რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
სახელგანთქმულობის შეფასება წიგნების მიხედვით
„თუ სახელგანთქმულობა შენს შესახებ დაწერილი წიგნების რაოდენობით განისაზღვრება, . . დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ პიროვნებად იესო ქრისტე რჩება“, — ნათქვამია ინგლისში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) კონგრესის ბიბლიოთეკის წიგნების გამოკვლევამ იესოს შესახებ 17 239 წიგნი აღმოაჩინა. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება უილიამ შექსპირზე დაწერილი წიგნების რაოდენობას, რომელმაც 9 801 წიგნით მეორე ადგილი დაიკავა. ვლადიმერ ლენინი 4 492 წიგნით მესამე ადგილზე გავიდა, მას მიყვნენ აბრაამ ლინკოლნი, რომლის შესახებაც 4 378 წიგნია დაწერილი, და 4 007 წიგნით ნაპოლეონ I. იესოს დედა, მარიამი, 3 595 წიგნით მეშვიდე ადგილზე გავიდა. ის ერთადერთი ქალი იყო 30 ყველაზე სახელგანთქმულ ადამიანთა შორის. მომდევნო, ყველაზე ახლო საფეხურზე მდგომი, ქალი იყო ჟანა დ’არკი. მასზე 545 წიგნი იყო დაწერილი. რაც შეეხება კომპოზიტორებს, მათ სიას სათავეში ედგა რიხარდ ვაგნერი, მას მოყვებოდნენ მოცარტი, ბეთჰოვენი და ბახი. პიკასო მხატვრების ნუსხას მეთაურობდა, ის წინ უსწრებდა ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს. მაგრამ ლეონარდო მეცნიერებისა და გამომგონებლების სიას ედგა სათავეში, რითაც ჩარლზ დარვინი, ალბერტ აინშტაინი და გალილეო გალილეი დაჯაბნა. „30 ყველაზე სახელგანთქმული ადამიანიდან დღეს არც ერთი არ არის ცოცხალი“, — ნათქვამია ზემოხსენებულ გაზეთში.
ბავშვები შეისუნთქავენ სიგარეტის კვამლს
«მსოფლიოს ბავშვთა თითქმის ნახევარზე მეტი მწეველებთან ცხოვრობენ, — აღნიშნავს „კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ჯანმრთელობის ბიულეტენი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახლანდელი შეტყობინების კომენტირებისას, — ამ რიცხვს 700 მილიონზე მეტი ბავშვი მიეკუთვნება». თუ გავითვალისწინებთ იმის ალბათობას, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მოზარდ მწეველთა რიცხვი 1,6 მილიარდამდე გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ბავშვი შეისუნთქავს სხვის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლს. ეს ბავშვები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების განვითარების საშიშროების წინაშე იქნებიან, როგორიც არის ყურის ინფექციები და რესპირატორული დაავადებები.
მთვლემარე მძღოლები მთვრალი მძღოლების წინააღმდეგ
„გამოუძინებლობას შეიძლება იგივე შედეგები მოჰყვეს, რაც სიმთვრალეს“, — ამბობს „ნიუ-იორკ ტაიმზი“. სტანფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ 113 ადამიანს, რომელთაც ძილში აპნოეს შეტევა აწუხებდათ — მდგომარეობა, რომელიც ღამის ძილს წყვეტს და დღის განმავლობაში მძინარობას იწვევს — რეაქციის სისწრაფე შეუმოწმა და 80 მოხალისისგან შემდგარ საკონტროლო ჯგუფს დაუპირისპირა. მას შემდეგ, რაც დადგინდა მათი საპასუხო რეაქციების დრო, მეორე ჯგუფმა დაიწყო 40-გრადუსიანი ალკოჰოლის მიღება. „საპასუხო რეაქციის დროის შემოწმებამ ნათელყო, რომ შვიდიდან სამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვისაც აპნოე აწუხებდა, უფრო უარესი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვის სისხლშიც ალკოჰოლის შემადგენლობა [0.08] პროცენტს შეადგენდა. ამიტომ ისინი საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, რის გამოც 16 შტატის კანონმდებლობის თანახმად მართვის უფლება არ ჰქონდათ“, — იტყობინება „ტაიმზი“. გამოკვლევის ხელმძღვანელის, დ-რ ნელსონ პოუელის თქმით, აღმოჩენებმა ხაზი გაუსვა გამოუძინებლობის დროს მანქანის ტარების საშიშროებას.
სამოთხე დაიკარგა?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე 43 პატარა კუნძულზე მცხოვრებმა ერებმა თავიანთი შეშფოთება გამოხატეს იმ საშიშროების გამო, რომელიც გარემოს ემუქრება, იტყობინება ფრანგული ყოველდღიური გაზეთი „მონდი“. ამ სამოთხისებრი კუნძულებიდან ბევრი სულ უფრო მეტად ხდება გრიგალების, ციკლონებისა და წყალდიდობების თარეშის ადგილი და წყლის უკმარისობასაც განიცდის. გაეროს პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ გრიგალი „მიჩი“ კარიბის კუნძულებზე დაახლოებით 11 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ბოლო ორი წლის მანძილზე სეიშელისა და მავრიკის კუნძულების მოსახლეობამ დიდი გვალვა განიცადა. მაღალმა ტემპერატურამ და დაბინძურებამ გააუფერულა მარჯნის წყალქვეშა რიფები, რითაც ბიოლოგიური ნაირფეროვნება შემცირდა. კუნძულის მოსახლეობას ზღვის დონის გლობალური დათბობით აწევის შედეგებისაც ეშინია. ვარაუდობენ, რომ მალდივებზე ატოლების 80 პროცენტი შესაძლოა ოკეანემ შთანთქას.