არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თვითმკვლელობა — ფარული ეპიდემია

თვითმკვლელობა — ფარული ეპიდემია

თვითმკვლელობა — ფარული ეპიდემია

ჯონი და მერი *, რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებული, შეერთებული შტატების ერთ სოფელში პატარა სახლში ცხოვრობენ. ჯონი ემფიზემისა და გულის უკმარისობის გამო დღითი დღე უძლურდება და სიკვდილს უახლოვდება. მერის ვერ წარმოუდგენია მის გარეშე სიცოცხლე და იმდენად უჭირს იმ ტკივილის ატანა, რომელსაც ჯონის დასუსტება იწვევს, რომ ზოგჯერ ეს მისთვის გაუსაძლისი ხდება. მას საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს და წლების მანძილზე დეპრესიაშია. ბოლო დროს ჯონი შეშფოთებულია, იმიტომ რომ მერი ხშირად ლაპარაკობს თვითმკვლელობაზე. დეპრესიამ და ამდენი წამლის მიღებამ მას მთლად თავგზა აუბნია. ის ამბობს, რომ ვერ აიტანს მარტო დარჩენას.

მათი სახლი სავსეა წამლებით — გულის აბებით, ანტიდეპრესანტებითა და დამამშვიდებლებით. დილაუთენია მერი სამზარეულოში შედის და აბების სმას იწყებს. ის არ წყვეტს ამის კეთებას, სანამ ჯონი არ შეუსწრებს და აბებს არ გამოართმევს. შემდეგ ის მაშველ ჯგუფს იძახებს, რადგან მერი კომაშია; ჯონი ლოცულობს, რომ მოასწრონ მისი გადარჩენა.

რას გვეუბნება სტატისტიკა

ბოლო წლებში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის შემთხვევების რიცხვი იზრდება — და მართებულადაც იწერება; რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტრაგედია, ვიდრე სიცოცხლითა და იმედით აღსავსე ახალგაზრდის უდროო სიკვდილია? თუმცა ახალ ამბებში არ აღნიშნავენ ხოლმე, ფაქტია, რომ მრავალ ქვეყანაში თვითმკვლელობის შემთხვევების რიცხვი ასაკოვან ხალხში უფრო იზრდება. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, ამა თუ იმ ქვეყანაში თვითმკვლელობათა შემთხვევები ხშირია თუ იშვიათი, რასაც ამ გვერდზე მოცემული ჩარჩო გვიჩვენებს. ამ სტატისტიკური მონაცემების გადახედვა იმასაც დაგვანახვებს, რომ ეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული ფარული ეპიდემიაა.

1996 წელს შეერთებული შტატების დაავადებათა მაკონტროლებელი ცენტრები იტყობინებოდნენ, რომ თვითმკვლელობის შემთხვევები 65 წლის და უფრო ხნიერ ამერიკელებში 1980 წლიდან 36 პროცენტით გაიზარდა. ამ ზრდას, გარკვეულწილად, მოხუცებული ამერიკელების რიცხვის ზრდა განაპირობებდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. ფაქტობრივად, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში თვითმკვლელობის შემთხვევების რიცხვი — პირველად 40 წლის განმავლობაში — 1996 წელს 9 პროცენტით გაიზარდა. ჯერ მარტო დაცემითა და მანქანის დარტყმით მიყენებული ტრავმით კვდება უფო მეტი მოხუცებული ამერიკელი. შეიძლება ეს შემაშფოთებელი მონაცემები ძალიან მცირეა სინამდვილესთან შედარებით. „არსებობს ეჭვი, რომ სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებიც დაფუძნებულია სიკვდილის მიზეზის დამადასტურებელ ცნობებზე, თვითმკვლელობის შემთხვევებს მეტისმეტად ამცირებენ,— ნათქვამია ერთ წიგნში (A Handbook for the Study of Suicide). გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ სინამდვილეში მათი რაოდენობა ორჯერ აღემატება იმას, რაც სტატისტიკაშია მოცემული.

