უმამო ოჯახები — გამოსავალი არსებობს
უმამო ოჯახები — გამოსავალი არსებობს
თუ დღევანდელი ტენდენცია გაგრძელდება, უმამო ოჯახები მალე ჩვეულებრივი რამ გახდება. „ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამინისტროს“(აშშ) ანგარიშში ნათქვამია: „მარტოხელა მშობლის მიერ აღზრდილი ბავშვების აკადემიური მოსწრება უფრო დაბალია, უფრო მეტი პრობლემები აქვთ ქცევასთან დაკავშირებით, უფრო მეტად ავადდებიან ქრონიკული დაავადებებით და ფსიქიკური დარღვევები ახასიათებთ. . . მარტოხელადედიან ოჯახში ბავშვის გაზრდა დაკავშირებულია ისეთ დიდ საფრთხეებთან, როგორიც არის მოზარდობის დროს ბავშვის გაჩენა, სკოლის მიტოვება [და] დაპატიმრება“.
მაშ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სოციოლოგები, მრჩევლები ოჯახური ცხოვრების საკითხებში, პედაგოგები და პოლიტიკოსებიც კი უიმედოდ ეძებენ გზებს ამ გამანადგურებელი ტენდენციის შესაჩერებლად. უამრავი შეხვედრა მოეწყო სპეციალურად მამაკაცებისთვის მათში მამობრივი სიამაყის გასაღვიძებლად და ოჯახში მამაკაცის ვალდებულების განსასაზღვრავად. მამობის შესახებ წიგნებმა ხომ მთლად წალეკა ბაზარი. ღონისძიებებიც კი გატარდა მამაკაცების იძულებელსაყოფად, რომ თავიანთი პასუხისმგებლობები შეესრულებინათ. შეერთებულ შტატებში „უსაქმურ მამებს“ ასამართლებენ, განსჯიან სატელევიზიო გადაცემებში და ხშირად საჯაროდაც ამცირებენ. მაგრამ ასეთი მცდელობები უმნიშვნელო ნაყოფს იღებს.
სწრაფი მეთოდით მოგვარება?
სასწრაფოდ გადადგმულმა ნაბიჯებმაც შეიძლება მსგავსი შედეგები გამოიღოს. მაგალითად, განქორწინებული ქალი შეიძლება მაშინვე გათხოვდეს სხვაზე, იმ იმედით, რომ ბავშვებს მამა მოუნახოს. მაგრამ ხელმეორედ დაქორწინებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს. ბავშვებს ხშირად ძალიან უჭირთ, ვინმე სხვა მიიღონ მამად. ხშირად კი ამას არასდროს აკეთებენ. ერთი გამოკვლევის თანახმად, „ქალების დაახლოებით ორმა მესამედმა, რომლებიც მამინაცვლიან ოჯახში ცხოვრობდნენ, 19 წლის ასაკამდე დატოვა სახლი. . . მთლიანი ოჯახებიდან კი 50% აკეთებს ამას. თუნდაც წარმატებული ოჯახებისთვის, სადაც ერთ-ერთი მშობელი ღვიძლი არ არის, ზოგჯერ წლებია საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მამინაცვალი შეიყვარონ *.
მსგავსად ამისა, არც მოზარდთა ფეხმძიმობის პრობლემის მოგვარება ხერხდება სწრაფი მეთოდით. მაგალითად, აბორტი ღვთის კანონის დარღვევაა და ახალგაზრდა ქალისგან მოითხოვს სათუთი გრძნობების ჩახშობას პაწაწინა სიცოცხლის მიმართ, რომელიც მასში ვითარდება (გამოსვლა 20:13; 21:22, 23; ფსალმუნი 138:14—16; შეადარეთ 1 იოანე 3:17). როგორ შეიძლება, ამან ემოციური ჭრილობები არ დატოვოს? ბევრის აზრით ბავშვის გაშვილება პრობლემის უფრო ჰუმანური მოგვარებაა, მაგრამ ამანაც შეიძლება დაუტოვოს ემოციური ჭრილობები როგორც დედას, ისე შვილს.
არა, პრობლემების სწრაფი მეთოდით მოგვარება უმამო ოჯახებისთვის გამოსავალი არ არის. დღეს არსებული ტენდენცია მხოლოდ მაშინ შეჩერდება, თუ ადამიანები მოინდომებენ თავიანთი აზროვნების, დამოკიდებულების, ქცევისა და მორალის შეცვლას. ხალხმა რომ უდიდესი ცვლილებების მოხდენა მოიწადინოს, ხმამაღალ სიტყვებსა და პოპულარულ ფსიქოლოგიაზე უფრო მეტი რამ არის საჭირო. ეს „უფრო მეტი“ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოჯახი ღვთის მიერ არის დაარსებული (ეფესელთა 3:14, 15). მან ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდებათ ბავშვებს.
