რუსები დიდად აფასებენ თაყვანისცემის თავისუფლებას
რუსები დიდად აფასებენ თაყვანისცემის თავისუფლებას
მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, იქ მცხოვრებმა ხალხმა ღვთისადმი თაყვანისცემის მეტი თავისუფლება მიიღო. ასეთ თავისუფლებას ისინიც დიდად აფასებენ, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის ღვთისადმი თაყვანისცემის მიზნით საჯაროდ შეკრების თავისუფლება სანუკვარი რამ იყო. ისინი ამას ათწლეულების მანძილზე მოკლებული იყვნენ.
1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ საშიში გახდა რუსეთში ბიბლიის კითხვა და მხოლოდ მცირედნი თუ რისკავდნენ ამის გაკეთებას. იეჰოვას მოწმეები გამონაკლისი იყვნენ. ფაქტობრივად, ჟურნალ „ნიუსუიკის“ 1956 წლის 16 აპრილის ნომერი თითქმის 44 წლის წინათ ციტირებდა აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდის სიტყვებს: „იეჰოვას მოწმეების გარდა არავინ კითხულობს ბიბლიას“. მაგრამ ბიბლიის შესასწავლი შეხვედრების ჩატარებისა და ბიბლიური ცნობის ქადაგებისთვის მოწმეებს ციხეში სვამდნენ და შრომა-გასწორების კოლონიებში აგზავნიდნენ. მიუხედავად ამისა, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მოწმეები თავიანთ ყურადღებას ბიბლიაზე დაფუძნებულ იმედზე ამახვილებდნენ, როგორც აქ მოცემული ჩარჩოდანაც ჩანს.
1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, მოწმეებმა შვიდი კონგრესი ჩაატარეს ბიბლიური პროგრამით. დამსწრეთა რაოდენობამ ამ კონგრესებზე 74 252 შეადგინა. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 1993 წელს, ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან ოთხში ჩატარებულ რვა ასეთ კონგრესზე 112 326 დელეგატი შეიკრიბა *. საბჭოთა პერიოდში მათგან ბევრმა დიდი ხანი გაატარა ციხეებსა და შრომა-გასწორების კოლონიებში. ეს ერთგული ქრისტიანები დიდად მადლიერნი იყვნენ, რადგან ღვთისადმი თაყვანისცემის თავისუფლებაში ხელს აღარავინ უშლიდა.
1993 წლიდან მოყოლებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ხალხი დიდად აფასებს ქრისტიანული შეკრებების თავისუფლებას თავის სამშობლოში. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გასულ წელს 282 333-მა იეჰოვას მოწმემ თავიანთ მეგობრებთან ერთად თაყვანისცემით გაიხარა 80 საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“. მოინათლა 13 452 ადამიანი.
შეიძლება საოცარი იყოს, მაგრამ გასულ წელს რუსულ ენაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ჩატარდა კონგრესები. ოთხ ასეთ შეკრებას 6 336 ადამიანი დაესწრო! სად ჩატარდა ეს კონგრესები? და რატომ აქვთ რუსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ბიბლიისადმი ცხოველი ინტერესი?
მოდი, პირველ რიგში, მოკლედ განვიხილოთ ბოლო კითხვა.მათ შეგნებული აქვთ სულიერი მოთხოვნილებები
რუსეთს მდიდარი რელიგიური მემკვიდრეობა აქვს. საუკუნეების წინათ აგებული მისი ბრწყინვალედ მორთული ტაძრები ქრისტიანულ სამყაროში კარგად ცნობილი ტაძრებიდან ერთ-ერთია. მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომაული კათოლიკური ეკლესიის მსგავსად, ხალხს ბიბლიას არ ასწავლიდა.
«ბიბლია, — ხსნის ახლახან გამოსული წიგნი „რუსეთის ტრაგედია — ისტორიის ტვირთი“, — არასდროს ასრულებდა მთავარ როლს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში». რუსი რელიგიათმცოდნე სერგეი ივანენკოს სიტყვების თანახმად „მართლმადიდებლების მწირი ბიბლიური შემეცნების გამო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი უმრავლესობა უფრო მოექცა ცრურწმენის, ოკულტიზმისა და ჯადოსნობის გავლენის ქვეშ, ვიდრე ურწმუნოები“.
