არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რელიგიური შეუწყნარებლობა, რომელიც დღეს აღიარეს

რელიგიური შეუწყნარებლობა, რომელიც დღეს აღიარეს

რელიგიური შეუწყნარებლობა, რომელიც დღეს აღიარეს

ჩვენი კორესპონდენტისგან ბრიტანეთში

«ეპისკოპოსები წუხან დედოფალ მარიამის „საშინელ დანაშაულთა გამო“», — ასე იყო დასათაურებული ბრიტანეთში გამომავალი კათოლიკური გაზეთის 1998 წლის 11 დეკემბრის ნომრის ერთ-ერთი სტატია (Catholic Herald). ინგლისსა და უელსში რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა აღიარეს, რომ „კათოლიკური რელიგიის სახელით საშინელი უსამართლობები ხდებოდა, მაგალითად, პროტესტანტების მიმართ, დიდ ბრიტანეთში რეფორმაციის დროს“. ვინ იყო დედოფალი მარიამი? ისეთი რა დანაშაული ჩაიდინა, რომ საქვეყნოდ გამოსატანი გახდა? და მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეს ინგლისისა და უელსის ეპისკოპოსებმა ამ განაცხადის დაბეჭვდა?

მარიამ ტიუდორი 1516 წელს დაიბადა კათოლიკურ ინგლისში და მეფე ჰენრი VIII-ის პირველი ცოლის, არაგონელი ეკატერინეს, ერთადერთი სიკვდილს გადარჩენილი შვილი იყო. მარიამი დედამისმა ერთგულ კათოლიკედ აღზარდა. მამამისს ვაჟი უნდოდა მემკვიდრედ, მაგრამ ეკატერინეს არ შესძენია. რადგანაც პაპი თანახმა არ იყო, რომ ის ეკატერინეს გაყროდა, ჰენრიმ თვითონ მოკიდა საქმეს ხელი და ინგლისი პროტესტანტული რეფორმაციისათვის შეამზადა. 1533 წელს, ოთხი თვით ადრე მანამდე, სანამ კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ტომას კრანმერი, მის პირველ ქორწინებას ძალადაკარგულად გამოაცხადებდა ის ენ ბოლეინზე დაქორწინდა.

მომდევნო წელს დაუმორჩილებელმა ჰენრიმ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა რომის კათოლიკურ ეკლესიათან და ანგლიკანური ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მარიამს, რომელიც ახლა უკანონო შვილად გამოცხადდა, აღარასოდეს უნახავს დედამისი, რადგან ეკატერინე იძულებული იყო, ბოლო წლები იზოლაციაში გაეტარებინა.

პროტესტანტული შეუწყნარებლობა

მომდევნო 13 წლის განმავლობაში ყველა დახოცეს, ვინც უარყოფდა ჰენრის მიერ ეკლესიის მეთაურობას ან ჯერ კიდევ რომის პაპის ძალაუფლებას აღიარებდა. ჰენრი 1547 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი ერთადერთი კანონიერი ძე, ცხრა წლის ედუარდი, ავიდა, რომელიც ექვსი ცოლიდან მესამესთან შეეძინა. ედუარდი და მისი მრჩეველები ცდილობდნენ, ინგლისი პროტესტანტულ ქვეყნად ექციათ. კათოლიკეებს სდევნიდნენ მათი რელიგიის გამო, ეკლესიებს კი ძარცვავდნენ და ხატები და საკურთხევლები გაჰქონდათ.

მალე ბიბლიის ინგლისურ ენაზე დაბეჭვდასა და წაკითხვაზე შეზღუდვები გაუქმდა და საეკლესიო მსახურებისას ბიბლიის კითხვა ლათინურის ნაცვლად ინგლისურ ენაზე უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ 1553 წელს ედუარდი 15 წლის ასაკში ტუბერკულოზით დაიღუპა. მარიამი კანონიერ მემკვირედ იქნა აღიარებული და ინგლისის დედოფალი გახდა.

კათოლიკური შეუწყნარებლობა

თავდაპირველად 37 წლის მარიამს ხალხი დიდი სიხარულით შეხვდა, მაგრამ მალე აითვალწუნეს. მისი ქვეშევრდომები პროტესტანტები იყვნენ, მარიამმა კი გადაწყვიტა, ქვეყანა ისევ კათოლიკურად ექცია. მალე ედუარდის ყველა რელიგიური წესდება გააუქმეს. მარიამს სურდა, რომ ხალხს პატიება მიეღო რომის პაპისგან. ინგლისი კვლავ კათოლიკური ქვეყანა გახდა.

რომთან შერიგებამ თავის მხრივ პროტესტანტების დევნის ახალ ტალღას მისცა ბიძგი. პროტესტანტებს ავთვისებიან სიმსივნეს ადარებდნენ, რაც უნდა მოიკვეთოს, რომ მთელ სხეულს არ ავნოს. ბევრი, ვინც რომის კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებას უარყოფდა, ცოცხლად დაწვეს ბოძზე.

