არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩანთოსანი, რომელსაც ფეხებში „ზამბარები“ აქვს

ჩანთოსანი, რომელსაც ფეხებში „ზამბარები“ აქვს

ჩანთოსანი, რომელსაც ფეხებში „ზამბარები“ აქვს

ჩვენი კორესპონდენტისგან ავსტრალიაში

„ყოველდღე, როდესაც სკოლიდან ვბრუნდებოდი, ჩემი პატარა მოშინაურებული კენგურუ, ჯოი, ჭიშკართან იჯდა და მელოდა, — იხსენებს ჯონი, — როგორც კი გავაღებდი კარს, ახტებოდა და მომეხვეოდა ხოლმე თავისი წინა კიდურებით, და მეც ვეხვეოდი. ჩვენი საუბარი მიმიკების ენაზე შეიძლება ასე გადმოიცეს — „მიხარია შენი ნახვა!“. შემდეგ ჯოი გახარებული ძაღლივით გზაზე რამდენიმე მეტრზე ხტებოდა, ნახტომებითვე უკან ბრუნდებოდა და სანამ სახლამდე მივაღწევდით, ყველაფერს თავიდან იმეორებდა“.

ავსტრალიის მეჩხერად დასახლებულ რაიონებში მცხოვრებ ხალხს, როგორც, მაგალითად, ჯონის ოჯახს, ნება აქვს დართული, შინ იყოლიონ კენგურუები. ჩვეულებრივ, ესენი არიან პატარაობისას დაობლებული კენგურუები, რომლებიც გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც, შესაძლოა, მათი დედები გზის გადაკვეთისას დაიხოცნენ. თუმცა კი ჯონმა თავის კენგურუს სახელად „ჯოი“ დაარქვა, ეს, ფაქტობრივად, პატარა კენგურუების საერთო სახელწოდებაა ინგლისურ ენაზე.

რასაკვირველია, ოჯახს, რომელიც პატარა კენგურუს იშვილებს, სურს, რომ მან მალე ისე იგრძნოს თავი, როგორც საკუთარ გარემოში. ამგვარად, ისინი პირველ რიგში ზრუნავენ იმაზე, რომ ის ჩანთით უზრუნველყონ. ისინი ირჩევენ ადგილს, რომელიც გარემო პირობებისგან არის დაცული — და ბუხრისგანაც მოსახერხებელ მანძილზეა დაშორებული — სადაც ამაგრებენ დიდ, გამძლე ქსოვილის ტომარას, რომელშიც გაკეთებულია ჭრილი იმ მიზნით, რომ დედა კენგურუს ჩანთას დაემსგავსოს. შემდეგ მასში სვავენ პატარა კენგურუს, სპეციალურად მომზადებული თბილი რძის ბოთლით. ასეთი სახით ბევრი პატარა კენგურუს გადარჩენა ხდება შესაძლებელი. ისინი მალე ეგუებიან თავიანთ ახალ ჩანთას, და, თითქოსდა, ის მათი დედისა ყოფილიყოს, თავით ეშვებიან მასში.

როგორ აღწერდით კენგურუს?

ცხოველებს, რომლებიც თავიანთ პატარებს ჩანთით ატარებენ, ჩანთოსნები ეწოდებათ. ჩანთოსანთა რიგებში შედის დაახლოებით 260 სახეობა, რომელთა შორის არიან კენგურუ, კოალა, ვომბატი, ჩანთოსანი მაჩვი და ოპოსუმი — ჩრდილოეთ ამერიკის ერთადერთი მკვიდრი სახეობები. გასაგებია, რომ ადრინდელ მკვლევარებს შინ დაბრუნებისას ხალხისთვის ამ უჩვეულო ცხოველების, განსაკუთრებით კი კენგურუს, აღწერა გაუჭირდათ. პირველი, ვინც ინგლისურ ენაში შეიტანა სიტყვა „კენგურუ“, იყო ინგლისელი მკვლევარი, კაპიტანი ჯეიმზ კუკი. მან ეს ცხოველი შეადარა ‘მწევარს, რომელიც კურდღელივით ან ირემივით დახტის’. მოგვიანებით ლონდონში ცოცხალი კენგურუს ჩვენებამ სენსაცია გამოიწვია.