ცნობილი რუსი მწერალი ტოლსტოიც აღნიშნავდა იგივეს. მან დაწერა: „დავრწმუნდი, რომ [რუსეთის მართლმადიდებელი] ეკლესიის სწავლება ეშმაკური თეორია და მავნე სიცრუეა, პრაქტიკულად, უამრავი ცრურწმენისა და ჯადოქრობის ბუდე, რომელიც სრულიად ჩრდილავს ქრისტიანული მოძღვრების მთლიან მნიშვნელობას“.
ამ ვითარებამ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა საბჭოთა კომუნიზმის აღზევებას ათეისტური პროპაგანდითა და კარგად ცნობილი ფრაზით: „რელიგია ხალხის ოპიუმია“. თუმცა კომუნიზმი მალე თვითონ გახდა ხშირად წითელ რელიგიად წოდებული თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. 1991 წელს საბჭოთა სახელმწიფოს დაშლამ მილიონობით ადამიანი გზააბნეული და გაოგნებული დატოვა, არ იცოდნენ, საით წასულიყვნენ. იეჰოვას მოწმეების დახმარებით ათასობით რუსმა იპოვა პასუხი ბიბლიაში.
კარგი საგანმანათლებლო სისტემის წყალობით რუსები მსოფლიოში ყველაზე განათლებულ ხალხებს შორის არიან. ამიტომ ბევრი რუსი ბიბლიის არა მარტო მკითხველი გახდა, არამედ მისი სწავლებების მოყვარულიც. ამ პერიოდში, 1990-იან წლებში, ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ასობით ათასი ადამიანი გადასახლდა სხვა ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად: გერმანია, საბერძნეთი და შეერთებული შტატები. რა შედეგი მოჰყვა ამას?
თაყვანისცემის თავისუფლება გერმანიაში
XVIII—XIX საუკუნეებში ბევრი გერმანელი გადავიდა რუსეთში. მათგან ყველაზე ცნობილი იყო 15 წლის სოფია, რომელიც 1762 წელს რუსეთის იმპერატორი გახდა. თავისი დიდი ხნის მმართველობის დროს სოფიამ, მოგვიანებით ეკატერინე მეორედ ცნობილმა, გერმანელი ფერმერები მიიწვია რუსეთში საცხოვრებლად. როდესაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ გერმანელების შთამომავლების უმეტესობა ციმბრიში და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში: ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში გადაასახლეს. ახლა კი რუსულ ენაზე მოლაპარაკე გერმანელები, ისევე როგორც სხვები, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1992 წელს ქალაქ ბერლინში პირველი რუსული კრება ჩამოყალიბდა. გასული წლისთვის გერმანიის სამ რაიონში 52 რუსულენოვანი კრება და 43 პატარა
ჯგუფი იყო. აქ რუსულ ენაზე ჩატარებულ საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“, რომელიც 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე გრძელდებოდა ქალაქ კელნში, დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 4 920 იყო და იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად 164 მოინათლა. გასული წლის 1 აპრილს გერმანიის რუსულენოვან კრებებში იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს 6 175 ადამიანი დაესწრო.რუსები შეერთებულ შტატებში
ყოფილი საბჭოთა კავშირიდან რუსულენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაკადმა შეერთებულ შტატებშიც იწყო დენა. „1991—1996 წლებში ბრუკლინში ყველაზე სწრაფად მზარდი იმიგრირებულთა ჯგუფი რუსებისგან შედგებოდა. იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურმა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან 339 000-ზე მეტ იმიგრანტს შეერთებულ შტატებში ემიგრაციის უფლება მისცა“, — ნათქვამი იყო „ნიუ-იორკ ტაიმზში“.
