არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ღირს სიგარეტზე უარის თქმა?

რატომ ღირს სიგარეტზე უარის თქმა?

რატომ ღირს სიგარეტზე უარის თქმა?

ვისაც სურს, დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს, არ უნდა ეწეოდეს. შესაძლებლობა იმისა, რომ დიდი ხნის მწეველს, საბოლოო ჯამში, თამბაქო მოკლავს, ორიდან ერთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: „სიგარეტი... მარჯვედ შექმნილი პროდუქტია, რომელიც მწეველს მისადმი მოთხოვნილების განსავითარებლად საჭირო რაოდენობის ნიკოტინს აწვდის, უვითარებს ჩვევას, რომლისგანაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ თავისუფლდება და ბოლოს სიკვდილამდე მიჰყავს“.

მაშასადამე, ერთი მიზეზი, რის გამოც ღირს სიგარეტზე უარის თქმა, არის ის, რომ თამბაქო ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. მოწევა დაკავშირებულია 25-ზე მეტ დაავადებასთან, რომლებიც სიცოცხლეს ემუქრება. მაგალითად, უმთავრესად ის ხდება გულის შეტევის, დამბლის დაცემის, ქრონიკული ბრონქიტის, ემფიზემისა და სხვადასხვა ორგანოს კიბოს, განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოს, მიზეზი.

რასაკვირველია, შეიძლება ადამიანი წლების განმავლობაში ეწეოდეს, სანამ ამ დაავადებებიდან ერთ-ერთით დასნეულდება. გარდა ამისა, მოწევა არ ხდის ადამიანს უფრო მიმზიდველს. რეკლამა მწეველებს მომხიბლავ და ჯანმრთელ ადამიანებად წარმოგვიდგენს. სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. მოწევა ამონასუნთქს ცუდ სუნს, კბილებსა და თითებს მოყვითალო-მოყავისფრო ფერს სძენს; მამაკაცებში იმპოტენციას უწყობს ხელს და მწეველისთვის ხველებისა და ქოშინის მიზეზი ხდება. მწეველებში უფრო მეტად არის მოსალოდნელი სახეზე ნაადრევი ნაოჭებისა და კანის სხვა პრობლემების გაჩენა.

როგორ მოქმედებს სხვებზე მოწევა

ბიბლია ამბობს: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39). მოყვასის სიყვარული — შენი ოჯახის წევრები კი შენი უახლოესი მოყვასნი არიან — მოწევისათვის თავის დანებების საფუძვლიანი მიზეზია.

მოწევა სხვებსაც აყენებს ზიანს. უკანასკნელ დრომდე მწეველს თითქმის ყველგან შეეძლო სიგარეტის მოკიდება და აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება იცვლება, ვინაიდან ბევრს ესმის სხვების მიერ მოწეული სიგარეტის კვამლის შესუნთქვის საშიშროება. მაგალითად, მწეველზე დაქორწინებულ არამწეველში ფილტვის კიბოს განვითარების საშიშროება 30 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე მასში, ვისი მეუღლეც არ ეწევა. მწეველ მშობლებთან მცხოვრებ ბავშვებში უფრო მოსალოდნელია ფილტვების ანთების ან ბრონქიტის განვითარება სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც ისეთ ოჯახში ცხოვრობენ, სადაც არავინ ეწევა.

ორსული ქალები, რომლებიც ეწევიან, თავიანთი ჯერარშობილი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ნიკოტინი, ნახშირბადის მონოქსიდი და სიგარეტში შემავალი სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებები დედის სისხლში იჭრება და საშვილოსნოში მყოფ ნაყოფსაც წამლავს. ამის შედეგად კი მუცლის მოშლის, მკვდარი ბავშვის დაბადებისა და ახალშობილების სიკვდილიანობის ალბათობა უფრო იზრდება. გარდა ამისა, ჩვილი ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომი სამჯერ უფრო მეტია იმ ბავშვებს შორის, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ეწეოდნენ.

ძვირი ჯდება

თამბაქოს წევაზე უარის თქმის სხვა მიზეზი არის სიძვირე. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ უშუალოდ წევით გამოწვეული დაავადებების განკურნების ღირებულება ყოველწლიურად თითქმის 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რასაკვირველია, ეს ციფრი არ გამოხატავს მათი ტანჯვისა და ტკივილის ფასს, ვისი დაავადებების მიზეზიც თამბაქოა.

