„აბლაბუდისებრი მაქმანი“ — პარაგვაული თვალწარმტაცი ნახელავი
„აბლაბუდისებრი მაქმანი“ — პარაგვაული თვალწარმტაცი ნახელავი
ჩვენი კორესპონდენტისგან პარაგვაიში
ასუნსიონი, პარაგვაი. ბარგის აღებამდე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ამიტომ აეროპორტის დათვალიერება გადავწყვიტეთ. უცებ, ცოლი ხელს მკიდებს და კედელზე გამოფენილ ნივთებზე მიმანიშნებს. „შეხედე, რა დიდებულია!“ — აღტაცებით ამბობს და მიჩვენებს რთულმაქმანიან ხელით ნაქარგ მაგიდის გადასაფარებელს. გადასაფარებელმა იმდენად მოხიბლა, რომ მაშინვე მოისურვა გაეგო, როგორ აკეთებდნენ.
აბლაბუდისებრი მაქმანი არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოდის. წიგნ „პარაგვაი — საერთო და ტურისტული ინფორმაციის“ თანახმად, «ეს ხელობა მოგვიანებით კანარის კუნძულებსა და ესპანეთში დამკვიდრდა, ხოლო პარაგვაიში — XVII—XVIII საუკუნეებში, სადაც კუნძულ ტენერიფედან შემოსულ ეგრეთ წოდებულ „მზის მაქმანს“ პარაგვაული მაქმანი ანუ „ნიანდუტი“ დაერქვა». პარაგვაელმა ოსტატებმა თავისებურად დაიწყეს ქარგვა, და ადგილობრივმა ბუნებამ თუ ცხოველთა სამყარომაც ამ ფაქიზ მაქმანს თავისი კვალი დაატყო. თუმცა მაქმანი მათი გამოგონება არ არის, პარაგვაელებმა ის მრავალი ახალი გვირისტით გაამდიდრეს. ბევრი აქაურისთვის ეს ხელობა თავის რჩენის საშუალება გახდა.
როგორ ახერხებენ ისინი ამ რთული, ობობის ქსელისმაგვარი მაქმანის ქარგვას? ამის ასახსნელად ჩვენმა მეგზურმა ყველაზე იოლი საშუალება მოძებნა; მან ასუნსიონიდან 30 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ იტაუგუაში წაგვიყვანა, რადგან, როგორც თვითონ გვითხრა, აბლაბუდისებრ მაქმანს უმეტესწილად პარაგვაის ამ კუთხეში ამზადებენ. და მართლაც, მთავარი ქუჩის გასწვრივ მაღაზიებში უამრავი რამ იყო გამოფენილი.
ერთი მაღაზიის პატრონი გულთბილად შეგვხვდა და რამდენიმე შესანიშნავი ნახელავი გვანახა. საუბრის დროს ამ ქალბატონმა აგვიხსნა, რომ „ხელით გაკეთებული მაქმანის კლასიფიკაცია ქარგვის ტექნიკის მიხედვით ხდება. აბლაბუდისებრი მაქმანი ნემსით იქარგება. პარაგვაელების უმეტესობა თავის ნამუშევრებს ზეპირად ქმნის, თუმცა სხვები ნიმუშებს იყენებენ. ხის ჩარჩოზე გადაჭიმულ ბამბის ქსოვილზე ნემსითა და ძაფით მათ ნელ-ნელა გამოჰყავთ მაქმანიანი შედევრები. დედებისგან ბავშვობიდანვე ნასწავლ ამ ხელობას ისინი შემდეგ თავიანთ შვილებს გადასცემენ“.
აბლაბუდის მოსაქსოვად ობობას ორი-სამი საათი სჭირდება; „სქელი ძაფით რვაკაციანი მაგიდის გადასაფარებლის მოქარგვას — ორი-სამი თვე, ხოლო წმინდა ძაფით — ექვსი-რვა თვე მიაქვს. რაც უფრო წმინდაა ძაფი, მით უფრო ორიგინალურია ნამუშევარი“, — გვითხრა მასპინძელმა.
მან პატარა თეთრი მაქმანიანი ხელსაწმენდი გვაჩვენა. „ნახეთ, ცენტრში გაუავას ხის ყვავილია. ქარგვის ეს ტექნიკა ყველაზე რთულია; ასეთი სამუშაო ძაფების დათვლას მოითხოვს, ხოლო მის შესრულებას წმინდა ძაფით ორი კვირა მიაქვს. თავდაპირველად ოსტატები მხოლოდ წმინდა ძაფს იყენებდნენ. ამნაირად შესრულებული ნამუშევრები ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ ბევრმა უფრო სქელი ძაფით დაიწყო ქარგვა, რაც სამუშაოსაც აჩქარებს და უფრო იაფიც ჯდება“.
დახლებზე უამრავი ფერადი და თეთრი ფარდაგი, დიდი თუ პატარა სუფრა, ხელსაწმენდი და მრავალი სხვა საოჯახო ნივთი ეწყო. როცა ვიკითხეთ, ტანსაცმელს თუ ამზადებდნენ ამ სახით, ჩვენმა მასპინძელმა გამოიტანა ცისარტყელასავით მრავალფერი, ნაოჭებიანი შესანიშნავი კაბა, რომელიც მის ქალიშვილს ეკუთვნოდა და რომლითაც აშკარად ამაყობდა. სხვა მაღაზიებში მაქმანებგამოსახული ღია ბარათებიც კი შეგვხვდა. გასაკვირი არ არის, რომ აბლაბუდისებრი მაქმანის დამზადება პარაგვაიში ყველაზე პოპულარულ ხელსაქმედ ითვლება.
[გვერდი 26 დათმობილი აქვს სურათს]