არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ავარიდო თავი საფრთხეს ინტერნეტით სარგებლობის დროს?

როგორ ავარიდო თავი საფრთხეს ინტერნეტით სარგებლობის დროს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ავარიდო თავი საფრთხეს ინტერნეტით სარგებლობის დროს?

წარმოიდგინე, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ბიბლიოთეკაში ხარ. შენს განკარგულებაშია სხვადასხვაგვარი წიგნები, გაზეთები, კატალოგები, ფოტოსურათები და აუდიო ჩანაწერები, ფაქტობრივად, ყველა თემაზე. ძალიან ადვილად შეგიძლია ნებისმიერი უკანასკნელი ინფორმაციის გაგება და ასევე გასული საუკუნეების უამრავი ლიტერატურის წაკითხვა.

სწორედ ინტერნეტს შეუძლია შენთვის ასეთი ინფორმაციის მოწოდება. ინტერნეტი შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, იჯდეს საკუთარ კომპიუტერთან და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიიღოს ინფორმაცია ან თავად მიაწოდოს სხვა კომპიუტერებს და მათ მომხმარებლებს *. ის თავის მომხმარებელს პროდუქციის გაყიდვის, შესყიდვის, საბანკო საქმეების წარმოების, სხვებთან საუბრის, უახლესი მუსიკალური ჩანაწერების მოსმენის შესაძლებლობას აძლევს და ყველაფერი ეს საკუთარ სახლში ყოფნისას არის შესაძლებელი.

ამიტომ გასაკვირი არ არის ის, რასაც ზოგი სპეციალისტი წინასწარმეტყველებს — რომ 2000 წლის ბოლოსთვის 320 მილიონზე მეტი ადამიანი ისარგებლებს ინტერნეტით. ასე რომ, მსოფლიოს ბევრ კუთხეში ინტერნეტით სარგებლობა ჩვეულებრივი რამ გახდა. რადგანაც სკოლები და ბიბლიოთეკები აქტიურად უჭერენ მხარს იმ აზრს, რომ ინტერნეტით სარგებლობა აუცილებელია, მილიონობით ახალგაზრდას აქვს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 12-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის 65 პროცენტი უკვე სარგებლობს მისით ან ახლა ერთვება მასში.

მართებულად გამოყენების შემთხვევაში ინტერნეტს შეუძლია მთელი რიგი სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება ამინდის პროგნოზთან, მოგზაურობასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. მისი საშუალებით შეგიძლია წიგნების, მანქანის ნაწილებისა და სხვა საგნების შეძენა. ბევრი მას სკოლის გაკვეთილების მოსამზადებლადაც იყენებს.

თუმცა ინტერნეტის გამოყენება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, ის შეიძლება შევადაროთ იმ ბიბლიოთეკას, რომელსაც არც ბიბლიოთეკარები ჰყავს და არც სხვა მეთვალყურეები. ზოგი შეიძლება მშვიდად ათვალიერებდეს ინტერნეტს, რადგან მათ გარშემო არავინ არის. მაგრამ ეს ერთ-ერთი უდიდესი საშიშროებაა ინტერნეტით სარგებლობის დროს. რატომ? იმიტომ, რომ უამრავი ვებ საიტი (Web site) ისეთ მასალას შეიცავს, რაც ზნეობრივად გამხრწნელი და სულიერად დამღუპველია. ამიტომ ინტერნეტით სარგებლობის დროს ახალგაზრდა ქრისტიანები შეიძლება ცდუნების წინაშე აღმოჩნდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები ხომ ცნობისმოყვარენი არიან; სატანა ეშმაკი კი თავისი მიზნის მისაღწევად უკვე დიდი ხანია სარგებლობს მათი ხასიათის ამ თავისებურებით. უდავოა, რომ სატანამ ევას ცნობისმოყვარეობით ისარგებლა და მზაკვრულად შეაცდინა (2 კორინთელთა 11:3).

