რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
„მათი გამოგონება მოგვიწევდა“
პეტროზავოდსკის უნივერსიტეტისა და კარელიის (რუსეთი) რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და ანესთეზიის განყოფილების თავმჯდომარე, პროფესორი ანატოლი ზილბერი, იეჰოვას მოწმეებს შემდეგი სიტყვებით აქებს: „ისინი ბოროტად არ იყენებენ ალკოჰოლს, არ ეწევიან, არ არიან ხარბები, აღთქმებს არ არღვევენ, არც ცრუ მოწმეებად გამოდიან. . . ისინი საიდუმლო სექტანტები კი არა, კანონის მორჩილი მოქალაქეები არიან“. ის დასძენს: „[ისინი] პატიოსანი, მხიარული ადამიანები არიან, რომელთაც აინტერესებთ ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება და ცხოვრების ყველა მხარე“. უსისხლო ქირურგიაში იეჰოვას მოწმეების მიერ მოხდენილი დადებითი ცვლილებების ჩამოთვლის შემდეგ პროფესორი ამბობს: „ვოლტერის სიტყვების გადასხვაფერებით შეგვეძლო გვეთქვა: იეჰოვას მოწმეებს რომ არ ეარსებათ, მათი გამოგონება მოგვიწევდა“.
„მაღალი“ მოდა?
ლონდონში გამომავალი გაზეთის, „ტაიმზის“ თანახმად „მოდის ამყოლი ახალგაზრდების უმნიშვნელოვანესი აქსესუარი“, მაღალქუსლიანი ტუფლები პლატფორმაზე, ერთი წლის მანძილზე ინგლისში ტრავმირების დაახლოებით 10 000 შემთხვევის მიზეზია. ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის წარმომადგენელი სტივ ტაილერი ამბობს: „ყველაზე გავრცელებული ტრავმებია კოჭის ამოვარდნა ან ღრძობა და ფეხის მოტეხილობა, მაგრამ ამ ტუფლებს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია, განსაკუთრებით იმ გოგონებში, რომელთა სხეულიც ჯერ კიდევ ვითარდება“. ამ თვეებში იაპონიაში პლატფორმიანი ტუფლები ორი ქალის დაღუპვის მიზეზიც კი გახდა. ერთ შემთხვევაში საბავშვო ბაღში მომუშავე 25 წლის ქალი, რომელიც 12,5 სმ-იან პლატფორმიან საზაფხულო ფეხსაცმელს ატარებდა, წაიქცა, თავის ქალა გაიბზარა და გარდაიცვალა. მეორე ახალგაზრდა ქალი მანქანის ტარებისას ბეტონის ბოძთან შეჯახების შედეგად დაიღუპა, ვინაიდან თავისი 15 სმ-იანი პლატფორმის ტუფლების გამო სათანადოდ დამუხრუჭება ვერ შეძლო. საჩივრების თავიდან ასაცილებლად ზოგმა მწარმოებელმა თავის ტუფლებზე გამაფრთხილებელი იარლიყების მიკვრა დაიწყო.
საოჯახო საქმეები ბავშვებისთვის
„დაკავებული მშობლები დღეს მშვიდად არიან, როცა მათი შვილები საოჯახო საქმეებში ეხმარებიან“, — იუწყება „ტორონტო სტარი“. თუმცა სახლის საქმეები „ბავშვებისთვის უპირველესი მნიშვნელობის არასოდეს იქნება“, — ამბობს წიგნ „დადებითი დისციპლინის“ ავტორი ჯეინ ნელსენი, ასეთი მოვალეობები მათ „საკუთარი თავისადმი იმედსა და პატივისცემას ჩაუნერგავს“. ჟურნალ „ჩაილდის“ მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი გამოკვლევის მონაცემების თანახმად, ორი-სამი წლის ბავშვისთვის შესასრულებლად შესაძლებელ სახლის საქმეებში სათამაშოების ალაგება და ასევე ჭუჭყიანი ტანსაცმლის სამრეცხაო კალათაში ჩადება შეიძლება შედიოდეს. სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მაგიდა გაშალონ, გასარეცხი თეფშები სამზარეულოს ბაკანთან მიიტანონ და თავიანთ სათამაშო ადგილზე სისუფთავე დაიცვან. ხუთიდან ცხრა წლის ასაკისებს თავიანთი ლოგინის გასწორება, ფოთლების მოხვეტა და სარეველა ბალახის ამოგლეჯა შეუძლიათ, მაშინ როდესაც ცხრიდან თორმეტი წლისებს ისეთი საშინაო საქმეების გაკეთება შეუძლიათ, როგორიც, მაგალითად, ჭურჭლის დარეცხვა და დამშრალება, ნაგვის გადაყრა, მოლის თიბვა და მტვერსასრუტის გამოყენებაა. ნელსენი დასძენს, რომ „უკეთესია, თუკი საქმის შესრულების ვადა განსაზღვრული იქნება“.
ახალგაზრდები და დამნაშავეობა
შოტლანდიაში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის მონაცემებით, შოტლანდიაში 14—15 წლის ბიჭების 85% და გოგონების 67% ამბობს, რომ გასულ წელს დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. გლაზგოში გამომავალი გაზეთი „ჰერალდი“ იტყობინება, რომ ექვსი შემოწმებული სკოლის 1 000 მოსწავლიდან მხოლოდ 12 პროცენტმა თქვა, რომ არასოდეს დაურღვევიათ კანონი. ბიჭების 69%-მა და გოგონების 56%-მა აღიარა, რომ კერძო თუ საზოგადოებრივი საკუთრება ხელყო. ბიჭების დაახლოებით 66-მა და გოგონების 53 პროცენტმა მაღაზიები გაქურდა, და ორივე სქესის წარმომადგენლებიდან თითქმის 50 პროცენტმა სკოლებიც გაქურდა. სხვა დანაშაულში შედიოდა ხანძრის გაჩენა და იარაღით ჭრილობის მიყენება. ამ ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის მთავარი მიზეზი თანატოლების ზეგავლენა იყო, მაშინ როდესაც 15 წლისაზე უფროსებისთვის მიზეზი, ძირითადად, ნარკოტიკების საყიდლად საჭირო სახსრების შოვნა იყო.