არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად გაერთიანდება ევროპა?

ნამდვილად გაერთიანდება ევროპა?

ნამდვილად გაერთიანდება ევროპა?

თუ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ევროპას ნამდვილად სურს გაერთიანება, მისი შიდა სახელმწიფო საზღვრებიდან მხოლოდ რამდენიმე უნდა გადაკვეთოთ. ამჟამად ადამიანები თავისუფლად მოძრაობენ ევროკავშირის შიგნით. საზღვრების გადაკვეთისას, ფაქტობრივად, მოცდა აღარც არის საჭირო. მოგზაურები, რასაკვირველია, აღტაცებული არიან — მაგრამ ამით მხოლოდ ისინი როდი სარგებლობენ. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში შემავალ ნებისმიერ ქვეყანაში ადვილად შეუძლიათ სწავლა, მუშაობა და რამე საქმის წამოწყება. ამან კი, თავის მხრივ, კავშირის შედარებით უფრო ღარიბი მხარეები ეკონომიკურ პროგრესამდე მიიყვანა.

სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის სიადვილე, რა თქმა უნდა, უდიდესი ცვლილებაა. მაგრამ, უნდა დავასკვნათ, რომ ევროპა უკვე გაერთიანებულია და ამ გაერთიანებას წინ აღარაფერი ეღობება? პირიქით, დაბრკოლებები აშკარად იკვეთება და ზოგი მათგანი საკმაოდ შემაშფოთებელია. მაგრამ, სანამ მათ განვიხილავდეთ, მოდი ახლოდან შევხედოთ გაერთიანებისაკენ დღემდე გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს. ასე ჩვენ უფრო უკეთ გავიგებთ, რატომ დაატარებენ გულით ადამიანები გაერთიანების ასეთ დიდ იმედს.

სავალუტო ერთიანობისთვის გადადგმული ნაბიჯები

სახელმწიფოს საზღვრებზე ზრუნვა შეიძლება საკმაოდ ძვირი აღმოჩნდეს. საბაჟოსთან დაკავშირებული ფორმალური მხარეები ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანას თავის დროზე ყოველწლიურად 12 მილიარდი ევრო უჯდებოდა. არ არის გასაკვირი, რომ ევროპის სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებულმა ახალმა მდგომარეობამ ეკონომიკის განვითარებას შეუწყო ხელი. როდესაც ფიქრობთ ევროკავშირის 370 მილიონ მოსახლეზე, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში თავისუფლად მოგზაურობენ და ერთი საერთო ბაზრით სარგებლობენ, ნათელია, რომ ეკონომიკის პოტენციალი მართლაც განსაკუთრებულია. რამ გახადა ასეთი პროგრესი შესაძლებელი?

1992 წლის თებერვალში, სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა გაერთიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, როცა ევროპის კავშირის ხელშეკრულებაზე ანუ მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე მოაწერეს ხელი. ამ ხელშეკრულებამ ევროპის შიგნით ერთიანი ბაზრის, ცენტრალური ბანკისა და ერთიანი ვალუტის შემოღებას დაუდო საფუძველი. მაგრამ შემდგომ აუცილებელი იყო სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა: სავალუტო კურსის მერყეობის თავიდან აცილება. სხვა თუ არაფერი, კურსის მერყეობამ წინა დღეს მომგებიანი ბიზნესი მეორე დღეს შეიძლება არცთუ მთლად სახარბიელო საქმედ აქციოს.

ეს დაბრკოლება, რომელიც გაერთიანების გზას ეღობებოდა, მოხსნილ იქნა სავალუტო-ეკონომიკური კავშირის (სეკ) დაარსებითა და ევროს, როგორც ახალი ერთიანი ვალუტის, შემოღებით. ფულის გადაცვლისას აღარ არსებობს რაიმე პროცენტის გადახდის აუცილებლობა და ფირმებსა და საწარმოებს აღარ ესაჭიროებათ სავალუტო კურსის ცვლილებების საფრთხისგან თავის დაცვა. შედეგი უფრო დაბალი საწარმოო ხარჯები და უფრო დიდი საერთაშორისო ვაჭრობაა. თავის მხრივ, ამას უფრო მეტი სამუშაო ადგილის გამოჩენა და სამომხმარებლო ძალის გაზრდა შეუძლია — რაც ყველას სარგებელს მოუტანს.

1998 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის დაარსება ერთიანი ვალუტის შემოღებისკენ გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე ამ დამოუკიდებელ ბანკს მონაწილე მთავრობებზე სავალუტო სუვერენიტეტი გააჩნია. ის ცდილობს, რომ ინფლაციის დონე დაბალი იყოს ევროსივრცედ წოდებულ რეგიონში, რომელიც 11 მონაწილე ქვეყნისგან შედგება *, და სავალუტო კურსის მერყეობის სტაბილიზება მოახდინოს ევროს, დოლარსა და იენს შორის.

ასე რომ, რაც შეეხება ფულს, გაერთიანების მხრივ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. მაგრამ ფულთან დაკავშირებული საკითხები ევროპის ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არსებულ დიდ გათიშულობასაც უჩვენებს.

ვალუტასთან უფრო მეტი რამ არის დაკავშირებული

ევროკავშირის შედარებით ღარიბი ქვეყნები თავიანთ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ისინი ფიქრობენ, რომ უფრო შეძლებული წევრი სახელმწიფოები თავიანთი სიმდიდრიდან მათ საკმაო სახსრებს არ უზიარებენ. არც ერთი წევრი ქვეყანა არ უარყოფს იმის საჭიროებას, რომ უფრო ღარიბ ევროპელ პარტნიორებს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ უფრო მდიდარი სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ ამისგან თავის შესაკავებლად მათ საფუძვლიანი მიზეზები აქვთ.

ავიღოთ, მაგალითად, გერმანია. ევროპის გაერთიანების დასაფინანსებლად ამ ქვეყნის მიერ გამოვლენილმა ენთუზიაზმმა ახლა აშკარად იკლო, რადგან მისი საკუთარი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ გართულდა. თუნდაც მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიისა და დასავლეთ გერმანიის გასაერთიანებლად გაწეული ხარჯები უზარმაზარი იყო — თითქმის ასი მილიარდი დოლარი ყოველწლიურად. ეს კი მთელი ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს! მოვლენების ასეთმა განვითარებამ გერმანიის სახელმწიფო ვალის ისეთ ზომებამდე გაზრდა გამოიწვია, რომ სეკ-ში შესასვლელად საჭირო კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად გერმანიას დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.

ევროკავშირის კარზე ახალი წევრები აკაკუნებენ

ერთიანი ვალუტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ მოკლე დროში ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან სეკ-ში შესული, თავიანთ დაბრკოლებებს 2002 წლამდე გადალახავენ, როდესაც ევროს მონეტები და ბანკნოტები, სავარაუდოა, რომ ევროპის დღევანდელი ვალუტების ადგილს დაიკავებენ. თუკი დიდი ბრიტანეთიც, დანიაც და შვედეთიც დადებითად განეწყობიან ევროსადმი, ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხებიც კი იხილავენ თავიანთი გირვანქა სტერლინგებისა და კრონების ევროთი შეცვლას.

ამასობაში ევროპის ექვსი სხვა ქვეყანა აკაკუნებს ევროკავშირის კარზე. ესენია ესტონეთი, კვიპროსი, პოლონეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. თავის რიგს კიდევ ხუთი ქვეყანა მოელის, კერძოდ კი, ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და სლოვაკეთი. ოღონდ ევროკავშირში მათი შესვლა იაფი არ დაჯდება. ვარაუდობენ, რომ 2000-სა და 2006 წლებს შორის ევროკავშირს აღმოსავლეთ ევროპის ათი ახალშემოსული ქვეყნის დასახმარებლად 80 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს.

მაგრამ ფონდები, რომლებიც ახალშემოსულ ქვეყნებს დასჭირდებათ ევროკავშირში შესვლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბევრად აღემატება იმ თანხას, რასაც ისინი დახმარების სახით ევროკავშირისგან მიიღებენ. მაგალითად, საავტომობილო გზებისა და სარკინიგზო ქსელის გასაუმჯობესებლად უნგრეთს 12 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს. ჩეხეთის რესპუბლიკას მხოლოდ წყლის გასაწმენდი ნაგებობებისთვის 3,4 მილიარდზე მეტი ევრო დასჭირდება, ხოლო პოლონეთს ჰაერში გოგირდის გამოყოფის შესამცირებლად — 3 მილიარდი ევრო. ამისდა მიუხედავად, „კანდიდატები“ ფიქრობენ, რომ სარგებელი, რომელსაც ისინი მიიღებენ, მათ მიერ გაღებულ ხარჯებს გადაწონის. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების მეტი საშუალება ექნებათ. თუმცა კი მათ გარკვეული დროით შეიძლება ლოდინი მოუწიოთ. ახლანდელი საზოგადოებრივი აზრის თანახმად, ახალი წევრი სახელმწიფოები მხოლოდ მას შემდეგ იქნებიან მიღებული, რაც ევროკავშირი თავის საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას გამოასწორებს.

