არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ უარი თქვათ თამბაქოს წევაზე

როგორ შეგიძლიათ უარი თქვათ თამბაქოს წევაზე

როგორ შეგიძლიათ უარი თქვათ თამბაქოს წევაზე

ველოსიპედის ტარების სწავლის მსგავსად, თამბაქოზე უარის თქმა იშვიათად არის პირველი მცდელობისთანავე წარმატებული. ამიტომ, თუ სიგარეტის გადაგდება გადაწყვიტეთ, რამდენჯერაც უნდა დაგჭირდეთ, მზად უნდა იყოთ ხელახლა თქვათ მასზე უარი, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ. რეციდივს დამარცხებად ნუ ჩათვლით. იფიქრეთ მასზე, როგორც გაკვეთილზე — მცირე შეფერხებაზე, რომელიც წარმატების გზაზე შეგხვდათ. აქ მოყვანილია რჩევები, რომელიც ბევრს დაეხმარა. ისინი შეიძლება თქვენთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდეს.

შეამზადეთ გონება უარის სათქმელად

▪ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი დაარწმუნეთ იმაში, რომ სიგარეტის გადაგდება ძალისხმევად ღირს. შეადგინეთ იმ მიზეზების ნუსხა, რის გამოც გსურთ თავის დანებება და რა სარგებლობას მოგიტანთ ეს. სიგარეტის გადაგდების შემდეგ ამ სიის გადახედვა გააძლიერებს თქვენს გადაწყვეტილებას. იმის სურვილი, რომ ასიამოვნოთ ღმერთს, სიგარეტის გადასაგდებად უდიდესი ძალაა. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი მთელი ჩვენი გონებით, გულით, სულითა და ძალით უნდა გვიყვარდეს. ჩვენ ვერ გამოვავლენთ ამგვარ სიყვარულს, თუკი თამბაქოს ვეწევით (მარკოზი 12:30).

▪ გააანალიზეთ ამ ჩვევის გამომწვევი მიზეზები, რათა დაადგინოთ, როდის და რატომ ეწევით. შეიძლება თქვენთვის დამხმარე აღმოჩნდეს იმის ჩაწერა, თუ დღის განმავლობაში როდის და სად ეწევით სიგარეტის თითოეულ ღერს. ეს დაგეხმარებათ იმ სიტუაციების წინასწარ განსაზღვრაში, რომლებმაც თავის დანებების შემდეგ შეიძლება მოწევისკენ გიბიძგოთ.

დაგეგმეთ სიგარეტის გადაგდების დღე

▪ აირჩიეთ და თქვენს კალენდარში აღნიშნეთ სიგარეტის გადაგდების თარიღი. უკეთესი იქნება ისეთი დღის არჩევა, როდესაც ზედმეტად არ მოხვდებით გარე პირობებისგან გამოწვეულ სტრესულ მდგომარეობაში. იმ დღის დადგომისას სიგარეტი ერთბაშად გადააგდეთ — ერთხელ და სამუდამოდ.

▪ გადაგდების დღის დადგომამდე მოიშორეთ ყველა საფერფლე, ასანთი და სანთებელა. გაწმინდეთ ყველა ტანისამოსი, რომელსაც თამბაქოს კვამლის სუნი უდის.

▪ შეიპირეთ თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები, რომ სიგარეტის გადაგდებაში მხარი დაგიჭირონ. არ მოგერიდოთ სხვებისთვის იმის თხოვნა, რომ თქვენი თანდასწრებით არ მოსწიონ.

▪ სიგარეტის გადაგდების დღისთვის რამე დაგეგმეთ. შეგიძლიათ წახვიდეთ იქ, სადაც თამბაქოს წევა აკრძალულია, მაგალითად, მუზეუმში ან თეატრში. აგრეთვე შეგიძლიათ ივარჯიშოთ — იცურაოთ, ველოსიპედით გაისეირნოთ ან ფეხით დიდხანს იაროთ.