ერეტიკოსების დასჯა

პირველი, ვინც მარიამის მეფობისას მოკლეს, ჯონ როჯერსი იყო. მან „მათეს ბიბლიად“ ცნობილი თარგმანი გამოსცა, რომელიც „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ დაედო საფუძვლად. ანტიკათოლიკური ქადაგების გამო, რომლის დროსაც ის ხალხს აფრთხილებდა, მორიდებოდნენ „მავნებელ კათოლიციზმს, კერპთაყვანისმცემლობასა და ცრურწმენას“, ერთი წლით დააპატიმრეს, 1555 წლის თებერვალში კი სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ერესის გამო და დაწვეს.

გლოსტერისა და ვუსტერის ეპისკოპოსი, ჯონ ჰუპერიც, ერეტიკოსად შერაცხეს. მან გამოაცხადა, რომ კანონით დაშვებული იყო მღვდლების დაქორწინება და მრუშობის საფუძველზე გაყრა. გარდა ამისა, მან უარყო მესაზე ქრისტეს ფიზიკური თანდასწრება. ჰუპერი ცოცხლად დაწვეს; მისი საშინელი სიკვდილი თითქმის 45 წუთი გრძელდებოდა. როდესაც 70 წლის პროტესტანტი მქადაგებლის, ჰიუ ლატიმერის, დაწვის დრო დადგა, ის ამხნევებდა თავის თანარეფორმატორს, ნიკოლას რიდლის, რომელსაც იგივე სასჯელი ელოდა: „დამშვიდდი, ბატონო რიდლი, ვაჟკაცურად მოიქეცი. ჩვენ ამ დღეს ისეთ სანთელს დავანთებთ ინგლისში, რომელიც არასოდეს ჩაქრება“.

მეფეების, ჰენრისა და ედუარდის, დროს კენტერბერის პირველ პროტესტანტ არქიეპისკოპოსს, ტომას კრანმერსაც, ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი. მართალია, მან უარყო პროტესტანტობა, მაგრამ ბოლო წუთს სახალხოდ შეცვალა გადაწყვეტილება; დაგმო პაპი და განაცხადა, რომ ის ქრისტეს მტერი იყო და მარჯვენა ხელი ცეცხლში შეყო, რომ პირველ რიგში ის დაწვოდა, რადგან მარჯვენათი მოაწერა ხელი პროტესტანტიზმის უარყოფას.

მაშინ როცა სულ მცირე 800-მა მდიდარმა პროტესტანტმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველა, მომდევნო სამი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში, სანამ მარიამი მოკვდებოდა, ინგლისში 277 ადამიანი მაინც დაწვეს ბოძზე. მსხვერპლთაგან უმრავლესობა უბრალო ადამიანები იყვნენ, რომელთაც საერთოდ არეული ჰქონდათ თავგზა და აღარ იცოდნენ, რა ეწამათ. ახალგაზრდები ისე გაიზარდნენ, რომ მხოლოდ პაპის გმობა ესმოდათ, ახლა კი მის წინააღმდეგ ლაპარაკის გამო სჯიდნენ. ზოგმა კი ბიბლიის თავისით კითხვა ისწავლა და საკუთარი რელიგიური წარმოდგენა ჩამოუყალიბდა.

მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ასეთი მტანჯველი, ნელი სიკვდილი ბევრს ზარავდა. ისტორიკოსი კაროლი ერიკსონი ასე აღწერს ამ სცენას: „ძალიან ხშირად შეშა ნედლი იყო, ლერწამი კი მეტისმეტად გაჟღენთილი იყო წყლით და სწრაფად არ იწვოდა. დენთით სავსე ტომრები, რომლებიც ტანჯვის შემსუბუქების მიზნით ჰქონდათ მსხვერპლებს მიბმული, ან საერთოდ არ იწვოდა, ან კიდევ ასახიჩრებდა, მაგრამ ვერ კლავდა მათ“. მსხვერპლს პირს არ უკრავდნენ და „მათი ღრიალი და ლოცვები ხშირად მანამ ისმოდა, სანამ ბოლომდე არ დაიწვებოდნენ“.

სულ უფრო მეტი დააეჭვა ამ რელიგიამ, რომლის მოძღვრების ძალდატანებით მისაღებადაც ხალხის ბოძზე დაწვა იყო საჭირო. ამ მსხვერპლთა მიმართ თანაგრძნობამ უბიძგა ბალადების მწერლებს, სიმღერები დაეწერათ პროტესტანტ წამებულებზე. ჯონ ფოქსმა დაიწყო თავისი „წამებულთა წიგნის“ შედგენა, რომელსაც თითქმის ისეთივე გავლენა ჰქონდა პროტესტანტ რეფორმატორებზე, როგორიც ბიბლიას. ბევრი, ვინც მარიამის მმართველობის დასაწყისში კათოლიკე იყო, მისი მმართველობის ბოლოს პროტესტანტი გახდა.

