არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შავი სიკვდილი“ — შუა საუკუნეების ევროპის გამანადგურებელი

„შავი სიკვდილი“ — შუა საუკუნეების ევროპის გამანადგურებელი

„შავი სიკვდილი“ — შუა საუკუნეების ევროპის გამანადგურებელი

ჩვენი კორესპონდენტისგან საფრანგეთში

იდგა 1347 წელი. შავ ჭირს შორეული აღმოსავლეთი უკვე აეოხრებინა და ახლა აღმოსავლეთ ევროპის კარს მისდგომოდა.

მონღოლებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული გენუელთა მიერ დაარსებულ სავაჭრო დასახლება კაფასთვის (ახლანდელი ფეოდოსია, ყირიმი). იდუმალი სნეულებით განადგურებულმა მონღოლებმა იერიში შეწყვიტეს. მაგრამ უკან დახევამდე საშინელი რამ მოიმოქმედეს. ისინი უზარმაზარი ფილაკვნებით შავი ჭირის მსხვერპლთა ჯერ კიდევ თბილ გვამებს ქალაქის გალავნის შიგნით ისროდნენ. როდესაც მოგვიანებით რამდენიმე გენუელი დამცველი თავისი გალერებით გაიქცა უკვე შავი ჭირით მოცული ქალაქიდან, ეს სნეულება გაავრცელეს ყველა პორტში, სადაც კი გაჩერდნენ.

თვეების მანძილზე მთელ ევროპაში სიკვდილი მძვინვარებდა. ის სწრაფად გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, სკანდინავიასა და ბალტიისპირა ქვეყნებში. ორ წელზე ცოტა მეტ ხანში ევროპის მოსახლეობის მეოთხედ ნაწილზე მეტი (დაახლოებით 25 მილიონი სული) იმის მსხვერპლი გახდა, რასაც ეწოდა „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი დემოგრაფიული კატასტროფა“ — „შავი სიკვდილი“ *.

უბედურების მიზეზი

„შავი სიკვდილით“ გამოწვეული ტრაგედია მარტო სნეულებას არ მოიცავდა. ამ უბედურების გაძლიერებას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი; ერთ-ერთი რელიგიური ფანატიზმი იყო. ამის ერთი მაგალითი სალხინებლის შესახებ დოგმატია. „XIII საუკუნის ბოლოსთვის სალხინებელი ყველგან სწამდათ“, — ამბობს ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე-გოფი. XIV საუკუნის დასაწყისში დანტემ დაწერა თავისი ცნობილი პოემა „ღვთაებრივი კომედია“, რომელშიც მხატვრულად არის აღწერილი ჯოჯოხეთი და სალხინებელი. ამგვარად, ისეთი რელიგიური ატმოსფერო შეიქმნა, რომ ხალხი საოცარი გულგრილობითა და მორჩილებით ხვდებოდა შავ ჭირს, როგორც ღვთის სასჯელს. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ასეთი პესიმისტური შეხედულება, სინამდვილეში, ხელს უწყობდა ამ სნეულების გავრცელებას. „შავი ჭირის გავრცელებას სხვა ვერაფერი შეუქმნიდა ამაზე უკეთეს პირობებს“, — აღნიშნავს ფილიპ ციგლერი წიგნში „შავი სიკვდილი“.

ამავე დროს, ევროპაში ხშირი მოუსავლიანობაც იყო. შედეგად ამისა, კონტინენტის მოსახლეობა, რომელიც სწრაფად იზრდებოდა, შიმშილობდა — ესე იგი ცუდად იყო მომზადებული საიმისოდ, რომ სნეულებისთვის გაეძლო.

