როცა ამის შესაძლებლობა გეძლევა“. თუ ზოგ მამაკაცს ასე ძალიან არ უყვარს პირის პარსვა, რატომღა იპარსავენ? მოდი ცოტა უფრო მეტი გავიგოთ ამის შესახებ; იქნებ მივაგნოთ პასუხს.

ნიჟარებიდან ერთჯერად სამართებლებამდე

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ პირის გაპარსვა ნიჟარით? ზვიგენის კბილით? კაჟის ბასრი ნამტვრევით? ადამიანები საოცარ მოსაზრებულობას ავლენდნენ საპარსი ხელსაწყოების არჩევისას! ძველ ეგვიპტეში მამაკაცები პირს იპარსავდნენ სპილენძის სამართებლით, რომელიც ნაჯახის პირს წააგავდა. არც ისე დიდი ხნის წინათ, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებში, ძირითადად ქალაქ შეფილდში (ინგლისი) დაიწყეს ეგრეთ წოდებული საფრთხილო სამართებლების წარმოება. ხშირად ლამაზად გაფორმებულ ამ სამართებლებს ბასრი ფოლადის პირი ჰქონდა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, როდესაც არ იყენებდნენ, სახელურში იყო ჩატანებული. ამ ხელსაწყოების გამოყენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებდა, მათი გამოყენების სწავლას კი უეჭველად ბევრი ჭრილობა და სისხლდენა მოჰყვებოდა ხოლმე. ადამიანისთვის, რომელიც დახელოვნებული არ იყო ამ საქმეში, სამართებლის გამოყენება საშიში იყო. მაგრამ მეოცე საუკუნეში პირის გაპარსვა შედარებით იოლი გახდა.

1901 წელს შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა კინგ კემპ ჯილეტმა გამოიგონა უსაფრთხო სამართებელი, რომელსაც ერთჯერადი პირი ჰქონდა. მისი იდეა მთელ მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო, რასაც, საბოლოოდ, სხვადასხვანაირი სამართებლების წარმოება მოჰყვა, რომელთა შორის ზოგს ვერცხლით ან ოქროთი მოვარაყებული სახელური ჰქონდა. დღეს უკვე არსებობს ერთჯერადი სამართებლები, აგრეთვე სამართებლები, რომლებსაც ორმაგი ან სამმაგი პირიც კი აქვს, და სამართებლები დრეკადი, მბრუნავი თავით.

რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობს ელექტრული სამართებლებიც, რომლებიც 1931 წლიდან იყიდება. მათი ეფექტურობა და პოპულარობა განუწყვეტლივ იზრდება, მაგრამ ბევრი, ვისაც ნამდვილად სუფთად გაპარსვა სურს, ჯერაც ბასრპირიან სამართებელს ამჯობინებს.

წვერთან დაკავშირებით თვალსაზრისი ყოველთვის იცვლებოდა

უძველესი დროიდანვე წვერთან დაკავშირებით ადამიანის თვალსაზრისი იცვლებოდა. წიგნში „ძველი ეგვიპტის ყოველდღიური ცხოვრება“ ნათქვამია, რომ ძველად ეგვიპტელები „არ იყვნენ მაინცდამაინც თმიანები და ამაყობდნენ, რომ სუფთად იყვნენ გაპარსული; ისინი იყენებდნენ კარგად დამზადებულ სამართებლებს, რომლებსაც სუფთა ტყავის შალითებში ინახავდნენ“. ეს ჩვეულება ნათელს ხდის, თუ რატომ გაიპარსა პირი ებრაელმა პატიმარმა, იოსებმა, სანამ ფარაონს ეახლებოდა (დაბადება 41:14).

ასურელები შესანიშნავი წვერის მქონე მამაკაცებად იყვნენ ცნობილი. ისინი ამაყობდნენ თავიანთი გარეგნობით; ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდნენ წვერს და საგულდაგულოდ იკულულებდნენ, იწნავდნენ და იწესრიგებდნენ.

ძველად ისრაელი მამაკაცები საშუალო სიგრძის წვერს ატარებდნენ და მას სამართებლით იწესრიგებდნენ. მაშ, რას გულისხმობდა ღვთის რჯული, რომლის თანახმადაც ისრაელ მამაკაცებს არ უნდა ‘მოეკრიჭათ თმის კიდეები’ ან არ ‘მოესპოთ წვერის კიდეები’? ეს ბრძანება არ კრძალავდა თმისა და წვერის შესწორებას. მისი მიზანი იყო, რომ ისრაელ მამაკაცებს არ გადაეღოთ მეზობელ წარმართ ერებში არსებული უკიდურესი რელიგიური წეს-ჩვეულებები * (ლევიანნი 19:27; იერემია 9:24, 25; 25:23; 49:32).

ძველ საბერძნეთში, ჩვეულებრივ, ყველა მამაკაცი ატარებდა წვერს, გარდა დიდებულებისა, რომლებიც ხშირად სუფთად იყვნენ გაპარსული. რომში, როგორც ჩანს, პარსვა ძვ. წ. II საუკუნეში დაიწყეს და მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყოველდღე პარსვა ჩვეულება იყო.

