არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ დაუშვებთ, რომ ცუდი ჩვევები დაგიბრუნდეთ

ნუ დაუშვებთ, რომ ცუდი ჩვევები დაგიბრუნდეთ

ნუ დაუშვებთ, რომ ცუდი ჩვევები დაგიბრუნდეთ

„გავიმარჯვე! როგორც იქნა, ბრძოლა დასრულდა!“

ამ სიტყვებით გამოხატა თავისი გრძნობა გამარჯვებულმა ადამიანმა, რომელიც არასასურველ ჩვევას ებრძოდა და რომელმაც სძლია მას.

რამდენად ეტკინებოდა გული ამ ადამიანს, თუ ეს ჩვევა კვლავ გაახსენებდა თავს! რამდენად სამწუხარო იქნებოდა იმის აღმოჩენა, რომ ცუდი ჩვევა, რომელიც სჯეროდა, რომ სამუდამოდ მოიშორა, მოულოდნელად მთელი ძალით კვლავ შემოუბრუნდა!

შეიძლება თქვენც დაბრუნებიხართ იმ ცუდ ჩვევას, რომლისგანაც გათავისუფლება ასე გწყუროდათ. თუ ასეა, შეიძლება უკვე ეჭვი გეპარებათ, რომ ოდესმე შეძლებთ არასასურველი მოქმედების სამუდამოდ მოშორებას. არასასურველ მოქმედებებში შეიძლება ბევრი რამ შედიოდეს: უზომოდ ჭამა, ტკბილეულზე გაგიჟება, ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ყიდვის მანია, დაგვიანების ჩვევა, აზარტული თამაში, სიგარეტის მოწევა და სხვა მრავალი რამ.

„რატომ დამიბრუნდა ცუდი ჩვევა, როდესაც ვფიქრობდი, რომ უკვე გავიმარჯვე?“

შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ, თუ ცუდი ჩვევის დასაძლევად პირველი ნაბიჯები გადადგით, მისი მოშორება ადვილი იქნება. მაგრამ სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ეს ხშირად ასე არ არის.

ერთ წიგნში ავტორები რ. ჰოდგსონი და პ. მილერი აღნიშნავენ: „რეციდივი ყველაზე ხშირად მკურნალობის დამთავრებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ხდება. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მწეველთა, ალკოჰოლიკთა და ნარკომანთა დაახლოებით 66 პროცენტი ძველ ჩვევას, მისი მოშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, 90 დღის ფარგლებში დაუბრუნდა. მაგრამ მათ, რომლებმაც შეძლეს ძველი ჩვევის უკუგდება პირველი სამი—ექვსი თვის განმავლობაში, შესანიშნავად შეძლეს შემდგომშიაც მასზე უარის თქმა“ (Selfwatching).

რატომ არსებობს ცუდი ჩვევების დაბრუნების საშიშროება მას შემდეგ, რაც მისი მოშორებიდან თვეები — ან ზოგჯერ წლებიც — კია გასული? მათი ამოტივტივების ერთ-ერთი მიზეზი გარკვეული ცხოვრებისეული სირთულეების ზემოქმედებაა; მსგავს შემთხვევებში ზოგ ცუდ ჩვევას წარსულში დროებითი შემსუბუქება მოჰქონდა. ამგვარად, მას შემდეგაც კი, როდესაც ფიქრობთ, რომ არასასურველ ჩვევას სძლიეთ, რთულ მდგომარეობაში ჩავარდნისას — მაგალითად, ფინანსური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წამოჭრისას, სხვადასხვა საკითხში იმედგაცრუებისას — ფრთხილად იყავით! შეიძლება ცუდმა ჩვევამ კვლავ იჩინოს თავი! როდესაც რაღაცა გულს გიწვრილებთ ან მარტოობის გრძნობა გაწუხებთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაძლეული ცუდი ჩვევა კვლავ ეცდება დაბრუნებას.

რეციდივის მეორე მიზეზი შეიძლება სოციალური ზეწოლის ქვეშ მოქცევა, ვინმესთან კონფლიქტი, უარყოფითი ემოციები ან ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნა იყოს, როდესაც ცდუნება ძალზე დიდია.

როგორ ავირიდოთ რეციდივები

არასასურველ ჩვევასთან თავიდან წარმატებით გამკლავების შემდეგაც კი აუცილებელია, განაგრძოთ იმ ტაქტიკის გამოყენება, რომელიც თავიდან ამ ცუდი ჩვევის მოშორებაში დაგეხმარათ. ამ ტაქტიკის გამოყენება გამუდმებით შეიძლებოდა; ან საკმარისი იქნებოდა მათი გახსენება დროდადრო, მაშინ როდესაც სტრესულ მდგომარეობაში ან დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებოდით.

