არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შენ მოკვდები!“

„შენ მოკვდები!“

„შენ მოკვდები!“

მოგვითხრო ლიან კარლინსკიმ

სისხლის გადასხმის გარეშე საუკეთესო მკურნალობის ძიება ესპანეთში.

დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობის საშუალება რომ გქონოდათ, სად ამჯობინებდით წასვლას? ჩემთვის ეს საკითხი ადვილად გადასაჭრელი იყო. მე სკოლაში ესპანურს ვასწავლი და ჩემს მეუღლე ჯეისთან და ვაჟიშვილ ჯოელთან ერთად იეჰოვას მოწმეების ესპანურენოვანი კრების შეხვედრებს ვესწრები გალაქსში (ვირჯინია, აშშ). ვნატრობდი ესპანეთში მოგზაურობას. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სიხარულით გული როგორ ამიფანცქალდა, როდესაც მშობლებმა შემომთავაზეს, წავეყვანე იქ! თუმცა ჩემი ქმარი და ვაჟი ჩემთან ერთად არ მოდიოდნენ, ჩემი ოცნება ცხადდებოდა, როდესაც მე და ჩემი მშობლები მადრიდის პირდაპირი რეისის თვითმფრინავში ავედით. ჩაფრენისას, 21 აპრილს, გადავწყვიტეთ, მანქანით გავმგზავრებულიყავით ნავარას ოლქში მდებარე პატარა ქალაქ ესტელიაში, რომელიც ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მანქანის უკანა სავარძელში კარგად მოვკალათდი და მყისვე ჩავთვლიმე.

ამის შემდეგ რა მოხდა არაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, ველზე ვეგდე და თვალებში მზე მანათებდა. სად ვარ? როგორ აღმოვჩნდი აქ? სიზმარში ვარ? როდესაც ამ კითხვებმა გამიელვა თავში, ჩემთვის ნათელი გახდა საზარელი სინამდვილე. რაღაც ცუდი რამ მოხდა და ეს სულაც არ იყო სიზმარი. მარცხენა სახელო ნაფლეთებად იყო ქცეული და ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩვენი მანქანა სავალი გზის ზღუდეს დასჯახებია და მე გარეთ გადმოვვარდნილვარ, როდესაც ის 20-მეტრიან გზის ყრილზე გადაიჩეხა. საბედნიეროდ, მე და ჩემს მშობლებს ამ უბედური შემთხვევით მოყენებული ტკივილი დღეისათვის უკვე აღარ გვახსენებს თავს.

დახმარებას ვითხოვდი; ერთმა სატვირთო მანქანის მძღოლმა მოირბინა ჩემთან. შემდეგ ყრილის დაბლა, მანქანასთან ჩავიდა, რომელშიც ჩემი მშობლები იყვნენ. „გამოიძახე სასწრაფო დახმარება, — გასძახა თავის ამხანაგს. — მანქანაში მყოფნი სერიოზულად არიან დაშავებული“! შემდეგ ჩემთან დაბრუნდა. მე უმოძრაოდ ვეგდე და ცდილობდა, ფრთხილად გაესწორებინა ფეხი ჩემთვის. სიმწრისაგან დავიყვირე და ახლაღა გავითვითცნობიერე, რა ძლიერ ვიყავი დაშავებული.

ლოგრონიოში არსებული საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმიყვანეს. პოლიციამ ახლომახლო მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს შეატყობინა, სად ვიყავი და რა შემემთხვა. მალე ბევრი და-ძმა ესტელიასა და ლოგრონიოს კრებებიდან ჩემს სასთუმალთან იყო საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტთან ერთად. მართლაცდა, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც საავადმყოფოში ვიმყოფებოდი, თანაქრისტიანები, რომლებსაც ადრე არასდროს ვიცნობდი, მზად იყვნენ, დღედაღამ მოევლოთ ჩემთვის. ისინი აგრეთვე სიყვარულით ზრუნავდნენ ჩემს მშობლებზე, რომლებიც ერთ კვირაში უკვე გამოკეთდნენ და საავადმყოფოდანაც გაეწერნენ.

ოთხშაბათს, დღის პირველ საათზე, ექიმები მოვიდნენ მოტეხილ ბარძაყზე ოპერაციის გასაკეთებლად. ექიმს ვუთხარი, რომ სისხლის გადასხმა არ მინდოდა *. ის უხალისოდ დამთანხმდა თხოვნაზე, თუმცა მითხრა, რომ შესაძლებელი იყო, მოვმკვდარიყავი. ოპერაცია გადავიტანე, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჭრილობები არ გაესუფთავებინათ და მოგვიანებით არც სახვევები გამომიცვალეს.

