არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქცევს ბიჭებს მამობა მამაკაცებად?

აქცევს ბიჭებს მამობა მამაკაცებად?

ახალგაზრდების შეკითხვები

აქცევს ბიჭებს მამობა მამაკაცებად?

«საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც ამბობენ, „ჩემი გოგონა აი იქ ცხოვრობს, ბიჭი კი აქა და აქ“, — და ამას ისეთნაირად ამბობენ, თითქოს მათთვის სულერთი იყოს ეს» (ჰაროლდი).

შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მილიონამდე გოგონა ფეხმძიმდება. ასეთი დედების მიერ ნაშობი ბავშვების დიდი უმრავლესობა ქორწინების გარეშე იბადება. ამ მოზარდი დედებიდან ყოველი მეოთხე მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ აჩენს ბავშვს. ჟურნალ „ეტლენტიკ მანთლიში“ ნათქვამია: „თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, დღეს დაბადებული ბავშვების რიცხვიდან ნახევარზე ნაკლები თუ იცხოვრებს თავის მშობლებთან ერთად მთელი ბავშვობის განმავლობაში. ამერიკელი ბავშვების უმეტესობა მარტოხელადედიან ოჯახებში იცხოვრებს წლების მანძილზე“.

თუმცა შეერთებულ შტატებში გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება მოზარდთა ფეხმძიმობა, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ქორწინების გარეშე ბავშვების დაბადების პრობლემა გლობალურია. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინგლისსა და საფრანგეთში შობადობის ამგვარი რიცხვი შეერთებულ შტატებში არსებულ რიცხვს უტოლდება. აფრიკისა და სამხერთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში გოგონათა შორის მშობიარობის რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება შეერთებულ შტატებში არსებულს. რისგან არის გამოწვეული ეს ეპიდემია?

რა დგას ამ ეპიდემიის მიღმა

ეს ვითარება უმეტესწილად ჩვენი დროის, „უკანასკნელი დღეების“, ზნეობრივი დეგრადაციის შედეგია (2 ტიმოთე 3:1—5). ბოლო ათწლეულებში განქორწინებათა რიცხვი საოცარი სისწრაფით გაიზარდა. ჰომოსექსუალიზმი და სხვა გაუკუღმართებული სქესობრივი ცხოვრების სტილი ყოველდღიურობაში დამკვიდრდა. ახალგაზრდები მასმედიის ნიაღვარივით მომწყდარი იმ პროპაგანდის სამიზნე ხდებიან, რომელიც წარმოდგენილია საეჭვო მუსიკაში, ვიდეოკლიპებში, ჟურნალების ვულგარულ სტატიებსა და რეკლამებში, სატელევიზიო გადაცემებსა და კინოფილმებში, რომლებიც შემთხვევით სქესობრივ კავშირებს განადიდებს. აბორტის გაკეთებისა და დაფეხმძიმებისგან თავის დაცვის ადვილად ხელმისაწვდომობასაც თავისი წვლილი შეაქვს ახალგაზრდებს შორის იმ აზრის გავრცელებაში, რომ სექსს არასასიამოვნო შედეგები არ მოსდევს. ერთმა დაუქორწინებელმა მამამ თქვა: „სექსი მინდა, მაგრამ ამასთანავე არ მინდა, რამე პასუხისმგებლობები მქონდეს“. „სექსი — ეს დროის კარგად გატარებაა“, — ამბობს მეორე.

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით ფართოდ შეიძლება ღარიბ ახალგაზრდებს შორის იყოს გავრცელებული. მკვლევარმა ილაიჯა ანდერსონმა ქალაქელი ახალგაზრდების ყოვლისმომცველი გამოკითხვის შემდეგ აღნიშნა: „ბევრი ბიჭისთვის სექსი ადგილობრივი საზოგადოებრივი სტატუსის მოპოვების მნიშვნელოვანი საშუალებაა; სასიყვარულო რომანები ბევრისთვის სიამაყის საგნად იქცა“. მართლაცდა, ერთმა დაუქორწინებელმა მამამ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ თითქმის ყველგან „ქალებთან მოპოვებულ გამარჯვებას“ მიიჩნევენ „ნადავლად, რომლითაც შეგიძლია იამაყო“. რით შეიძლება აიხსნას ასეთი უსულგულო დამოკიდებულება? ანდერსონი ამბობს, რომ ბევრ შემთხვევაში ქალაქელი ახალგაზრდის ცხოვრებაში უფრო გავლენიანი ადამიანები „მეგობრები არიან. ისინი უდგენენ მას ქცევის წესებს და მისთვის მნიშვნელოვანია ამ წესებისადმი მორჩილება“.

