არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ავადმყოფი მშობლები. ჩემთვის გულში ჩამწვდომი იყო სტატია „რატომ არის დედა ასე ავად?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 აგვისტო, 1999). არ მეგონა, რომ ჩემს მსგავსად ბევრი ახალგაზრდა უვლიდა საყვარელ ავადმყოფ ადამიანს. ბებია ჩვენთან ცხოვრობს და ის ოთხი თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მე უკვე ტვირთად და დამღლელად მეჩვენებოდა მისი მოვლა. ამ სტატიამ კი ძალა შემმატა, რაც ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. მან იეჰოვას მხარდაჭერაში დამარწმუნა.

ჯ. პ. (ფილიპინები).

ამ სტატიამ დიდად მანუგეშა და გამაძლიერა, რომ დავხმარებოდი დედაჩემს, რომელიც დეპრესიით იტანჯება. მე შევძელი მასში მოცემული რჩევების გამოყენება, რათა უფრო რეალურად შემეხედა მდგომარეობისთვის და მეტი თანაგრძნობა, გაგება და ტაქტი გამომევლინა.

გ. ლ. (იტალია).

ეს სტატია ძალიან დროული იყო. მე კიბო მაქვს, ჩემი ვაჟი კი ჩემთან ცხოვრობს. ის იმდენად განიცდიდა, რომ აღარ ვიცოდი, რით მენუგეშებინა. ამ სტატიაში კი ზუსტად იყო აღწერილი მისი გრძნობები. მსგავსი სტატიები მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არ არის. ისინი, საერთოდ, ცხოვრებას ეხება.

რ. ზ. (გერმანია).

ამ სტატიამ დამანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი აქტიურობის შენარჩუნება. მივხვდი, რომ ავადმყოფ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაეხმარო, თუ შენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებ ღვთის სამეფოს .

პ. ი. (ავსტრია).

გვიანი გამოხმაურება. ძალიან გამამხნევა სტატიამ „ჩათესილმა მარცვალმა წლების შემდეგ გამოიღო ნაყოფი“ (8 ივლისი, 1999). მესამე წელია სრული დროით მქადაგებლად ვმსახურობ და როდესაც სასურველ შედეგებს ვერ ვხედავ, გული მიტყდება და მსახურების გაგრძელების სურვილი მეკარგება. ეს სტატია დამეხმარა, მთელი მონდომებით განმეგრძო მსახურება და შედეგები იეჰოვასთვის მიმენდო.

ტ. ნ. (იაპონია).

გესლიანი დაცინვა. ძალიან მომეწონა სტატია „როგორ გავუმკლავდე გესლიან დაცინვას?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ივლისი, 1999). ისევე როგორც საბავშვო ბაღში, სკოლაშიც ხშირად მისვამენ ხოლმე კითხვებს ჩემი რწმენის შესახებ. ზოგჯერ ისეთნაირად მეკითხებიან, რომ ჩემს გრძნობებს ეხებიან. ბევრჯერ რამის მოთმინებიდან გამოვსულვარ. ახლა კი მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი რწმენის გამოცდაა. ჩემს სკოლაში არიან ისეთებიც, რომლებთან ქადაგებამაც კარგი შედეგი გამოიღო.

ლ. ს. (შეერთებული შტატები).

ჩემთვისაც არაერთხელ დაუცინიათ, როდესაც უარს ვამბობდი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნასა და პატრიოტულ ცერემონიებში მონაწილეობაზე. ზოგჯერ პატიოსნებისა და ბიბლიური ზნეობრივი ნორმების დაცვის გამო დავჩაგრულვარ. ზუსტი შემეცნების მიღება დამეხმარა თავდაცვაში. ის მეხმარება სირცხვილის გრძნობის გარეშე გაბედულად ქადაგებაში.

ჰ. ს. (ზამბია).

მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, ახალგაზრდა აღარ ვარ, რადგან 50 წელს გადავაბიჯე, მადლიერი ვარ ამ სტატიისთვის. ზოგჯერ წინააღმდეგობები, რომლებსაც მსახურებაში ვაწყდებით, გვაცბუნებს და შეპასუხება გვსურს. ამიტომ ძალიან მომეწონა შეხსენება, რომ „შეურაცხმყოფელი შეპასუხება, არა აქვს მნიშვნელობა, როგორი გონებამახვილურიც უნდა ჩანდეს, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება, ამით დამცინავები შეიძლება წაქეზდნენ კიდეც“. ვცდილობ, თავი ისე დავიცვა, რომ გამომწვევად არავის შევეპასუხო და ამ შეხსენებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყოველთვის ასეთი ქცევაა საჭირო.

ა. ფ. (შეერთებული შტატები).