არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ცის რუკის შედგენა წარსულში და ახლა

ცის რუკის შედგენა წარსულში და ახლა

ცის რუკის შედგენა წარსულში და ახლა

ჩვენი კორესპონდენტისგან ნიდერლანდებში

შავ, ხავერდოვან ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავების დანახვაზე ადამიანს ხშირად მოკრძალებული შიში ეუფლებოდა და საუკუნეების მანძილზე აღძრული იყო, აღტაცება გამოეხატა ასეთი მშვენიერების შემოქმედისადმი. დიდი ხნის წინათ ერთმა პოეტმა აღფრთოვანებით თქვა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნი 18:2). მაგრამ ისინი, ვინც უძველეს დროში ღამის ცას აკვირდებოდნენ, უფრო მეტს ამჩნევდნენ, ვიდრე მხოლოდ მის სილამაზეს.

ფიგურების გარჩევა ცაზე

წარსულში ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ ვარსკვლავები კანონზომიერად მოძრაობდნენ; მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ინაცვლებდნენ, მათი ურთიერთგანლაგება არ იცვლებოდა. * სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველღამე ვარსკვლავთა ერთსა და იმავე დაჯგუფებებს ხედავდნენ. ამ ურიცხვ მანათობელ წერტილებში ორიენტაციის გასაადვილებლად ადამიანმა ისინი ჯგუფებად დაყო. თუ ცოტა ფანტაზიას მოვახმართ, ვარსკვლავთა ეს ჯგუფები შეიძლება ცხოველების, ადამიანებისა და უსულო საგნების გამოსახულებებს მივამსგავსოთ. ასეთნაირად დაიწყეს უცვლელი მოხაზულობის მქონე ვარსკვლავთა ჯგუფების თანავარსკვლავედებად დაყოფა.

დღეს ჩვენთვის ცნობილი ზოგი თანავარსკვლავედი ჯერ კიდევ უძველეს ბაბილონში შენიშნეს. მათ შორის არის ის 12 თანავარსკვლავედიც, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნებს წარმოადგენს. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, და ახლაც ასრულებენ, ასტროლოგიაში, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ადამიანის ცხოვრებაზე ვარსკვლავთა გავლენას წინასწარმეტყველებს. მაგრამ ბიბლია კრძალავს მარჩიელობის მიზნით ვარსკვლავებისთვის მიმართვას (მეორე რჯული 18:10—12). თუმცა, იეჰოვა ღმერთის მსახურებმა იცოდნენ, რომ თანავარსკვლავედები არსებობდა. მაგალითად, ბიბლიური წიგნი „იობი“ გვატყობინებს, რომ იეჰოვამ შექმნა თანავარსკვლავედები: „გუთანი, ორიონი და ხომლი“ (იობი 9:9).

ჩვენთვის ცნობილი თანავარსკვლავედების უმრავლესობის სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარეობს. ისეთი სახელები, როგორიც არის ცეფევსი, კასიოპეა, ანდრომედე და ჰერკულესი, დღესაც გვხვდება ვარსკვლავიერი ცის რუკაზე.

ვარსკვლავიერი ცის უძველესი რუკები

ახ. წ. 150 წელს ბერძენმა ასტრონომმა პტოლემემ გამოსცა ნაშრომი, რომელშიც მთელი იმდროინდელი ასტრონომიული ცოდნა იყო თავმოყრილი. ამ ნაშრომის სათაური იყო „ალმაგესტი“ და მასში 48 თანავასკვლავედი მოიხსენიებოდა. ცის ის რუკებიც და ატლასებიც, რომლებიც პტოლემეს შემდეგ საუკუნეებით გვიან დგებოდა, იმავე 48 თანავარსკვლავედს შეიცავდა. ფაქტობრივად, XVI საუკუნემდე ცნობილი თანავარსკვლავედების რაოდენობა არ შეცვლილა. * მოგვიანებით მათ კიდევ 40 თანავარსკვლავედი დაემატა. 1922 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ამ 88 თანავარსკვლავედის სია ოფიციალურად დაამტკიცა.