მოგვიანებით, 1999 წლის იანვრის „ტაიმზის“ ნომერი იტყობინებოდა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დაახლოებით 400 000 ებრაელი გადასახლდა ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში. ბოლო წლებში ათასობით რუსი დასახლდა შეერთებული შტატების სხვადასხვა რაიონში. მაგალითად, ჩრდილოეთ კალიფორნიას დაახლოებით 35 000 რუსი იმიგრანტი მიაწყდა, და ეს ადგილი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის შემდეგ მესამე უდიდესი ცენტრი გახდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასული იმიგრანტების რაოდენობით. რუსულ ენაზე მოლაპარაკე ეს ხალხი ბიბლიის სწავლის საშუალებასაც გამოეხმაურა და ასობით მათგანი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემელი გახდა.
ბოლო დროს, 1994 წლის 1 აპრილს, შეერთებულ შტატებში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეების პირველი რუსულენოვანი კრება ჩამოყალიბდა. ამასთანავე, რუსული კრებები და პატარა ჯგუფები ჩამოყალიბდა პენსილვანიის, კალიფორნიის, ვაშინგტონის შტატებსა და ქვეყნის სხვა რაიონებში.
პირველად შეერთებულ შტატებში
გასული წყლის 20—22 აგვისტოს ქალაქ ნიუ-იორკში პირველად რუსულ ენაზე ჩატარებულ საოლქო კონგრესზე შეერთებული შტატებიდან და კანადიდან დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა 670 შეადგინა. ყველა მოხსენება რუსულ ენაზე იყო წარმოთქმული. კოსტიუმირებული დრამა, რომელიც აღწერდა ბიბლიურ ცნობას იაკობისა და ესავის შესახებ, წარმოადგინეს ლოს-ანჯელესის (კალიფორნია) რუსული კრების წევრებმა. ეს კონგრესის ნამდვილად ღირსშესანიშნავი მომენტი იყო.
კონგრესის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი 14 ადამიანის მონათვლა იყო. ზოგიერთმა 4 000 კილომეტრი გაიარა პორტლენდიდან (ორეგონის შტატი), ლოს-ანჯელესიდან და სან-ფრანცისკოდან (კალიფორნია), ნიუ-იორკში გამართულ კონგრესზე რომ მონათლულიყვნენ. ადრე ეს თოთხმეტი ადამიანი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში ცხოვრობდა: აზერბაიჯანი,
ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა. მათი შემთხვევები ცხადყოფს, თუ რაოდენ აფასებენ ისინი ღვთის შესახებ შემეცნებასა და მისადმი თაყვანისცემის თავისუფლებას.სვეტლანა მოსკოვში გაიზარდა. 17 წლის ასაკში გათხოვდა თავისზე ბევრად უფროს ცნობილ მომღერალზე და 1989 წელს ისინი თავიანთ მცირეწლოვან ბიჭთან ერთად საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. მისი მეუღლე გამუდმებით მოგზაურობდა და ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა.
როდესაც სვეტლანა შეხვდა თანამშრომელ იეჰოვას მოწმეს, მეგობრებმა გააფრთხილეს, რომ გაეხვეოდა „სექტაში, რომელიც კონტროლს გაუწევდა [მას] და გამოსტყუებდა მთელ ფულს“. მაგრამ სვეტლანას სურდა გაეგო, რას ასწავლიდა ბიბლია. ბიბლიაში ღვთის სახელის წაკითხვის შემდეგ მან თქვა: „ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მხოლოდ მოწმეები იყენებდნენ ღვთის სახელს თაყვანისმცემლობაში“.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ანდრეიმ მშობლიური ციმბირი დატოვა და სპორტული ხელოვნების დასაუფლებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა. მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა და 1993 წელს 22 წლის ანდრეი შეერთებულ შტატებში გადასახლდა. ის ამბობს: „ღმერთზე ფიქრი და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში სიარული დავიწყე. ერთხელ, აღდგომის დღესასწაულის დროს, ეკლესიაში დავრჩი და ღმერთთან სიახლოვის ძებნაში მთელი ღამე იქ გავატარე“.
ამ პერიოდში სვეტლანა ანდრეის შეხვდა და მანაც მოუყვა ის, რაც ბიბლიის შესწავლის წყალობით იცოდა. ანდრეი დათანხმდა, იეჰოვას მოწმეების კრებაზე გაჰყოლოდა მას და ბოლოს ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. 1999 წლის იანვარს ისინი დაქორწინდნენ. კონგრესზე თავიანთი ნათლობის შემდეგ სიხარულისგან ცას სწვდებოდნენ.
