არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაერთიანდება მსოფლიო?

გაერთიანდება მსოფლიო?

გაერთიანდება მსოფლიო?

ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპაში თუ სხვაგან მცხოვრები მილიონობით ადამიანი დაყოფებისა და გათიშულობის გამომწვევი ომის შედეგებისგან იტანჯებოდა. მაგრამ ასეთი სასტიკი კონფლიქტების მიუხედავადაც კი ამ ომისგან გახლეჩილ ქვეყნებში ათასობით ადამიანმა ერთმანეთს შორის ნამდვილი ერთიანობის განვითარება და შენარჩუნება შეძლო. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

1991 წელს ზაგრებში (ხორვატია) საერთაშორისო შეხვედრაზე 15 000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციელი, რომელიც შეკრების ადგილას თავის მოვალეობას ასრულებდა, აღძრული იყო, შეენიშნა: „კარგი იქნებოდა, მასმედიას რომ ენახა, რა ხდება ამ სტადიონზე, ზუსტად აქ, სადაც ერთმანეთთან მშვიდად მსხდომ სერბებს, ხორვატებს, სლოვენებს, ჩერნოგორიელებსა და სხვებს ვხედავთ“. რით აიხსნება ეს უჩვეულო ერთიანობა?

1993 წელს უკრაინის დედაქალაქ კიევში კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა სახელწოდებით „ღვთიური სწავლება“. დამსწრეთა უმაღლესმა რიცხვმა თითქმის 65 000-ს მიაღწია. „საღამოს კიევის“ პირველი გვერდი იტყობინებოდა: «იეჰოვას მოწმეები. . . გაერთიანებული არიან არა მხოლოდ ცისფერი სამკერდე ნიშნებით, რომლებსაც აწერია „ღვთიური სწავლება“, არამედ ნამდვილი რწმენით».

ღვთიური სწავლება — გამაერთიანებელი ძალა

გაკვირვებთ ის, თუ რატომ ხარობენ იეჰოვას მოწმეები ერთიანობით, მაშინ როცა მათ გარშემო გათიშულობაა? ამის მიზეზის განმარტებისას პოლონელი პროფესორი ვოიცეხ მოძელევსკი მოწმეების შესახებ ამბობს: „მათი მშვიდობისმოყვარე განწყობილება უმთავრესად განპირობებულია გადაწყვეტილებით — დღესვე დაიცვან ბიბლიაში გაცხადებული პრინციპები“. ნამდვილად, მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან გაერთიანებული შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, ღვთიური სწავლებით. რა სწავლებაა ეს?

იესო ქრისტემ მნიშვნელოვან გამაერთიანებელ პრინციპზე მიუთითა, როდესაც თავისი მიმდევრების შესახებ თქვა: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“. დიახ, ნეიტრალური პოზიცია, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ყველგან იკავებენ, აერთიანებს მათ. ეს თანხმობაშია იესოს სიტყვებთან, რომლებიც მან ლოცვისას წარმოთქვა: „გევედრები. . . რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში“ (იოანე 17:16—21).

ეს ნეიტრალური პოზიცია გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენს, ვინაიდან ის აღძრავს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ მოწმეებს, იცხოვრონ იმ სიტყვების თანახმად, რომლებიც ესაია წინასწარმეტყველმა წარმოთქვა მათ შესახებ, ვისაც ღმერთი ‘თავის გზებს ასწავლის’. ესაიამ განაცხადა, რომ ისინი ‘მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავდნენ და შუბებისგან — ნამგლებს’. წინასწარმეტყველმა განაგრძო: „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:2—4).

ერთიანობა და მშვიდობა, რომელიც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შეიმჩნეოდა იეჰოვას მოწმეების კონგრესებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ნათელყოფს, რომ ესაიას წინასწარმეტყველება მცირე მასშტაბით უკვე სრულდება. ევროპაში და ყველგანაც მოწმეებმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, თავიანთი მახვილებისგან სახნისები გამოჭედეს და შუბებისგან ნამგლები. შედეგად, დღეს ისინი ამ დაყოფილ მსოფლიოში მშვიდობითა და ერთიანობით ხარობენ. გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი გაზეთის სარედაქციო სტატიამ ერთხელ განაცხადა: „მთელ მსოფლიოს [იეჰოვას] მოწმეების [ბიბლიური] შეხედულებებით რომ ეცხოვრა, შეწყდებოდა სისხლის ღვრა, სიძულვილი და ყველგან სიყვარული იმეფებდა“! მოხდება კი ეს ოდესმე?

