არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რის სწავლა შეუძლია პატიმრისთვის ჩიტს?

რის სწავლა შეუძლია პატიმრისთვის ჩიტს?

რის სწავლა შეუძლია პატიმრისთვის ჩიტს?

ჩვენი კორესპონდენტისგან სამხრეთ აფრიკაში

როგორც დურბანში (სამხრეთ აფრიკა) გამომავალი გაზეთი „სანდი ტრიბიუნი“ იუწყება, ფრინველებს დიდი წვლილი შეაქვთ პოლსმოურის ციხის პატიმართა გულების მოლბობაში. ამჟამად 14 პატიმარი იღებს მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც მათ საკნებში კარელებსა და Agapornis-ებზე მზრუნველობას ითვალისწინებს.

როგორ მოქმედებს პროგრამა? პროგრამაში მონაწილე ყოველ პატიმარს თავის საკანში ხელოვნური ინკუბატორი აქვს. ახლად გამოჩეკილ ბარტყს მოსავლელად პატიმარს უტოვებენ, რომელიც უმწეო პატარა ქმნილებას ყოველ ერთ ან ორ საათში, დღე და ღამე, დაახლოებით ხუთი კვირის მანძილზე ხელით აჭმევს. შემდეგ ჩიტი საკანშივე მოთავსებულ გალიაში გადაჰყავთ. გაზრდილ ჩიტს ყიდიან. ზოგი პატიმარი თავის ჩიტს იმდენად ეჩვევა, რომ გარდაუვალი განშორების ჟამს ტირის.

ჩიტებთან ყოველდღიური ლაპარაკისა და მათზე ზრუნვის შემდეგ ზოგი უგულო ბოროტმოქმედიც კი შესამჩნევად თბილი და მშვიდი გახდა. ერთმა პატიმარმა თქვა: „მე ვათვინიერებ ჩიტებს, მაგრამ მათაც მომათვინიერეს“. მეორე ამბობს, რომ ჩიტებმა მოთმინება და თავშეკავება ასწავლეს. ქურდობისთვის მსჯავრდადებულ ერთ პატიმარს ჩიტზე ზრუნვამ შეაგნებინა ის, რომ მშობლად ყოფნა „დიდი პასუხისმგებლობაა“ — რასაც ის ციხის გარეთ საკუთარ შვილებთან მიმართებაში უგულებელყოფდა.

ამ ჩიტებზე ზრუნვას პატიმრებისთვის სხვა სარგებლობაც მოაქვს. „აქ შეძენილი ცოდნით, — ამბობს ამ პროგრამის შემმუშავებელი ვიკუს გრესი, — შემდგომში მათ შეეძლებათ ფრინველების მომშენებლებად ან ვეტერინარებად მუშაობა“.