არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთილებას

როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთილებას

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთილებას

სასოწარკვეთილება გარკვეულწილად ყველა ადამიანს გამოუცდია. მაგრამ ზოგისთვის სევდა იმდენად მწვავე ხდება, რომ სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ.

ბიბლია ცხადყოფს, რომ ღვთის ერთგული მსახურებიც კი არ არიან დაცული სასოწარკვეთილებამდე მიმყვანი პრობლემებისა და ზეგავლენისგან. დავფიქრდეთ, მაგალითად, ელიასა და იობზე — ორივეს ღმერთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც სიცოცხლის გადასარჩენად ბოროტ დედოფალს, იზებელს, გაექცა, ელიამ „სიკვდილი ინატრა“ (მესამე მეფეთა 19:1—4). მართალმა კაცმა, იობმაც, გადაიტანა მთელი რიგი ტრაგიკული მოვლენები, მათ შორის საზარელი დაავადება და ათი შვილის დაღუპვა (იობი 1:13—19; 2:7, 8). სასოწარკვეთილებამ მას ათქმევინა: „სიკვდილი მირჩევნია ყველა ჩემს ტანჯვას“ (იობი 7:15, „ახალი ინგლისური ბიბლია“). ცხადია, ღვთის ამ ერთგული მამაკაცების წუხილი საკმაოდ ძლიერი იყო.

დღეს ზოგიერთ ადამიანში სასოწარკვეთილება შეიძლება წლოვანებასთან დაკავშირებულმა მტკივნეულმა შედეგებმა, მეუღლის სიკვდილმა ან სერიოზულმა ფინანსურმა სირთულეებმა გამოიწვიოს. სხვებში ძლიერი სტრესული მდგომარეობა, მტკივნეული შემთვევის ხანგრძლივი შედეგები ან ოჯახური პრობლემები იმის გრძნობას იწვევს, თითქოსდა შუა ოკეანეში ფართხალებენ და თითოეული ტალღა ნაპირთან მიახლოებას უფრო ურთულებს. ერთმა მამაკაცმა თქვა: „თავს არარაობად გრძნობ — თითქოს, რომ მოკვდე, არავის გაახსენდები. მარტოობის გრძნობა, რომელსაც ადამიანი განიცდის, ზოგჯერ აუტანელია“.

ზოგ შემთხვევაში გარემოებები უკეთესობისკენ იცვლება, რაც ამსუბუქებს ამ ძლიერ ზეწოლას. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუკი გარემოებები არ შეგვეცვლება? როგორ შეუძლია ბიბლიას, დაგვეხმაროს სასოწარკვეთილებასთან გამკლავებაში?

ბიბლიას შეუძლია დაგვეხმაროს

იეჰოვას ჰქონდა იმის უნარი და ძალა, რომ ელიასა და იობისთვის მხარი დაეჭირა მათ განსაცდელში (მესამე მეფეთა 19:10—12; იობი 42:1—6). რამდენად მანუგეშებელია დღეს ჩვენთვის ამის ცოდნა! ბიბლია აცხადებს: „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“ (ფსალმუნი 45:2; 54:23). თუმცა, შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ სასოწარკვეთილების გრძნობა გვძლევს, იეჰოვა გვპირდება, რომ თავისი მხსნელი მარჯვენით შეგვეწევა (ესაია 41:10). როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ დახმარებით?

ბიბლია ხსნის, რომ ლოცვის შედეგად „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს [ჩვენს] გულებს და [ჩვენს] ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). ჩვენი გასაჭირის გამო შესაძლოა ვერ ვხედავდეთ პრობლემიდან გამოსავალს. მაგრამ, თუკი „ლოცვაში მდგრადნი“ ვიქნებით, იეჰოვა დაიცავს ჩვენს გულსა და გონებას და მოგვანიჭებ ძალას, რომელიც განსაცდელის ასატანად გვესაჭიროება (რომაელთა 12:12; ესაია 40:28—31; 2 კორინთელთა 1:3, 4; ფილიპელთა 4:13).