ასევე ახალგაზრდა ქრისტიანი ადვილად შეიძლებოდა ცდუნებულიყო მავნე ინფორმაციის მიღებით, თუ არ იქნებოდა გადაწყვეტილებით აღსავსე თავისი სულიერობის შესანარჩუნებლად. ერთ სტატიაში ახსნილია: «ინტერნეტი არის ინტერესის აღმძვრელი საქმიანობის ახალი სფერო, სადაც მოწინავე მუშაკები ახლებური მეთოდით ავრცელებენ უკანასკნელ ინფორმაციებს. მაგრამ პედოფილები, თაღლითები, ფანატიკოსები და სხვა საშინელი კატეგორიის ადამიანებიც „დაეხეტებიან“ ვებ საიტებში» (Better Homes and Gardens).

ერთი ახალგაზრდა, სახელად ხავიერი, ამბობს *: „ზოგი ვებ საიტი შემაძრწუნებელია. ის შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უცაბედად გამოჩნდეს ეკრანზე“. ის დასძენს: „ამ გვერდების შემქმნელები შენს შეტყუებას ცდილობენ. მათ შენი შეცდენა სურთ, რომ ფული გამოგტყუონ“. ახალგაზრდა ქრისტიანი, ჯონი, აღიარებს: „თუ ერთხელ მაინც ყურადღება მიაქციე არასასურველი შინაარსის მასალას, რთულია შეჩერება, რადგან ძალიან მაცდუნებელია“. ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა არაერთხელ „სტუმრებია“ ასეთ არასასურველ ვებ საიტებს, რის გამოც სერიოზული პრობლემები შექმნიათ. ზოგმა იეჰოვასთან ურთიერთობაც კი გაიფუჭა. როგორ შეიძლება, თავი ავარიდოთ ასეთ შედეგს?

‘ამაოების ცქერა’

ზოგჯერ ვებ საიტის მისამართი აშკარად ცხადყოფს, რომ ის არასასურველ მასალას შეიცავს *. იგავნის 22:3-ში შემდეგი გაფრთხილებაა: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“.

თუმცა ხშირ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ადამიანები შეიძლება სრულიად შემთხვევით წააწყდნენ არასასურველი შინაარსის მქონე საიტს. „ჰოუმ ფეიჯი“ (მთავარი გვერდი) შეიძლება სენსაციურ მასალას შეიცავდეს, რომელიც მის შემქმნელებს ისე აქვთ შედგენილი, რომ ინტერესი აღგიძრან მის ღრმად გამოსაკვლევად და ამ გვერდზე არაერთხელ დასაბრუნებლად *.

კევინი ყვება, რა დაემართა ერთ მის მეგობარს: „მას ხშირად საქმე არ ჰქონდა და ცნობისმოყვარეობით აღძრული ინტერნეტში იქექებოდა ხოლმე. მალე პორნოგრაფიული მასალის შემცველი საიტის მონახულება ჩვევაში გადაეზარდა.“ საბედნიეროდ, ამ ახალგაზრდა ქრისტიანმა უხუცესს მიმართა, რომელმაც დახმარება აღმოუჩინა.

გაქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რას გააკეთებ ასეთ საიტებში მოხვედრისას? ნათელია, რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ასეთ შემთხვევაში — მაშინვე უნდა გამოვიდეს ამ საიტიდან ან საერთოდ დახუროს ინტერნეტის ფანჯარა! მიბაძე ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელმაც ღმერთს ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას“ (ფსალმუნი 118:37; შეადარე იობი 31:1). გახსოვდეს, რომ მაშინაც კი, თუ სხვა არავინ გვაკონტროლებს, შეუმჩნეველი არ ვრჩებით. ბიბლია შეგვახსენებს, რომ ყველაფერი „გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4:13).

მშობლებთან ან სხვა მოწიფულ ქრისტიანებთან საუბარი განამტკიცებს შენს გადაწყვეტილებას, მეტად აღარ მიმართო არასასურველ საიტებს. ჭაობში რომ მოხვედრილიყავი, განა გონივრული იქნებოდა მანამდე არ მოგეხმო მშველელისთვის, სანამ ყელამდე არ ჩაეფლობოდი?

რა შეიძლება ითქვას ინტერნეტის ქსელით სხვებთან ურთიერთობის შესახებ?