შავი ჭირი ვრცელდება

პაპ კლემენტ VI-ის პირადი ექიმის, გი დე შოლიაკის, ცნობის თანახმად, ევროპას ორი ფორმის შავი ჭირი მოედო: ფილტვის ფორმა და ბუბონური ფორმა. მან ცოცხლად აღწერა ეს სნეულებები შემდეგი სიტყვებით: „პირველი ფორმა ორი თვე გრძელდებოდა. მას ახასიათებდა მუდმივი სიცხე და სისხლღებინება; ამ ფორმით დაავადებული ადამიანი სამ დღეში კვდებოდა. მეორე ფორმა ეპიდემიის დანარჩენ პერიოდში გრძელდებოდა. მასაც ახასიათებდა მუდმივი სიცხე, მაგრამ თან სდევდა ჩირქოვანი მუწუკები და ძირმაგარები — ძირითადად იღლიებში და საზარდულზე. ამ ფორმით დაავადებული ადამიანი ხუთ დღეში იღუპებოდა“. ექიმები უძლურები იყვნენ შავი ჭირის ეპიდემიის შეჩერებაში.

უამრავი ხალხი თავზარდაცემული გარბოდა — ტოვებდნენ ათასობით დაავადებულ ადამიანს. გაქცეულთაგან პირველები მდიდარი თავად-აზნაურები და საქმოსნები იყვნენ. თუმცა ზოგი სასულიერო პირიც გაიქცა, ბევრი მღვდელმსახური თავის სააბატოში იმალებოდა, იმ იმედით, რომ თავს აარიდებდნენ დასნეულებას.

ამ პანიკის დროს პაპმა 1350 წელი წმინდა წლად გამოაცხადა. რომში ჩასულ პილიგრიმებს უფლება მიეცემოდათ, სალხინებლის გამოუვლელად მოხვედრილიყვნენ პირდაპირ სამოთხეში! ასიათასობით პილიგრიმი გამოეხმაურა ამ მოწოდებას — გზადაგზა კი შავ ჭირს ავრცელებდნენ.

ფუჭი ძალისხმევა

„შავი სიკვდილის“ შესაჩერებლად ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო იყო, რადგან, სინამდვილეში, არავინ იცოდა, რა გზით ვრცელდებოდა ის. უმეტესობა მიხვდა, რომ სნეულთან კონტაქტი — მის ტანსაცმელზე შეხებაც კი — სახიფათო იყო. ზოგს დაავადებულის ცქერისაც კი ეშინოდა! მაგრამ ფლორენციის (იტალია) მცხოვრებლები შავი ჭირის გადამდებად კატებსა და ძაღლებს მიიჩნევდნენ. ისინი ჟლეტდნენ ამ ცხოველებს და თითქმის ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით გასაქანს აძლევდნენ ამ სნეულების ნამდვილ გამავრცელებელს — ვირთხას.

რადგან სიკვდილიანობა გახშირდა, ზოგმა დახმარებისთვის ღმერთს მიმართა. მამაკაცებსა და ქალებს მთელი თავიანთი საბადებელი ეკლესიაში მიჰქონდათ იმ იმედით, რომ ღმერთი მათ სნეულებისგან დაიფარავდა — ან, ყოველ შემთხვევაში, თუ დაიხოცებოდნენ, ზეციური ცხოვრებით დააჯილდოებდა. ამან ეკლესიას უდიდესი სიმდიდრე ჩააგდებინა ხელში. იღბლიანი თილისმები, ქრისტეს გამოსახულებები და ამულეტები პოპულარობით სარგებლობდა. სხვებმა სამკურნალოდ ცრუმორწმუნეობას, ჯადოსნობასა და ექიმბაშობას მიმართეს. ამბობდნენ, რომ სუნამოები, ძმარი, სპეციალური ნაყენები სნეულებისგან იცავდა ხალხს. სისხლის გამოშვებაც კარგ სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. პარიზის უნივერსიტეტის ექიმებმა შავი ჭირი პლანეტების პირისპირდგომასაც კი მიაწერეს! მაგრამ ცრუ ახსნებსა და „სამკურნალო საშუალებებს“ არაფერი გაუკეთებია ამ სასიკვდილო ჭირის გავრცელების შესაჩერებლად.