გულისწყრომა, ნაციონალიზმი და უმუშევრობა

უფრო დიდი ერთიანობისთვის გაწეული ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ევროპის შიგნით თუ გარეთ კვლავ აფიქრებთ ევროპაში მიმდინარე პროცესები. აგრეთვე დიდ შეშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ გადაწყდეს ეთნიკური კონფლიქტები, მაგალითად, ბალკანეთის რეგიონის დანაწევრება — ჯერ ბოსნიაში მიმდინარე ომი და შემდეგ კოსოვოს კონფლიქტი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხშირად ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაართვან თავი ასეთ კონფლიქტებს ევროპის შიგნით თუ მის გარეთ. ვინაიდან ევროკავშირი სახელმწიფოებისგან შემდგარ ფედერაციას არ წარმოადგენს და საერთო საგარეო პოლიტიკა არა აქვს, ეროვნული ინტერესები სულ უფრო და უფრო ხშირად ჭარბობს. ცხადია, ეროვნული ინტერესები უდიდეს დაბრკოლებას უქმნის „ევროპის გაერთიანებულ სახელმწიფოებს“.

ევროპას ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვს უმუშევრობის მწვავე პრობლემა. მუშაძალის საშუალოდ 10 პროცენტი უმუშევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ 16 მილიონზე მეტი ადამიანი დაუსაქმებელია. მრავალ ქვეყანაში ახალგაზრდები, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენენ, დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ სამუშაო მონახონ, მაგრამ უშედეგოდ. არ არის გასაკვირი, რომ მასობრივ უმუშევრობასთან ბრძოლას ბევრი ადამიანი ევროპის ნომერ პირველ ამოცანად თვლის! ჯერჯერობით კი, შრომის ბაზრის გარდასაქმნელად გაღებულ ძალისხმევას ნაყოფი არ მოუტანია.

როგორც უნდა იყოს, ერთიანობისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ დიდი დაბრკოლებები არსებობს.

ვინ არის დამნაშავე?

ევროპის გაერთიანების მიღწევაში სუვერენიტეტი უდიდეს დაბრკოლებად რჩება. წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ ეროვნული სუვერენიტეტის რა დონეზე დასათმობად არიან მზად. ევროკავშირის მიზანია მმართველობის ზეეროვნული ფორმის დადგენა. თუ ეს არ განხორციელდება, შენიშნავს „მონდი“, ევროს შემოღება, უბრალოდ, „დროებით გამარჯვებად“ იქცევა. მაგრამ ზოგი წევრი სახელმწიფოსთვის ავტორიტეტის შესუსტების იდეა ძნელად მისაღებია. მაგალითად, ევროკავშირის ერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საიმისოდ იშვა, რომ „სხვა ერების წინამძღოლი ყოფილიყო და არა მიმდევარი“.

გასაგებია, რომ შედარებით პატარა წევრ სახელმწიფოებს აშინებთ ის, რომ, ადრე თუ გვიან, უფრო დიდი ქვეყნები თვითონ გააკონტროლებენ სიტუაციას და უარს იტყვიან ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც შესაძლოა მათ საკუთარ ინტერესებს არ შეესაბამებოდეს. უფრო მცირე ქვეყნებს აინტერესებთ, მაგალითად, როგორ უნდა გადაწყდეს ის, თუ რომელ ქვეყნებში იქნება განაწილებული ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლობის მთავარი სამმართველოები. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ასეთი წარმომადგენლობები დიდად უწყობენ ხელს შრომის ბაზარს იმ ქვეყნებში, სადაც მდებარეობენ.

როდესაც გაერთიანების გზაზე ასეთ შემაშფოთებელ ბარიერებს ვხედავთ — ეკონომიკურ უთანასწორობას, ომს, უმუშევრობასა და ნაციონალიზმს — ევროპის გაერთიანებასთან დაკავშირებით შეიძლება ადვილად დაგვეუფლოს იმედგაცრუება. მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე უჩვეულო პროგრესი იქნა მიღწეული. რამდენად დიდი წინსვლაა ჯერ კიდევ მოსალოდნელი, ამაზე რაიმეს თქმა ძნელია. პრობლემები, რომლებიც აწუხებთ მათ, ვინც ევროპის გაერთიანებას ცდილობს, ძირითადად იგივეა, რაც ადამიანთა ყველა მთავრობას აწუხებს.

