ლეღვის ფოთლები, მოდა და მორთულობები ქალის გარდერობიდან
ლეღვის ფოთლები, მოდა და მორთულობები ქალის გარდერობიდან
მთელი მსოფლიოს ქალები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, ისე ჩაიცვან, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ. სხვადასხვა კულტურისა და ადათ-წესების მქონე ადამიანები იმდენად სხვადასხვაგვარად ცდილობენ ამის გაკეთებას, რამდენადაც თავად ეს ხალხები განსხვავდებიან ერთმანეთისგან; სწორედ ამის გამო არსებობს სასიამოვნო, ძალიან ლამაზი ფერებით გაწყობილი და ამა თუ იმ ფასონით შეკერილი სამოსი. მაგალითად, დავასახელოთ რამდენიმე მათგანი: იაპონიაში ქალები კიმონოს იცვამენ, ინდოეთში მშვენიერ სარის, აფრიკაში ხასხასა ჭრელ ტანსაცმელს, ინდიელები ნათელი ფერის თავსაბურავს ხმარობენ, ბოლივიაში მცხოვრებლები კი საინტერესო მოყვანილობის ქვაბ-ქუდებს იხურავენ. როგორც უნდა იყოს, მსოფლიოში ზოგან ქალების მთავარი საზრუნავია, ჰქონდეთ საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელი იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გამოიყურება ეს სამოსი. ზოგან კი ძალიან ბევრი ტანსაცმელია, მაგრამ სამაგიეროდ ფასონის იმდენად დიდი არჩევანია, რომ ბევრი დაბნეულობაში ვარდება და შეიძლება მატერიალისტური აზროვნებაც განუვითარდეთ.
ამ სტატიაში შემოთავაზებულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც, ალბათ, უფრო დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს დააინტერესებს, მაშინ როდესაც მოკრძალებულ ჩაცმულობასთან დაკავშირებული პრინციპები აფრიკის შორეულ სოფლებში, ჩილეს დაბებსა და განვითარებული ქვეყნების დიდ ქალაქებში მცხოვრები ქალებისთვისაც იქნება მისაღები. თუმცა ჩაცმულობის წესი ყველგან განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ როგორი ჰავა და წეს-ჩვეულებები არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში, ღირსეულმა ქალმა ყოველთვის უნდა აირჩიოს და ჩაიცვას შესაფერისი სამოსი, რაც მის პატიოსნებაზე იმეტყველებს.
ნუ შეაფასებ წიგნს გარეკანის მიხედვით — ეს ნაცნობი გამონათქვამი მიგვანიშნებს იმ საშიშროებაზე, რომ მხოლოდ გარეგნობის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს შეფასება. მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს წარმოდგენა იმისდა მიხედვით ექმნებათ, რაც პირველად ხვდებათ თვალში. წაიკითხავენ თუ არა წიგნს, შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენად მიმზიდველად გამოიყურება მისი გარეკანი.
იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზეც. პირველი შთაბეჭდილებები შეიძლება არ იყოს სწორი ან სამართლიანიც კი, მაგრამ ხშირად სწორედ ისინია ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს, წარმატებული იქნება ადამიანი თუ წარუმატებელი, დაიმსახურებს ნდობას თუ არა. ერთმა მკვლევარმა ჩაცმულობის შედეგად მოხდენილი ეფექტის შესახებ აღნიშნა: „ხალხზე დანახული გაცილებით უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე მოსმენილი“.
მაგრამ, თუ ასეთი შეფასება არ არის ყოველთვის ობიექტური, აქვს იმას მნიშვნელობა, თუ როგორ იცვამს ქალი? როგორ შეუძლია იმის განსაზღვრა, რამდენად არის ესა თუ ის სამოსი მოკრძალებული ან შესაფერისი ამა თუ იმ შემთხვევის დროს? როგორ განასხვაოს ერთმანეთისგან უახლესი მოდის ახირებები და გარკვეული ფასონით შეკერილი სამოსი, რაც ნამდვილად დაამშვენებდა მას? მოდი დავფიქრდეთ ამ შეკითხვებზე და შემდეგ გადავხედოთ ჩვენს გარდერობს.
ცვალებადი მოდა
მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამა თუ იმ მოდის თუ სტილის სამოსი ჩასაცმელად არის განკუთვნილი, არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შემოთავაზებული ჩაცმულობის სტილი ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მისაღები უნდა იყოს ჩვენთვის. მაშინ, რატომ არის ჩვენ შორის უმრავლესობა ადვილად მიმნდობი და რატომ ხდება ჩვენთვის იოლად მისაღები მოდელიერებისა და დიზაინერების მიერ შემოთავაზებული ჩაცმულობის სტილი?
რამდენად მისაღებია. სავსებით ბუნებრივი სურვილია, მოსწონდე სხვებს და გაღიარებდნენ. მოდის ინდუსტრია, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, ამ სურვილს იმით აძლიერებს, რომ სილამაზესთან დაკავშირებით ცრუ და არამყარ ნორმებს ადგენს. ყოველ წელს მოდის ახალ-ახალ ახირებებს ახვევენ თავს საზოგადოებას, რითაც იმის გარკვეული ნორმების დადგენას ცდილობენ, თუ რა გახდიდა ადამიანს უფრო მოსაწონსა და „მისაღებს“ მოდის კრიტერიუმებით, მიუხედავად იმისა, მოუხდებოდა თუ არა ეს ჩაცმულობა. მაგრამ ქალმა კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს: „ნამდვილად მომიხდება ჩაცმულობის ეს სტილი?“. და მაშინაც კი, თუ გარკვეულ ტანსაცმელში მიმზიდველად გამოიყურებით, სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოთ.
სხვა ფაქტორებისთვის ანგარიშის გაწევა. მაშინ როდესაც მოდის სამყარო შესაძლოა ნებისმიერი სტილის ჩაცმულობას უკეთებდეს რეკლამას, ბიზნესის სამყაროში ბევრი ადგენს ჩაცმულობის წესებს. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემულია ჟურნალ-გაზეთებიდან ამოღებული საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი, თუ როგორი ტანსაცმლის ჩაცმა არ იქნებოდა მართებული სამუშაოზე მისაღები გასაუბრების დროს: ნუ ჩაიცვამთ ფართო შარვლებს და ნუ იხმართ ძალიან ბევრ კოსმეტიკურ საშუალებას. ნუ იქნებით თვალში საცემი (უცნაური ვარცხნილობა, გრძელი წითლად შეღებილი ფრჩხილები). არ ჩაიცვათ მოკლე კაბა ან ბლუზა. არასდროს მოიშიშვლოთ მხრები ან ზურგი. არ ჩაიცვათ მეტისმეტად მოკლე ქვედატანი, უკეთესი იქნება, თუ ის მუხლს დაგიფარავთ. ნუ ჩაიცვამთ თვალწასულ კოლგოტს. ნუ გაიკეთებთ თვალში საცემ, ჩხარუნა სამკაულებს. ნუ ჩაიცვამთ სადღესასწაულო ტანისამოსს. ნუ შეიმოსებით ექსტრავაგანტულად, მეტისმეტად ახალმოდურად. თუ ასეთი რჩევები ბიზნესმენი ქალისთვის არის პრაქტიკული, ქრისტიანი ქალისთვისაც იქნებოდა სასარგებლო მათი გათვალისწინება სამქადაგებლო საქმიანობისას. ყოველთვის, როდესაც ღვთის სამსახურშია, ის, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე იმყოფება. თუ ადამიანზე მისი საქციელი უფრო ბევრს მეტყველებს, ვიდრე მისი სიტყვები, მაშინ ტანსაცმელზეც, უდავოდ, ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ტანსაცმლის მოხდენა. ისევე როგორც მეტისმეტად ახალმოდური ტანსაცმელი ფასს დაგვიკარგავს როგორც ჩვენ, ისე ჩვენ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ ცნობას, იგივე მოხდება, თუ ძალიან ძველმოდურ სამოსში ვიქნებით გამოწყობილი. მაგრამ, თუ სასიამოვნო, მოკრძალებულ სამოსს ირჩევთ და ირგებთ ტანზე, და ამავე დროს, თუ ასეთი ჩაცმულობა შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს, სხვებზე დატოვებთ მომხიბლავი, თავის თავში დარწმუნებული ქალის შთაბეჭდილებას, რომელიც სიცოცხლით არის სავსე. მაგრამ, როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას?
ლეღვის ფოთლები და ფიზიკური ნაკლოვანებები
ლეღვის ფოთლები? დიახ, ეს იყო პირველი და თავიდანვე შეუფერებელი სამოსი მოდის ისტორიაში (დაბადება 3:7, 21). ლეღვის ფოთლებით შემოსვა სათაკილო იყო. მაგრამ ბევრ ქალს სურს, კიდევ უფრო გაუსვას ხაზი თავის გარეგნობას; და მაინც, ამის მისაღწევად ბევრს ისეთ არასასიამოვნო წვრილმანებთან უწევს ბრძოლა, რასაც ფიზიკურ ნაკლოვანებებს უწოდებენ.
გაწონასწორებულობა ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. პროპორციულობის დაცვით, ფერთა შეხამებითა და ჩაცმულობის სტილის არჩევით აღნაგობაში არსებული შეუსაბამობების დაფარვას შეძლებთ.