როგორ გაერთიანდება მსოფლიო

მთელი მსოფლიოს გასაერთიანებლად კეთილმოსურნე ადამიანებისგან შემდგარ შედარებით პატარა ჯგუფზე მეტი რამ არის საჭირო. აგრეთვე აუცილებელია მთავრობა, რომელსაც იმის უნარი ექნებოდა, რომ ერთიანობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მებრძოლთა მოქმედება შეეჩერებინა. ფაქტობრივად, იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ ზუსტად ასეთი მთავრობისთვის: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). დიახ, იესო მიანიშნებდა იმაზე, რომ მხოლოდ ღვთის მთავრობა, „ცათა სასუფეველი“, შეძლებს მსოფლიოს პრობლემების გადაწყვეტას — გათიშულობის პრობლემის ჩათვლით (მათე 4:17).

იესო ქრისტე ამ ზეციერი სამეფოს მეფეა. მისი მმართველობისას ადამიანები დედამიწაზე მშვიდობისა და ერთიანობის უპრეცედენტო დროს იცხოვრებენ. ეს მსოფლიო ერთიანობა ადამიანების მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არ შეიქმნება. მხოლოდ მსოფლიო მთავრობა „მშვიდობის მთავრის“ მეთაურობით შეძლებს ასეთი რამის გაკეთებას (ესაია 9:5, 6).

ახლანდელ უსამართლობას, რომელიც ხშირად გამოწვეულია სიღარიბით და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, მშვიდობის მთავარი აღარ მოითმენს. ბიბლია გვპირდება: „ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება. რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს. . . იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:11, 12, 14, 16).

ქრისტეს მმართველობის დროს უმუშევრობაც წარსულს ჩაჰბარდება. ესაია წინასწარმეტყველი აცხადებს: „არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:22). წარმოიდგინეთ, დედამიწაზე ყველას შეეძლება სასარგებლო, კმაყოფილების მომნიჭებელი სამუშაოს შესრულება!

ნამდვილი ერთიანობა — როდის?

მაგრამ როდის დაიწყება ქრისტეს მმართველობა დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას იესო ქრისტემ მიუთითა დროზე, რომლისთვისაც ომები, ომების შესახებ ცნობები, დაავადებები, მიწისძვრები და სხვა მოვლენები იქნებოდა დამახასიათებელი. მაგრამ მან დადებითი მხარეც აღნიშნა — მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება (მათე 24:3—14; ლუკა 21:11). ეს მოვლენები, როგორც იესომ თქვა, კულმინაციას მიაღწევს „დიდ გასაჭირში“, რომელიც დედამიწაზე მმართველობის სრულ შეცვლამდე მიგვიყვანს (მათე 24:21). წაიკითხეთ მისი ქადაგება, რომელიც მათეს 24-ე და ლუკას 21-ე თავებშია ჩაწერილი. მის მიერ ნაწინასწარმეტყველები ვითარებები შეადარეთ იმას, რასაც დღეს მსოფლიოში ხედავთ. შეუძლებელია არ დაინახოთ, რომ ახლა იმ დროს ვცხოვრობთ, როცა ღმერთი სადაცაა ჩაერევა ადამიანურ მმართველობაში. მისი სამეფო, რომელსაც სათავეში მეფე იესო ქრისტეს უდგას, თავის თავზე აიღებს მმართველობას. გაერთიანებული მსოფლიო წინ გველის!

რჩება კითხვა, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ დანაპირების შესრულება იხილოთ? ვინაიდან ბიბლია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კაცობრიობის მიერ მომავლის მოლოდინში, ბრძნული იქნებოდა ბიბლიის უკეთ გასაცნობად ძალისხმევა გამოგეჩინათ. ამიტომ იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით მოგაკითხავდნენ სახლში ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლის ჩასატარებლად *. თუ დათანხმდებით ამ წინადადებას, მალე დაინახავთ, რომ მსოფლიო ერთიანობა ძალიან ახლოს არის და რომ თქვენც შეგიძლიათ მისით გაიხაროთ!

[სქოლიო]

^ აბზ. 17 თუ გსურთ, ბიბლიის შესწავლის ამ პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ, დაუკავშირდით ამ ჟურნალის გამომცემლებს ან იეჰოვას ადგილობრივ მოწმეებს.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები საოცარი ერთიანობით ხარობენ.

კიევი.

ზაგრები.

[სურათი 10 გვერდზე]

ღვთის განზრახვაა, რომ კაცობრიობა ერთ გაერთიანებულ გლობალურ ოჯახად იქცეს.