ინტერნეტში არსებული „ჩეთ რუმები“ (სალაყბო ოთახები) მსოფლიო მასშტაბით ყველა მომხმარებელს ერთმანეთთან სწრაფად დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. გარკვეული ფირმები ერთმანეთთან საქმიან ურთიერთობებს ამყარებენ და კლიენტებს ინფორმაციას აწვდიან. ინტერნეტის ზოგი „ჩეთ რუმი“ მომხმარებელს ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს ტექნიკური საკითხების, მაგალითად, ავტომობილის შეკეთების ან კომპიუტერის დაპროგრამების შესახებ. ზოგი „ჩეთ რუმი“ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირების საშუალებას აძლევს და საჭირო აღარ ხდება შორ მანძილზე ტელეფონით დაკავშირება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს ამ საშუალების გამოყენება, არსებობს თუ არა ამ მხრივ რაიმე საშიშროება?

რადგან შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, საზოგადოებრივ „ჩეთ რუმებთან“ დაკავშირებისას აუცილებელია წინდახედულობის გამოვლენა. მწერალი ლია როზენი აღნიშნავს: „კომპიუტერულ ტექნიკაში კარგად გაწაფული ახალგაზრდები ქსელის საშუალებით საათობით საუბრობენ უცხო ადამიანებთან, რომლებიც მათი ქვეყნიდან ან მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან. სამწუხაროდ, ზოგი უცხო ადამიანი, რომლებსაც მოზარდები ესაუბრებიან, შეიძლება უკუღმართი აზროვნების მქონე უფროსები აღმოჩნდნენ, რომლებიც სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით ბავშვებზე ნადირობენ“. ერთ პუბლიკაციაში ასეთი რჩევა იყო მოცემული: „უდიდესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ“, როცა საზოგადოებრივ „ჩეთ რუმებს“ უკავშირდებით (Popular Mechanics). უცხო ადამიანთან გაცნობამ ან მისთვის მისამართის მიცემამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნას. რატომ უნდა დააყენო საკუთარი თავი ასეთი საშიშროების წინაშე?

უფრო ფარული, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, საშიშროება არსებობს, როცა შეიძლება ისეთ არასასურველ საზოგადოებაში აღმოჩნდე ჩათრეული, რომელიც პატივს არ სცემს ბიბლიურ პრინციპებს *. როგორც მკვლევარები ამბობენ, მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც „ჩეთ რუმებში“ საუბრობენ, ყურადღებას ძირითადად სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს უთმობენ. ამ შემთხვევაში 1 კორინთელთა 15:33-ში მოცემული ბიბლიის რჩევა დროულია: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“. იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელთანაც კომპიუტერული ქსელის მეშვეობით შეიძლება დაკავშირება, სახიფათოა. ნუთუ გონივრული იქნებოდა, ღვთისმოშიშ ახალგაზრდას წინდახედულება არ გამოეჩინა და ასეთ საფრთხეში ჩაეგდო თავი?

თავდაცვა

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ, რასაც ინტერნეტი გვთავაზობს, შეიძლება სახიფათო იყოს, აუცილებელია წინდახედულობა. ზოგი ოჯახი შესამჩნევ ადგილზე დგამს კომპიუტერს, მაგალითად, მისაღებ ოთახში. მათ შეიძლება წესადაც ჰქონდეთ დადგენილი, მხოლოდ მაშინ ისარგებლონ ინტერნეტით, როცა ოჯახის სხვა წევრებიც იქნებიან სახლში. თუ შენი მშობლებიც მსგავს წესებს ადგენენ, დაემორჩილე მათ (იგავნი 1:8). გარკვეული წესების დადგენა მათი სიყვარულის მაჩვენებელია.