თუ ლოცვისას კონკრეტულები ვიქნებით, დიდ სარგებლობას მივიღებთ. მაშინაც კი, როცა გვიჭირს ჩვენი აზრების სიტყვებით გადმოცემა, თავისუფლად უნდა ვესაუბროთ იეჰოვას იმაზე, თუ რას ვგრძნობთ და რას ვთვლით პრობლემის წყაროდ. უნდა ვთხოვოთ მას ძალა, რომ ყოველდღე გაგვაძლიეროს. ჩვენ დარწმუნებული ვართ: „[იეჰოვა] მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ“ (ფსალმუნი 144:19).

გარდა იმისა, რომ უნდა ვილოცოთ, განმარტოებასაც უნდა ვერიდოთ (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). ზოგს ძალა შეემატა მაშინ, როცა თავის დროსა და ენერგიას სხვებს უძღვნიდა (იგავნი 19:17; ლუკა 6:38). დავფიქრდეთ ქალზე, სახელად მარიაზე *, რომელიც არა მარტო კიბოს ებრძოდა, არამედ მხოლოდ ერთ წელიწადში ოჯახის რვა წევრი დაეღუპა. მარია თავს აძალებდა, რომ ლოგინიდან ამდგარიყო და ჩვეულ ცხოვრების წესს დაბრუნებოდა. ის თითქმის ყოველდღე გადიოდა სახლიდან, რათა სხვებისთვის ბიბლია ესწავლებინა, და რეგულარულად დასწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს. სახლში დაბრუნებისას მწუხარებას შეიძლებოდა მარია ისევ მთელი ძალით მოეცვა. მაგრამ იმაზე ყურადღების გადატანით, თუ როგორ დაეხმაროს სხვებს, მარიას შეუძლია მისი დაძლევა.

მაგრამ რის გაკეთება შეიძლება მაშინ, როცა ვხედავთ, რომ გვიჭირს ლოცვა ან ჩანს, რომ არ შეგვიძლია სიმარტოვიდან გამოსვლა? ამ შემთხვევაში დახმარებას უნდა მივმართოთ. ბიბლია აღგვძრავს იმისკენ, რომ მივმართოთ კრების უხუცესებს (იაკობი 5:13—16). მამაკაცმა, რომელიც განუწყვეტელ მწვავე დეპრესიას განიცდიდა, თქვა: „ზოგჯერ სანდო ადამიანთან საუბარი გეხმარება გონების დამშვიდებასა და სულის დაწყნარებაში, რათა კეთილგონივრული აზროვნება ჭარბობდეს“ (იგავნი 17:17). რა თქმა უნდა, როდესაც ხანგრძლივი და ძლიერი სევდა სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, შესაძლოა სათანადო პროფესიული დახმარების მიღებაც კი იყოს აუცილებელი * (მათე 9:12).

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის გადაწყვეტის ადვილი საშუალებები არ არსებობს, არ უნდა უგულებელვყოთ ღვთის დახმარების უნარი (2 კორინთელთა 4:8). ლოცვაში მდგრადობა, სიმარტოვისგან თავის არიდება და კვალიფიცირებული დახმარების მიღება სტაბილურობის აღდგენაში დაგვეხმარება. ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი სრულიად მოუღებს ბოლოს ჩვენი ძლიერი სასოწარკვეთილების ძირეულ მიზეზებს. ქრისტიანები გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, მიენდონ მას, სანამ ელოდებიან იმ დღეს, როდესაც „აღარ გაიხსენება წინანდელნი“ (ესაია 65:17; გამოცხადება 21:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 12 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მხარს არ უჭერს რაიმე გარკვეული მკურნალობის მეთოდს. ქრისტიანები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ არჩეული ნებისმიერი მკურნალობის ფორმა არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1989 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18—22 [რუს.]).