არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თამბაქოს გადაყოლილი მსოფლიო

თამბაქოს გადაყოლილი მსოფლიო

თამბაქოს გადაყოლილი მსოფლიო

ბილი ჯანმრთელი, ჭკვიანი, კეთილი მამაკაცი იყო, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი. მაგრამ დადებითი თვისებების გარდა მას ერთი ნაკლი ჰქონდა — სიგარეტის მოწევა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით შეიძულა ეს ჩვევა. მაშინაც კი, როცა სიგარეტს ეწეოდა, დაბეჯითებით აფრთხილებდა თავის ვაჟებს, სიგარეტს არ მიკარებოდნენ; თავად აღიარებდა, რომ ამგვარი მოქმედება არაგონივრული იყო. იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც თავისი ძლიერი ხელით სიგარეტის კოლოფს ჭმუჭნიდა, ოთახის ბოლოს ისროდა და იფიცებდა, რომ უკანასკნელი ღერი მოსწია. მაგრამ მალე ისევ უბრუნდებოდა მოწევას — ჯერ მალულად, მერე კი აშკარად.

15 წლის წინათ ბილი კიბოთი დაიღუპა. თვეების მანძილზე საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. მწეველი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, დღესაც ცოცხალი იქნებოდა. მის ცოლს ჯერ კიდევ ეყოლებოდა ქმარი; მის ვაჟებს ჯერ კიდევ ეყოლებოდათ მამა.

რასაკვირველია, ბილის სიკვდილი მისი ოჯახისთვის ტრაგედია იყო, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯმო) იტყობინება, თამბაქოს წევასთან დაკავშირებული დაავადებები ყოველწლიურად დაახლოებით ოთხ მილიონ, ანუ ყოველ რვა წამში ერთ ადამიანს, კლავს. თამბაქოს წევა დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი უდიდესი მიზეზია მთელ მსოფლიოში, რომლის აღმოფხვრაც შეიძლებოდა. დღევანდელი ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში 20 წლის შემდეგ წევა მსოფლიოში სიკვდილიანობისა და უძლურების ნომერი პირველი მიზეზი იქნება, რომელიც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ვიდრე შიდს-ი, ტუბერკულოზი, მშობიარობის დროს ქალების სიკვდილიანობა, ავტოკატასტროფები, თვითმკვლელობა და მკვლელობა ერთად აღებული.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტი მომაკვდინებელია, მწეველები ყველგან არიან. მთელ მსოფლიოში სულ მცირე 1 100 000 000 ადამიანი მწეველია, იუწყება ჯმო. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოზარდების თითქმის ერთი მესამედი ეწევა.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ მაშინ როცა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები შიგადაშიგ ასობით მილიონ დოლარს იხდიან მათ საწინააღმდეგოდ მიმართული სარჩელის გამო, ეს თანხა თითქმის არაფერია მათ მრავალმილიარდდოლარიან მოგებასთან შედარებით. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში თამბაქოს ფაბრიკები ყოველდღიურად 1,5 მილიარდ სიგარეტს უშვებს. მთელ მსოფლიოში თამბაქოს კომპანიები და სამთავრობო მონოპოლიები ყოველწლიურად ხუთ ტრილიონზე მეტ სიგარეტს ყიდიან!

რატომ არ იცილებს ამდენი ადამიანი ჩვევას, რომელიც მომაკვდინებელია? თუკი მწეველი ხარ, როგორ შეგიძლია თავი დაანებო მოწევას? ამ კითხვებს მომდევნო სტატიები გასცემს პასუხს.