ბიბლიური პრინციპები ეხმარება ოჯახებს
მაგრამ ნამდვილად შეუძლია ბიბლიას, დაეხმაროს ბავშვებს, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი არ ჰყავთ? ნუთუ იმდენად დიდია მათი პრობლემა, რომ გამოსავალი არ არსებობს? სრულებითაც არა! ამ სტატიის დასაწყისში ციტატა მოვიყვანეთ შეერთებული შტატების მთავრობის ანგარიშიდან, სადაც ჩამოთვლილი იყო საფრთხეები, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან. მიუხედავად დამაფიქრებელი სიტყვებისა, ეს ცნობა ასკვნის: „თუმცა აშკარად დასტურდება უდიდესი საფრთხის შესაძლებლობა, გამოკვლევამ აჩვენა, რომ მარტოხელამშობლიანი ოჯახებიდან ბავშვების უმრავლესობა ნორმალურად ვითარდება“. დიახ, უმამობისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები შეიძლება აღმოიფხვრას ან, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში მოხდება ასე, თუ ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ ბავშვების მოვლის დროს.
მარტოხელა მშობლის მხრიდან ეს უდიდეს შრომას მოითხოვს, რომელიც შეიძლება თავიდან უზომოდ ძნელი ჩანდეს. მაგრამ, თუ მსგავს სიტუაციაში ხარ, შეგიძლია ისწავლო იეჰოვა ღმერთზე სრულად მინდობა (იგავნი 3:1, 2). ბიბლიურ დროში ზოგიერთი ქალი ისეთ სამწუხარო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორიც არის ქვრივობა. ასეთების შესახებ ბიბლია ამბობს: „ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს“ (1 ტიმოთე 5:5). გახსოვდეთ, რომ იეჰოვა თავის თავს უწოდებს ‘ობოლთა [უმამოთა] მამას’ (ფსალმუნი 67:6). შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის შეეხიდება ღვთისმოშიშ ქალს შვილის აღზრდაში.
ბავშვებთან ბიბლიის შესწავლის რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვნი საშუალებაა, გაწონასწორებულ, მოწიფულ მოზარდებად რომ აღიზარდონ (მეორე რჯული 6:6—9). იეჰოვას ბევრი მარტოხელა მოწმე მშობელი იყენებს ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის გამოცემულ ისეთ პუბლიკაციებს, როგორიც არის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *. აქ მოცემული ინფორმაცია ეხმარება ახალგაზრდებს, განივითარონ ზნეობრივი ნორმები, რომლებიც დაეხმარება მათ, არ გაიმეორონ თავიანთი მშობლების შეცდომები. როდესაც ბავშვები ეცნობიან იეჰოვა ღმერთს, მათ შეუძლიათ გაიგონ, რომ ჰყავთ ზეციერი მამა, რომელიც ყოველნაირად ზრუნავს მათზე (ფსალმუნი 26:10). ეს დაეხმარება მათ, მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. ბრიტანელი გოგონა, რომლის მშობლებიც დაშორდნენ ერთმანეთს, იხსენებს: „მთელი ამ ხნის განმავლობაში დედა ჩამაგონებდა, რომ საჭირო იყო ლოცვა და მთლიანად იეჰოვაზე მინდობა. ეს ძალიან დაგვეხმარა“.
მამაშვილური ურთიერთობის შენარჩუნება
ბიბლია ნათელს ხდის, რომ ბავშვმა ორივე მშობელს, დედასაც და მამასაც, პატივი უნდა სცეს (გამოსვლა 20:12). და განქორწინებამ არ უნდა დაარღვიოს მამაშვილური ურთიერთობა. თუმცა შეიძლება ყოფილი ქმარი აღარ ცხოვრობს სახლში, ბავშვმა შეიძლება კვლავ ისარგებლოს მასთან თბილი ურთიერთობით *. პრობლემა შეიძლება ის იყოს, რომ დედა გაბრაზებულია ყოფილ ქმარზე და არ სიამოვნებს მისი ურთიერთობა ბავშვთან. როგორ უნდა დასძლიონ ასეთი გრძნობები დედებმა?
ბიბლია იძლევა კარგ რჩევას: „ბრაზმა სასაცილოდ არ გაგხადოს. . . ფრთხილად იყავი, არ მიიქცე ბოროტისკენ“ (იობი 36:18—21). მართალია, არ არის ადვილი იმ ადამიანთან თავაზიანად საუბარი, ვინც გული გატკინათ ან მიგატოვათ. მაგრამ შეეკითხე საკუთარ თავს: «შეუძლია გოგონას მამაკაცისადმი ნდობა ისწავლოს, თუ მას გაუთავებლად ეჩიჩინებით, რომ მამამისი ცუდია? შეიძლება ბიჭი ჩამოყალიბდეს მტკიცე და ვაჟკაცურ პიროვნებად, თუ მას, როცა რამეს დააშავებს, ეუბნებიან: „ზედგამოჭრილი მამაშენი ხარ“? განა შეიძლება ბავშვებს სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ ავტორიტეტზე, თუ ასწავლიან, რომ არაფრად ჩააგდონ მამა ან ეუბნებიან, რომ ის არც კი ნახონ?» ნათელია, რომ მამაშვილური ურთიერთობის გაფუჭება საზიანოა.