მარიამის მემკვიდრეობა

როდესაც მარიამი დედოფალი გახდა, თქვა, რომ თავის ნათესავზე, ესპანეთის ტახტის მემკვიდრეზე, ფილიპეზე გათხოვდებოდა. ის უცხო ქვეყნის მეფე და მგზნებარე კათოლიკე იყო, რაც ინლისელების უმრავლესობას არ იზიდავდა. პროტესტანტების აჯანყება, რომელიც მათი ქორწინების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მოეწყო, ჩაახშვეს და 100 მეამბოხე სიკვდილით დასაჯეს. ფილიპე და მარიამი 1554 წლის 25 ივლისს დაქორწინდნენ, თუმცა ფილიპე არასოდეს გამეფებულა. მათ შვილი არ ეყოლათ, რაზეც მარიამი ძალიან წუხდა, რადგან კათოლიკე მემკვიდრე უნდოდა.

მარიამს ჯანმრთელობა შეერყა და თავისი ხანმოკლე, ხუთწლიანი, მეფობის შემდეგ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ის დარდით იყო მოცული. მისი ქმარი გაბეზრებული იყო მისგან, ქვეშევრდომთა უმრავლესობას კი სძულდა. მრავალმა ლონდონელმა ქუჩებში გამოსვლითა და მხიარულებით აღნიშნა მისი სიკვდილი. თავისი ფანატიკოსობით მან კათოლიციზმი კი არ აღადგინა, პროტესტანტიზმის გაძლიერებას უფრო შეუწყო ხელი. მისი მემკიდრეობა კარგად არის წარმოდგენილი იმ სახელში, რომლითაც ის არის ცნობილი — „სისხლისმღვრელი მარიამი“.

მას სინდისი არასწორად კარნახობდა

რატომ დააწვევინა მარიამმა ასე ბევრი ადამიანი? მას ასწავლიდნენ, რომ ერეტიკოსები ღვთის მოღალატეები იყვნენ და თავის მოვალეობად მიაჩნდა მათი გავლენის აღკვეთა, სანამ ის მთელ ერს მოედებოდა. ის საკუთარ სინდისს უსმენდა, მაგრამ უგულებელყოფდა სხვების უფლებებს, რომელთაც სინდისი სხვა რამეს კარნახობდა.

მაგრამ პროტესტანტებიც ასეთივე შეუწყნარებლობას ავლენდნენ. ჰენრისა და ედუარდის დროსაც წვავდნენ ხალხს მათი რელიგიური მრწამსის გამო. ელისაბედ I-მა, რომელიც მარიამის შემდეგ გახდა დედოფალი და რომელიც პროტესტანტი იყო, კათოლიციზმი მოღალატეობად გამოაცხადა და მისი მმართველობის დროს 180-ზე მეტი ინგლისელი კათოლიკე სიკვდილით დასაჯეს. მომდევნო საუკუნის განმავლობაში სხვა ასობით ადამიანი იქნა მოკლული მათი რელიგიური შეხედულებების გამო.

რატომ იხდიან ბოდიშს ახლა?

1998 წლის 10 დეკემბერს 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მე-18 მუხლი აღიარებს „აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებას“, მათ შორის, რელიგიის შეცვლისა თუ ამ რელიგიის ქადაგებისა და მიმდევრობის თავისუფლების უფლებას. ინგლისისა და უელსის კათოლიკე ეპისკოპოსებმა 50-ე წლისთავი მიიჩნიეს „სათანადო დროდ იმისათვის, რომ კათოლიკეებს თავიანთი სინდისი გამოეკვლიათ ამ საკითხში“ და ეღიარებინათ ის „საშინელი დანაშაულებანი“, რომლებიც ძირითადად მარიამ ტიუდორის დროს იქნა ჩადენილი.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 450 წლის წინათ ჩადენილი რელიგიური შეუწყნარებლობის აქტებს ახლა ინანიებენ, რამე თუ შეიცვალა სინამდვილეში მას შემდეგ? მართალია, აღარავის წვავენ ბოძზე, მაგრამ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები დღესაც ხშირად ძალადობენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე და ხოცავენ მათ. ასეთი შეუწყნარებლობა ღმერთს არ მოსწონს. დიახ, იესო ქრისტემ, რომელიც სრულყოფილად ირეკლავს ღვთის თვისებებს, განაცხადა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35).

[სურათი 18 გვერდზე]

დედოფალი მარიამი.

[საავტორო უფლება]

From the book A Short History of the English People

[სურათი 19 გვერდზე]

ლატიმერი და რიდლი ბოძზე დაწვეს.

[საავტორო უფლება]

From the book Foxes Book of Martyrs

[სურათი 19 გვერდზე]

კრანმერს სურს, თავდაპირველად მარჯვენა ხელი დაეწვას.

[საავტორო უფლება]

From the book The History of England (Vol. 1)

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Border: 200 Decorative Title-Pages/Alexander Nesbitt/Dover Publications, Inc.