პარასკევისთვის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ჰემოგლობინი 47-მდე მქონდა დაცემული და საოცარ სისუსტეს ვგრძნობდი. ექიმი დამთანხმდა, რომ ალტერნატიული საშუალებით, ერითროპოეტინის ინიექციებით (EPO) ემკურნალა, რომელიც რკინისა და სისხლის აღმდგენ სხვა პრეპარატებთან ერთად სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულატორია *. ამ დროისთვის ჯეი და ჯოელიც ჩამოვიდნენ. რარიგ გამახარა ქმარ-შვილის ნახვამ!

დაახლოებით ორის ნახევარზე ექიმმა ჯეის უთხრა, რომ საავადმყოფოს უკვე მიეღო სასამართლოსგან უფლება, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში ჩემთვის სისხლი გადაესხათ. ჯეიმ უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მსურდა სისხლის გადასხმა. „მაშ, თქვენი ცოლი მოკვდება!“ — უპასუხა ექიმმა.

ჯეი დაელაპარაკა საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტს ჩემს ისეთ საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, სადაც ჩემი სურვილისამებრ მიმკურნალებდნენ. ყველა არ იყო წინააღმდეგი ამ საავადმყოფოში. მაგალითად, ერთმა ექიმმა დამარწმუნა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ჩემთვის ისე ემკურნალათ, როგორც ვიმსახურებდი. მაგრამ მალე სხვა ექიმებმა დამიწყეს ჩხუბი: „გინდა მოკვდე და ქმარ-შვილი დატოვო?“ ვარწმუნებდი, რომ მსურდა, საუკეთესოდ მემკურნალა სისხლის გადასხმის გარეშე. ექიმებს არ სურდათ, რომ დამხმარებოდნენ. „შენ მოკვდები!“ — პირდაპირ მომახალა ერთმა მათგანმა.

საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტმა ერთი საავადმყოფო მონახა ბარსელონაში, სადაც უსისხლო მკურნალობაზე დაგვთანხმდნენ. რა დიდი განსხვავება იყო ამ ორ საავადმყოფოს შორის! ბარსელონაში ორმა მედდამ სათუთად დამბანა და მოხერხებულად დამაწვინა. როდესაც სახვევებს მიცვლიდნენ, ერთმა მედდამ ნახა, რომ ისინი გამწვანებული იყო და თანაც სისხლი ჰქონდა ზედ შემხმარი. მან თქვა, რომ რცხვენოდა თავისი თანამემამულეების გამო, რომლებიც ასე მომექცნენ.

მალე მკურნალობის იმ კურსს გავდიოდი, რომელიც წესით ჩემთვის ლოგრონიოს საავადმყოფოში უნდა დაეწყოთ. შედეგი საოცარი იყო. რამდენიმე დღეში ჩემს სასიცოცხლო ორგანოებს საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ჰემოგლობინმაც 73-მდე აიწია. საავადმყოფოდან გამოწერის დროს, ჰემოგლობინი 107-ზე მქონდა. როდესაც დამატებითი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა შეერთებულ შტატებში, ის უკვე 119-მდე იყო ასული.

დიდად მადლობელი ვარ ექიმებისა და მედდების, რომლებიც მზად არიან გაითვალისწინონ პაციენტების სურვილები, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან მათ თუ არა. როდესაც საავადმყოფოს პერსონალი პატივს სცემს პაციენტის რწმენას, ისინი მთლიანობაში, ყველაფრის გათვალისწინებით, მკურნალობენ მას და ზუსტად ეს არის მათ მიერ გაწეული საუკეთესო მკურნალობა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 ბიბლიაზე დაფუძნებული პრინციპიდან გამომდინარე იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმაზე უარს ამბობენ (იხილეთ დაბადება 9:4; ლევიანნი 7:26, 27; 17:10—14; მეორე რჯული 12:23—25; 15:23; საქმეები 15:20, 28, 29; 21:25).

^ აბზ. 9 დათანხმდება თუ არა ქრისტიანი ერითროპოეტინით მუკრნალობაზე, ეს პირადად მისი გადასაწყვეტი საკითხია (იხილეთ 1994 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 31 [რუს]).

[სურათი 25 გვერდზე]

ჩემს ქმარ-შვილთან ერთად.

[სურათი 26 გვერდზე]

ორი ძმა საავადმყოფოებთან საურთიერთო კომიტეტიდან.