ირმის მსგავს თავზე კენგურუებს დიდი, ცქვიტი ყურები აქვთ. მათი პატარა, მაგრამ ძლიერი წინა კიდურები ადამიანის ხელებს გვაგონებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კენგურუ გამართულად დგას. კენგურუებს აგრეთვე აქვთ დიდი, კუნთოვანი ბარძაყები, გრძელი, მსხვილი, მოქნილი კუდი და, რა თქმა უნდა, ზორბა ფეხები — რომლებიც მათთვის დამახასიათებელია, რის გამოც დაიმსახურეს სხვა სახელწოდება, „მაკროპოდიდე“ (ლათ.), რაც „დიდფეხებას“ ნიშნავს.

მაკროპოდიდეს ოჯახში გვხვდება დაახლოებით 55 სახეობა, რომელთა შორის არიან ადამიანის სიმაღლით დაწყებული ვირთხისოდენათი დამთავრებული ინდივიდები. ყველა მაკროპოდიდეს მოკლე წინა და ხტუნვისთვის განკუთვნილი გრძელი უკანა კიდურები აქვს. დიდი მოწითალო კენგურუები, რუხი გიგანტური კენგურუები და მთის გიგანტური კუნგურუები ყველაზე დიდები არიან. ერთი მამრი მოწითალო კენგურუს ზომა ცხვირიდან კუდის წვერამდე 2 მ–ს აღემატებოდა და 77 კგ–ს იწონიდა. კენგურუს უფრო პატარა ზომის სახეობებს კენგურუ–ვალაბი ეწოდებათ.

გინახავთ ან გსმენიათ ოდესმე კენგურუზე, რომელიც ხეებზე ცხოვრობს? ალბათ, გაგაოცებთ იმის გაგება, რომ კენგურუებს ოჯახში „მაიმუნიც“ ჰყავთ — მეხეური კენგურუ. ახალი გვინეისა და ჩრდილო–აღმოსავლეთ ავსტრალიის ტროპიკულ წვიმიან ტყეებში მობინადრე ეს მოკლეფეხება, სხარტი ცხოველები თავს შესანიშნავად გრძნობენ თავიანთ მშობლიურ გარემოში — ხეებზე. ხის ერთი ტოტიდან მეორეზე, ან ხიდან ხეზე, მათ თითქმის 9 მეტრზე შეუძლიათ გადახტომა. ღამით ისინი დაბლა ჩამოდიან, სადაც, უმთავრესად, ბალახებითა და მატლებით იკვებებიან.

სწრაფი, კოხტა და მარჯვე

ნელი მოძრაობისას კენგურუები ტლანქები და მოუქნელები ჩანან. მათი კუდი და მოკლე წინა კიდურები ემსგავსება სამფეხა სკამს, რომელიც უკანა კიდურების მაღლა აწევის შემთხვევაში სიმძიმეს იჭერს. მაგრამ ისინი მოხდენილი მორბენლები არიან. როდესაც საათში 50 კმ–ის სიჩქარით ხტიან, თავიანთი ვეება კუდით წონასწორობას ინარჩუნებენ. ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ ამბობს, რომ მათ „შეუძლიათ მიაღწიონ უმაღლეს სიჩქარეს, რომელიც საათში 60 კმ–ს აღემატება“. რაც შეეხება გიგანტურ კენგურუს, უმაღლესი სიჩქარის განვითარებისას ერთი მისი ნახტომის სიგრძე შეიძლება 9–დან 13,5 მეტრამდე აღწევდეს — ეს არის ნახტომი, რომელიც შეიძლება თითქმის ფრენადაც ჩავთვალოთ!

კენგურუები არა მარტო სწრაფები არიან, არამედ ეფექტურადაც იყენებენ ენერგიას. მელბურნის მონაშის უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორი იუვე პროსკე ამბობს, რომ მაღალი სიჩქარისას კენგურუ ჟანგბადის შედარებით ნაკლები რაოდენობის მოხმარებით უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დაბალი სიჩქარით მოძრაობისას. პროსკემ აგრეთვე ისიც გამოითვალა, რომ „საათში 20 კილომეტრით ან უფრო სწრაფი სიჩქარით მხტუნავი კენგურუს მიერ გამოყენებული ენერგია იმავე წონისა და იმავე სიჩქარით მორბენალი ოთხფეხა პლაცენტური ძუძუმწოვრის [ძუძუმწოვარი ცხოველი, რომელიც, ძაღლის ან ირმის მსგავსად, სრულიად განვითარებული იბადება] მიერ გამოყენებულ ენერგიაზე ნაკლები იყო“. იმის გამო, რომ კენგურუ გადაადგილებისას ენერგიას ეფექტურად იყენებს, მას დაღლის გარეშე შეუძლია დიდი მანძილების გადალახვა. მაგრამ როგორ ახერხებს კენგურუ ასეთ „ეკონომიურ“ რბენას?

