არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი მუმიის აღმოჩენა

„არქეოლოგების ცნობით, ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოს უზარმაზარ სამარხში აღმოჩენილ იქნა, სულ მცირე, 200 მუმია, რომელთაგან ზოგს ოქროს ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული“, — გადმოსცა BBC-მ. სამარხი აღმოაჩინეს ოაზისის მახლობლად, ქალაქ ელ-ბავიტში, რომელიც კაიროს სამხრეთ-დასავლეთით, მისგან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ეგვიპტის შუა აღმოსავლეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამარხში შეიძლება 10 000-ზე მეტი მუმია იყოს. ტერიტორიას ახალი სახელი, მუმიების ველი, უწოდეს. სამარხის სიგრძე 10 კილომეტრია. ვარაუდობენ, რომ ის 2000 წლისაა და ადრინდელი საბერძნეთ-რომის ეპოქის დროინდელია. აღმოჩენილი მუმიებიდან ზოგი ზეწარში იყო გახვეული, ზოგიც თაბაშირში ჩადებული და ბევრ მათგანს ოქროს ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული, რომელზეც „გულმკერდის არეში ძველი ეგვიპტის ღვთაებების ბრწყინვალე ორნამენტები იყო ამოტვიფრული“, — აღნიშნავს ზაჰი ჰავასი.

აფრიკაში ეპიდემიები მძვინვარებს

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მცდელობა, აფრიკაში წლის ბოლოსთვის მთლიანად აღმოეფხვრა პოლიომიელიტი, წარმატებით ვერ გვირგვინდება — აღნიშნავს Cape Times. ანგოლაში ომი პოლიომიელიტის ეპიდემიის მიზეზი გახდა. სამხრეთ აფრიკის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორის, ნეილ კამერონის, სიტყვების თანახმად, ანგოლაში პოლიომიელიტის აღმოფხვრას დაახლოებით კიდევ ათი წელი დასჭირდება. გარდა ამისა, ანგოლას მეზობელ ქვეყნებში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ნამიბიაში, ცდილობენ, გაუმკლავდნენ ცხელებას, რომელიც ებოლას ჰემორაგიული ცხელების მსგავსია, და შავი ჭირის ბუბონური ფორმის შემოტევას. კონგოსა და ეთიოპიაში, ნიგერსა და ნიგერიაში კეთრის პრობლემა ჯერაც არ მოხსნილა. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ კონტინენტის უმეტეს ნაწილში მალარია ჯერ ისევ მრავალს აავადებს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის და როგორც კამერონი აღნიშნასვს: „ამ დაავადებებს სახელმწიფო საზღვრები სულაც არ აკავებს“.

„სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სუბსტანცია“

„წყალი სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი სუბსტანციაა, ვინაიდან სხეულის უმეტეს ნაწილს სითხე წარმოადგენს“ — აღნიშნავს გაზეთი „ტორონტო სტარი“. წყლის 20 პროცენტის დაკარგვაც კი ორგანიზმისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს“. წყალი არა მარტო სხეულის ტემპერატურას არეგულირებს, არამედ «ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს შორის სისხლის მეშვეობით საკვები ნივთიერებებისა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების ტრანსპორტირებას ახდენს. სახსრებში არსებული წყალი ძვლებისთვის „გამპოხველ“ საშუალებას წარმოადგენს, ნაწლავებში არსებული კი შეკრულობის განვითარებას უშლის ხელს». ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად საშუალოდ ორი, სამი ლიტრი წყალი სჭირდება. ყავის, გაზიანი წყლების ან ალკოჰოლის სმამ შეიძლება გაზარდოს სასმელ წყალზე ორგანიზმის მოთხოვნილება, ვინაიდან ეს სასმელები დეჰიდრატაციას უწყობენ ხელს. დიეტოლოგის აზრით, წყლის დალევის შემხსენებლად წყურვილი არ უნდა გვემსახურებოდეს, რადგან წყურვილის შეგრძნებისას ჩვენი ორგანიზმი შეიძლება უკვე დეჰიდრირებული იყოს. გაზეთი აღნიშნავს, რომ „დღის განმავლობაში ყოველ საათში თითო ჭიქა წყლის დალევა, წყალზე ადამიანთა უმეტესობის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს“.

სამუშაოზე თვლემა

„კანადის ზოგ საქმიან წრეში ესმით, რომ სამუშაოზე ჩათვლემა სასარგებლოა“ — აღნიშნავს გაზეთი „ტორონტო სტარი“. დამსაქმებლებმა ღამის ცვლაში მომუშავეთათვის „ძალების აღსადგენი ოთახები“ შემოიღეს. „ოთახებში მკრთალი სინათლეა, ცივა და სიჩუმეა. მათში არის მაღვიძარები, ტახტები და კომფორტაბელური სავარძლები“ — აღნიშნავს „ტორონტო სტარი“. „ძველი იდეების მოშორება ძნელია. ის კომპანიები კი, რომლებსაც აქვთ ჩასათვლემი ოთახები, არ ცდილობენ თავიანთი იდეების აფიშირებას“. მარიამ პერუჯინი, ოტავას ძილის დარღვევების ცენტრის ძილის კლინიკის თანამშრომელი, აღნიშნავს: „ჩვენი სამუშაო საათების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა დაძაბულობა და ჩვენც ხელს ვუწყობთ ამ დაძაბულობის ზრდას. ამიტომ სასარგებლო იქნებოდა ყოველდღიურად ძილისთვის 20 წუთის გამონახვა. ასე მოქმედება საგრძნობლად გააუმჯობესებდა პროდუქტიულობას და შეამცირებდა დაძაბულობას“.

ყინულოვანი საფარის შემცირებით შექმნილი საფრთხე

პოლარული წრის მიღმა მდებარე, მსოფლიოში უდიდესი ყინულოვანი საფარი 40 წელიწადში გაქრება, თუ მისი დნობა იმავე ტემპით გაგრძელდება, როგორითაც დღეს ხდება — გვაუწყებს ლონდონის გაზეთი (The Sunday Telegraph). გლობალური დათბობისა და დაბალ განედზე მდებარეობის გამო ჰიმალაის 15 000 ყინულოვან საფარს საფრთხე ემუქრება. განგორტის ყინულოვანმა საფარმა, მდინარე განგის წყლის ერთ-ერთმა წყარომ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში თითქმის ერთი მესამედით დაიკლო. სიედ ჰასანი, ყინულოვანი საფარების შემსწავლელი, გვაფრთხილებს, რომ, თუ ეს პროცესი იმავე ტემპით გაგრძელდება, „ისეთი მდინარეები, როგორიცაა განგი, ინდი და ბრაჰმაპუტრა, რომლებიც თავიანი წყლების 70—80 პროცენტს თოვლისა და ყინულოვანი საფარისგან იღებენ, დაშრება“. ამას კი „ეკოლოგიური უბედურება“ მოჰყვება, გვაფრთხილებს ის. რაც დრო გადის, ნიაღვრების გაჩენის საშიშროება უფრო და უფრო იზრდება. ყინულოვანი საფარის დნობის შედეგად გაჩენილი ტბების სანაპიროებზე არამდგრად კედლად არის აღმართული ყინულის გროვები, ლოდები და სილა. დნობის გაგრძელების შემთხვევაში ეს კედელი დაიმსხვრევა და გადმოსკდება ნიაღვარი, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს.