ახდენს თუ არა მთვარე გავლენას თქვენს ცხოვრებაზე?
ახდენს თუ არა მთვარე გავლენას თქვენს ცხოვრებაზე?
ათასწლეულების მანძილზე ადამიანებს სწამდათ, რომ მთვარე დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა სფეროზე ახდენს გავლენას. ფიქრობდნენ, რომ მთვარის ფაზები მცენარეებზე, ცხოველებსა და ადამიანებზეც კი მოქმედებდა. იმ დროს, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ზოგი წარმოდგენა თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევებით გაბათილდა, სხვა შეხედულებებმა დღემდე მოაღწია. რას ცხადყოფს ფაქტები?
ზოგი დარწმუნებულია იმაში, რომ მთვარის ფაზებსა და მცენარეთა ზრდას შორის კავშირი არსებობს. ამიტომაც ისინი კალენდრებსა და ალმანახებს იყენებენ, რათა გადაწყვიტონ, თუ როდის დარგონ ყვავილები, მიწაზე მოაყარონ ნაკელი, ბოთლებში ჩამოასხან ღვინო თუ გააკეთონ კონსერვები. ამას აკეთებენ იმ შეხედულების თანახმად, რომ, თუკი გარკვეული სამუშაოები მთვარის არასწორ ფაზაში იქნება შესრულებული, მოსავალი და პროდუქცია უხარისხო გამოვა. ერთი წყარო მებაღეებს შემდეგ რჩევას აძლევს: „ბოსტნეული, რომელსაც ნედლად მიირთმევენ, ძირითადად უნდა მოკრიფოთ ახალმთვარეობის პერიოდში, მაშინ როცა დასაკონსერვებლად საჭირო ბოსტნეულის მოსაგროვებლად მთვარის დალევის ფაზა უნდა შეარჩიოთ“. აქვს თუ არა ამ შეხედულებას მეცნიერული საფუძველი?
ზოგი გამოკვლევა, როგორც ჩანს, მცენარეების ზრდას მართლაც უკავშირებს მთვარის რიტმებს. მაგრამ ბევრი მეცნიერი არ არის ამაში დარწმუნებული. ისინი მიანიშნებენ იმაზე, რომ მთვარის რიტმები კომპლექსურია, არ არის ზედმიწევნით რეგულარული და მათ მიერ რაიმე გავლენის მოხდენა არ არის შესამჩნევი და მკაფიო. ამიტომ ძნელია იმ ცდების ერთი და იმავე სიზუსტითა და ზედმიწევნილობით გამეორება, რომლებსაც ეს გამოკვლევები ეფუძნება.
თუმცა, მთვარის გარკვეული ზემოქმედება დადასტურებულია. მაგალითად, ცნობილია, რომ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის აქტივობა, კვება, გამრავლება და ბიოლოგიური რიტმები დაკავშირებულია ზღვის მიმოქცევასთან, რომელზეც, თავის მხრივ, პირდაპირ ახდენს გავლენას მთვარის მიზიდულობის ძალა.
ზოგი აცხადებს, რომ, თუკი მთვარე ზღვის მიმოქცევაზე ახდენს გავლენას, მან ადამიანებზეც უნდა იმოქმედოს, ვინაიდან წყალი ადამიანის სხეულის უმეტეს ნაწილს შეადგენს. რის თქმა შეიძლება იმ კავშირის შესახებ, რომელიც თითქოსდა არსებობს მთვარის ფაზებსა და ფსიქიკურ მოშლილობას, ვინმეს დაბადების დროსა და მენსტრუალურ ციკლს შორისაც კი, რომლის ხანგრძლივობა თითქმის ისეთივეა, როგორიც მთვარისმიერი თვის?
ამ საკითხის გამოსარკვევად ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და გინეკოლოგიის დარგში გამოკვლევები დაიწყეს. შედეგები არადამაჯერებელია. ზოგი მკვლევარი აცხადებს, რომ ადამიანთა საქმიანობასა და მთვარის რიტმებს შორის უმნიშვნელო ურთიერთკავშირი შეამჩნიეს, მაგრამ სხვები ასეთი კავშირის არსებობას გადაჭრით უარყოფენ. მათი მტკიცებით, მთვარის ციკლებს ადამიანების დაბადებაზე შესამჩნევი გავლენა რომ ჰქონოდა, ეს კავშირი ნათლად უნდა გამოვლენილიყო უკვე დიდი ხნის წინათ. უფრო მეტიც, არც ერთს იმ თეორიებიდან, რომლებიც შეიქმნა ადამიანებზე მთვარის სავარაუდო გავლენის ასახსნელად, მთლიანობაში მეცნიერები ბოლომდე არ ეთანხმებიან *.
თუმცა მეცნიერებამ დაგვანახვა, რომ მთვარე გარკვეულ გავლენას ახდენს დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა ფორმაზე, ის, თუ რამდენად დიდია ეს გავლენა, ძნელი დასადგენია. ჩვენი ფიზიკური სამყარო რთულია და, ყოველ შემთხვევაში დღეისთვის მაინც, მისი მომწესრიგებელი საოცარი მექანიზმებიდან ბევრი რამ უცნობი რჩება.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 ამ თეორიებიდან ზოგი ეხება მთვარის შუქს, მიზიდულობის ძალას, გეომაგნიტურ ძალებსა და ელექტრომაგნეტიზმს.
[სურათი 28 გვერდზე]
ქალღმერთ სელენეს ძველი ბერძნები და რომაელები ეთაყვანებოდნენ, როგორც მთვარის განსახიერებას.
[საავტორო უფლება]
Musei Capitolini, Roma