ცალკეული მწეველის მიერ სიგარეტზე დახარჯული თანხის გაანგარიშება ადვილია. თუკი ეწევით, ის თანხა, რომელსაც სიგარეტზე ერთ დღეში ხარჯავთ, 365-ზე გაამრავლეთ. ეს გიჩვენებთ, რამდენ ფულს ხარჯავთ წელიწადში. გაამრავლეთ ეს რიცხვი ათზე და დაინახავთ, რამდენი დაგიჯდებათ სიგარეტი, თუკი შემდეგი ათი წლის მანძილზე მოსწევთ. შედეგმა შეიძლება გაგაოცოთ. იფიქრეთ, რა შეგეძლოთ გაგეკეთებინათ ამ თანხით.

უვნებელი ალტერნატივაა?

თამბაქოს მრეწველობა რეკლამას უკეთებს ფისისა და ნიკოტინის დაბალი შემცველობის სიგარეტებს და მათ სხვა ნაწარმზე წინ აყენებს, როგორც მსუბუქსა და რბილს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემცირების საშუალებას. მაგრამ მათ, ვინც ფისისა და ნიკოტინის დაბალი შემცველობის სიგარეტებს ირჩევს, კვლავ აქვთ ნიკოტინის ადრინდელი დოზის მიღების სურვილი. ამის შედეგად, მწეველები, რომლებიც ასეთ სიგარეტზე გადადიან, ჩვეულებრივ უფრო მეტი სიგარეტის მოწევით იკმაყოფილებენ ამ სურვილს. ისინი ხშირ-ხშირად და ხარბად ეწევიან. ისინიც კი, ვინც ზომიერად ეწევა ამგვარ სიგარეტს, ბევრს ვერაფერს რგებენ თავიანთ ჯანმრთელობას იმასთან შედარებით, რა სარგებლობაც მოწევისთვის ერთხელ და სამუდამოდ თავის დანებებას მოაქვს.

რა შეიძლება ითქვას ჩიბუხებსა და სიგარებზე? მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მრეწველობა ხელს უწყობს ჩიბუხებისა და სიგარების, როგორც საზოგადოებრივი პრესტიჟის სიმბოლოს გავრცელებას, მათ მიერ გამოყოფილი კვამლი ისევე მომაკვდინებელია, როგორც სიგარეტისა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწეველები არ შეისუნთქავენ სიგარისა თუ ჩიბუხის კვამლს, ისინი ტუჩის, პირის ღრუსა და ენის კიბოს განვითარების მზარდი საშიშროების წინაშე დგანან.

არის თუ არა უკვამლო თამბაქო უვნებელი? მისი ორი სხვადასხვა სახეობა არსებობს: საყნოსი და საღეჭი თამბაქო. საყნოსი თამბაქო დაფხვნილია, ჩვეულებრივ, თუნუქის ქილებში ან პარკებში იყიდება. ხშირად მომხმარებლები მას პირში — ტუჩის ან ლოყის ძირში იდებენ. საღეჭი თამბაქო გრძელ ძაფებზეა ასხმული და, ჩვეულებრივ, პარკებში იყიდება. საყნოსი თუ საღეჭი თამბაქო ხდება პირში ცუდი სუნის, კბილებზე ნადების გაჩენის, პირის ღრუსა და ხახის კიბოს, ნიკოტინისადმი მიდრეკილების, პირში თეთრი წყლულების გაჩენის, რომლებიც შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს, პაროდონტოზისა და ოსტეოპოროზის მიზეზი. აშკარაა, რომ თამბაქოს ყნოსვა თუ ღეჭვა არ წარმოადგენს მოწევის ბრძნულ ალტერნატივას.

თავის დანებებით მიღებული სარგებლობა

დავუშვათ, დიდი ხნის მწეველი ხართ. რა მოგივათ, თუკი მოწევას თავს დაანებებთ? უკანასკნელი სიგარეტის ღერის მოწევიდან 20 წუთში სისხლის წნევა დაგირეგულირდებათ. ერთი კვირის შემდეგ ორგანიზმი ნიკოტინისგან გაგითავისუფლდებათ. ერთ თვეში ხველა შეგისუსტდებათ, ცხვირით თავისუფლად ისუნთქებთ, დაღლილობა და ქოშინიც მოგეხსნებათ და სუნთქვა დაგირეგულირდებათ. ხუთი წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი სიკვდილის საფრთხე 50 პროცენტით შეგიმცირდებათ. 15 წელიწადში გულის კორონარული დაავადების საშიშროება იმდენად შეგიმცირდებათ, რამდენადაც იმ ადამიანს, რომელიც არასოდეს ეწეოდა.

