არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხმალა — არაჩვეულებრივი სინაზისა და სილამაზის ყვავილი

ხმალა — არაჩვეულებრივი სინაზისა და სილამაზის ყვავილი

ხმალა — არაჩვეულებრივი სინაზისა და სილამაზის ყვავილი

თითქმის ყველას აღაფრთოვანებს ყვავილოვანი მცენარეების ნატიფი სილამაზე, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითიც ხმალაა. ეს ყვავილი იმდენად პოპულარულია, რომ ისრაელში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში კომერციული მიზნებით აშენებენ. შეერთებულ შტატებში კი არსებობს სპეციალური მეურნეობები, რომლებიც მეყვავილეობის მოყვარულთ მთელ მსოფლიოში აწვდიან თავიანთ პროდუქციას.

საოცარი ხმალას ოჯახი 2 000-ზე მეტ ჯიშამდე გაიზარდა თანაც, ერთმანეთისგან მეტად განსხვავდებიან ფერთა შეხამებითა და აგებულებით. გაინტერესებთ, როგორ გამოჰყავთ მეყვავილეებს ერთი ოჯახიდან ესოდენ მრავალი ჯიში?

ახალი ჯიშების გამოყვანა

ბეწვის ფუნჯით მეყვავილეს ყვავილის მტვრიანადან, მამრობითი ნაწილიდან, მტვერი დინგზე, მდედრობით ნაწილზე გადმოაქვს. ეს კეთდება ჩვეულებრივ ყველაზე დაბლა მდებარე ყვავილებზე და მაშინვე მჭიდროდ იკვრება, რათა სხვა დამტვერიანების ხელშემწყობებმა, ფუტკრებმა და ბუზებმა ხელი არ შეუშალონ განზრახვის განხორციელებას. ჩვეულებრივ, გარკვეული ფერისა თუ ფორმის მისაღებად ერთი სახის ხმალას სასურველი ნიშან-თვისებების მქონე სხვა ჯიშთან აჯვარებენ.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი ჯიშის, ანუ ჰიბრიდის, გამოყვანით, მეყვავილე ყვავილის ახალ სახეობას ქმნის. ასეთი შესაძლებლობები ხმალას საკმაოდ რთულ გენეტიკურ კოდში ყოველთვის ინახებოდა. სელექციური მოშენების წყალობით ხმალას შეფერილობის სპექტრი შეიძლება თვალისმომჭრელი თეთრიდან შავ-წითელ ან მუქ შინდისფრამდე იცვლებოდეს. გარდა ამისა ხმალას შეიძლება დაწინწკლული, ლაქებიანი ან, საერთოდ, ფურფუშებიანი და გვირგვინის ორმაგი ფურცლები ჰქონდეს. ზოგი მათგანი მცირედ საგრძნობი სურნელებითაც კი გამოირჩევა.

არაჩვეულებრივი სინაზე და სილამაზე

დააკვირდით აქ გამოსახულ ხმალას სხვადასხვა ჯიშს. რა არაჩვეულებრივია ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც „მომხიბლავი დორისი“ ჰქვია! გაშლისას ღია იასამნისფერ ყვავილის ფურცლებს უფრო მუქი მაქმანიანი ნაპირები ამშვენებს. ფურცლების ძირში, თითოეული ყვავილსაფარის ყელში, მუქ ვარდისფერ და მეწამულ ფერებს ზღაპრული ფეიერვერკი გაუმართავთ.

სხვა სახეობა, „ორქიდეის მაქმანი“, რომელიც აქვეა, ისეთი ფაქიზი ჩანს, თითქოს ოდნავი შეხებაც კი დააზიანებსო. ღეროსკენ გადახრილი მისი ფურცლები საოცარი შეფერილობის მქონე ყელის შუიდან გამოსულ გრძელ მტვრიანებს უთმობს გზას. სხვა ჯიშებს კი ძალზე რომანტიკული სახელები ჰქვია: „მოკაშკაშე ვარსკვლავი“, „ოცნების დასასრული“, „წითელი განგაში“, „განუმეორებელი“, „ვერცხლისფერი მთვარე“.

ხმალას მოშენება

თესლით გამრავლების გარდა, ხმალას ამრავლებენ გორგლ-ბოლქვებით და ბოლქვაკებით — მთავარ ბოლქვზე გამოზრდილი მეორადი ბოლქვით.

ხმალას კულტურული ჯიშები, ძირითადად, აფრიკული სახეობებიდან არის გამოყვანილი. ამიტომ მათი, ასე ვთქვათ, ტროპიკული წარმომავლობის გამო ყვავილი საკმაოდ მგრძნობიარეა ჰავის ცვლილებებისადმი. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ყვავილმა სუსხიან ზამთარს შეიძლება ვერ გაუძლოს, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ბრწყინვალედ გრძნობდეს თავს.

ცივ კლიმატურ ზონებში ზრდის პერიოდის დასასრულს გორგლ-ბოლქვები მიწიდან უნდა ამოიღოთ და ფრთხილად გაწმინდოთ. ისინი ახალ ბოლქვებს გაიკეთებს, ხოლო თუ ძველ, მკვდარ ბოლქვს ღეროს ძირში მოჭრით, ახალ ბოლქვს ფესვებს უფრო ადვილად გაადგმევინებთ. გარდა ამისა, მუხუდოს ზომის, მტევნებად ამოზრდილი ბოლქვაკები უნდა მოაშოროთ. ზამთრის პერიოდში ბოლქვაკების მსგავსად გორგლ-ბოლქვებიც მშრალ ცივ ადგილას უნდა შეინახოთ, მაგრამ ტემპერატურა ნულზე დაბალი არ უნდა იყოს.

ჩარგვის შემდეგ თითოეული ბოლქვაკი თხელ ფოთლებს გამოიღებს და ზრდის პერიოდის დასასრულს ზრდადასრულებულ გორგლ-ბოლქვად იქცევა; ხოლო უკვე მომდევნო სეზონზე გადარგვის შემდეგ ბოლქვები არაჩვეულებრივად ლამაზი ყვავილებით დაგაჯილდოებთ.

ზომიერ კლიმატურ პირობებში ხმალას ჩარგვა ადრეულ გაზაფხულზე შეიძლება. უფრო თბილ ქვეყნებში კი გადარგვის პერიოდს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა არა აქვს. თუმცა ბოლქვაკებსა და გორგლ-ბოლქვებს იდეალურ პირობებს ნიადაგის ტენიანობა და სუსტი მჟავიანობა შეუქმნიდა და, რადგანაც ხმალას ჩრდილში ყოფნა არ უყვარს, კაშკაშა მზის სხივები დიდად ესიამოვნებოდა.

ბოლქვაკები შეიძლება 8 სანტიმეტრის სიღრმეზე გავლებულ კვალში მიმოვაბნიოთ და მიწით დავფაროთ, ხოლო გორგლ-ბოლქვები 13 სანტიმეტრის სიღრმეზე უნდა ჩაირგოს. ზრდაში რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, სასურველია, საშუალო ზომის ბოლქვები 8 სმ, ხოლო დიდები 13 სმ-ით იყოს დაშორებული ერთმანეთისგან. თუ კარგად ჩარგავთ და კარგადვე მოუვლით, რამდენიმე თვეში ენით აუწერელ, არაჩვეულებრივი ნატიფი სილამაზის ყვავილს იხილავთ.

[სურათი 24 გვერდზე]

„ორქიდეის მაქმანი“.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

„მარჯნის ოცნება“.

„მონე“.

„ოცნების დასასრული“.

„Sunsport“.

[სურათი 25 გვერდზე]

„მომხიბლავი დორისი“.