პავლე ყარაღანდაში (ყაზახეთი) დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით ნალჩიკში (რუსეთი) გადავიდა. ეს დიდი ქალაქი ახლოს არის ჩაჩნეთთან და დაღესტანთან, სადაც ომი მძვინვარებს. 1996 წლის აგვისტოში პავლე იეჰოვას მოწმეებს პირველად აქ შეხვდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ სან-ფრანცისკოში გადასახლდა. ის ნარკოტიკებს იყენებდა; ჰყავდა პატარა გოგონა, რომელიც რუსეთში ბავშვის დედას დაუტოვა.
შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე პავლე იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. გამოსწორდა და თავისი შვილის დედას ახალშეძენილი რწმენის შესახებ მისწერა. ახლა ისიც სწავლობს მოწმეებთან ბიბლიას; გადაწყვეტილი აქვთ დაქორწინდნენ და თავიანთ გოგონასთან ერთად ემსახურონ იეჰოვას კალიფორნიაში.
გიორგი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. ის შეერთებულ შტატებში 1996 წელს ჩავიდა და მომდევნო წელს დაქორწინდა ფლორაზე, რომელიც წარმოშობით აზერბაიჯანიდან იყო. გიორგი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ეგზემპლარის წაკითხვის შემდეგ სამებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა. მან საზოგადოება „საგუშაგო კოშკიდან“ თავის წერილზე პასუხად მიიღო ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“. 1998 წელს მან და ფლორამ ბიბლიის
შესწავლა დაიწყებს და ახლა ისიც მოსანათლად ემზადება.კონგრესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვიდან მიღებული მოკითხვა იყო, სადაც იმავე რიცხვებში გაიმართა კონგრესი და რომელსაც 15 108 ადამიანი ესწრებოდა. რა სასიხარულო იყო ნიუ-იორკში შეკრებილი დელეგატებისთვის იმის მოსმენა, რომ იქ 600 ადამიანი მოინათლა! ეს განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო პრესისა და ტელევიზიის მიერ გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც შეერთებულ შტატებში და სხვაგან კონგრესის ჩასატარებლად დანიშნულ კვირას გადაიცა.
რა ხდებოდა მოსკოვში
1999 წლის 21 ივლისს მოწმეებმა ოლიმპიური სტადიონის დირექციასთან კონტრაქტი დადეს სტადიონის გამოყენების თაობაზე, რომელიც მოსკოვის თითქმის ცენტრში და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ახლოს მდებარეობს. მაგრამ კონგრესამდე ერთი კვირით ადრე ნათელი გახდა, რომ მოსალოდნელი იქნებოდა წინააღმდეგობა. ოთხშაბათისთვის, 18 აგვისტოსთვის, სტადიონის გამოყენების ნებართვა ჯერ არ ჰქონდათ მოწმეებს, თუმცა იჯარა უკვე გადახდილი იყო. სახელმწიფო მოხელეებს თვალნათლივ განუმარტეს, რომ იეჰოვას მოწმეები რუსეთში ოფიციალურად რეგისტრირებული არიან (როგორც 21-ე გვერდზე მოცემული ჩარჩოდან ჩანს).
რადგან პარასკევ დილას 15 000 დელეგატი გეგმავდა კონგრესზე დასწრებას, ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან შეწუხებული იყვნენ. ბევრი დელეგატი მოსკოვში სხვა საკმაოდ მოშორებული ქალაქებიდან და დაბებიდან ჩამოვიდა. ბოლო განხილვის შემდეგ, რომელმაც რამდენიმე საათი გასტანა, ხუთშაბათს, 19 აგვისტოს საღამოს რვა საათზე, სტადიონის ხელმძღვანელობა მოხარული იყო, მოწმეების წარმომადგენლებისთვის ეცნობებინა, რომ კონგრესი ჩატარდებოდა. ქალაქის ადმინისტრაციამ მოწმეებს შეატყობინა, რომ კონგრესის ჩატარების წინააღმდეგი არ იყო.
