რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
თქვენც ხომ არ გჭირთ მოუსვენრობა?
მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტს ნერვული ჩვევები აქვს, — ნათქვამია კანადის გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ზოგს ახასიათებს „თითით თმის გრეხა, ფეხების ბაკუნი ან ქნევა, ფრჩხილების კვნეტა და ასე შემდეგ“. რატომ ახასიათებთ ადამიანებს მოუსვენრობა? პეგი რიხტერს, ტორონტოს „მავნე ჩვევებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ ფსიქიატრს, სჯერა, რომ ასეთი ჩვევები ადამიანს ამშვიდებს. მეორე მხრივ, კლინიკაში მომუშავე ფსიქოლოგი პოლ კელი ამბობს, რომ ნერვული მოძრაობა დაძაბულობის ბრალია და ადამიანი ავტომატურად, გაუცნობიერებლად რეაგირებს ასე, რაც სტრესის მოხსნაში ეხმარება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, „თქვენ შეგიძლიათ შეწვიტოთ და საერთოდ მოიშალოთ ასეთი ჩვევები შენაცვლების თერაპიის საშუალებით — ანუ, როდესაც შეატყობთ, რომ ვერ ისვენებთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ“, — ნათქვამია „გლოუბ ენდ მეილში“.
გენების რაოდენობა იზრდება
მკვლევარებმა ამას წინათ გადასინჯვის შემდეგ დაადგინეს, რომ ადამიანის უჯრედი სავარაუდოდ 140 000 გენს შეიცავს, — იტყობინება“ნიუ-იორკ ტაიმზი“. უწინდელი შეფასების თანახმად კი მათი რაოდენობა 50 000 დან 100 000-მდე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უწინ ფიქრობდნენ. გენების „ბრძანებით“ სხეულის უჯრედში ამინმჟავები წარმოიქმნება, რომლებიც, თავის მხრივ, ცილების წარმოქმნაში მონაწილეობენ. გადასინჯვისას გენების რიცხვის ასეთი მკვეთრი ზრდა „გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ადამიანის გენეტიკური პროგრამის შესახებ“, — აღნიშნულია იმავე გაზეთში.
სექსუალურად აქტიური ბრაზილიელი ახალგაზრდები
ბრაზილიაში „გოგონების 33 პროცენტი და ვაჟების 64 პროცენტი სექსუალურ კავშირს პირველად 14-დან 19 წლამდე ასაკში ამყარებენ“, — იტყობინება ერთი ბრაზილიური გაზეთი (O Estado de S. Paulo). გარდა ამისა, იმ 15—19 წლის ბრაზილიელი გოგონების რიცხვი, რომლებმაც გათხოვებამდე დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება, სულ რაღაც ათ წელიწადში გაორმაგდა. დემოგრაფ ელიზაბეტ ფერაზის სიტყვების თანახმად „საგრძნობლად შეიცვალა თვალსაზრისი სექსის შესახებ“. მაგალითად, სხვა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრაზილიელი მოზარდების 18 პროცენტს სულ მცირე უკვე ერთი ბავშვი მაინც ჰყავს, ან ამჟამად არიან ფეხმძიმედ.
კოკა-კოლის „მანიაკები“
თითოეული მექსიკელი წელიწადში საშუალოდ 160 ლიტრა კოკა-კოლას სვამს, — იტყობინება მექსიკაში არსებული მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ასოციაცია. ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი დოლარი იხარჯება კოლას სასმელებზე, რაც ერთად აღებულ ათ აუცილებელ საკვებზე დახარჯულზე მეტია. მრავალი ადამიანის აზრით ამ გამაგრილებელი სასმელის ასე დიდი რაოდენობით მოხმარება ძირითადად არასწორი კვების მიზეზია. კოლას ზოგმა ინგრედიენტმა შეიძლება კალციუმისა და რკინის ცუდი შეწოვა განაპირობოს. გარდა ამისა, პრობლემებს, რომლებსაც, როგორც ფიქრობენ, კოლის სმა იწვევს, მიეკუთვნება თირკმელებში კენჭების გაჩენის დიდი ალბათობა, კარიესი, ავადმყოფური სიმსუქნე, ჰიპერტონია, უძილობა, კუჭის წყლული და დეპრესია. „აქამდე ყველაზე მეტად სიმინდის ნაწარმს ვიყენებდით, ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოკა-კოლამ დაიკავა პირველი ადგილი“, — ნათქვამია ერთ მექსიკურ ჟურნალში (Consumer’s Guide Magazine).
„სამართლიანი ომი“?
„იუგოსლავიის ომმა სერიოზული უთანხმოება გამოიწვია ეკლესიებში, რისი მიზეზიც „სამართლიანი ომის“ შესახებ არსებული ტრადიციული თვალსაზრისი იყო“, — აღნიშნავს ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“. იდეა სამართლიანი ომის შესახებ ჯერ კიდევ ავგუსტინეს დროიდან, მეხუთე საუკუნიდან, მოდის. გაზეთში მოცემულია კათოლიკე ფილოსოფოსის, ტომას აკუინასის, მიერ მოგვიანებით ფორმულირებული ფაქტორები, რომლებიც ასეთ ომს „მორალურად“ ამართლებს: უნდა არსებობდეს „სამართლიანი მიზეზი“, ომი „უკანასკნელი გამოსავალი“ უნდა იყოს, ომის დამწყებს „კანონიერი უფლებამოსილება“ უნდა გააჩნდეს და „იარაღის გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმაზე მეტი ზარალი და უწესრიგობა, ვიდრე ის ბოროტება იწვევს, რომლის წინააღმდეგაც ეს ომი ჩაღდება“. კიდევ ერთი პირობა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში დაემატა, არის „გამარჯვების შანსი“. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიების უმრავლესობა დღეს უარყოფს აზრს „წმინდა ომის“ შესახებ, ისინი განაგრძობენ კამათს იმაზე, თუ რა ითვლება „სამართლიან ომად“.
იყიდება ეგზოტიკური ხორცი
მიუხედავად იმისა, რომ, საერთაშორისო კანონების თანახმად, ევროპაში იკრძალება ღამურის ხორცით ვაჭრობა და მისი საკვებად გამოყენება, მას უკანონოდ ყიდიან ბრიტანეთის მაღაზიებსა და რესტორნებში. „ნამდვილად საგანგაშოა, რომ ღამურების იმ სახეობებს, რომლებზე ნადირობაც აკრძალულია, ხოცავენ და ჩუმად გააქვთ საზღვარგარეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად საშიშია ხალხის ჯანმრთელობისთვის შეუმოწმებელი ხორცის ჭამა“, — ამბობს რიჩარდ ბარნველი, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ თანამშრომელი. აფრიკის ზოგ რეგიონში ხილიჭამია ღამურები დიდი ხნის მანძილზე ძირითადი საკვები იყო, ხოლო მალაიზიასა და ინდონეზიაში ღამურების ზოგი სახეობის რაოდენობა მათი ხორცით ვაჭრობის გამო მკვეთრად შემცირდა. სეიშელის კუნძულებზე ღამურის ხორცით დამზადებული კერძი ნუგბარად მიაჩნიათ. მაგრამ ლონდონის გაზეთი „სანდი ტაიმსი“ იტყობინება, რომ მხოლოდ ღამურები „არ არიან ის ცხოველები, რომლებიც საფრთხეში იმყოფებიან და რომლებზეც ევროპაში დიდი მოთხოვნილებაა“. ბელგიის დედაქალაქის, ბრიუსელის, რესტორნებში შიმპანზის ხორცით უმასპინძლდებიან კლიენტებს.