სიგარეტის გადაგდებით გამოწვეულ სიმპტომებთან გამკლავება

თუ დიდი ხნის მწეველი ხართ, მოსალოდნელია, რომ სიგარეტის უკანასკნელი ღერის მოწევიდან რამდენიმე საათში სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებულმა სიმპტომებმა იჩინოს თავი. მათში შეიძლება გაღიზიანება, მოუთმენლობა, აგრესიულობა, შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა, უძილობა, მოუსვენრობა, მადის ზრდა და სიგარეტისკენ ლტოლვა შედიოდეს. შესაძლოა, თქვენმა ექიმმა გამოგიწეროთ რაიმე მედიკამენტი, რომელიც ამ სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ ზომები, რომელთა დახმარებით ამ ბრძოლაში გაიმარჯვებთ.

▪ პირველი რამდენიმე რთული კვირის განმავლობაში ნაკლებად კალორიული საჭმელი მიირთვით და დიდი რაოდენობით წყალი სვით. ზოგისთვის დამხმარე აღმოჩნდა უმი ბოსტნეულის, მაგალითად, სტაფილოსა და ნიახურის ჭამა; ამასთანავე ვარჯიშით წონის მომატებას აიცილებთ თავიდან და ნერვებს დაიმშვიდებთ.

▪ მოერიდეთ ისეთ ადგილებსა და სიტუაციებს, სადაც მოწევის ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით.

▪ ებრძოლეთ არასწორ აზროვნებას, რომელსაც შეუძლია ისევ აგაღებინოთ ხელში სიგარეტი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მცდარი შეხედულება, რომელიც სიგარეტის გადაგდების პერიოდში ჩნდება: „მხოლოდ დღეს მოვწევ, ეს მძიმე პერიოდი რომ გადავიტანო“, „თამბაქოს წევა ხომ ჩემი ერთადერთი სისუსტეა!“, „თამბაქო არც ისე მავნებელია, ზოგი სისტემატიური მწეველი 90 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს“, „რაღაცით ხომ მაინც მოვკვდები“, „თამბაქოს გარეშე სიცოცხლეს რა ფასი აქვს“.

▪ თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ უკან დასახევად, ერთხანს შეყოვნდით. ათი წუთი რომ მოიცადოთ, მოწევის მწვავე სურვილმა შეიძლება გადაგიაროთ. ზოგჯერ იმ აზრმა, რომ აღარასოდეს მოსწევთ, შეიძლება შეგაშინოთ. თუ ასეთ რამეს გრძნობთ, სიგარეტის გადაგდება მხოლოდ დღევანდელი დღის ამოცანად დაისახეთ.

▪ თუ გსურთ, ემსახუროთ ღმერთს, ილოცეთ დახმარებისთვის. ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს შეუძლია ‘დროული დახმარება’ გაუწიოს მათ, ვინც ცდილობს, თავისი სიცოცხლე მის ნებას შეუსაბამოს (ებრაელთა 4:16, აფ). მაგრამ არ ელოდოთ სასწაულს. თქვენ თქვენი ლოცვების შესაბამისად უნდა იმოქმედოთ.

აღარასოდეს მოსწიოთ

▪ პირველი სამი თვე ყველაზე რთულია, მაგრამ დროის ამ მონაკვეთის მერეც კი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უნდა მოერიდოთ მწეველებსა და სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება სიგარეტი აგაღებინონ ხელში.

▪ თავს ნუ მოიტყუებთ იმ აზრით, რომ შეგიძლიათ პასიურ მწეველად ყოფნა მაშინაც კი, თუ ერთი ან მეტი წელია, რაც მოწევისთვის თავი დანებებული გაქვთ.

▪ წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებას: „ამ ერთ ღერსღა მოვწევ და მორჩა“. ამ ერთს ადვილად შეიძლება სხვებიც მოჰყვეს და მალე წყალში ჩაყრით მთელ თქვენს ძალისხმევას, რომელიც სიგარეტის გადაგდებას მოანდომეთ. მაგრამ, თუკი ცდუნებას დანებდით და მოსწიეთ, ეს არ არის ახალი ღერის მოწევის მიზეზი. თუ სისუსტე კვლავ იჩენს თავს, სიგარეტი ხელახლა გადააგდეთ.

მილიონობით მწეველმა წარმატებით დაანება თავი თამბაქოს წევას. მტკიცე გადაწყვეტილების მიღებითა და შეუპოვრობით ამას თქვენც შეძლებთ!