მომდევნო დილას ათასობით ხალხი დაიძრა სტადიონისკენ. მოწმეები მთელი ღამე მუშაობდნენ სტადიონის მოსამზადებლად. იქ იყვნენ პრესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც თავიდანვე იცოდნენ, რომ კონგრესის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. „გილოცავთ! — წამოიძახა ერთმა მათგანმა, — მიხარია, რომ თქვენი კონგრესი ტარდება“.
სამაგალითო წესრიგი
სტადიონის ხელმძღვანელობის აზრით გონივრული იყო უსაფრთხოების ზომების მიღება. ამიტომ სტადიონის ყველა შესასვლელში ისეთი მოწყობილობა დადგეს, რომელსაც აეროპორტში მგზავრების შესამოწმებლად
იყენებენ. ამასთან ერთად პოლიცია იყო დაყენებული სტადიონზე. სერიოზული მუქარის მიუხედავად, კონგრესი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე მიმდინარეობდა.შაბათს შუადღისას ვიღაცამ დარეკა და თქვა, რომ სტადიონზე ბომბი იყო დადებული. ეს მოხდა უკანასკნელისწინა მოხსენების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე. სტადიონის ხელმძღვანელობის თხოვნით მოკლე განცხადება გაკეთდა, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სტადიონი. როდესაც ყველამ ორგანიზებულად შეასრულა მათი თხოვნა, ხელმძღვანელობა და პოლიცია გაოცებული დარჩა, რადგან ასეთი რამ არასოდეს ენახათ! მათ იკითხეს, თუ სად ჩაატარეს მოწმეებმა ამის რეპეტიცია.
ბომბი ვერ იპოვეს და მეორე დღეს პროგრამა გაგრძელდა იმ მოხსენებებით, რომლის წაკითხვაც წინადღეს ვერ მოხერხდა. სტადიონის ხელმძღვანელობას კონგრესი მოეწონა.
საბერძნეთსა და სხვაგან
აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველ კვირას რუსულ ენაზე საოლქო კონგრესები საბერძნეთშიც ჩატარდა — პირველად ათენში და შემდეგ თესალონიკეში. დამსწრეთა საერთო რიცხვმა 746 შეადგინა და 34 მოინათლა. საბერძნეთში 8 რუსულენოვანი კრება და 17 პატარა ჯგუფია, რომლის წევრებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ რესპუბლიკებიდან არიან იმიგრირებული. ისინი კრების შეხვედრებს ატარებენ რუსულ და სხვა ენებზე, რომლებზეც იმიგრირებულები საუბრობენ.
ათენში მონათლულთაგან ერთ-ერთი ვიქტორი იყო. მას ღმერთი არასდროს სწამდა, მაგრამ 1998 წლის აგვისტოში დაესწრო ათენში გამართულ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესს, სადაც მისი ცოლი მოინათლა. მან თქვა, რომ დელეგატების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა მასზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
ერთმა მამაკაცმა, იგორმა, მიიღო წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ და მისი წაკითხვის შემდეგ ყველა ხატი გადაყარა და ხალხს თავს იეჰოვას მოწმედაც კი აცნობდა. მას შემდეგ, რაც ათენში არსებულ ფილიალის ბიუროს წერილი მისწერა, მოწმეებმა 1998 წლის ნოემბერში მიაკითხეს სახლში; იმ დღიდან დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება და დღემდე ერთიც არ გაუცდენია. ახლა, მონათვლის შემდეგ, იგორის მიზანია, იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე გახდეს.
რუსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გადასახლდნენ, რომლებიც ჩვენ არ მოვიხსენიეთ. მათგანაც ბევრი ხარობს ბიბლიის შესწავლისა და ღვთის თაყვანისცემისთვის საჯაროდ შეკრების თავისუფლებით. მათთვის ეს დიდებული პატივია.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 ეს 15 ქვეყანა ახლა დამოუკიდებელია: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ესტონეთი, თურქმენეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
[ჩარჩო 18 გვერდზე]
რუსები, რომლებსაც ბიბლია უყვართ
პატივცემულმა რუსმა რელიგიათმცოდნემ, პროფესორმა სერგეი ივანენკომ, იეჰოვას მოწმეებზე დაწერა, რომ ისინი ნამდვილად ერთგულად სწავლობენ ბიბლიას. ახლახან რუსულ ენაზე გამოსულ თავის წიგნში „ხალხი, რომელიც არასდროს შორდება ბიბლიას“ მან საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრები იეჰოვას მოწმეების ისტორია დაწერა: „მაშინაც კი, თუ თავიანთი რწმენისადმი ერთგულების გამო ციხეში სვამდნენ, იეჰოვას მოწმეები პოულობდნენ ბიბლიის გამოყენების საშუალებებს“. ამის ნათლად აღსაწერად მან შემდეგი შემთხვევა მოიყვანა:
„პატიმრებს ბიბლიის ქონა აკრძალული ჰქონდათ და ჩხრეკის დროს ამ წიგნს ართმევდნენ ხოლმე. ჩრდილოეთის ერთ-ერთ ბანაკში იეჰოვას მოწმე მუშაობდა ელექტრიკოსად და ბიბლიის წიგნებს ტრანსფორმატორში ინახავდა, სადაც ძალიან მაღალი ძაბვა იყო. ბიბლიის ყოველი ნაწილი ძაფით იყო მიმაგრებული გარკვეულ კაბელზე, და მხოლოდ ამ ერთმა კაცმა იცოდა რომელი ძაფი გამოეწია, მაგალითად, მათეს სახარების გამოსაღებად, ისე რომ დენს არ დაერტყა. ყარაულები ყველანაირად ეცადნენ, მაგრამ ვერავითარმა ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო — ეს უნიკალური ბიბლია ვერასგზით ვერ იპოვეს“.
[ჩარჩო 21 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების ხელმეორედ რეგისტრირება რუსეთში
იეჰოვას მოწმეები უკვე საუკუნეზე მეტია, რაც აქტიურად ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას რუსეთში. მაგრამ სახელმწიფოს მიერ შეზღუდვის გამო 1991 წლის 27 მარტამდე მოწმეებმა კანონით აღიარება ვერ მიიღეს. ამ დროს ისინი რეგისტრირებულ იქნენ სახელწოდებით „იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის სამმართველო ცენტრი სსრკ-ში“.
1997 წლის 26 სექტემბერს „რელიგიისა და სინდისის თავისუფლების“ შესახებ კანონი შეიმუშავეს. ამ ახალი კანონზე მთელ მსოფლიოში გადაიცა რეპორტაჟები. რატომ? რადგან ბევრის აზრით ეს კანონი რუსეთში რელიგიურ უმცირესობათა მოღვაწეობის შეზღუდვას მოასწავლებდა.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეებმა, როგორც იქნა, 1991 წელს რეგისტრაცია მიიღეს, სინდისის თავისუფლების შესახებ რუსეთში ახალი კანონი მათგან და ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან ხელახალ რეგისტრაციას მოითხოვდა. ამან მრავალი კითხვა წამოჭრა. ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეების საწინააღმდეგო პოლიტიკას დაუბრუნდებოდა? ან იქნებოდა კი გათვალისწინებული რელიგიური შემწყნარებლობა და თაყვანისცემის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით?
ბოლოს პასუხიც გაირკვა. დიდად ბედნიერნი იყვნენ იეჰოვას მოწმეები ხელახალი გამარჯვებით 1999 წლის 29 აპრილს, როდესაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოწმობა გასცა „იეჰოვას მოწმეთა სამმართველო ცენტრის რუსეთში“ ხელახალი რეგისტრაციისთვის!
[სურათი 19 გვერდზე]
შეერთებულ შტატებში რუსულ ენაზე ჩატარებული პირველი საოლქო კონგრესი.
[სურათი 20 გვერდზე]
ნიუ-იორკში წარმოდგენილი ბიბლიური დრამა ლოს-ანჯელესში არსებული რუსულენოვანი კრების მიერ.
[სურათი 22, 23 გვერდებზე]
15 000-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბა მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე.