არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცვლება ღმერთი?

იცვლება ღმერთი?

ბიბლიის თვალსაზრისი

იცვლება ღმერთი?

ანთროპოლოგმა ჯორჯ დორსიმ „ძველი აღთქმის“ ღმერთი „სასტიკ ღმერთად“ მოიხსენია. მან დასძინა: „იაჰვე. . . უაღრესად უსიყვარულოა. ის მძარცველების, ჯალათების, მეომრებისა და დაპყრობის ღმერთია“. „ძველი აღთქმის“ ღმერთთან — იაჰვეს, ანუ იეჰოვასთან — დაკავშირებით სხვებიც მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ. ამიტომაც დღეს ზოგს აინტერესებს, იყო თუ არა სინამდვილეში იეჰოვა ულმობელი ღმერთი, რომელმაც დროთა განმავლობაში თავისი ხასიათი შეიცვალა, რათა „ახალი აღთქმის“ მოსიყვარულე და გულმოწყალე ღმერთი გამხდარიყო.

ასეთი წარმოდგენა ბიბლიის ღმერთის შესახებ ახალი როდია. პირველად ეს აზრი ახ. წ. მეორე საუკუნის ნახევრად გნოსტიკოსმა, მარკიონმა, წამოჭრა. მარკიონი უარყოფდა „ძველი აღთქმის“ ღმერთს. მას მიაჩნდა, რომ ეს ღმერთი იყო მძვინვარე და შურისმგებელი, ტირანი, რომელიც მატერიალურ გასამრჯელოს სთავაზობდა მათ, ვინც ეთაყვანებოდა. სხვა მხრივ, იესო ქრისტეს მიერ „ახალ აღთქმაში“ წარმოდგენილ ღმერთს მარკიონი სრულყოფილ ღმერთად აღწერდა, სპეტაკი სიყვარულისა და გულმოწყალების, სიკეთისა და მიტევების ღმერთად.

იეჰოვას მოქმედება სხვადასხვა ვითარებაში

თავად ღვთის სახელი — იეჰოვა — ნიშნავს „აქცევინებს“. ამაში იგულისხმება ის, რომ საკუთარ თავს ყველა თავისი დანაპირების შემსრულებლად აქცევს. როდესაც მოსემ ღმერთს მისი სახელის შესახებ ჰკითხა, იეჰოვამ შემდეგნაირად დაუზუსტა მისი მნიშვნელობა: „მე ვიქნები ის, რაც ვიქნები“ (გამოსვლა 3:14, აქ). როდერემის თარგმანი ამას ასე გადმოსცემს: „ვიქცევი იმად, რადაც მე მსურს“.

ასე რომ, იეჰოვა წყვეტს, გახდეს ანუ იქცეს იმად, რადაც საჭიროა თავისი სამართლიანი განზრახვებისა და დანაპირების შესასრულებლად. ამის დამამტკიცებელია ის ფაქტი, რომ მას მრავალი წოდება და აღწერითი სახელი აქვს: ცაბაოთ უფალი, მსაჯული, უფალი, მოშურნე, უზენაესი უფალი, შემქმნელი, მამა, მოძღვარი, მწყემსი, მომსმენი ლოცვისა, გამომსყიდველი, ბედნიერი ღმერთი და მრავალი სხვა. მისი სურვილი იყო, გამხდარიყო თითოეული მათგანი — და უფრო მეტიც — გამიზნული ჰქონდა, ამით შეესრულებინა თავისი სიყვარულით აღსავსე განზრახვები (გამოსვლა 34:14, აქ; მსაჯულნი 11:27; ფსალმუნი 22:1; 64:3; 72:28, აქ; 88:27; ესაია 8:13; 30:20; 40:28; 41:14; 1 ტიმოთე 1:11, აქ).

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღვთის პიროვნება ან ნორმები იცვლება? არა. ღვთის შესახებ იაკობის 1:17 ამბობს: „[მასთან] არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“. როგორ შეუძლია ღმერთს, იმოქმედოს სხვადასხვა ვითარებაში, მაშინ როდესაც თავად უცვლელი რჩება?

მზრუნველი მშობლების მაგალითი, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის სხვადასხვა როლს ასრულებენ, გვიჩვენებს, როგორ არის ეს შესაძლებელი. ერთი დღის განმავლობაში მშობელი შეიძლება იყოს მზარეული, დამლაგებელი, ელექტრიკოსი, ძიძა, მეგობარი, მრჩეველი, მასწავლებელი, აღმზრდელი და ასე შემდეგ. ამ როლებში ყოფნისას მშობელი არ იცვლის ინდივიდუალობას; ის, უბრალოდ, წარმოქმნილი საჭიროებების მიხედვით მოქმედებს. იგივეს თქმა შეიძლება იეჰოვაზეც, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბით. ის არ არის შეზღუდული იმაში, თუ რად იქცევს თავს თავისი განზრახვის შესასრულებლად და თავისი ქმნილებების სასარგებლოდ (რომაელთა 11:33).

მაგალითად, როგორც ებრაული ისე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები იეჰოვას სიყვარულისა და გულმოწყალების ღმერთად წარმოგვიდგენს. ძვ. წ. მერვე საუკუნის წინასწარმეტყველმა მიქამ იეჰოვას შესახებ იკითხა: „რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია“ (მიქა 7:18). ამნაირადვე, იოანე მოციქულმაც ცნობილი სიტყვები დაწერა: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).

ხოლო სხვა მხრივ, ბიბლიის ორივე ნაწილში იეჰოვა წარმოდგენილია როგორც მათი სამართლიანი მსაჯული, ვინც განუწყვეტლივ, უხეშად და მოუნანიებლად არღვევს მის კანონებს და სხვებს ზიანს აყენებს. „ყველა ბოროტს მოსპობს [იეჰოვა]“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 144:20). იგივე აზრს გადმოსცემს იოანეს 3:36: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე“.

მისი თვისებები უცვლელია

იეჰოვას პიროვნება და ძირითადი თვისებები — სიყვარული, სიბრძნე, სამართლიანობა და სიძლიერე — არ შეცვლილა. მან უთხრა ისრაელ ხალხს: „მე, უფალი [იეჰოვა, აქ], არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). ეს იყო ღვთის მიერ კაცობრიობის შექმნიდან დაახლოებით 3 500 წლის შემდეგ. ამ ღვთიური განაცხადის ჭეშმარიტებას მთელი ბიბლიის საგულდაგულო გამოკვლევა ამტკიცებს — ბიბლიისა, რომელიც ცხადყოფს, რომ ღმერთი თავისი ნორმებისა და თვისებების მხრივ უცვლელია. საუკუნეთა მანძილზე იეჰოვა ღმერთის თვისებები და პიროვნება, ასე ვთქვათ, არ შერბილებულა, ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობდა.

სამართლიანობის მიმართ ღვთის ერთგულება, როგორც მთელი ბიბლიიდან ჩანს, არ შემცირებულა და არც მისი სიყვარულია იმაზე მეტი, ვიდრე ედემში ადამიანებთან მისი ურთიერთობის დასაწყისში იყო. მის პიროვნებაში თითქოსდა არსებული სხვაობები, რომლებიც ბიბლიის სხვადასხვა ნაწილშია ნაჩვენები, სინამდვილეში ერთი და იმავე უცვლელი პიროვნების განსხვავებული მხარეებია. ეს განსხვავებული ვითარებებითა და მათთან დაკავშირებული ადამიანებით არის გამოწვეული, რაც სხვადასხვა დამოკიდებულებასა თუ ურთიერთობას მოითხოვდა.

მაშასადამე, საღვთო წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ საუკუნეების მანძილზე ღვთის პიროვნება არ შეცვლილა და არც მომავალში შეიცვლება. იეჰოვა სიმტკიცისა და მუდმივობის უზენაესი განსახიერებაა. ის ყოველთვის საიმედო და სანდოა. ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ვენდოთ მას.

[სურათები 26, 27 გვერდებზე]

ის ღმერთი, რომელმაც სოდომი და გომორი გაანადგურა. . .

. . .სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს.