არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“ როგორ გადაიღეს ეს ვიდეოფილმი

„ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“ როგორ გადაიღეს ეს ვიდეოფილმი

„ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“ როგორ გადაიღეს ეს ვიდეოფილმი

„დილით ადგომისას მასზე ლაპარაკობს; დღის განმავლობაში სამჯერ თუ ოთხჯერ უყურებს და ძილისწინაც არ ივიწყებს“. რაზე ლაპარაკობდა ეს კალიფორნიელი დედა? თავისი ორი წლის ვაჟისა და მისი საყვარელი ვიდეოფილმის „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა *“ შესახებ. ის დასძენს: „როდესაც გარეთ თამაშობს, ხელში ჩაქუჩი უკავია და სიცოცხლის გადამრჩენი კიდობნის მშენებლობის შესახებ საუბრობს“.

სხვა დედამ დაწერა: „დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევის, დროისა და სიყვარულისთვის, რომელიც ვიდეოფილმ „ნოეს“ გადაღებას ჩააქსოვეთ. მყავს სამი წლის ბავშვი, რომელსაც პრაქტიკულად მთელი ვიდეოფილმი, ხმოვანი ეფექტებიც კი, ახსოვს! ის მას ძალიან უყვარს და მთხოვს, რომ ყოველდღე, დღეში ორჯერ ან სამჯერ, ვაყურებინო“.

პატარა გოგონამ, სახელად დანიელამ, დაწერა: „მე მომწონს ეს ფილმი და მინდა, მივბაძო ნოეს. იმედი მაქვს, უფრო მეტ ვიდეოფილმს გადაიღებთ ბავშვებისთვის“.

რასაკვირველია, ბიბლიური ვიდეოფილმების გადაღებას დრო სჭირდება. რატომ?

როგორ გადაიღეს ვიდეოფილმი „ნოე“?

რაიმე ეპიზოდის გადაღებამდე ან რომელიმე სურათის დახატვამდე დიდი ხნით ადრე სცენარის ავტორმა ბიბლიურ ცნობაზე დაყრდნობით სიუჟეტური მონახაზი გააკეთა. საბოლოოდ მისგან სცენარი უნდა შემდგარიყო, ხოლო შემდეგ — დაბეჭდილიყო. სცენარი არის პატარა, შავად გაკეთებული ჩანაწერების სერია, რომელიც მხატვრებს მოთხრობის თანმიმდევრობისა და ჩანაფიქრის დადგენაში ეხმარება. რამდენიმე ადამიანი, მხატვრების ჩათვლით, მსჯელობდა იმის შესახებ, თუ როგორ ყოფილიყო დასურათებული ნოეს ისტორია — რა მონაკვეთებში უნდა ყოფილიყვნენ ჩართული მსახიობები და სად იქნებოდა უკეთესი ნახატების წარმოჩენა. მსახიობების მიერ შესრულებული ეპიზოდები ბავშვის გონებას იმისი აღბეჭვდაში ეხმარება, რომ ეს ნამდვილი ამბავია. ისინი უჩვენებენ, რომ ბიბლიაში ლაპარაკია ნამდვილ ადამიანებზე, რომლებიც ათასობით წლის წინათ ემსახურებოდნენ იეჰოვას. რა უნდა ყოფილიყო შემდგომი ნაბიჯი?

ნოესა და მისი ოჯახის წარმოსადგენად შეირჩა მსახიობთა დასი. მომზადდა მათი კოსტიუმები და გადაწყდა, თუ რა ფერებში იქნებოდა ყოველი სცენა. ყოველივე ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან მხატვრებს არ შეეძლოთ ნოეს, მისი ცოლის, ვაჟებისა და რძლების დახატვა მანამ, სანამ არ ეცოდინებოდათ კოსტიუმირებული მსახიობების სახეები. ნახატები და ცოცხალი მოქმედებები შეხამებული უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან. მაგრამ სად უნდა გადაეღოთ ეს სცენები?

არჩევანი დანიაზე შეჩერდა, ვინაიდან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს ამ ქვეყანაში გამოცდილი რეკვიზიტორები ჰყავდა და საკმაო ადგილი ჰქოდნა ტიპოგრაფიაში, რომელიც შენობაში გადასაღები აუცილებელი სცენებისთვის გამოდგებოდა. ფილმის გადასაღებად, რომელშიც დანიელებიც იღებდნენ მონაწილეობას, პატერსონში (ნიუ-იორკი) არსებული „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრის აუდიო/ვიდეო სამსახურის განყოფილებიდან ჩამოვიდა ჯგუფი. ვიდეოფილმში მოთხრობილია ისტორია. ეს გაცილებით აადვილებს ამ ფილმის სხვა ენებზე გახმოვანებას, ვინაიდან საჭირო არ არის დუბლირების რთული ნაბიჯი, რომელშიც დიალოგების სინქრონული თარგმანიც უნდა ყოფილიყო ჩართული. როგორ გაკეთდა რთული ნახატები?