უფრო მადიანად შეჭამთ საჭმელს; თქვენს ამონასუნთქს, სხეულსა და ტანისამოსს უფრო სასიამოვნო სუნი ექნება; აღარ შეგაწუხებთ თამბაქოს ყიდვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების პრობლემა; გაგიჩნდებათ საკუთარი თავისადმი რწმენა; თუ ბავშვების პატრონი ხართ, თქვენი მაგალითი მათი მწეველებად გახდომის ალბათობას შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ უფრო დიდხანს იცოცხლებთ. გარდა ამისა, ღვთის ნების თანახმად იმოქმედებთ, ვინაიდან ბიბლია ამბობს: „განვიწმიდოთ ხორცის. . . ყოველგვარი სიბილწისაგან“ (2 კორინთელთა 7:1). არ იფიქროთ, თითქოს თქვენთვის უკვე ძალიან გვიან იყოს მოწევაზე უარის თქმა; რაც უფრო მალე დაანებებთ თავს, მით უკეთესია.

რატომ არის სიგარეტზე უარის თქმა ასე ძნელი

სიგარეტის გადაგდება ძნელია — მათთვისაც კი, ვისაც ამის დიდი სურვილი აქვს. უმთავრესად ეს იმიტომ ხდება, რომ თამბაქოში არსებული ნიკოტინი ნარკოტიკია, რომელიც ძლიერ მიჩვევას იწვევს. „ფსიქოტროპულ ნარკოტიკთა შორის ნიკოტინი ჰეროინსა [და] კოკაინზე უფრო ძლიერ ნარკოტიკად აღიარეს, რომელიც მისი მიღების მოთხოვნილებას აძლიერებს“, აცხადებს ჯმო. ჰეროინისა და კოკაინისგან განსხვავებით, ნიკოტინი არ წარმოქმნის ექსტაზის აშკარა ნიშნებს, ასე რომ ძნელია მისი ძალის სათანადოდ შეფასება. მაგრამ მის მიერ გამოწვეული ეიფორიის მსუბუქი შეგრძნება უამრავ ადამიანს აღძრავს მოწევისკენ. ნიკოტინი ნამდვილად ცვლის გუნება-განწყობილებას; აფორიაქებისას ის დამამშვიდებლად მოქმედებს. მაგრამ დაძაბულობა, რომელსაც სიგარეტი ამცირებს, ნაწილობრივ, თავად ნიკოტინის მიღების დიდი სურვილით არის გამოწვეული.

მოწევისთვის თავის დანებება ძნელია იმის გამოც, რომ მოწევა ჩვევაში გადადის. რომ აღარაფერი ვთქვათ ნიკოტინისადმი სწრაფვაზე, მწეველებს სიგარეტის მოკიდებისა და გაბოლების მექანიკური ჩვევა უვითარდებათ. შეიძლება ვინმემ თქვას: „ხელში რაღაც უნდა მეჭიროს“, „ამით ვკლავ დროს“.

მესამე ფაქტორი, რის გამოც ძნელია თამბაქოზე უარის თქმა, არის ის, რომ თამბაქოს წევა საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. თამბაქოს მრეწველობა ყოველწლიურად თითქმის ექვს მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს რეკლამებზე, რომლებშიც მწეველები მიმზიდველ, ენერგიულ, ჯანმრთელ და ინტელიგენტურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ხშირად მათ ცხენოსნობით, ცურვით, ტენისის თამაშითა თუ სხვა სასიამოვნო საქმიანობით გატაცებულს წარმოგვიდგენენ. კინოფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში მწეველებს არ გვაცნობენ უარყოფით ადამიანებად. თამბაქოს გაყიდვა კანონიერად დაშვებულია და მისი ყიდვა, პრაქტიკულად, ყველგან შეიძლება. მრავალი ჩვენგანი ვერსად ემალება მწეველებს. ძნელია გაექცე ამ გავლენას.

სამწუხაროდ, არ არსებობს აბი, რომლის მიღებაც გაგიქრობდათ მოწევის სურვილს, როგორც, მაგალითად, ასპირინს შეუძლია თავის ტკივილის გაყუჩება. წევის მიტოვების სირთულის დასაძლევად ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ისევე როგორც წონის დაკლება, ესეც ხანგრძლივ, მტკიცე ნებისყოფას მოითხოვს. წარმატება დამოკიდებულია იმ ადამიანზე, რომელიც ეწევა.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

ადრეული ასაკიდანვე შეჩვეულები

შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 4-დან 1 ახალგაზრდა, რომელმაც სიგარეტს გაუსინჯა გემო, საბოლოო ჯამში, სისტემატური მწეველი გახდა. ისინი ისევე ეჩვეოდნენ ნიკოტინს, როგორც სხვები კოკაინსა და ჰეროინს. თუმცა მოზარდი მწეველების 70 პროცენტი ნანობს, რომ ეწევა, მათგან მცირეს თუ შეუძლია თავის დანებება.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

რას შეიცავს სიგარეტის კვამლი?