პროპორციულობა. თქვენ ცდილობთ, რომ ჩაცმულობით ასე თუ ისე მთლიანობაში გააწონასწოროთ თქვენი ფიგურა. ნუ ჩააჟინდებით მაინცდამაინც ერთ რომელიმე ნაკლს და ნუ შეეცდებით მის დაფარვას სხვა ყველაფრის თანაფარდობის დარღვევის ხარჯზე. დაფიქრდით, როგორი სტილის ტანსაცმელში გამოჩნდებოდით უფრო მაღალი ან დაბალი და შემდეგ შესაბამისად მოირგეთ.
ფერები. ფერთა სათანადო შერჩევასა და შეხამებასაც შეუძლია თვალისთვის უხილავი გახადოს სხვადასხვა ნაკლოვანება. ზოგმა ფერმა შეიძლება უფრო გამოკვეთოს თქვენი კანის ფერი, სხვებმა კი შეიძლება უფრო გააბაცოს. ადამიანს თვალში უფრო კანისა და ტანსაცმლის ფერთა ჰარმონიულობა ხვდება, ვიდრე ფიზიკური ნაკლოვანებები.
ჩაცმულობის სტილი. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომელი სტილი ირეკლავს მოკრძალებულ ჩაცმულობასთან დაკავშირებულ პრინციპებს და გამორიცხავს „ლეღვის ფოთლებს“. რასაკვირველია, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩაცმულობის სტილი და ადათ-წესები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ დაფიქრდით, როგორ გამოიყენებდით ამ პრინციპს იქ, სადაც ცხოვრობთ. ამ პრინციპებიდან ერთ-ერთი ის არის, რომ ‘წარუდგეთ ყოველი კაცის სინდისს’ (2 კორინთელთა 4:2, სსგ). ‘წარგვადგენს’ ჩაცმულობის რომელიმე სტილი გემოვნებიან, მოკრძალებულ ქრისტიან მსახურებად ჩვენს დასახლებაში? ან რა შეიძლება ითქვას ბიბლიაში მოცემულ მითითებაზე ‘მეძავის საბურველთან’ დაკავშირებით? (იგავნი 7:10). მხოლოდ იმის თქმა, რომ ამა თუ იმ სტილის ტანსაცმელი „მოდაშია“, ვერ გაამართლებს მას. ბიბლია ქალებს ურჩევს, რომ „წესიერი სამოსლით. . . და კდემამოსილებით შეიმკონ“ (1 ტიმოთე 2:9, 10). ირეკლავს ჩაცმულობის ესა თუ ის სტილი „კდემამოსილებას“ და შეესაბამება ჩვენს ასაკსა და არსებულ გარემოებას?
იმისათვის, რომ შეამოწმოთ, რამდენად მოკრძალებულია გარკვეული ჩასაცმელი, თუ საშუალება გაქვთ, დადექით ისეთი სარკის წინ, რომელშიც მთლიანად გამოჩნდებით და ყველა მხრიდან შეხედეთ საკუთარ თავს. გადაიხარეთ წინ, დაჯექით, ფეხი ფეხზე გადაიდეთ. გამოიყურება ასეთ მდგომარეობაში ეს ტანსაცმელი მოკრძალებულად? ჩაიცვამდით მას სამუშაოზე მისაღები გასაუბრების ან ცნობილ თანამდებობის პირებთან შეხვედრის დროს? შემდეგ ისეთნაირად დადექით სარკის (ან მეგობრის) წინ, რომ უკნიდან კაშკაშა სინათლე გცემდეთ. თუ თხელი ქსოვილისგან შეკერილ ან ოდნავ გამჭვირვალე კაბაში ხართ გამოწყობილი და კაშკაშა სინათლეზე (მაგალითად, მზის შუქზე ან სხვა კაშკაშა სინათლეზე) აღმოჩნდით, გაცვიათ თუ არა მის შიგნით ისეთი ქვედა სამოსი, რომელიც თქვენს ჩაცმულობას მოკრძალებულობას შეუნარჩუნებდა? ან, თუ ასეთი ტანსაცმელი მეტისმეტად თხელი ან გამჭვირვალეა, ხომ არ იქნებოდა შეუფერებელი მისი ჩაცმა? მოხერხებულად გრძნობთ მასში თავს? თუ გეეჭვებათ, უარი თქვით მასზე.
საერთო პროპორციულობის შესანარჩუნებლად ქვემოთ მოცემულია ძირითადი მითითებები:
● მუქი ფერები გამხდარსა და უფრო მაღალს აჩენს.
● ნათელი ფერები ჭარბ წონიანს აჩენს და თვალს იზიდავს.
● ყველაფერი ერთ ფერში უწყვეტ კონტურს იძლევა და გამხდარსა და მაღალს აჩენს.