წინდახედულობის გამოვლენა აუცილებელია ელექტრონული ფოსტით სარგებლობის დროსაც. ქრისტიანი ახალგაზრდები ფრთხილობენ, რომ მეტისმეტად არ იყვნენ გატაცებული ელექტრონული ფოსტის უამრავი წერილის წაკითხვით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათში მოცემული ინფორმაციის უმეტესობა არაფრისმომცემი და არასწორია. ელექტრონული ფოსტის დაუდევარმა გამოყენებამ შეიძლება ის ძვირფასი დრო დაგაკარგვინოს, რომელსაც სკოლის გაკვეთილების მომზადებასა და სულიერ საქმიანობებს დაუთმობდი.

თუ სკოლის გაკვეთილების მოსამზადებლად აუცილებელია ინტერნეტის გამოყენება, რატომ არ გამოარკვევდი, რამდენი დრო მიაქვს ქსელში მუშაობას? ეცადე, წინასწარ განსაზღვრო, რამდენი დრო დაგეხარჯება; გამოიყენე მაღვიძარა, რათა შეგახსენოს, როცა საამისოდ განკუთვნილი დრო ამოიწურება. ტომი გვირჩევს: „ზუსტად განსაზღვრე, რას დაუწყებ ძებნას, და მკაცრად მიჰყევი ამ გეგმას იმისდა მიუხედავად, რაოდენ საინტერესოც უნდა იყოს სხვა შემოთავაზებები“.

მეფე სოლომონმა თქვა: „ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს“ (ეკლესიასტე 12:12). ნამდვილად მართებულია ამ სიტყვების მხედველობაში მიღება ინტერნეტთან დაკავშირებით. ისე ნუ გაგიტაცებს სხვადასხვა ფაქტისა და მონაცემის ძებნა, რომ უგულებელყო ბიბლიის პირადი შესწავლა და ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის მიღება (მათე 24:14; იოანე 17:3; ეფესელთა 5:15, 16). ისიც გახსოვდეს, რომ, თუმცა კომპიუტერის საშუალებით შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელიც იყოს ურთიერთობა, თანაქრისტიანებთან პირისპირ ურთიერთობას მაინც არაფერი შეედრება. ასე რომ, თუ ნამდვილად გესაჭიროება ინტერნეტით სარგებლობა, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღე, რომ მას გონივრულად გამოიყენებ. თავი აარიდე სახიფათო ვებ საიტებს და ქსელში მუშაობისას ნუ დაკარგავ მეტისმეტად ბევრ დროს. „დაიცავი შენი გული“ (აქ) და ნურასოდეს დაემონები ინტერნეტს (იგავნი 4:23).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ სტატიების სერია „გესაჭიროებათ ინტერნეტში ჩართვა?“ 1997 წლის 22 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.).

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 11 ვებ საიტის მისამართი, რომელიც ამა თუ იმ ვებ საიტთან გვაკავშირებს, შეიძლება სხვადასხვა ასო-ნიშნისგან შედგებოდეს. ზოგჯერ მისამართები განსაზღვრულ სიტყვებს შეიცავს, რაც აშკარად გვიჩვენებს, რა სახის ვებ საიტთან გვაქვს საქმე.

^ აბზ. 12 ინტერნეტის „ჰოუმ ფეიჯი“ ელექტრონული „ვიტრინის“ მსგავსია. ის მიანიშნებს საიტის შინაარსზე, მის შემქმნელზე და ასე შემდეგ.

^ აბზ. 19 ასეთი საშიშროების წინაშე შეიძლება ის კეთილმოსურნე ქრისტიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც სულიერი საკითხების სხვებთან განხილვის მიზნით მსგავს საზოგადოებრივ „სალაყბო ოთახებს“ ქმნიან. ზოგჯერ ასეთ საუბრებში უპატიოსნო ხალხი და განდგომილები ერთვებიან, რომლებიც ეშმაკური მეთოდებით ცდილობენ სხვების გადაბირებას იმით, რომ მათ თავიანთი არაბიბლიური შეხედულებები მიაღებინონ.

[ჩანართი 20 გვერდზე]

„ზოგი ვებ საიტი შემაძრწუნებელია. ის შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უცაბედად გამოჩნდეს ეკრანზე“.

[სურათი 21 გვერდზე]

ზოგი ოჯახი შესამჩნევ ადგილზე დგამს კომპიუტერს.