რას გამოიწვევს ეს? შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში, უფროსი თაობის მოქალაქეებში თვითმკვლელობის მსოფლიო ფარული ეპიდემია შეიმჩნევა. დოქტორი ჰერბერტ ჰენდინი, ამ საკითხის სპეციალისტი, აღნიშნავს: „მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შეერთებულ შტატებში ასაკოვან ხალხში თვითმკვლელობის შემთხვევები სულ უფრო და უფრო მატულობს, ამ პრობლემას საჯაროდ ნაკლები ყურადღება ექცევა“. რატომ? მისი სიტყვების თანახმად, საქმე ის არის, რომ მოხუცებში თვითმკვლელობის შემთხვევები ყოველთვის ხშირი იყო და „ამას არ გამოუწვევია ისეთი მოულოდნელი განგაში, როგორიც ახალგაზრდებში თვითმკვლელობის საოცარმა გახშირებამ გამოიწვია“.

შემაძრწუნებელი „სიმარჯვე“

ეს სტატისტიკური მონაცემები, თუმცა შემაძრწუნებელია, მაინც უბრალო ციფრებია. ამ ციფრებს არ შეუძლია იმ მარტოობის გრძნობის გადმოცემა, რომელიც საყვარელი მეუღლის გარეშე ცხოვრებას ახასიათებს, იმ გულგატეხილობისა, რომელიც დამოუკიდებლობის დაკარგვას მოაქვს, იმ სასოწარკვეთილებისა, რომელსაც ხანგრძლივი ავადმყოფობა იწვევს, იმ სიცარიელისა, რომელიც ქრონიკულ დეპრესიას ახლავს და იმ უიმედობისა, რომელიც სასიკვდილო ავადმყოფობის დროს გეუფლება. სამწუხარო ჭერშმარიტება ის არის, რომ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მცდელობა შეიძლება დაუფიქრებელი რეაქცია იყოს დროებით პრობლემებზე, უფროსები კი ხშირად ისეთ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც მუდმივი და გადაუჭრელი ეჩვენებათ. ამიტომ ისინი უფრო შეგნებულად იზრახავენ თვითმკვლელობას და ამას შემაძრწუნებელი „სიმარჯვით“ აკეთებენ.

„გარდა იმისა, რომ მოხუცებში თვითმკვლელობა უფრო საგრძნობლად არის გავრცელებული, თვით ის, თუ როგორ სჩადიან თვითმკვლელობას, მოხუცებსა და ახალგაზრდებს შორის მკვეთრად განსხვავდება“, — აღნიშნავს დოქტორი ჰენდინი თავის წიგნში „თვითმკვლელობა ამერიკაში“. „თვითმკვლელობის მცდელობათა შეფარდება ჩადენილ თვითმკვლელობებთან განსაკუთრებით მოხუცებში საკმაოდ საგრძნობლად იცვლება. ვარაუდობენ, რომ მთელ მსოფლიოში თვითმკვლელობის 10 მცდელობაზე 1 ჩადენილი თვითმკვლელობა მოდის; ახალგაზრდებში (15—24 წელი) 100-ზე — 1, ხოლო 55 წელს გადაცილებულებში 1-ზე — 1“.

ეს მართლაც რომ შემაშფოთებელი სტატისტიკაა! ნამდვილად დამთრგუნველია დაბერება, ძალ-ღონის გამოცლა, ტკივილისა და ავადმყოფობის ატანა! გასაკვირი აღარ არის, რომ ბევრი თვითმკვლელობას მიმართავს. მიუხედავად ამისა, არსებობს უდიდესი მიზეზი იმისა, რომ დავაფასოთ სიცოცხლე, რაც უნდა რთულ ვითარებაში ვიყოთ. განვიხილოთ, რა დაემართა მერის, რომელიც შესავალში იყო მოხსენიებული.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[ცხრილი 3 გვერდზე]

თვითმკვლელობის შემთხვევათა რაოდენობა ყოველ 100 000 ადამიანზე (ასაკისა და სქესის მიხედვით)

15-დან 24 წლამდე ასაკის 75 წლის და უფრო მეტის

კაცები/ქალები ქვეყანა კაცები/ქალები

8,0 / 2,5 არგენტინა 55,4 / 8,3

4,0 / 0,8 საბერძნეთი 17,4 / 1,6

19,2 / 3,8 უნგრეთი 168,9 / 60,0

10,1 / 4,4 იაპონია 51,8 / 37,0

7,6 / 2,0 მექსიკა 18,8 / 1,0

53,7 / 9,8 რუსეთი 93,9 / 34,8

23,4 / 3,7 შეერთებული შტატები 50,7 / 5,6