არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

რა ხდება მსოფლიოში

პატარები და ტელევიზორი

ამერიკის პედიატრიის აკადემია რეკომენდაციას იძლევა, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვებმა ტელევიზორს არ უყურონ, იუწყება „ტორონტო სტარი“. ტვინის ადრეული განვითარების გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ჩვილ ბავშვებსა და პატარებს მშობლებთან და სხვა მომვლელებთან უშუალო კონტაქტი ესაჭიროებათ. ტელევიზორის ყურებამ შეიძლება „ხელი შეუშალოს მათი პროფესიული, ემოციური და შემეცნებითი უნარის განვითარებას“. მაგრამ ყველა სპეციალისტი როდი ეთანხმება ამას. კანადის პედიატრიის საზოგადოების აზრით, მაგალითად, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ დღეში მაქსიმუმ 30 წუთით ტელევიზორის ყურება ბავშვს „მშობლის მიერ განსწავლის შესაძლებლობას“ აძლევს. მაგრამ ორივე ორგანიზაცია ეთანხმება იმას, რომ პატარა ბავშვების საწოლ ოთახში არ უნდა იყოს ტელევიზორი ან კომპიუტერი, და რომ ტელევიზორი ძიძის როლში არ უნდა იქნეს გამოყენებული. რადგანაც ტელევიზორის ყურებას ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე საზიანოდ მოქმედება შეუძლია, გვირჩევენ, „ბავშვები წავახალისოთ, რომ გარეთ ითამაშონ, წიგნები იკითხონ ან თავსატეხებზე თუ თამაშებზე იფიქრონ“.

იმედგაცრუება სამუშაოზე

რატომ კარგავს ზოგი სიმშვიდეს ან ბრაზდება კიდეც სამუშაოზე? ტორონტოელი ფსიქოლოგის, სემ კლარაიკის თქმით, მიზეზი შეიძლება არა მხოლოდ სტრესი იყოს, არამედ იმედგაცრუების დაბალი ამტანობა. ის თვლის, რომ ასეთი მდგომარეობა უვითარდება ზოგ მუშას, რომლებიც ფიქრობენ, რომ „მათგან მეტისმეტად მძიმედ შრომას მოითხოვენ და შემდეგ ხედავენ, რომ შრომის ანაზღაურება მათ მიერ გაწეულ შრომას არ შეესაბამება“, — იტყობინება გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“. კლარაიკი იძლევა გაფრთხილებას, რომ ხანგრძლივი სიბრაზე „ძალზე არაჯანსაღი ემოციაა“, რომელსაც დამბლის დაცემისა თუ გულის შეტევის გამოწვევა შეუძლია. ის მოუწოდებს მუშებს, ისწავლონ იმედგაცრუებასთან შეგუება, დასხდნენ თავიანთ დამსაქმებლებთან ერთად და მშვიდად იმსჯელონ იმაზე, თუ სინამდვილეში რამდენი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. მეორე მხრივ, კლარაიკი დამსაქმებლებს ურჩევს, სიფხიზლე გამოიჩინონ იმ მუშების მიმართ, რომლებსაც ეტყობათ, რომ ქანცგაწყვეტილები არიან და დამატებითი დახმარება აღმოუჩინონ, გარკვეულწილად შეუმსუბუქონ ტვირთი ან დასვენება შესთავაზონ.

მღერა გულს რგებს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მღერის შედეგად ტვინში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც თავს დასვენებულად და ბედნიერად გაგრძნობინებს, იტყობინება გერმანული გაზეთი „შტუტგარტერ ნაჰრიხტენი“. მკვლევარების თქმით, მღერა ტვინში „ემოციების მოლეკულების“ მოძრაობას იწვევს. ამგვარად, „ამბობენ, რომ მღერა არა მხოლოდ გამოხატავს, არამედ ქმნის კიდეც გრძნობებს“, — ნათქვამია ამ გაზეთში. როგორც მუსიკის მასწავლებლები შენიშნავენ, დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მღერა „ძველმოდურია“, ან კიდევ მათი ხმა იმდენად კარგი არ არის, და ამის გამო გასართობი პროგრამების ან სხვა წყაროს მიერ შემოთავაზებული სიმღერითა და მუსიკით კმაყოფილდებიან. მაგრამ ეს გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანები სარგებლობას იღებენ მაშინ, როდესაც თავად მღერიან.

მოსავლის მოპარვა

გერმანიის ზოგიერთ მხარეში ფერმერები ჩივიან, რომ მოსავლის მოპარვის შემთხვევები მატულობს, იტყობინება „ზიგენერ ცაიტუნგი“. ქურდებს კიტრით სავსე ვედროები მიაქვთ და პატარა ფურგონებს სატაცურით ტვირთავენ. ერთხელ მარწყვის 7 000 ძირი მოიპარეს. თუმცა ზოგი, შესაძლოა, უკიდურესი ფინანსური მდგომარეობის გამო ქურდობს, ჩანს, რომ სხვები ამას ჰობად მიიჩნევენ. ფერმერები იტყობინებიან, რომ ნაძარცვ მინდვრებთან „ყველა მარკის მანქანას“ ხედავენ ხოლმე. ხშირად მინდვრები მათი მფლობელების სახლებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს და ქურდები ამ მინდვრებს უფრო მეტი მოურიდებლობით ქურდავენ. ერთი კონსულტანტი იძლეოდა რჩევას, რომ ქურდებისთვის მოპარვის ხალისის დასაკარგად ფერმერებმა თავიანთი მოსავალი ნაკელით დაფარონ.

ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, შეუძლიათ უფრო დიდხანს იცოცხლონ

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევის თანახმად, ხანში შესულები, რომლებიც საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობენ, მაგალითად, დადიან ეკლესიაში, რესტორნებში, სპორტულ შეხვედრებსა და კინოთეატრებში, საშუალოდ ორ-ნახევარი წლით უფრო მეტხანს ცოცხლობენ მათთან შედარებით, ვინც ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ღონისძიებების ფიზიკურად აქტიური ნაწილი ეხმარებოდა ადამიანებს, თქვა ტომას გლასმა, რომელიც უძღვებოდა გამოკვლევას. მაგრამ როგორც შემდგომ დასძინა, ამ გამოკვლევამ, „ალბათ, დღემდე არსებული მონაცემებიდან ყველაზე საუკეთესოდ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მნიშვნელოვანი მიზნის არსებობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს“. გლასმა შენიშნა, რომ მეტი რამის კეთებამ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებენ, თითქმის ყველა შემთხვევაში სიცოცხლე გაახანგრძლივა.