მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
წონა. მთელი გულით მინდა, მადლობა გითხრათ სტატიისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ განვთავისუფლდე სიმსუქნეზე ფიქრისგან?“ (8 ივნისი, 1999). კარგა ხნის განმავლობაში ჩემი აღნაგობისა და წონის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის მრცხვენოდა, სასწორზე კი საერთოდ არ ვდგებოდი. მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი პიროვნება ხარ და არა ის, თუ როგორ გამოიყურები.
ლ. რ. (საფრანგეთი).
თქვენ ძვირფასი ხართ ღვთის თვალში. ხშირად დეპრესიაში ვვარდები და საკუთარ თავს უღირსად მივიჩნევ. ზოგჯერ მგონია, რომ არა ვარ ღირსი სრული დროით მქადაგებელი ვიყო, ვინაიდან ამას საკმაო ძალისხმევას არ ვახმარ. სტატიის „ბიბლიის თვალსაზრისი: თქვენ ძვირფასი ხართ ღვთის თვალში!“ (8 ივნისი, 1999) წაკითხვის შემდეგ თავი ბევრად უკეთესად ვიგრძენი. ის დამეხმარა, გამეგო, რომ სატანა ცდილობს თავი არარაობად გვაგრძნობინოს და ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება შეგვაწყვეტინოს.
ლ. უ. (კანადა).
სტატია ძალიან მანუგეშებელი იყო. აქამდე მეგონა, რომ იეჰოვა არ ისმენდა ჩემს ლოცვებს, მაგრამ თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ იეჰოვასა და საკუთარი თავისადმი ნდობა გამიძლიერდა. გთხოვთ, განაგრძოთ მსგავსი მანუგეშებელი სტატიების გამოქვეყნება.
რ. ვ. ტ. (ბელგია).
დღესაც ვერ გავთავისუფლებულვარ წარსული შემთხვევების გამო მოყენებული ტკივილებისგან; დაშვებულმა შეცდომებმა საკუთარი თავისადმი პატივისცემა დამაკარგვინა. დღეს იეჰოვასთან ურთიერთობამ და იმის ცოდნამ, რომ ღვთის სიყვარულის სიღრმეებს ადამიანი ვერ ჩასწვდება, ბედნიერება და უსაფრთხოება მაგრძნობინა.
ვ. ს. კ. (ბრაზილია).
ეს-ესაა დავასრულე ამ სტატიის აუდიოჩანაწერის მოსმენა. დაახლოებით 44 წელია, რაც ბრმა ვარ და მონათვლის შემდეგაც კი არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმესთვის ძალიან ძვირფასი ვიყავი. ამ სტატიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. დიდი მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ის ისე არ გვიყურებს, როგორც ჩვენ — საკუთარ თავს.
ა. კ. (იტალია).
პირადად მე უარყოფითი ემოციების მორევში ვცურავდი, მაგრამ ამ სტატიის კითხვისას ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს იეჰოვა თბილად მესაუბრებოდა. ძალიან ძნელია აზროვნების შეცვლა, მაგრამ ვეცდები, ყოველთვის მახსოვდეს ამ სტატიის სიტყვები: «იეჰოვა, მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, „ახლოს“ არის; ის თვალყურს გვადევნებს, ყურადღებას გვაქცევს და ყოველთვის მზად არის ჩვენ დასახმარებლად (ფსალმუნი 146:1, 3).»
ფკ. ფ. (იაპონია).
სამყარო. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ სტატიათა სერიისთვის „სამყარო — შემთხვევით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა?“ (8 ივლისი, 1999). როგორც მოყვარულმა ასტრონომმა, დიდი სიამოვნებით წავიკითხე ეს სტატიები. დიდებული სანახაობა, რომელიც ყოველღამე ცის დანახვისას ჩვენ თვალწინ გადაიშლება ხოლმე, თითქოს ჩაგვჩურჩულებს: დაფიქრდით იმ უსაზღვრო ძალაზე, ცოდნასა და სიყვარულზე, რომელსაც ჩვენი შემოქმედი ფლობს.
ვ. ვ. (ესპანეთი).
სტატიები ისეთი ხალხისთვისაც კი ადვილად გასაგები ენით არის დაწერილი, რომლებსაც მეცნიერებასთან არაფერი აკავშირებთ. დიდი მადლობა იმისათვის, რომ იეჰოვას უკეთესად გაცნობაში დამეხმარეთ. ახლახან დამეღუპა მეუღლე, რომელთანაც 58 წელი ვიცხოვრე. ასე რომ, ჩვენი შემოქმედის შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი სტატია ჩემთვის ასე აუცილებელი არასოდეს ყოფილა.
ფ. უ. (აშშ).