სიგარეტის კვამლი შეიცავს ფისს, რომელიც 4 000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერებისგან შედგება. ცნობილია, რომ აქედან 43 კიბოს იწვევს. მათ შორის არის ციანიდი, ბენზოლი, მეთილის სპირტი და აცეტილენი (საწვავი, რომელიც შემადუღებელ აპარატში გამოიყენება). სიგარეტის კვამლი აგრეთვე შეიცავს აზოტის ოქსიდსა და ნახშირბადის მონოქსიდს; ორივე მომწამლავი გაზია. მისი ძირითადი და ძლიერმოქმედი შემადგენელი ნაწილია ნიკოტინი — ნარკოტიკი, რომელმაც ძლიერი მიჩვევა იცის.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

როგორ დავეხმაროთ საყვარელ ადამიანს სიგარეტის გადაგდებაში

თუ თქვენ მწეველი არ ხართ და გათვითცნობიერებული გაქვთ მოწევით შექმნილი საფრთხის სერიოზულობა, შესაძლოა, უკმაყოფილებას გრძნობდეთ იმის გამო, რომ თქვენი მეგობრები ან საყვარელი ადამიანები განაგრძობენ მოწევას. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ დაეხმაროთ მათ სიგარეტის გადაგდებაში? ჩიჩინი, ხვეწნა, იძულება და დაცინვა იშვიათად მთავრდება წარმატებით. არც ჭკუის სწავლებას მოაქვს შედეგი. გადაგდების ნაცვლად მწეველმა შეიძლება უფრო ხშირად აიღოს ხელში სიგარეტი, რათა შეიმსუბუქოს ამგვარი ტაქტიკით გამოწვეული ემოციური ტკივილი. ასე რომ, შეეცადეთ გაიგოთ, რამდენად რთულია სიგარეტის გადაგდება და რომ ყველა ადამიანისთვის ამის გაკეთება არ არის ერთნაირად ადვილი.

თქვენ ვერ გადააგდებინებთ ადამიანს სიგარეტს. გადაგდებისთვის აუცილებელი შინაგანი ძალა და საკუთარი თავის მიმართ რწმენა თავად მწეველს უნდა გააჩნდეს. თქვენ მხოლოდ იმის საშუალებები უნდა მონახოთ, რომ სიგარეტის გადაგდების სურვილის გაღვივების მიზნით სიყვარულით გაამხნევოთ და მხარი დაუჭიროთ მას.

როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? სათანადო დროს შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი სიყვარული მის მიმართ და უთხრათ, რომ წუხხართ იმის გამო, რომ ეწევა. აუხსენით, რომ მის გვერდით იქნებით, რათა მხარი დაუჭიროთ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, თუ ამ ტაქტიკას ძალიან ხშირად გამოიყენებთ, ის თავის ეფექტურობასა და მნიშვნელობას დაკარგავს.

რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა მტკიცედ გადაწყვიტა, თავი დაანებოს თამბაქოს წევას? გახსოვდეთ, რომ ამას შეიძლება თან ახლდეს თავის დანებებასთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის გაღიზიანებადობა და დეპრესია. შეიძლება თავის ტკივილსა და უძილობას უჩიოდეს. შეახსენეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ სიმპტომები მხოლოდ დროებითია და იმის ნიშანია, რომ სხეული ახალ და ჯანმრთელ მდგომარეობას უბრუნდება. იყავით მხიარული და დადებითად განწყობილი. გამოხატეთ თქვენი ბედნიერება იმის გამო, რომ ის უარს ამბობს თამბაქოს წევაზე. ამ პერიოდში, დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს, აარიდოს თავი სტრესულ სიტუაციებს, რომლებსაც რეციდივის გამოწვევა შეუძლია.

რის გაკეთება შეიძლება, თუკი რეციდივი გამეორდა? შეეცადეთ, ზედმეტად მძაფრი რეაგირება არ მოახდინოთ. იყავით თანამგრძნობი. შექმნილ სიტუაციას შეხედეთ, როგორც ორივესთვის კარგ გაკვეთილს, რაც უფრო შესაძლებელს გახდის იმას, რომ მომდევნო მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდეს.

[სურათი 7 გვერდზე]

თამბაქოს მრეწველობა ყოველწლიურად თითქმის ექვს მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს რეკლამებზე.