არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უმამო ოჯახები — ჩვენი დროის დამახასიათებელი ნიშანი

უმამო ოჯახები — ჩვენი დროის დამახასიათებელი ნიშანი

უმამო ოჯახები — ჩვენი დროის დამახასიათებელი ნიშანი

თქვენი აზრით, დღეისათვის ხალხს რომელი სოციალური პრობლემა აწუხებს ყველაზე მეტად? შეერთებული შტატების გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 80 პროცენტის აზრით ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა „უმამო ოჯახების“ არსებობაა. ამ გამოკითხვის თანახმად გაირკვა, რომ დაახლოებით 27 მილიონი ბავშვი ღვიძლ მამასთან ერთად არ ცხოვრობს და ასეთი ბავშვების რიცხვი სწრაფად იზრდება. გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის მონაცემების თანახმად, 1980 წლის შემდეგ დაბადებულ თეთრკანიან ბავშვთა დაახლოებით 50 პროცენტი „ბავშვობის გარკვეულ პერიოდს მარტოხელამშობლიან ოჯახში გაატარებს, ხოლო, რაც შეეხება შავკანიანებს, — მათგან 80 პროცენტი აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში“. ამიტომაც აღნიშნავს „იუ-ეს-ეი თუდეი“, რომ შეერთებული შტატები „მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა უმამო ოჯახების რაოდენობით“.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში ნათქვამია: „დანგრეული ოჯახების რიცხვის ზრდა მხოლოდ ამერიკის საზოგადოებისთვის არ არის დამახასიათებელი. ასეთი ტენდენცია ყველა მოწინავე ერში, მათ შორის იაპონიაშიც შეინიშნება“ (The Atlantic Monthly). თუმცა სტატისტიკური მონაცემების მოპოვება რთულია, მაინც ნათელია, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყანაც მსგავსი კრიზისის წინაშე დგას. ჟურნალ „უორლდ უოჩის“ თანახმად „მამაკაცები [ღარიბ ქვეყნებში] ხშირად ხელმოკლეობის გამო ტოვებენ ცოლ-შვილს“. კარიბის ერთ-ერთი ქვეყნიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მამების მხოლოდ 22 პროცენტი ცხოვრობდა რვა წლის ასაკის შვილებთან ერთად.

უმამო ბავშვები ბიბლიურ დროშიც იყვნენ (მეორე რჯული 27:19; ფსალმუნი 93:6). მაგრამ იმ დროს ოჯახის უმამოდ დარჩენის მთავარი მიზეზი მამის სიკვდილი იყო. მწერალი დეივიდ ბლენკენჰორნი ამბობს: „დღეს უმამობის მთავარი მიზეზი მამების ოჯახიდან წასვლა გახლავთ“. სინამდვილეში, როგორც შემდგომ დავინახავთ, უმამოდ დარჩენილი ბავშვების რიცხვის ზრდა მიუთითებს, რომ დღეს ბევრი „მოძულე“ ანუ არამოყვარულია. ბიბლიის თანახმად ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—3).

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ბავშვისთვის ოჯახიდან მამის წასვლა საშინელი ტრაგედიაა. მისით იწყება უსაზღვრო ტკივილისა და განადგურების ციკლი, რამაც შეიძლება ძალზე დიდხანს გასტანოს. ამიტომ სტატიათა ამ სერიაში სწორედ ამ ციკლს განვიხილავთ, მაგრამ არა მკითხველთა გულის გასატეხად, არამედ ინფორმაციის მისაწოდებლად, რაც შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს ამ საშინელი ტენდენციის შეჩერებაში.