იქნება კი ოდესმე შესაძლებელი ისეთი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც შეძლებდა ისეთი პრობლემების გადაწყვეტას, როგორიც არის ეთნიკური კონფლიქტები, მასობრივი უმუშევრობა, სიღარიბე და ომი? რეალურია ისეთ მსოფლიოზე ფიქრი, სადაც ადამიანები ნამდვილად გაერთიანებულად იცხოვრებენ? ამ საკითხს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში, რომელმაც შეიძლება გაგაოცოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ეს ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, საფრანგეთი და ფინეთი. სხვადასხვა მიზეზის გამო დანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და შვედეთი ჯერ არ არიან ჩართული.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

ევრო ბრუნვაში შემოდის!

თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახლანდელი ეროვნული მონეტები და ქაღალდის კუპიურები 2002 წლამდე მიმოქცევიდან არ გავა, ევროს გამოყენებით უკვე მიმდინარეობს უნაღდო ანგარიშსწორებები. ეს სავალუტო ცვლილება ბანკებისთვის უდიდესი წამოწყებაა და ძალიან შრომატევადია. როგორც უნდა იყოს, წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ვალუტებსა და ევროს შორის სავალუტო კურსი ამჟამად უკვე დადგენილია. საფონდო ბირჟებიც ფასებს ევროთი უჩვენებენ. ბევრი მაღაზია და ფირმა თავიანთ ნაწარმს ახლა ევროთიც და ადგილობრივი ვალუტითაც აფასებს.

ასეთი კომერცია ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს — განსაკუთრებით ბევრი ასაკოვანი ადამიანის მხრიდან, რომელთაც აღარ ექნებათ მათთვის ჩვეული გერმანული მარკების, ფრანკებისა თუ ლირების გამოყენების შესაძლებლობა. საკასო აპარატები და ბანკომატებიც კი განახლებას საჭიროებენ. იმისათვის, რომ ევროზე გადასვლა რაც შეიძლება მშვიდად მომხდარიყო, მოეწყო ოფიციალური საინფორმაციო კამპანიები, რათა ხალხისთვის ევროს შემოღებისა და გამოყენების შესახებ მიეწოდებინათ ინფორმაცია.

რა შემაფერხებელი დაბრკოლებებიც უნდა იყოს შემორჩენილი, ევრო ბრუნვაში შემოდის. ფაქტობრივად, ევროს მონეტების მოჭრა და ქაღალდის ბანკნოტების დაბეჭდვა უკვე დაწყებულია. ეს კი უზარმაზარი საქმეა. თვით ისეთ პატარა ქვეყანაშიც კი, როგორიც ნიდერლანდებია, და სადაც მოსახლეობა დაახლოებით 15 მილიონს შეადგენს, მონეტებისა და ქაღალდის ფულის მომჭრელი დანადგარები სამი წლის განმავლობაში იმუშავებს, რათა 2002 წლის 1 იანვრისთვის 2,8 მილიარდი მონეტა და 380 მილიონი ბანკნოტი იქნეს დამზადებული. თუკი ყველა ამ ახალ ბანკნოტს ერთიმეორეზე დავალაგებდით, 20 კმ სიმაღლის დასტა აღიმართებოდა!

[ჩარჩო 7 გვერდზე]

„ევრონგრევა“?

1999 წლის დასაწყისში ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროკომისია, ძლივს გადაურჩა სერიოზულ მარცხს. კომისიას თაღლითობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში ედებოდა ბრალი. ბრალდებების შესასწავლად ჩამოყალიბდა კომიტეტი. ექვსკვირიანი გამოძიების შემდეგ კომიტეტმა დაადგინა, რომ ევროკომისიის მხრიდან თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგრამ საგამოძიებო კომიტეტმა კომისიის წევრების მიერ ხელის მოთბობის ფაქტები ვერ აღმოაჩინა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის ანგარიში გამოქვეყნდა, უპრეცედენტო ნაბიჯი იქნა გადადგმული — 1999 წლის მარტში მთელი ევროკომისია გადადგა. ამან ევროკავშირი ღრმა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჟურნალმა „ტაიმმა“ ამას „ევრონგრევა“ უწოდა. მხოლოდ დრო შეძლებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი ევროპის გაერთიანების პროცესზე.

[სურათი 5 გვერდზე]

ევროპაში საზღვრების გადაკვეთა უკვე გაცილებით იოლი გახდა.

[სურათი 7 გვერდზე]

1998 წელს ფრანკფურტში (გერმანია) ევროპის ცენტრალური ბანკი დაარსდა.