ამგვარად, ანდერსონი აღნიშნავს, რომ ბევრი ახალგაზრდა მამაკაცისთვის „ქალებთან მოპოვებული გამარჯვება“ გართობის მეტს არაფერს წარმოადგენს, „რომლის მიზანი სხვების, განსაკუთრებით კი გოგონების გაბრიყვებაა“. ის დასძენს, რომ „ამ თამაშში შედის ბიჭის საკუთარი „მეს“ სრული დემონსტრირება, მათ შორის, ჩაცმულობის, ვარცხნილობის, გარეგნობის, ცეკვასა და მოსწრებულ საუბარში უნარიანობის წარმოჩენა“. ბევრი ახალგაზრდა ბიჭი საკმაოდ დაოსტატებულია ამ „თამაშში“ გასამარჯვებლად. მაგრამ ანდერსონი აღნიშნავს: „როდესაც გოგონა ფეხმძიმდება, ბიჭს მისი მიტოვების სურვილი უჩნდება“ (Young Unwed Fathers​—Changing Roles and Emerging Policies, ავტორები რობერტ ლერმენი და თეოდორა უმსი).

ღვთის თვალსაზრისი

მაგრამ მამად გახდომა ნამდვილად აქცევს ვინმეს მამაკაცად? უწყინარი თამაშია სექსი? ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ასე არ ფიქრობს. თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ღმერთი ნათელს ხდის, რომ სექსს კეთილშობილური მიზანი აქვს. პირველი მამაკაცისა და დედაკაცის შექმნის შესახებ საუბრის შემდეგ ბიბლია ამბობს: „აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:27, 28). არასოდეს არ ჰქონია ღმერთს იმის განზრახვა, რომ მამებს თავიანი შვილები მიეტოვებინათ. მან პირველი მამაკაცი და ქალი ქორწინებით მუდმივად შეაკავშირა (დაბადება 2:24). ამიტომ მას სურდა, რომ ყოველ ბავშვს ორივე მშობელი ჰყოლოდა.

მიუხედავად ამისა, მალე მამაკაცებმა მრავალი ცოლის შერთვა დაიწყეს (დაბადება 4:19). დაბადების 6:2 მოგვითხრობს, რომ თვით ზოგიერთმა ანგელოზმაც კი შეამჩნია, „რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები“. ხორცშესხმის შემდეგ, ამ ანგელოზებს „მოჰყავდათ ცოლად“ „ვისაც ვინ მოეწონებოდა“. ნოეს დროინდელმა წარღვნამ ეს დემონები იძულებული გახადა, სულიერ სამყაროში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ ახლა მათი მოქმედების არეალი შეზღუდულია და მხოლოდ დედამიწის შემოგარენით შემოიფარგლება (გამოცხადება 12:9—12). ამიტომ დღეს სატანა და მისი დემონები დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე (ეფესელთა 2:2). ახალგაზრდა მამაკაცები თავისდა უნებურად ასეთი ბოროტი გავლენის მსხვერპლნი ხდებიან, როდესაც არასასურველი შვილების მამები ხდებიან.

მართლაც რომ საფუძვლიანად ამბობს საღვთო წერილი: „ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო“ (1 თესალონიკელთა 4:3—6).

‘სიძვისგან განრიდება’? ბევრ ახალგაზრდა მამაკაცს შეიძლება გაეცინოს ამაზე. სხვა თუ არაფერი, ისინი ხომ ახალგაზრდები არიან და მათი სურვილებიც ძლიერია! მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ სიძვას თან სდევს სხვების ‘თრგუნვა და ანგარებით გაცურება’ (სსგ). განა არ აყენებს ეს ზარალს გოგონას, როდესაც მას ბავშვთან ერთად მარტოს და ქმრის მხარდაჭერის გარეშე ტოვებენ? რა შეიძლება ითქვას სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებით — სასქესო ორგანოების ჰერპესით, სიფილისით, გონორეათი და შიდს-ით — გოგონას ინფიცირების რისკზე? მართალია, ზოგჯერ შეიძლება ასეთი შედეგებისთვის თავის არიდება. მაგრამ მაინც, ქორწინებამდელი სექსი გოგონას უფლებას არღვევს, რომ დაიცვას თავისი რეპუტაცია და გათხოვებამდე შეინარჩუნოს ქალიშვილობა. სიძვისგან განრიდება გონიერებისა და მოწიფულობის გამოვლენაა. მართალია, თავშეკავება და შეუპოვრობაა საჭირო, ადამიანმა რომ ‘თავისი ჭურჭელი შეინახოს’ და მოერიდოს ქორწინებამდელ სექსს. მაგრამ, როგორც ესაიას 48:17, 18 გვეუბნება, თავისი რჯულის მეშვეობით ღმერთი არის ‘დამმოძღვრავი ჩვენდა სასიკეთოდ’.