ნახატები და სპეციალური კინოკამერა

შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი სცენარის საფუძველზე მხატვრებმა აკვარელით შესრულებული ასობით ნახატი შექმნეს. ეს არ ყოფილა აუცილებლად კვადრატული ან მართკუთხა სურათები. ზოგჯერ მათ რკალისებრი ან ოვალური ფორმა ჰქონდათ მიცემული, რაც კინოკამერის მიერ გამოყენებულ კუთხეზე იყო დამოკიდებული. არც ერთი ნახატი არ აღემატებოდა ზომას 56× 76 სმ2, უმეტესობის ზომა კი 28×38 სმ2 იყო.

ნახატების გადასაღებად საჭირო იყო განსაკუთრებული კინოკამერა. სამგანზომილებიანი ეფექტის შესაქმნელად, ნახატები ჩასმული იყო სამ პლანად — წინა, შუა და უკანა პლანზე. ამგვარად შესაძლებელი გახდა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ კინოკამერის წინ მიმოდიან სპილოები და იზრდებიან ხეები ან კიდევ სხვა რამ ეფექტის მოსახდენად. კინოკამერას კომპიუტერი აკონტროლებდა. სპეციალური ეფექტის შესაქმნელად მას შეეძლო სცენის პანორამის გადაღება და გამოსახულების პლანის შეცვლა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სცენა მოძრაობდა, მაშინ როცა, სინამდვილეში, მხოლოდ კინოკამერა მოძრაობდა.

ვინაიდან საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ არა აქვს ნამდვილი მულტიპლიკაციური ფილმის გადასაღებად საჭირო გამოცდილება თუ საშუალებები, სხვადასხვა საშუალების ურთიერთშეთავსებით გამოყენება, სადაც მსახიობების თამაში და ნახატები ერთმანეთს ენაცვლება, კომპრომისულ ვარიანტს წარმოადგენს. სამიდან თორმეტი წლის ასაკის ბავშვებს, ვისთვისაც განკუთვნილი იყო ეს ვიდეოფილმი, მოსწონთ ეს მეთოდი. ამ ვიდეოფილმში ნათლად არის მოცემული მრავალი გაკვეთილი, რომელთა სწავლაც შეიძლება ნოეს მაგალითიდან. გარდა ამისა, ვიდეოკასეტის ბუდეზე აღბეჭდილი კითხვები მშობლებს თავიანთ შვილებთან მოთხრობის ძირითადი აზრების განხილვაში ეხმარება.

სხვა სპეციალური ეფექტები, როგორიც არის, მაგალითად, გაძლიერებული თავსხმა წარღვნის დროს, კომპიუტერული ხელოვნებით იქნა მიღწეული. ადვილია იმის დანახვა, რომ დიდი დრო და შემოქმედებითი ძალისხმევა მოხმარდა ვიდეოფილმ „ნოეს“ გადაღებას.

ვინაიდან ბიბლიური ცნობა არ იცვლება, ვიდეოფილმი „ნოე — ის ღმერთთან დადიოდა“ ყოველთვის აქტუალური იქნება და მოზარდების ყოველ ახალ თაობას დაეხმარება სწავლაში. ბავშვებიცა და მშობლებიც მადლიერებით აღსავსე ასობით წერილს იწერებიან და უფრო მეტი ვიდეოფილმის გამოშვებას ითხოვენ. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „ვარ 50 წლის. მე დიდი ხნის წინათ აღვზარდე შვილები. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს მშობლებისა და პატარა ბავშვებისთვის ფასდაუდებელი რამ იქნებოდა, თუ ბიბლიური მოთხრობებისგან შემდგარი ვიდეოფილმების ბიბლიოთეკა ექნებოდათ“.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ეს ვიდეოფილმი გამოვიდა 1997 წელს და ითარგმნა ალბანურ, ბერძნულ, დანიურ, ესპანურ, იაპონურ, იტალიურ, კორეულ, ლატვიურ, ნორვეგიულ, პორტუგალიურ, სერბულ, სლოვაკურ, ტაი, უნგრულ, ფინურ, ფრანგულ, შვედურ, ჩეხურ, ჩინურ, ხორვატულ და ჰოლანდიურ ენებზე; დაგეგმილია უფრო მეტ ენაზე გადათარგმნა.

[დიაგრამა⁄სურათი 17 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

განსაკუთრებული კინოკამერა მოძრაობისას იღებს და ნახატებს აცოცხლებს.

[სურათები 14, 15 გვერდებზე]

წარმოება სცენარიდან იწყება.

[სურათები 15 გვერდზე]

კადრების უმრავლესობა დანიაში იყო გადაღებული.

[სურათები 16, 17 გვერდებზე]

მხატვრებმა დაახლოებით 230 ცალკეული სცენა დახატეს.

[სურათები 17 გვერდზე]

კომპიუტერული მონტაჟით, სპეციალური ეფექტებით, თხრობით, მუსიკითა და გახმოვანებით დასრულდა ვიდეოფილმი.