პტოლემეს პუბლიკაციაში მოცემული იყო ინფორმაცია არა მარტო თანავარსკვლავედების, არამედ ათასზე მეტი ვარსკვლავის, მათი სიკაშკაშისა და მათი მდებარეობის შესახებ. ციური გრძედისა და განედის მეშვეობით ვარსკვლავთა მდებარეობის განსაზღვრის გარდა, პტოლემე მათ შესახებ სხვა წვრილმანებსაც გვატყობინებს. მაგალითად, დიდი დათვის თანავარსკვლავედში ერთი ვარსკვლავი აღწერილია, როგორც „კუდის დასაწყისში არსებული ვარსკვლავი“, ერთ კომეტაზე კი ნათქვამია, რომ „ანდრომედას მარჯვენა მუხლის მარცნივ“ მდებარეობს. ამგვარად, როგორც ერთი პუბლიკაცია შენიშნავს, „ყველა კარგ ასტრონომს უნდა სცოდნოდა პტოლემესეული ცის ანატომია!“

რატომ არის, რომ უძველესი თანავარსკვლავედების უმრავლესობა ცის ჩრდილოეთ ნაწილშია განლაგებული? როგორც ერთი ურანოგრაფი, ანუ ცის კარტოგრაფი, გვიხსნის, ეს იმიტომ, რომ ვარსკვლავთა გარკვეული ჯგუფების თანავარსკვლავედებად დაყოფა ხმელთაშუა ზღვისპირეთში დაიწყო, სადაც ჩრდილოეთის ცა კარგად ჩანს. მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს ახალი თანავარსკვლავედები, როდესაც სამხრეთის ცაზე დაიწყეს დაკვირვება. აი ზოგი ახალი თანავარსკვლავედის სახელწოდება: ღუმელი, საათი, მიკროსკოპი და ტელესკოპი.

„ქრისტიანული ვარსკვლავიერი ცა“

1627 წელს გერმანელმა სწავლულმა, იულიუს შილერმა, გამოაქვეყნა ვარსკვლავიერი ცის ატლასი, სახელწოდებით „ქრისტიანული ვარსკვლავიერი ცა“. მან იფიქრა, რომ დადგა ცის „გაქრისტიანების“ დრო; ასე რომ, ციური ფიგურების წარმართული სახელწოდებების ბიბლიურით შეცვლა განიზრახა. წიგნში „ცის რუკის შედგენა“ ნათქვამია, რომ მან „ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცა — ახალ აღთქმას, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროს ცა ძველ აღთქმას“ მიაკუთვნა. „შილერის ატლასის მიხედვით სამხრეთ ნახევარსფერო ძველი აღთქმის სიუჟეტების ნაკრებად იქცა — ინდოელი და ფარშავანგი იობმა შეცვალა, კენტავრი კი — აბრაამმა და ისაკმა“. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში „კასიოპეა — მარიამ მაგდალინელად, პერსევსი წმინდა პავლედ იქცა, ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი კი ადვილად შეცვალა თორმეტმა მოციქულმა“.

მხოლოდ ერთი თანავარსკვლავედი გადაურჩა ამ ცვლილებას. ეს იყო თანავარსკვლავედი, სახელწოდებით მტრედი, რომელიც, როგორც ჩანს, ნოეს მიერ მშრალი მიწის მოსაძებნად გაშვებულ მტრედად მიიჩნია.

უფრო დახვეწილი რუკები

დროთა განმავლობაში ვარსკვლავიერი ცის რუკებმა ცვლილებები განიცადა. XVII საუკუნეში, როდესაც ტელესკოპი გამოიგონეს, საჭირო გახდა ვარსკვლავთა უფრო ზუსტი განლაგების რუკები. გარდა ამისა, ის გულდასმით გაკეთებული გაფორმებები, რომლებითაც გადატვირთული იყო ძველი რუკები, შეამცირეს და ბოლოს საერთოდ მოაცილეს. ვარსკვლავთა თანამედროვე ატლასების უმრავლესობაზე აღნიშნულია ცალკეული ვარსკვლავები, ვარსკვლავთა გროვები, ნისლეულები, გალაქტიკები და ღამის ცის დამკვირვებლებისთვის სხვა საინტერესო სხეულები.