მაგრამ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ წვერის ტარება ისევ დაიწყეს და ეს 1 000 წელი, XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე, გაგრძელდა, სანამ პარსვა მოდაში არ შემოვიდა, რამაც XIX საუკუნემდე გასტანა. XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის კი წვერის ტარება ისევ მოდაში შემოვიდა. ამიტომ ფოტოსურათებზე ჩ. რასელს, საზოგადოება „საგუშაკო კოშკის“ პირველ პრეზიდენტს, და თანაქრისტიან უ. ვან ამბერგს ელეგანტური, აკურატული წვერი აქვთ, რაც იმ დროისთვის ღირსების მაჩვენებელი და მისაღები იყო. მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში პარსვამ ისევ მოიპოვა პოპულარობა და უმეტეს ქვეყნებში დღემდე შემორჩა.

სხვა მილიონობით მამაკაცის მსგავსად, თქვენც ასრულებთ ყოველდღე ამ „რიტუალს“ სამართებლით ხელში? თუ დიახ, უეჭველია, გინდათ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, უჭრილობოდ და სუფთად გაიპარსოთ. ამაში დაგეხმარებოდათ ჩარჩოში მოცემული რჩევები, სათაურით „რჩევები სამართებლით პარსვასთან დაკავშირებით“. შესაძლებელია, ზოგ მათგანს უკვე იყენებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სუფთა პარსვას გისურვებთ!

[სქოლიო]

^ აბზ. 12 იხილეთ ბიბლიის ცნობარი (Insight on the Scriptures), ტომი 1, გვერდები 266 და 1021 (ინგლ.) (გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).

[ჩარჩო⁄სურათები 17 გვერდზე]

რჩევები სამართებლით პარსვასთან დაკავშირებით

წიგნში „მამაკაცების თმა“ სამართებლით კარგად პარსვასთან დაკავშირებით შემდეგი რჩევებია მოცემული *:

1. დაირბილეთ წვერი. წვერის საფუძვლიანად დასარბილებლად ბევრი ცხელი წყალია საჭირო. თუ შესაძლებელია, გაიპარსეთ შხაპის მიღების შემდეგ, რადგან ამ დროს უფრო კარგად რბილდება წვერი.

2. გამოიყენეთ საპარსი საშუალებები. ნებისმიერი საპონი, ქაფი, კრემი და გელი სამ ძირითად მიზანს ემსახურება: 1) წვერს სისველეს უნარჩუნებს, 2) მაღლა სწევს მას და 3) კანს პოხავს, რომ სამართებელი უფრო ადვილად სრიალებდეს მასზე. შეარჩიეთ ის საშუალება, რომელიც თქვენს კანს უხდება. ხომ არ გიცდიათ თმის კოსმეტიკური საშუალების, ეგრეთ წოდებული კონდიციონერის, გამოყენება? ისიც თმის დასარბილებელი საშუალებაა.

3. სწორად გამოიყენეთ სათანადო სამართებელი. სათანადოა ის სამართებელი, რომელიც ბასრია. ბლაგვი სამართებლები კანს აზიანებს. გაიპარსეთ იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც თმა იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თმა სუფთად აიღოთ, მაგრამ ამ დროს წვერი კანის ქვეშაც იჭრება, რის გამოც შეიძლება კანის გარეთ კი აღარ გაიზარდოს, არამედ კანქვეშ ჩაბრუნდეს. ზოგი წყაროს თანახმად, თუ პარსვისას ფრთხილად არ იქნებიან, როგორც მამაკაცს, ისე ქალს, შეიძლება ვირუსული ინფექცია შეეჭრას და დაუმუწუკდეს.

4. კანის მოვლა გაპარსვის შემდეგ. ყოველი გაპარსვისას თქვენ კანის მიკროსკოპულ ფენას იცილებთ, რის გამოც კანი მოწყვლადი ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს სახე სუფთა წყლით ჩამოიბანოთ –– ჯერ თბილით, შემდეგ კი ცივით, რომ ფორები დახუროს. თუ გსურთ, შეგიძლიათ „პარსვისშემდგომი“ ლოსიონი გამოიყენოთ კანის დასაცავად და გასაგრილებლად.

[სქოლიო]

^ აბზ. 20 ეს სტატია მამაკაცების მიერ პირის გაპარსვას ეხება. ბევრ ქვეყანაში ქალებიც იპარსავენ სხეულის გარკვეულ ადგილებს, ამიტომ ზოგი რჩევა შეიძლება მათთვისაც სასარგებლო იყოს.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

რა არის წვერი?

წვერი სახეზე ამოსული თმაა. ის კერატინისა და მისი მონათესავე ცილების შემცველი წარმონაქმნია. კერატინი კი ფიბრილური, გოგირდის შემცველი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში წარმოიქმნება და თმის, ფრჩხილის, ბუმბულის, ჩლიქისა და რქის ძირითადი შემადგენელი ელემენტია. ადამიანს ყველაზე უხეში და მკვრივი თმა სახეზე აქვს; ის ისეთივე მკვრივია, როგორიც იმავე სისქის სპილენძის მავთული. ჩვეულებრივ, კაცს სახეზე 25 000 ღერი თმა აქვს, რომლებიც ყოველ 24 საათში ნახევარი მილიმეტრით იზრდება.

[საავტორო უფლება]

Men: A Pictorial Archive from Nineteenth-Century Sources/Dover Publications, Inc.

[სურათები 18 გვერდზე]

პარსვასთან დაკავშირებით თვალსაზრისი ყოველთვის იცვლებოდა.

ეგვიპტელი.

ასურელი.

რომაელი.

[საავტორო უფლება]

Museo Egizio di Torino

Photographs taken by courtesy of the British Museum