მაგალითად, როდესაც წონაში დაკლებას ცდილობდით მიღწეული წარმატების შესამოწმებლად ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად აწონვის შემდეგ, ალბათ, გარკვეულ ჩანაწერებს აკეთებდით. ეს მეთოდი პრაქტიკულია ცუდი ჩვევის დაძლევის დროსაც და მისი გამოყენება უნდა განვაგრძოთ მას შემდეგაც კი როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ საშიშროებამ ჩაიარა.

აგრეთვე კარგი იქნებოდა გამოგენახათ რაიმე საშუალებები, რათა ცუდი ჩვევების დაძლევის მცდელობისას წარმატებების მიღწევის შემთხვევაში საკუთარ თავს დაიჯილდოებდით. იმის მოფიქრება, თუ რას აირჩევდით ჯილდოდ თქვენი თავისთვის, რეციდივის არიდებაში დაგეხმარებოდათ. ან ჩვევის დაძლევისას დახმარებისთვის მიგიმართავთ თუ არა მეგობრისთვის? მიეცით მას იმის საშუალება, რომ ცუდი ჩვევის დაძლევაში დაგეხმაროთ.

კიდევ რა ტაქტიკა დაგეხმარებოდათ რეგრესის არიდებაში, განსაკუთრებით კი ძლიერი ზეწოლის ქვეშ ყოფნისას?

დაკავდით რაიმე საქმით

დ-რ რ. სტიუარტი, წონაში დაკლების საერთაშორისო კლუბის ფსიქოლოგიის განყოფილების დირექტორი, წონაში დაკლების მსურველებს ურჩევს: „ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რაც გიტაცებთ. მაგალითად, ხელობაზე ან ჰობიზე. თუ შესაძლებელია, ყოველთვის მზად გქონდეთ სამუშაო ადგილი და იარაღები, რათა საჭიროების შემთხვევაში შეგეძლოთ საქმიანობის დაწყება“. შეიძლება მსგავსი ტაქტიკა თქვენც გამოგადგეთ.

დიახ, ცუდი ჩვევის ადგილი ჯანსაღ საქმიანობას დაუთმეთ. გახსოვდეთ, რომ ეს ჩვევა, ალბათ, სტრესულ სიტუაციებში გარკვეულ სიმშვიდეს გაძლევდათ, ამიტომ მის შემცვლელად ისეთი რამ უნდა გამოიყენოთ, რაც ეფექტურად მოემსახურება იმავე დანიშნულებას. შეგიძლიათ რაიმე წაიკითხოთ, ივარჯიშოთ, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრათ, ხატოთ ან მეგობრებთან წახვიდეთ სტუმრად. ახლავე დაიწყეთ პოტენციური შემცვლელების ჩამოწერა. ხაზი გაუსვით მათ, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და ისევე ხშირად გამოიყენეთ ისინი, როგორც ცუდ ჩვევას გამოიყენებდით. ამგვარი მოქმედება დაგეხმარებათ, რომ სტრესული მდგომარეობის შექმნისას ძველი ჩვევის ნაცვლად შემცვლელი გამოიყენოთ. საბოლოოდ შემცვლელი საშუალებები უკვე თვითონ იქცევა ჩვევად და ამასთანავე — კარგ ჩვევად!

გულგატეხილობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვნება

ჩვევებისთვის მიმართვის ცდუნება შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს მაშინ, როდესაც გარკვეული ზეწოლის ქვეშ ექცევით; ამიტომ შეგიძლიათ თუ არა თქვენს ცხოვრებაში ზოგი სიტუაციის ისე შეცვლა, რომ ეს ზეწოლა შეამციროთ? მაშინაც კი, როდესაც ზოგი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, გულგატეხილობის არიდების მიზნით, შეგიძლიათ ისწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა.

ხშირად გულგატეხილობის ძალას სათანადოდ ვერ აფასებენ. ბიბლიური იგავი ამბობს: „კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?“ (იგავნი 18:14). რა ჭეშმარიტი სიტყვებია! ხშირად პრობლემა კი არ გვასუსტებს, არამედ ამ პრობლემით გამოწვეული გულგატეხილობა.

სხვა ბიბლიურ იგავში იგივე აზრი ასეა გადმოცემული: «თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი [„გული გაგიტყდა“ აქ], მცირე ყოფილა შენი ძალა [„ძალა გამოგეცლება“ აქ]» (იგავნი 24:10). აულაგმავმა უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება დაგასუსტოთ. მათი ზემოქმედებისას მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეიძლება ადვილად დაუბრუნდეთ წარსულ ცუდ ჩვევებს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ებრძოლოთ გულგატეხილობას!

მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა მცდელობის მიუხედავად, მაინც უკუსვლა განიცადეთ?

დროებითი წაბორძიკება და აბსოლუტური რეციდივი

რა ადვილია იფიქროთ: „ვერ გავუმკლავდი პრობლემას; ჩემი მცდელობა ამაოა“. მოიშორეთ ასეთი განწყობილება. დროებით წაბორძიკებას, ან არაერთ წაბორძიკებასაც კი, ნუ მისცემთ იმის საშუალებას, რომ ბრძოლაზე ხელი აგაღებინოთ.

განვიხილოთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ვთქვათ, ადიხართ კიბის საფეხურებზე; უცებ წაბორძიკდით და ერთი ორი საფეხურით უკან აღმოჩნდით; იფიქრებდით ამ შემთხვევაში: „მოდი ბოლომდე ჩავალ და თავიდან ამოვალ“? რა თქმა უნდა, არა! მაშ რატომღა უნდა იმსჯელოთ ასე არასწორად, როდესაც საქმე ცუდი ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება?

წაბორძიკებას ხშირად თან სდევს დანაშაულის გრძნობა. ამ გრძნობებს კიდევ უფრო ამძაფრებს ფიქრი იმაზე, რომ ცუდი, სუსტი ნებისყოფის ადამიანი ხართ და კარგს არაფერს იმსახურებთ. ყოველნაირად ეცადეთ, არ გააზვიადოთ თქვენი დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგეცლებათ ძალა, რომელიც ასე გჭირდებათ ბრძოლის განახლებისთვის. გახსოვდეთ: დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, იესო ქრისტე, ცოდვილთა სახსნელად მოვიდა და არა სრულყოფილთა. ასე რომ, დღეს შეუცდომელი არავინაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დანაშაულის გრძნობა შეიძლება ვინმემ მოსახერხებელ საფარად გამოიყენოს და კვლავ განაგრძოს არასწორად მოქმედება. თავიანთ წიგნში, რომელშიც უარყოფით აზროვნებაზე იყო საუბარი, ავტორებს პ. მაკუილიამზსა და ჯ. როჯერს მოჰყავთ შედეგები, რომლებიც შეიძლება ასეთ აზროვნებას მოჰყვეს: «დანაშაულის გრძნობა. . . საშუალებას გვაძლევს ისევ ისე მოვიქცეთ. როდესაც „დანაშაულის“ „საფასურს“ ვიხდით, სრულ თავისუფლებას ვგრძნობთ მის კვლავ ჩასადენად და ასე განვაგრძობთ მანამ, სანამ მზად ვართ ამ „საფასურის“ გადასახდელად. რა საფასურზეა აქ ლაპარაკი? გამძაფრებულ დანაშაულის გრძნობაზე“ (You Can’t Afford the Luxury of a Negative Thought).

დროებით წაბორძიკებას არ უნდა მისცეთ იმის საშუალება, რომ წაგაქციოთ. გახსოვდეთ, რომ საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია ჩვევის დაძლევა და არა ის, თუ რამდენჯერ წაბორძიკდებით.

ამასთან დაკავშირებით, გონივრულია წინასწარ გადაწყვიტოთ, რა ტაქტიკას უნდა მიმართოთ, რათა ძველ ჩვევას არ დაუბრუნდეთ. მსგავსი დაგეგმვა ცუდი ჩვევის დაბრუნებას ძირშივე აღმოფხვრის.

შესაძლებელია და ღირს კიდეც!

აღსანიშნავია, რომ ცუდი ჩვევის წინააღმდეგ ბრძოლა თავიდან მტკივნეული პერიოდის ატანაზე მეტს ნიშნავს. მასში არასასიამოვნო მომენტების ატანაც შედის, რათა საბოლოოდ არ დავუბრუნდეთ ცუდ ჩვევას.

რთულია? გეთანხმებით, მაგრამ სავსებით შესაძლებელია. ტაქტიკა, რომელიც ცუდი ჩვევის მოსაშორებლად გამოიყენეთ, თუ მის გაგრძელებას კვლავ მიმართავთ, რეციდივების არიდებასა და დაძლევაშიც დაგეხმარებათ. რა უდიდეს სარგებლობას მოგიტანთ ასე მოქმედება? საკუთარი თავისადმი პატივისცემას, რაც ნამდვილად ღირებული ჯილდოა. აგრეთვე ნაცნობებიც, ალბათ, ამის შემდეგ უფრო მეტად დაგაფასებენ.