შეიძლება გაგიკვირდეთ იმის გაგება, რომ ბიბლია არ განსჯის სამართლიან აღშფოთებას. „განრისხდით, — ამბობს ბიბლია, — ოღონდ ნუ შესცოდავთ“ (ეფესელთა 4:26). განრისხება კი არ არის ცოდვა, არამედ ის, როცა თქვენს პიროვნებას „რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა“ მართავს (კოლასელთა 3:8). ასე რომ, მოერიდეთ ბავშვებთან მამის ლანძღვას. თუ გრძნობთ, რომ გულის დაცლა გინდათ, მიჰყევით ბიბლიურ რჩევას, რომ „სადარდებელი“ გაუზიაროთ ვინმეს, მაგალითად, სანდო მეგობარს და არა საკუთარ შვილებს. (იგავნი 12:25). ეცადეთ, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობილება და ნუ იცხოვრებთ წარსულით (ეკლესიასტე 7:10). ასე მოქცევით ბევრს გააკეთებთ სიბრაზის გასაქარვებლად.
ბოლოს და ბოლოს, გაიხსენეთ, რომ ბიბლია ბავშვს მამის პატივისცემისკენ მოუწოდებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამა სამაგალითოდ არ ასრულებს თავის ვალდებულებას (ეფესელთა 6:2, 3). ასე რომ, დაეხმარეთ შვილებს, მამის ნაკლოვანებებს ობიექტურად შეხედონ. ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც გაყოფილ ოჯახში გაიზარდა, ამბობს: „იმის გამო, რომ მამაჩემს ობიექტურად ვუყურებდი, როგორც არასრულყოფილ ადამიანს, რომელიც ცდება, საბოლოოდ შევურიგდი“. მამისადმი პატივისცემას თუ შეაგონებთ ბავშვებს, ეს დაეხმარება მათ, სწორი შეხედულება ჰქონდეთ თქვენს, როგორც მშობლის ავტორიტეტზე!
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ არ წაშალოთ ზღვარი თქვენსა და შვილებს შორის. ისინი კვლავ ‘დედის რჯულის’ ქვეშ არიან (იგავნი 1:8). ბიჭებმა შეიძლება გადატვირთულად იგრძნონ თავი, თუ მათგან მოელიან ოჯახის მეთაურობას. გოგონებიც შეიძლება იგივე ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუ დედის მესაიდუმლედ ყოფნა უხდებათ. შვილები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ თქვენ, მშობელი, იზრუნებთ მათზე და არა პირიქით (შეადარეთ 2 კორინთელთა 12:14). ასეთ ვითარებაში ისინი თავს მშვიდად იგრძნობენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ოჯახური მდგომარეობა საუკეთესო არ არის.
მამების შემცვლელნი
მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ მამა საერთოდ ჩამოშორდა ოჯახს? ექსპერტების აზრით, ბავშვებს სხვა მამაკაცებთან ურთიერთობითაც შეუძლიათ სარგებლობის მიღება. მაშინ როცა ბიძის ან მეზობლის მიერ გამოვლენილმა მზრუნველობამ შეიძლება რაიმე კარგი შედეგი იქონიოს, ბავშვი განსაკუთრებით დიდ სარგებლობას ქრისტიანულ კრებაში მყოფ მამაკაცებთან ურთიერთობით მიიღებს. იესო დაგვპირდა, რომ კრება ჩვენი მხარდამჭერი ოჯახი იქნებოდა (მარკოზი 10:29, 30).
ბიბლიურ დროში ახალგაზრდა ტიმოთე ღვთის რჩეულ კაცად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რწმენაში მამა მხარს არ უჭერდა. ბიბლია ტიმოთეს მიღწევებში მისი დედისა და ბებიის დიდ ღვაწლს მოიხსენიებს (საქმეები 16:1; 2 ტიმოთე 1:1—5). მაგრამ მან აგრეთვე სარგებლობა მიიღო ქრისტიან მამაკაცთან, მოციქულ პავლესთან, ურთიერთობით. პავლე ტიმოთეს უწოდებდა თავის ‘საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში’ (1 კორინთელთა 4:17). დღესაც ჩვენი მოვალეობაა, ყურად ვიღოთ ბიბლიური რჩევა-დარიგება, „მივხედოთ ქვრივ-ობლებს“ (იაკობი 1:27). ბიბლია მოგვიწოდებს, ‘ვიხსნათ ობოლი [უმამო ბავშვები]’, ასეთებისადმი გულწრფელი, გაწონასწორებული ინტერესის გამოვლენით (იობი 29:12). ახალგაზრდა ქალი, ანეტა, იხსენებს ბავშობისას ქრისტიანი უხუცესის მიერ მისადმი გამოვლენილ გულწრფელ ინტერესს: „შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთადერთი იყო, ვინც ღვიძლი მამის მაგივრობა გამიწია“.