XIX საუკუნის შუა პერიოდში უფრო სრული კატალოგების შედგენა დაიწყეს. ამ სფეროში გზის ერთ-ერთი გამკვლევი გერმანელი ასტრონომი ფრიდრიხ ვილჰელმ არგელანდერი იყო. თავის რამდენიმე ასისტენტთან ერთად ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავების კატალოგის შექმნას შეუდგა, რაც ნამდვილად დიდი წამოწყება იყო. ტელესკოპის საშუალებით მათ 325 000-მდე ვარსკვლავი მოძებნეს, განსაზღვრეს მათი მდებარეობა და ვარსკვლავიერი სიდიდე. რადგანაც ობსერვატორია, რომელშიც ისინი მუშაობდნენ, ქალაქ ბონში (გერმანია) მდებარეობდა, მათი კატალოგი ცნობილი გახდა „ბონის მიმოხილვის“ სახელწოდებით. ეს კატალოგი 1863 წელს გამოქვეყნდა. არგელანდერის სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა ერთ-ერთმა ასისტენტმა განაგრძო. მან სამხრეთის ცის ვარსკვლავიერი რუკა შეადგინა და თავისი ნაშრომი 1930 წელს გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ბონის სამხრეთი ცის ზოგადი მიმოხილვა“. ის კორდოვაში (არგენტინა) გამოიცა. ამ კატალოგებმა დღემდე შეინარჩუნეს თავისი ფასეულობა.

ახლა და მომავალში

არგელანდერისა და მისი საქმის გამგრძელებლების ნაშრომებს კიდევ უფრო უკეთესი კატალოგები მოჰყვა. მაგრამ, ბოლო წლებში, ორბიტული ტელესკოპების გამოგონების შემდეგ, ვარსკვლავიერი ცის რუკის შედგენის საქმეში წარმოუდგენელი რამ გახდა შესაძლებელი. ჰაბლის ორბიტული ტელესკოპის საშუალებით ასტრონომებმა შეადგინეს კატალოგი, რომელიც დაახლოებით 15 მილიონ ვარსკვლავს შეიცავს!

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ორი ახალი კატალოგი ვარსკვლავიერი ცის რუკის შედგენაში არსებულ უახლოეს მიღწევებზე მეტყველებს. ისინი ერთ-ერთ თანამგზავრზე (Hipparcos satellite) დადგმული ორბიტული ტელესკოპით მოხდენილ დაკვირვებებზეა დაფუძნებული. ეს კატალოგები თავისი სიზუსტით შეუდარებელია. ამ კატალოგების საფუძველზე ვარსკვლავთა ახალი ატლასები შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანია ყოვლისმომცველი, სამტომად გამოცემული ატლასი, სახელწოდებით „ვარსკვლავთა ათასწლეულის ატლასი“.

ამ სახელწოდებამ ბიბლიის მკითხველებს შეიძლება ბიბლიაში მოხსენიებული ათასწლეული ანუ ქრისტეს მშვიდობიანი ათასწლიანი მეფობის ხანა შეახსენოს (გამოცხადება 20:4). იმ დროს ადამიანები, უეჭველად, ბევრად უფრო მეტს გაიგებენ დიდებული სამყაროს შესახებ, რომელზეც დღევანდელი უდიდესი ატლასებიც კი ძალიან ცოტას გვატყობინებენ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 უძველეს დროში ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ვარსკვლავთა მოჩვენებითი გადაადგილება დედამიწის თავისი ღერძის გარშემო ბრუნვით იყო გამოწვეული. იმავე მიზეზის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ მზე ამოდის და ჩადის.

^ აბზ. 9 ეს 48 თანავარსკვლავედი ცნობილი იყო მესოპოტამიაში, ხმელთაშუა ზღისპირეთსა და ევროპაში. მოგვიანებით, ისინი ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში იმიგრირებულთათვისაც გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, სხვა ხალხები, მაგალითად, ჩინელები და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები, სხვანაირად ყოფდნენ ცას.

[სურათი 27 გვერდზე]

აპიანეს ვარსკვლავიერი ცის რუკა (1540 წ.).

[საავტორო უფლება]

By permission of the British Library (Maps C.6.d.5.: Apian’s Star Chart)

[სურათი 28 გვერდზე]

მეცხრამეტე საუკუნეში შედგენილი სამხრეთ ნახევარსფეროს ცის რუკა.

[საავტორო უფლება]

© 1998 Visual Language

[სურათი 29 გვერდზე]

ვარსკვლავიერი ცის თანამედროვე რუკაზე გამოსახული ორიონის თანავარსკვლავედი.

[საავტორო უფლება]

Background on pages 27—9: Courtesy of ROE/Anglo-Australian Observatory, photograph by David Malin