რა არის ნამდვილი რწმენა?
ბიბლიის თვალსაზრისი
რა არის ნამდვილი რწმენა?
„რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).
რა არის რწმენა? ზოგის აზრით, ეს მტკიცე საფუძვლის გარეშე ღვთის არსებობის დაჯერებაა. ამერიკელი ჟურნალისტის, მენკენის, სიტყვების თანახმად, რწმენა არის „უსაფუძვლო დაჯერება იმისა, რისი მოხდენაც შეუძლებელია“. ასე განმარტავს ბიბლიაც ნამდვილ რწმენას? რადგან, ზემოაღნიშნულის თანახმად, „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა“, მეტად მნიშვნელოვანია, ნათლად გვესმოდეს, რა არის რწმენა.
ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ“ (ებრაელთა 11:1). მაშასადამე, რწმენა დაფუძნებულია ზუსტ შემეცნებაზე, ფაქტებზე, რომელთა საფუძველზეც ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. მორწმუნეს უნდა სწამდეს არა ბრმად, არამედ — გონებით.
ვთქვათ, გყავთ მეგობარი, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ: „ყველაფერში ვენდობი. აბსოლუტურად მჯერა მისი და დარწმუნებული ვარ, გასაჭირში აუცილებლად მხარში ამომიდგება“. შეუძლებელია, რომ იგივე თქვათ ორი-სამი დღის გაცნობილზე. ასე არ არის? ადამიანი, რომელზეც ამას იტყოდით, ალბათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სანდოა. იგივე შეიძლება ითქვას რწმენაზეც. მას აუცილებლად თან უნდა ახლდეს იმედი და მყარ, სანდო ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცება.
მორწმუნე თუ ადვილად მიმნდობი?
ვისაც დღეს, უმეტესად, მორწმენეს უწოდებენ, სინამდვილეში, მიმნდობი
ადამიანია, რომელიც მყარი საფუძვლისა თუ მიზეზის გარეშე ადვილად იჯერებს ყველაფერს. ასეთი ადამიანების რწმენა ხშირად დაფუძნებულია ემოციებსა და ცრურწმენაზე. მათი რწმენა მტკიცე არ არის, რადგან საფუძველს მოკლებულია.ადვილად მიმნდობი ადამიანის ნაჩქარევი დასკვნები შეიძლება აბსოლუტურად არ ეთანხმებოდეს ბიბლიის ჭეშმარიტებას. ამიტომ ბიბლია მართებულად გვაფრთხილებს დაუსაბუთებელ რწმენასთან დაკავრშირებით: „სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება“ (იგავნი 14:15). მოციქული პავლე წერდა: „ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელთა 5:21). ბიბლია არ იწონებს გულუბრყვილოდ მინდობას. ის ფაქტებზე დაფუძნებულ რწმენას ემხრობა.
გულუბრყვილობისგან ნამდვილი რწმენის გარჩევა საკმაოდ სერიოზული საკითხია. ადამიანი შეიძლება რელიგიური იყოს, მაგრამ ნამდვილი რწმენა არ ჰქონდეს. პავლემ შენიშნა: „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2). მაგრამ ზოგს ნამდვილად აქვს ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა, რომელიც ყოველმხრივ მართავს მათ ცხოვრებას.
ნამდვილი რწმენა ადამიანს ღმერთთან აკავშირებს
რწმენა, შეიძლება ითქვას, ნდობისა და დარწმუნებისგან შეკრული ჯაჭვია, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს. მაგრამ ასეთი რწმენა თავად უნდა განვავითაროთ; ის თანდაყოლილი არ არის. როგორ შეგიძლიათ, განავითაროთ ნამდვილი რწმენა? ბიბლია გვიხსნის: „რწმენა — მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა — ქრისტეს სიტყვისაგან“ (რომაელთა 10:17).
ამრიგად, ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მოძღვრების შესაცნობად საჭიროა დრო. ამასთანავე, შეუძლებელია ასეთი შემეცნების შეძენა ძალისხმევის გარეშე (იგავნი 2:1—9). იმაში დასარწმუნებლად, რომ ბიბლია სანდოა, მის გამოკვლევას დიდი ძალისხმევა უნდა მოახმაროთ.
მაგრამ ნამდვილი რწმენა მხოლოდ შემეცნებიდან ან რაღაცის სარწმუნოდ მიჩნევიდან არ გამომდინარეობს. ის უნდა მომდინარეობდეს გულიდან — ყოველი ზრახვის საგანძურიდან. რომაელთა 10:10-ში ნათქვამია: „გულით სწამთ“. რას ნიშნავს ეს? როცა ღრმად უფიქრდებით ყოველივეს, რაც ღვთისგან მომდინარეობს და თქვენში მადლიერება იზრდება, ბიბლიის ცნობა თქვენი გულის სიღრმეებს აღწევს. თქვენი რწმენა იზრდება და მტკიცდება, როცა ღვთის აღთქმები მოქმედებისკენ აღგძრავთ და როცა თვალნათლივ ხედავთ მის კურთხევებს (2 თესალონიკელთა 1:3).
რა ძვირფასი რამ არის ნამდვილი რწმენა! რწმენა გვაძლებინებს რთულ სიტუაციებში, რადგან ვენდობით ღმერთს; გვჯერა, რომ მას ძალუძს ჩვენი ნაბიჯების წარმართვა და ზრუნავს ჩვენს საჭიროებებზე. გარდა ამისა, ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, აღნიშნა, რა ხანგრძლივი სარგებლობა მოაქვს რწმენას: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). საუკუნო სიცოცხლე — რაოდენ შესანიშნავი ძღვენია მორწმუნეთათვის!
ღვთის იმ აღთქმისადმი რწმენა, რომ ღმერთი თავის მსახურებს აჯილდოებს, ადამიანს ახალ იმედს ჰმატებს ცხოვრებაში. ებრაელთა 11:6-ის თანახმად, ნამდვილი რწმენა ნიშნავს იმის დაჯერებას, რომ ღმერთი აუცილებლად დააჯილდოებს „თავის მაძიებელს“. ამრიგად, ნათელია — ნამდვილი რწმენა გულუბრყვილოდ მინდობა არ არის და ღვთის არსებობის დაჯერებაზე მეტს ნიშნავს. ეს იმის აღიარებაა, რომ ღმერთს ძალუძს მათი დაჯილდოება, ვინც წრფელი გულით ეძიებს მას. ნამდვილად და მთელი გულით გსურთ ღვთის გაცნობა? თუ ასეა, შეიძინეთ ზუსტი შემეცნება მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან, და თქვენი რწმენა დაჯილდოვდება (კოლასელთა 1:9, 10).
[სურათის საავტორო უფლება 28 გვერდზე]
Drawings of Albrecht Dürer/Dover Publications, Inc.