გამოსავალი
ამ პრინციპების გათვალისწინება უმამო ბავშვებს შეიძლება წარმატებების მიღწევაში დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ არა აქვთ უზრუნველი ბავშვობა, ისინი შეიძლება გაწონასწორებული, სასარგებლო ახალგაზრდები გახდნენ და მოსიყვარულე, ერთგული და მზრუნველი მშობლები იყვნენ. მიუხედავად ამისა, სიფრთხილის თვალსაზრისით წინასწარ მიღებული ზომები ბევრად უკეთესია სხვა ნებისმირ წამალზე. დაბოლოს, უმამო ოჯახები შეიძლება აღარ იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მამაკაცები და ქალები ბიბლიას შეუსაბამებენ თავიანთ ცხოვრებას — მაგალითად, ერთგულად დაიცავენ ბიბლიურ კანონს ქორწინებამდელი სექსის აკრძალვის შესახებ და ქმრებისა და ცოლებისთვის დადგენილ ბიბლიურ ნორმებს მიჰყვებიან (1 კორინთელთა 6:9; ეფესელთა 5:21—33).
დღეისათვის ბევრ ბავშვს შეიძლება ჰყავდეს სახლში მამა და მაინც უმამოდ იწოდებოდეს. ერთი ოჯახების ექსპერტი იუწყება: „უდიდესი პრობლემა, რომელიც ხვდება. . . ბავშვებს დღეს, მშობლების მცირე ყურადღებაა“. ღვთის სიტყვა სავსებით ეწინააღმდეგება ასეთ დაუდევრობას. ის მამებს, თავიანთ შვილებთან დაკავშირებით, ასე მიმართავს: „აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4; იგავნი 24:27). როდესაც მამები ბიბლიურ რჩევას მიჰყვებიან, ბავშვებს უპატრონოდ მიტოვების შიში არა აქვთ.
მაგრამ რეალურია გვჯეროდეს, რომ ადამიანების უმეტესობა ხელმძღვანელობისთვის ბიბლიას მიმართავს? საეჭვოა (მათე 7:14). მაგრამ იეჰოვას მოწმეები მილიონებს დაეხმარნენ ოჯახური ბედნიერების პოვნაში ბიბლიის საშინაო შესწავლის პროგრამის მეშვეობით *. რა თქმა უნდა, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არასრულყოფილების გამო ყველა ცოლ-ქმარს ექნება „ხორციელი გაჭირვება“ (1 კორინთელთა 7:28). მაგრამ ისინი, რომლებიც ნამდვილად აფასებენ ღვთის სიტყვას, თავიანთი პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად განქორწინებას არ მიიჩნევენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ქრისტიანი შეიძლება მართებულად მიიჩნევდეს განცალკევებით ცხოვრებას ან განქორწინებასაც კი (მათე 5:32). მაგრამ იმის ცოდნა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს შვილებზე, უბიძგებს მათ ოჯახის დანგრევისგან გადასარჩენი გზები ეძებოს, თუ ეს, საერთოდ, შესაძლებელი იქნება.
ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება არა მარტო დღეს გადაარჩენს თქვენს ოჯახს, არამედ მომავალშიც მოგიტანთ სარგებლობას. ის ყველა თქვენგანისთვის შესაძლებელს გახდის მარადიულად ცხოვრებას! იესომ თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ბიბლიის კითხვა და მასში მოცემული რჩევების გამოყენება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც იმის რწმენას გვმატებს, რომ ჩვენი ოჯახები მარადიულად დაუყოფელი დარჩება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 სასარგებლო რჩევები დედინაცვლებისა და მამინაცვლებისთვის მოცემულია 1999 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“.
^ აბზ. 11 გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
^ აბზ. 13 ეს არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ბავშვს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის საშიშროება ემუქრება.
^ აბზ. 24 წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, რომელიც გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ, მოცემულია ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს. თუ გსურთ ეს წიგნი, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ბიბლიური პრინციპების გამოყენებით მარტოხელა მშობლებს შეუძლიათ წარმატებით აღზარდონ შვილები.
[სურათი 10 გვერდზე]
ქრისტიან მამაკაცებს შეუძლიათ ‘იხსნან უმამო ბავშვები’ მათ მიმართ გულწრფელი და გულითადი ინტერესის გამოვლენით.