„იყავით ვაჟკაცურნი“

მაგრამ როგორ შეუძლია ახალგაზრდა მამაკაცს, ნამდვილი ვაჟკაცი იყოს? რაღა თქმა უნდა, არა უკანონო შვილების ყოლით. ბიბლია მოგვიწოდებს: „იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი. ყოველივე თქვენი იყოს სიყვარულში“ (1 კორინთელთა 16:13, 14).

ყურადღება მიაქციეთ, რომ ‘ვაჟკაცად ყოფნა’ ნიშნავს ფხიზლად ყოფნას, რწმენაში მტკიცედ დგომას, სიმამაცესა და სიყვარულს. რასაკვირველია, ეს პრინციპები ეხება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. მაგრამ, თუ განავითარებ ამგვარ სულიერ თვისებებს, ხალხს სრული საფუძველი ექნება იმისთვის, რომ პატივი გცენ და შენი ნამდვილი მამაკაცობით მოიხიბლონ! მიბაძეთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ მამაკაცს, იესო ქრისტეს. დაფიქრდით მის ვაჟკაცობასა და გაბედულობაზე, რომელიც წამებისა და თვით სიკვდილის დროს გამოიჩინა. მაგრამ როგორ ექცეოდა იესო საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს?

უდავოა, იესოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მანდილოსანთა წრეში ყოფილიყო. მის მიმდევრებს შორის ბევრი ქალი იყო, რომელთაგანაც ზოგი „ემსახურებოდა მას [და მის მოციქულებს] თავისი ქონებით“ (ლუკა 8:3). ის განსაკუთრებით ახლოს იყო ლაზარეს ორ დასთან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იესოს უყვარდა მართა [და] მისი და“ (იოანე 11:5). იყენებდა იესო ამ ქალების უზნეო საქციელში ჩასათრევად თავის ჭკუას, მიმზიდველობას ან ფიზიკურ მომხიბვლელობას, რომლითაც ის, როგორც სრულყოფილი მამაკაცი, უეჭველად, დაჯილდოებული იყო? პირიქით, ბიბლია იესოს შესახებ ამბობს, რომ მას ‘ცოდვა არ ჩაუდენია’ (1 პეტრე 2:22). ის არც მაშინ მოიქცა არასწორად, როდესაც ქალი, რომელიც თავისი უზნეობით საქვეყნოდ იყო ცნობილი, „ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა“ (ლუკა 7:37, 38). იესოს გულშიც კი არ გაუვლია ის აზრი, რომ ესარგებლა ამ ქალის სისუსტით! მან გრძნობების მოთოკვის უნარი გამოავლინა, რაც ნამდვილ მამაკაცს ახასიათებს. ის ქალებს ეპყრობოდა არა როგორც სექსისთვის განკუთვნილ ობიექტებს, არამედ, პიროვნებებს, რომლებიც სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდნენ.

თუ ახალგაზრდა ქრისტიანი მამაკაცი ხარ, იესოს და არა შენი ზოგიერთი თანატოლის მაგალითის მიბაძვა ვინმეს ‘დათრგუნვასა და ანგარებით გაცურებას’ აგაცილებს თავიდან. აგრეთვე ეს დაგიცავს სამწუხარო ტრაგედიისგან — უკანონო შვილის მამობისგან. მართალია, სხვებმა შეიძლება დაგცინონ კიდეც სიძვისგან თავის შეკავების გამო, მაგრამ საბოლოოდ ღვთის თვალში კეთილგანწყობილების მოპოვება შენი თანატოლების დროებით კეთილგანწყობილებაზე უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანს (იგავნი 27:11).

მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ახალგაზრდა უზნეო ცხოვრებას ეწეოდა წარსულში, მაგრამ მიატოვა ასეთი ცხოვრება და გულწრფელად მოინანია? თუ ასეა, მომნანიებელი მეფე დავითის მსგავსად, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა, მასაც შეუძლია დარწმუნებული იყოს ღვთის მიმტევებლობაში (მეორე მეფეთა 11:2—5; 12:13; ფსალმუნი 50:3, 4). მაგრამ, თუ ქორწინების გარეშე მოხდა დაფეხმძიმება, შეიძლება ახალგაზრდა მამაკაცს ზოგი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს. უნდა დაქორწინდეს თუ არა ამ გოგონაზე? აქვს რამე პასუხისმგებლობები შვილის წინაშე? ამ კითხვებს შემდეგ ნომერში გაეცემა პასუხი.

[სურათები 17 გვერდზე]

ბევრ ახალგაზრდას არასწორად სჯერა, რომ სექსს არავითარი ცუდი შედეგი არ მოჰყვება.