მისი საიდუმლო მის გრძელ აქილევსის მყესებშია. „თითქოსდა კენგურუები ორ ზამბარაზე ხტიან“, — ამბობს პროსკე. ადამიანის წვივის კუნთზე მიმაგრებული მყესების მსგავსად კენგურუს აქილევსის მყესებიც დახტომის დროს იჭიმება, ხოლო ახტომის დროს იკუმშება. თითქმის ნებისმიერი სისწრაფით მოძრაობისას კენგურუები ერთსა და იმავე რაოდენობის ნახტომებს აკეთებენ წამში (მოწითალო კენგურუ დაახლოებით ორ ნახტომს აკეთებს). უფრო სწრაფი მოძრაობისთვის ისინი, უბრალოდ, ყოველ ნახტომს ზრდიან. გამონაკლისი ხდება მაშინ, როცა კენგურუ დამფრთხალია. სიჩქარე რომ უკეთ განავითაროს, რამდენიმე პატარა, ჩქარი ნახტომებით იწყებს სირბილს.

კენგურუები შესანიშნავადაც ცურავენ. ამ დროს ისინი არა მხოლოდ თავიანთ ძლიერ ფეხებს იყენებენ, არამედ კუდის აქეთ–იქით ქნევით დამატებით ბიძგებს იღებენ. როდესაც ძაღლები მისდევენ, კენგურუები ცურვის თავიანთ ცნობილ მეთოდებს იყენებენ და წყლით სავსე ტბორში ან მდინარეში ეშვებიან. ნებისმიერი ძაღლი, რომელსაც გულადობა ჰყოფნის, რომ კენგურუს მიჰყვეს, წყლის ქვეშ კენგურუს ბრგე წინა კიდურებითა და ბასრი კლანჭებით დაბოლოებული ხუთთითა თათებით ძლიერ დარტყმას იღებს. დასაწყისში მოხსენიებულ ჯონს ორი ძაღლი ჰყავდა, რომლებიც ოჯახის პატარა წყალსაცავში შებრძოლებისას გარეულმა მამრმა კენგურუმ კინაღამ დაახრჩო.

ჩანთოსანთა დაბადების სასწაული

თუმცა ზრდადასრულებული კენგურუები ამტანები და ძლიერები არიან, უაღრესად განუვითარებლები და უსუსურები იბადებიან. ისინი ვარდისფერ ჭიაყელას მოგვაგონებენ, სიგრძით ერთი გოჯისოდენა არიან და წონით კი ერთი ბეწო; ისინი შიშვლებად, თვალაუხელელნი და სმენის გარეშე იბადებიან. მაგრამ მათი ნაადრევად განვითარებული ბრჭყალებით აღჭურვილი წინა კიდურებისა და ყნოსვის წყალობით პაწია „ჭიაყელა“ დედის ბეწვში ინსტინქტურად ცოცავს და მის ჩანთაში ხტება. როდესაც ჩანთის შიგნით იმყოფება, ოთხიდან ერთ ძუძუს ეჭიდება. დვრილის თავი დაუყოვნებლივ იბერება და მრგვალდება ნაშიერის პირში, რის შედეგადაც რამდენიმე კვირით ის მაგრად არის დაბმული ადგილზე. თუ გავითვალისწინებთ მისი დედის მოგზაურობის ჩვეულებას, მყარი „ღუზა“ ნამდვილად სასარგებლოა! ფაქტობრივად, ეს „ღუზა“ იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ადრინდელ მკვლევარებს ეგონათ, რომ პატარა კენგურუ დვრილიდან იზრდებოდა!

საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, პატარა კენგურუ გაიზრდება იმ დონემდე, რომ დატოვებს ჩანთას, თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ დროებით. შვიდიდან ათ თვემდე, როდესაც ის სრულიად მოწყდება ძუძუს, ჩანთას სამუდამოდ ტოვებს. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც პატარა კენგურუ პირველად მაგრდება ძუძუზე, და კენგურუთა გამრავლების სხვა საოცრება ვიხილოთ.

დედის ძუძუზე ახალშობილის მიმაგრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დედა კენგურუ კვლავ წყვილდება. შეწყვილების შედეგად წარმოქმნილი ჩანასახი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ შემდეგ ის მოსვენებულ მდგომარეობაშია — ასე ვთქვათ, დროებით შეჩერებულია — სანამ მისი უფროსი ძამიკო ან დაიკო ჩანთაში აგრძელებს ზრდას. როდესაც მისი უფროსი ძამიკო ან დაიკო ჯერ არ არის ძუძუს მოწყვეტილი და ჩანთას ტოვებს, ჩანასახი კვლავ ზრდას განაგრძობს. 30–დღიანი განვითარების შემდეგ ისიც ეჭიდება დვრილს, მაგრამ არა იმას, რომელსაც მისი უფროსი ძამიკო ან დაიკო წოვდა.