ხანგრძლივი შედეგები

„შავი სიკვდილი“ ხუთწლიანი მძვინვარების შემდეგ თითქოს მიწყნარდა. მაგრამ საუკუნის დასასრულამდე სულ მცირე ოთხჯერ მაინც გამეორდა. ამიტომ „შავი სიკვდილის“ შედეგები პირველი მსოფლიო ომის შედეგებთან არის შედარებული. „ფაქტობრივად, დღევანდელ ისტორიკოსებს შორის არ არის უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, რომ 1348 წლის შემდეგ ენდემურმა შავმა ჭირმა დიდი ზარალი მიაყენა როგორც ეკონომიკას, ისე საზოგადოებას“, — აღნიშნავს 1996 წელს გამოცემული წიგნი « „შავი სიკვდილი“ ინგლისში». შავმა ჭირმა მოსახლეობის დიდი ნაწილი გაანადგურა და საუკუნეები დასჭირდა ზოგი ადგილის ხელახლა დასახლებას. მუშახელის შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, ხელფასებიც გაიზარდა. ერთ დროს მდიდარი მიწათმფლობელები გაღატაკდნენ და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ფეოდალური წყობილება მოისპო.

მაშასადამე, შავმა ჭირმა ბიძგი მისცა პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ ცვლილებას. სანამ შავი ჭირი გაჩნდებოდა, ინგლისში არისტოკრატები, ჩვეულებრივ, ფრანგულად ლაპარაკობდნენ. მაგრამ ფრანგული ენის ბევრი მასწავლებლის სიკვდილმა ხელი შეუწყო იმას, რომ ბრიტანეთში ფრანგულთან შედარებით ინგლისურ ენას მოეპოვებინა პრიორიტეტი. ცვლილებები რელიგიურ სფეროშიც მოხდა. როგორც ფრანგი ისტორიკოსი ჟაკლინ ბროსოლე აღნიშნავს, რადგან მღვდელმსახურების კანდიდატთა ნაკლებობა იყო, „ეკლესია ძალიან ხშირად უცოდინარ და გულგრილ პირებს იწვევდა“. ბროსოლე აცხადებს, რომ „რეფორმაციის ერთ-ერთი მიზეზი [ეკლესიის] სასულიერო საგანმანათლებლო ცენტრების დაცემა“ იყო.

რაღა თქმა უნდა, „შავმა სიკვდილმა“ კვალი ხელოვნებაზეც დატოვა — სიკვდილი საერთო თემა გახდა. ცნობილი „დანს მაკაბრეს“ (სიკვდილის როკვა) ჟანრი, რომელშიც, ჩვეულებრივ, ჩონჩხები და გვამებია წარმოდგენილი, სიკვდილის ძალის პოპულარულ ალეგორიად იქცა. რადგანაც არ იცოდნენ, რა მოელოდათ, ბევრი, რომლებიც შავ ჭირს გადაურჩნენ, თავაშვებულ ცხოვრებას მიეცა. ამგვარად, ზნეობა აღმაშფოთებლად დაეცა. რაც შეეხება ეკლესიას, „შავი სიკვდილის“ წინაშე მისი უძლურების გამო „შუა საუკუნეებში მცხოვრები ადამიანი ფიქრობდა, რომ ეკლესიამ იმედი გაუცრუა“ („შავი სიკვდილი“). ზოგი ისტორიკოსიც ამბობს, რომ საზოგადოებრივმა ცვლილებებმა, რომლებიც „შავ სიკვდილს“ ფეხდაფეხ მოჰყვა, ხელი შეუწყო ინდივიდუალიზმსა და მეწარმეობას, აგრეთვე სოციალური და ეკონომიკური მობილურობის ზრდას — ფაქტორებს, რომლებიც წინ უძღოდა კაპიტალიზმს.

„შავმა სიკვდილმა“ მთავრობებსაც უბიძგა, რომ სანიტარული ზედამხედველობის სისტემები შემოეღოთ. შავი ჭირის მიწყნარების შემდეგ ვენეციამ ქუჩების დასასუფთავებლად ზომები მიიღო. აგრეთვე საფრანგეთის მეფე იოანე II კეთილად წოდებულმა ეპიდემიის საშიშროებასთან პირისპირ შესახვედრად ქუჩების დასუფთავების ბრძანება გასცა. მეფემ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ძველი ბერძენი ექიმის შესახებ გაიგო, რომელმაც ქუჩების დასუფთავებითა და მორეცხვით შავი ჭირისგან გადაარჩინა ათენი. შუა საუკუნეებში ბევრი ქუჩა, რომლებზეც ღია საკანალიზაციო არხები გადიოდა, გასუფთავებულ იქნა.