● ვიწრო ტანსაცმელი კვეთავს როგორც გამხდარ, ისე ჭარბი წონის მქონე სხეულს. ქსოვილი კოხტად უნდა იჯდეს ტანზე. ქვედატანი ან სხვა სამოსი თეძომდე სწორად უნდა მოდიოდეს, შემდეგ კი თავისუფლად ეშვებოდეს ქვემოთ და არ უნდა იყოს ტანზე შემოტმასნილი ან მიწებებული. რა ზომის ტანსაცმელსაც უნდა ხმარობდეთ, იმისათვის, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ და მოხერხებულად გრძნობდეთ თავს, ტანსაცმელი ოდნავ თავისუფლად უნდა გქონდეთ.
ქვედატანის სიგრძე სათანადო იქნება, თუ ის თავდება წვივთან, მუხლს ქვემოთ (დაახლოებით სამი სანტიმეტრით მუხლს ქვემოთ). მაგრამ, ბევრი ქალი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს გრძელ სამოსში. ძალიან მოკლე ქვედატანი ფეხების მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს და შეიძლება „ლეღვის ფოთლები“ ეწოდოს, თუ შეუფერებელი სიგრძე აქვს. აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბირმა და ინდოეთი, ისეთი სამოსიც კი, რომელშიც მხოლოდ კოჭები ჩანს, შეიძლება „ლეღვის ფოთლების“ შთაბეჭდილებას ტოვებდეს.
აუცილებელი აქსესუარები
დასასრულ ვისაუბროთ აქსესუარებზე. უმჯობესია მათი ზომიერად და არა გადაჭარბებულად, უწესრიგოდ და უადგილოდ გამოყენება.
ერთ ჟურნალში წარმოდგენილი იყო კლასიკური კოსტიუმები, რომელთაგანაც ხუთი სრულიად განსხვავებული იყო, მაგრამ ძალიან ელეგანტური. მათი მრავალფეროვნების საიდუმლო, უბრალოდ, იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი სხვადასხვა აქსესუარით იყო გაწყობილი. სწორედ ამნაირად მცირეოდენი თანხებითაც კი შეგიძლიათ თქვენი ჩაცმულობა გაამდიდროთ. დაიწყეთ მთავარი, კლასიკური სტილით; მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი კაბა გაგაჩნიათ, შეგიძლიათ გააახლოთ და უფრო მოხდენილი გახადოთ საკუთარი ტანის მოყვანილობისა და კანის ფერის მიხედვით, შემდეგ შეგიძლიათ ჩაიცვათ და მოუხდინოთ სამკაული, გაიკეთოთ ყელსახვევი, მოსახვევი ან ქამარი, დაიჭიროთ ხელჩანთა, მოისხათ მოსასხამი, ჩაიცვათ კოლგოტი, ფეხსაცმელი და ასე შემდეგ. აუცილებელი არ არის, რომ ყველა ეს აქსესუარი გქონდეთ; უბრალო ბაფთამაც კი შეიძლება გააახლოს და მორთოს ტანსაცმელი და კარგ გუნებაზე დააყენოს მისი პატრონი.
ტანსაცმლის მსგავსად აქსესუარებსაც უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება და ეს მორთულობები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ ვითარებას. გაცვეთილი, გაუპრიალებელი ფეხსაცმლის ჩაცმა სათანადო იქნებოდა ბაღში მუშაობის დროს, მაგრამ არა საქმიანი შეხვედრის დროს ან წვეულებაზე. შეამოწმეთ, რომ თვალი არ ჰქონდეს წასული წინდებს. რა შეიძლება ითქვას ხელჩანთაზე? დახეული, გაცვეთილი და გატენილია, სახელურები ერთმანეთზე უშნოდ არის გადაბმული თუ სუფთაა და მეტისმეტად არ არის გადატვირთული ნივთებით? გადატეხილი, დაკვნეტილი და ლაქგადასული ფრჩხილები აუშნოებს ულამაზეს ჩაცმულობასაც კი. უმშვენიერესი გარეგნობა კი შეიძლება გაუფერულდეს, თუ თმა, ქუდი ან პარიკი უსუფთაო, მოუწესრიგებელი და შეუსაბამოა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ხალხს უფრო მეტად თქვენი ნაკლი ამახსოვრდება და არა თქვენი პიროვნება ან ის, თუ რა თქვით.
ასევე არ უნდა გამოგრჩეთ მხედველობიდან სიარულის, დგომისა და ჯდომის სწორი მანერები. ტანსაცმელში უკეთესად გამოჩნდებით, თუ სწორი მანერები გექნებათ.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ უნდა დაიწყოთ თუ არა მაღაზიებში სირბილი? რასაკვირველია არა. უმჯობესია ახლავე გაემართოთ საკუთარი გარდერობისკენ. გადმოიღეთ და გადაახარისხეთ ყველა ტანსაცმელი. ისწავლეთ თქვენს ხელთ არსებული ტანისამოსის ისე შეხამება, რომ ახლებური და სასიამოვნო სტილის ჩაცმულობა მიიღოთ.