ამაში მდგომარეობს კენგურუს ფიზიოლოგიის კიდევ ერთი საოცრება. დედა თავის უმცროს ნაშიერს ერთი სახის რძეს აძლევს, ხოლო უფროსს — მეორეს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალი „საიენტიფიკ ამერიკენი“ შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ორი სახის რძე, რომელიც გამოიყოფა ცალკეული სარძევე ჯირკვლიდან, რაოდენობითა და შედგენილობით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ის, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა ერთი და იმავე ჰორმონული პირობების დროს, დამაფიქრებელ კითხვას წარმოადგენს“.

სად შეიძლება კენგურუთა ნახვა

თუკი გსურთ კენგურუების ხილვა მათ ბუნებრივ გარემოში, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ქალაქები მიატოვოთ და ავსტრალიის დაუმუშავებელ, მეჩხერად დასახლებულ რაიონებში წახვიდეთ. შესაძლებელია, აღმოაჩინოთ ბალახისა და პატარა მცენარეების მაძიებელი როგორც ცალკეული კენგურუ, ისე კენგურუების პატარა ჯგუფები, ან ჯოგებად წოდებული უფრო დიდი ჯგუფები, რომელთაც სათავეში ხნიერი მამრი კენგურუები უდგანან. ვინაიდან კენგურუები უმთავრესად ღამით იკვებებიან და დღის ხვატის დროს ჩრდილში ისვენებენ (სადაც ისინი კარგად არიან დამალულები), მათ სანახავად საუკეთესო დრო ადრიანი დილა ან მწუხრია. მაგრამ უფრო გრილ ამინდში მათ მთელი დღის მანძილზე შეუძლიათ იაქტიურონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია, თან წამოიღოთ ტელეობიექტივი და ბინოკლი — გარეული კენგურუები ძალიან მფრთხალი ცხოველები არიან.

რასაკვირველია, კენგურუები შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ ავსტრალიის უამრავ ზოოპარკში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და ზოგ სხვა ქვეყანაშიც. ადამიანების წინაშე ხშირმა გამოჩენამ ეს კენგურუები ნაკლებად მშიშრები გახადა, რის შედეგადაც მათი ახლოდან გადაღებით თქვენ ზოგი კარგი ფოტოსურათის ან ვიდეოჩანაწერის გაკეთებას შეძლებდით. შესაძლოა, დედის ჩანთიდან მალულად მომზირალი პატარა კენგურუც კი გადაიღოთ. უფრო მოზრდილები ადამიანებში ყოველთვის ღიმილს იწვევენ, როცა დედის ჩანთაში თავით ეშვებიან და თავიანთი გრძელი უკანა ფეხები გარეთ რჩებათ უხერხულად ამოშვერილი, რითაც ისინი დედა კენგურუს საყიდლებით გაბერილ ჩანთას ამსგავსებენ. (პატარა კენგურუები მართლაც ცარიელა ფეხებად მოგეჩვენებათ!). ლამაზმა მამრმა კენგურუმ შეიძლება იმის ნებაც კი დაგრთოთ, რომ თავი სწორ, წარმოსადეგ პოზაში გახილვინოთ. ვინ იცის? იქნებ ორი დიდი მამრი კენგურუც კი იხილოთ, რომლებიც იმ სიმაღლეზე იმართებიან, რამდენის საშუალებასაც მათი მძლავრი და მოქნილი ფეხები იძლევა, და ერთმანეთს ებრძვიან — ისინი ნამდვილი მოჩხუბარი კენგურუები არიან!

მაგრამ ბევრისთვის საუკეთესო სანახაობას წარმოადგენს დიდი მოწითალო ან რუხი მამრი კენგურუ, რომელიც მთელი სისწრაფით მიხტის. მართალია, სხვა ცხოველებსაც შეუძლიათ უფრო სწრაფი რბენა და უფრო მაღლა ხტუნვა, მაგრამ ვერც ერთ სხვა ქმნილებაში ვერ ნახავთ გრაციის, ძალისა და ნახტომის ასეთ შესანიშნავ შერწყმას მხოლოდ და მხოლოდ ორი ძლიერი ფეხით.

[სურათი 25 გვერდზე]

მისი ნახტომის საიდუმლო მის გრძელ აქილევსის მყესებშია.