მარტო წარსულს ეხება ეს?

მაგრამ „შავი სიკვდილის“ გამომწვევი ბაქტერია მხოლოდ 1894 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა. ამ ბაქტერიას Yersinia pestis ეწოდა. ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთმა ფრანგმა, სახელად პოლ-ლუი სიმონმა, მიაკვლია მღრღნელების რწყილის როლს შავი ჭირის გავრცელებაში. მაშინვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელსაც მცირე წარმატება თუ მოჰყვა.

მხოლოდ წარსულს ეხება შავი ჭირის პრობლემა? საეჭვოა. 1910 წლის ზამთარში შავმა ჭირმა დაახლოებით 50 000 ადამიანი იმსხვერპლა მანჯურიაში. ყოველწლიურად „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ შავი ჭირის ათასობით კერა რეგისტრირდება — ქვეყნების რაოდენობა კვლავაც იზრდება. აღმოჩენილ იქნა აგრეთვე ამ სნეულების ახალი ფორმები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დიახ, სანამ ძირითადი ჰიგიენური ნორმები არ იქნება დაცული, შავი ჭირი კაცობრიობისთვის საშიში რჩება. ამგვარად, წიგნი „რატომ არსებობს შავი ჭირი? — ვირთხა, რწყილი და ბუბონი“, რომელიც ჟაკლინ ბროსოლესა და ანრი მოლარეს რედაქტორობით გამოვიდა, ასკვნის, რომ “ სამწუხაროდ, შავი ჭირი მხოლოდ შუა საუკუნეებში არსებული ძველი ევროპის სნეულება კი არა. . . შესაძლებელია, მომავლის სნეულებაც იყოს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 თანამედროვეები მას დიდ ჭირს ან ეპიდემიას ეძახდნენ.

[ჩანართი 13 გვერდზე]

მამაკაცებსა და ქალებს მთელი თავიანთი საბადებელი ეკლესიაში მიჰქონდათ იმ იმედით, რომ ღმერთი მათ სნეულებისგან დაიფარავდა.

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

ფლაგელანტების სექტა

რადგან შავ ჭირს ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ღვთის რისხვის შესამსუბუქებლად ზოგი საკუთარ თავს იშოლტავდა. ფლაგელანტების საძმომ — მიმდინარეობამ, რომლის წევრების რიცხვიც, როგორც ამბობდნენ, 800 000-სს ითვლიდა, — განსაკუთრებული პოპულარობა „შავი სიკვდილის“ დროს მოიპოვა. ამ სექტის წესები კრძალავდა ქალებთან საუბარს, რეცხვასა და ტანსაცმლის გამოცვლას. საჯაროდ თვითგაშოლტვა დღეში ორჯერ ხდებოდა.

„თვითგაშოლტვა შიშით მოცული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ მცირე გამოსავალთაგან ერთ-ერთი იყო“, — აღნიშნულია წიგნში „შუა საუკუნეების ერესი“. ფლაგელანტები აგრეთვე ცნობილი იყვნენ იმით, რომ განიკითხავდნენ ეკლესიის იერარქიას და ძირს უთხრიდნენ ეკლესიის მიერ ცოდვის მიტევების საწინდრად მიღებული შესაწირავების ღონისძიებას. მაშ, რა გასაკვირია, რომ 1349 წელს პაპმა მსჯავრი დასდო ამ სექტას. თუმცა, საბოლოოდ, „შავი სიკვდილის“ ჩავლის შემდეგ, ამ მიმდინარეობის წევრების რიცხვმა შემცირება იწყო.

[სურათი]

ფლაგელანტები ღვთის დამშვიდებას ცდილობდნენ.

[საავტორო უფლება]

© Bibliothèque Royale de Belgique, Bruxelles

[სურათი 15 გვერდზე]

შავი ჭირი მარსელში (საფრანგეთი).

[საავტორო უფლება]

© Cliché Bibliothèque Nationale de France, Paris

[სურათი 15 გვერდზე]

ალექსანდრე იერსენმა შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია აღმოაჩინა.

[საავტორო უფლება]

Culver Pictures